საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/10/1794 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 20 ნოემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ნოემბერი 2024 20:12 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების, 21 ნაწილის პირველი, მე-2 და მე-3 წინადადებების, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-3 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1794) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1794 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 25 აგვისტოს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 20 ნოემბერს.
2. №1794 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, „ამასთანავე, საქმის განმხილველი მოსამართლე ვალდებულია „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განჩინებით გადაწყვიტოს ამ პირისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხი.“, ხოლო ამავე მუხლის 21 ნაწილის პირველი, მე-2 და მე-3 წინადადებები ადგენს, რომ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე განჩინებით განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4 წელს. ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინება ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და ბრალდებულის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკის ხარისხი, რომელთა შეფასებაც მოცემულია ბრალდებულის შერაცხადობის თაობაზე სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში.
4. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიმართ გამოიყენოს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, კერძოდ, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა გამოიყენება თუ: ა) ფსიქიკური აშლილობის გამო პირს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე, და ბ) ფსიქიკური აშლილობის გამო არსებობს პირის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი რისკი. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით პირი სტაციონარში თავსდება სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გამოტანილი განჩინების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად კი იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით პირი სტაციონარში თავსდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული განჩინებით განსაზღვრული ვადით.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“, მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას, ხოლო 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია, რომ „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“.
6. №1794 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, განისაზღვრა მკურნალობის ახალი სახე - იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა თავისი არსით, წინაპირობებითა და მიზნებით არ განსხვავდება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობისგან, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით იგი მომეტებულად ზღუდავს პირის უფლებებს.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებული პირები წარმოადგენენ იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებული პირების არსებითად თანასწორ პირებს. კერძოდ, ზემოაღნიშნული პაციენტების ფსიქიკური მდგომარეობა და მათგან მომდინარე საფრთხეები იდენტურია, ასევე იდენტურია არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გამოყენების საკანონმდებლო საფუძვლები. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პირთა ამ ორი კატეგორიის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს, მათგან მომდინარე საფრთხეების შინაარსს, მათი არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკებს არ ცვლის წარსულში ბრალდებულის სტატუსის არსებობა, რაც მათი არსებითად უთანასწორო პირებად მიჩნევის საფუძველი იქნებოდა. უფრო მეტიც, მოსარჩელის განმარტებით, არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაქვემდებარებული პაციენტი შესაძლებელია, გაცილებით მაღალი სოციალური რისკის მატარებელი იყოს, ვიდრე შეურაცხადად ცნობილი ბრალდებული, მათ შორის, ამ უკანასკნელის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანის გათვალისწინებით, თუმცა აღნიშნული არ უნდა გახდეს ზემოაღნიშნული პირების არსებითად უთანასწოროდ მიჩნევის არგუმენტი.
8. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არანებაყოფლობით და იძულებით მკურნალობას დაქვემდებარებული პაციენტების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა იდენტურია, არსებითად განსხვავებულია მკურნალობის ამ ორ ფორმას დაქვემდებარებულ პაციენტთა უფლებრივი მდგომარეობა, რაც, მოსარჩელის განმარტებით, იწვევს თანასწორობის უფლების დარღვევას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებული პროცესი ინკვიზიციურია, რომლის ფარგლებშიც სასამართლოს შეუძლია, დამატებითი ინფორმაციისა და მტკიცებულებების გამოთხოვა და შეფასება. იძულებითი მკურნალობის საკითხის გადაწყვეტისას კი სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე შებოჭილია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე საკითხის გადაწყვეტის ვალდებულებით. იმავდროულად, მოქმედი კანონმდებლობით, არანებაყოფლობითი მკურნალობისგან განსხვავებით, იძულებითი მკურნალობის შემთხვევაში დადგენილია მკურნალობის ხანგრძლივი ვადები, რაც ამძიმებს პირის უფლებრივ მდგომარეობას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იძულებითი მკურნალობის ვადას მოსამართლე თავად განსაზღვრავს, მაშინ როდესაც მას არ გააჩნია ამის შესაბამისი კომპეტენცია. მოსარჩელის განმარტებით, ფსიქიკური დაავადების მქონე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მუდმივად ცვალებადი, შესაბამისად, მკურნალობის მეთოდები და ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, რომლის წინასწარ პროგნოზირება შესაძლებელია, გასცდეს ექსპერტის შესაძლებლობასაც კი.
9. მოსარჩელე ხაზს უსვამს, რომ მართალია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იძულებითი მკურნალობა შესაძლებელია, შეწყდეს ვადაზე ადრე, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს პირის უფლებების დაცვის ეფექტიან და ქმედით საშუალებას, ვინაიდან, მკურნალ ექიმს არ გააჩნია ვალდებულება, მიმართოს ექიმ-ფსიქიატრთა კომისიას, რომელიც უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე. თავის მხრივ, აღნიშნული კომისია წელიწადში ერთხელ განიხილავს მკურნალობის მიზანშეწონილობას მაშინ, როდესაც არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში კომისია ვალდებულია, ყოველთვიურად განიხილოს პაციენტის არანებაყოფლობითი სტაციონარული დახმარების გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხი. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, იძულებითი მკურნალობის პირობებში შესაძლებელია, საჭიროების მიუხედავად, პირი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ხანგრძლივი პერიოდით დარჩეს და დაექვემდებაროს მძიმე მედიკამენტურ ჩარევას.
10. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობისგან განსხვავებით, იძულებითი მკურნალობის დროს პაციენტი ვერ სარგებლობს მისი უფლებების ინტენსიური შეზღუდვის ადეკვატური საპროცესო გარანტიებით, მკურნალობის მიზანშეწონილობის გონივრული ინტერვალებით შეფასების ქმედითი მექანიზმით და ამ მექანიზმზე სათანადო სასამართლო კონტროლის შესაძლებლობით, რის გამოც ზემოაღნიშნული ღონისძიება ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, რის გამოც, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
11. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე, ასევე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირის განთავსება უკავშირდება პირის ჯანმრთელობის უფლებაში ინტენსიურ, მათ შორის, მედიკამენტურ-თერაპიულ ჩარევას და თანმდევ განგრძობით ფსიქოლოგიურ სტრესს. ამდენად, მოსარჩელე ხაზს უსვამს, რომ იძულებითი სტაციონარული ფსიქიატრიული მკურნალობის ღონისძიებას, ადამიანის უფლებებში ჩარევის თვალსაზრისით, გაცილებით ინტენსიური ხასიათი აქვს, ვიდრე მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას, აუცილებელი სამედიცინო ჩარევისა და მისგან გამომდინარე ფსიქოლოგიურ სტრესის გათვალისწინებით. არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება იძულებითი მკურნალობის პირობებში შესაძლებელს ხდის, პირი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დარჩეს მაშინაც, როდესაც შესაძლოა, პირი საერთოდ აღარ საჭიროებდეს მკურნალობას. აღნიშნული მოპყრობა კი პირს აქცევს სამართლის ობიექტად და მიზნის მიღწევის საშუალებად, რაც იწვევს ადამიანის ღირსების ხელყოფას. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ იძულებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პირთა მიმართ გამოყენებულ ღონისძიებას სადამსჯელო ბუნება აქვს და იგი სასჯელის მსგავსად, უნდა აკმაყოფილებდეს პროპორციულობის ფარგლებს.
12. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ღონისძიება, მისი სადამსჯელო ბუნების გათვალისწინებით, წარმოადგენს სახელმწიფოს რეაქციას პირის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ იძულებითი მკურნალობის გასაჩივრებული ფორმა გამიზნულია იმისათვის, რომ სახელმწიფომ პასუხი მოსთხოვოს პაციენტს, როგორც ყოფილ ბრალდებულს, სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა იძულებითი მკურნალობის ფორმას პირდაპირ არ განსაზღვრავს, როგორც სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულისათვის მისჯილ სასჯელს, ის, თავისი არსით, წარმოადგენს სწორედ სახელმწიფოს იძულების განსაკუთრებულ ღონისძიებას სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის საპასუხოდ. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ წარსულში ბრალდებულის სტატუსის საფუძველზე პირის განსხვავებული რეჟიმისადმი (იძულებით მკურნალობას) დაქვემდებარება უნდა მივიჩნიოთ „პასუხისმგებლობად“ კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის, რაც არღვევს იძულებით მკურნალობას დაქვემდებარებული პირის უდანაშაულობის პრეზუმფციას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებთან.
13. №1794 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც, მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე.
2. №1794 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ შორის, ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები სადამსჯელო ბუნების გათვალისწინებით, წარმოადგენს სახელმწიფოს რეაქციას პირის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე. მოსარჩელის მტკიცებით, პირს სახელმწიფო დამნაშავედ აცხადებს წარსულში ბრალდებულის სტატუსის გამო, რაც ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციურ პრინციპს.
3. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უდანაშაულობის (არაბრალეულობის) პრეზუმფცია წარმოადგენს სისხლის სამართლის სახელმძღვანელო პრინციპს, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს იმას, რომ ყველას უნდა მოექცნენ იმ დაშვებით, რომ იგი უდანაშაულოა მანამ, ვიდრე სათანადო პროცედურის დაცვითა და სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით არ დამტკიცდება მისი დამნაშავეობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-62). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ კანონმდებლობამ სისტემურად არ დაუშვას სისხლის სამართლის პროცესს დაქვემდებარებული პირის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, რომელიც გაუმართლებლად, სათანადო პროცედურის გამოყენების გარეშე გახდის შესაძლებელს მის ბრალდებასა და დამნაშავედ აღიარებას.
4. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, გულისხმობს თუ არა სადავო ნორმებით დადგენილი უფლებაშემზღუდველი ღონისძიება პირის დამნაშავედ ცნობას და გამოიყენება თუ არა ის როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაზე საპასუხო ღონისძიება.
5. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესის გამოყენება გულისხმობს არა პირის დამნაშავედ ცნობას, არამედ, პირიქით, მის გამართლებას. შეურაცხაობის მიზეზით პირს ბრალად არ შეერაცხება ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
6. პირისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხი წყდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები. კერძოდ, იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას პირი ექვემდებარება მაშინ, თუ ფსიქიკური აშლილობის გამო მას არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე და, ამასთან, ფსიქიკური აშლილობის გამო არსებობს მისი მხრიდან საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის მიყენების, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. შესაბამისად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა წარმოადგენს „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებას, უკავშირდება კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობას და არა კონკრეტული დანაშაულის ჩადენას. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის ფსიქიატრიული დახმარების ხელმისაწვდომობა და უწყვეტობა და ამ მიზნით გასაზღვრავს სტაციონარში ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემის დანერგვას. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ღონისძიების მიზანია არა პირის დასჯა ჩადენილი ქმედებისთვის, არამედ მისთვის ფსიქიატრიული დახმარების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ პირის იძულებითი მკურნალობის ვადის განსაზღვრისას მოსამართლე ითვალისწინებს პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხოლო იძულებითი მკურნალობის ხანგრძლივობას არ განსაზღვრავს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების სიმძიმისდა მიხედვით. შესაბამისად, იძულებითი მკურნალობის ხანგრძლივობა არ დგინდება აბსტრაქტულად განსაზღვრული ვადით, არამედ ინდივიდუალურად, კონკრეტული პირის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასების გათვალისწინებით. იძულებითი მკურნალობის საფუძვლების აღმოფხვრაც მთლიანად უკავშირდება პირის გამოჯანმრთელების საკითხს და არა აბსტრაქტულად განსაზღვრული ვადის ამოწურვას. ამდენად, საკანონმდებლო ბაზის ანალიზი მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიება გამოიყენება პირის მხრიდან მომდინარე კონკრეტული საფრთხის აღკვეთისთვის, და არა, ზოგადად, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ეფექტიანად დასჯისთვის.
7. ამგვარად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიების ბუნებისა და მისი გამოყენების წესის ანალიზი ცხადყოფს, რომ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში არ ხდება პირის დამნაშავედ ცნობა, იგი მიმართულია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთათვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევისკენ, რათა მომავალში ფსიქიკური აშლილობის გამო მათ საფრთხე არ შეუქმნან საკუთარ თავს ან/და საზოგადოებას. ასე რომ, სადავო ღონისძიება არ წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაზე პასუხის მოთხოვნის პირდაპირ თუ არაპირდაპირ ფორმას, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ერთგვარ სახეს.
8. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით, №1794 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. №1794 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე- ნაწილის მე-2 წინადადების, ამავე მუხლის 21 ნაწილის მე-3 წინადადების და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-3 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, პირისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხს წყვეტს სასამართლო. კონსტიტუციური სარჩელიდან ნათლად იკვეთება, რომ მოსარჩელე მხარისთვის პრობლემას წარმოადგენს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ხანგრძლივი ვადები და შესაბამისი პროცედურული გარანტიების არარსებობა, რა დროსაც პირი, მისი აზრით, შესაძლებელია, იძულებით მკურნალობას დაექვემდებაროს მაშინაც კი, როდესაც აღარ არსებობს აღნიშნულის საჭიროება. მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის სასამართლოს უფლებამოსილებას, გადაწყვიტოს ზემოაღნიშნული საკითხი. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ნორმის მოქმედება შემოიფარგლება სასამართლოსთვის იძულებითი მკურნალობის საკითხის უფლებამოსილების განსაზღვრით და იგი ამის მიღმა სხვა საკითხებს არ არეგულირებს. შესაბამისად, მოსარჩელე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმის შინაარსს. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ მხრივ დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა იქნას მიღებული არსებითად განსახილველად.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 21 ნაწილის მე-3 წინადადება ადგენს, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას და მისი მხრიდან საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკის ხარისხს, რომელთა შეფასებაც გადმომოცემულია ბრალდებულის შერაცხადობის თაობაზე სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში. მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია სადავო რეგულაციის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად უკავშირდება იძულებით მკურნალობას დაქვემდებარებული პირების მკურნალობის მიზანშეწონილობის გონივრული ინტერვალით შეფასების ქმედითი მექანიზმის არარსებობას და ამ მექანიზმზე სათანადო სასამართლო კონტროლის შეუძლებლობას. სადავო ნორმის მოქმედება კი შემოიფარგლება იმის დადგენით, თუ რა გარემოებებს ითვალისწინებს სასამართლო მკურნალობის ვადის განსაზღვრისას და იგი ამის მიღმა სხვა წესს არ ადგენს. მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ წარმოუდგენია შესაბამისი არგუმენტები მოცემული წესის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად. იგი არ ასაბუთებს თუ რა მხრივ არღვევს პირის ფსიქიკური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით მისი მკურნალობის ვადის განსაზღვრა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას და რატომ არ უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ პირის ფსიქიკური მდგომარეობა მკურნალობის ვადის დადგენისას. შესაბამისად, ამ მხრივ, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
12. „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით პირი სტაციონარში თავსდება სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გამოტანილი განჩინების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების მიზნით პირი სტაციონარში თავსდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით მითითებული განჩინებით განსაზღვრული ვადით. აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ზემოთ ხსენებული რეგულაციები მიმთითებელი ხასიათისაა. აღნიშნული რეგულაციები თვითონ არ ადგენს კონკრეტულ სამართლებრივ მოწესრიგებას, არამედ მიუთითებს იმ ნორმებზე, რომლებითაც წესრიგდება იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხი. ზოგადად, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს მხოლოდ იმ რეგულაციის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც უშუალოდ იწვევს მისი უფლებების შეზღუდვას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, როდესაც მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია არა მიმთითებელი ნორმა, არამედ უშუალოდ მითითებული ნორმით გათვალისწინებული წესი, მოსარჩელემ უნდა გაასაჩივროს სწორედ ის რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს უფლების მზღუდავი წესის შინაარსს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის №3/4/768,769 საოქმო ჩანაწერი, საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული სადავო რეგულაცია არ არეგულირებს პირისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხის გადაწყვეტის წესს და აღნიშნული მკურნალობის ხანგრძლივობის ვადას, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების, 21 ნაწილის მე-3 წინადადების, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-3 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1794 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1794 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1794 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 21 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებებისა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1794 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 21 ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებებისა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების, 21 ნაწილის მე-3 წინადადებისა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-3 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე