საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის №2/10/1474 განჩინებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do2/10/1474 |
ავტორ(ებ)ი | თეიმურაზ ტუღუში |
თარიღი | 27 დეკემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 იანვარი 2025 14:29 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის №2/10/1474 განჩინებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27 დეკემბრის №2/10/1474 განჩინებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად უნდა მიეღო №1474 კონსტიტუციური სარჩელი.
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კრიმინალიზებულ ქმედებად მიიჩნევა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა ან შენახვა, ხოლო „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ საბრძოლო მასალის შეძენის უფლება აქვთ კანონით განსაზღვრულ პირებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის.
3. მოსარჩელე მხარე აღნიშნავდა, რომ იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენით, დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა საბრძოლო მასალის, კერძოდ, 23 ცალი სამხედრო საბრძოლო დანიშნულების ვაზნის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ საერთო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დააყრდნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის არასწორ განმარტებას, რამდენადაც ნორმებში გამოყენებული ტერმინი „განკუთვნილია“ არის ბუნდოვანი და არ იძლევა დასჯადი ქმედების იდენტიფიცირების შესაძლებლობას. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ განასხვავებს ვაზნებს მისი საბრძოლო თუ სანადირო დანიშნულების მიხედვით და, შესაბამისად, ის ქმედება, რომლის ჩადენაშიც დამნაშავედ იქნა ცნობილი, არ არის კანონით განსაზღვრული.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, №1474 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, იმსჯელა მხოლოდ იმ ასპექტზე, აკმაყოფილებდა თუ არა სადავო ნორმა განჭვრეტადობის კონსტიტუციურ სტანდარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტი გამოიყენება კანონით გათვალისწინებული აკრძალვის, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის შინაარსობრივი აღქმადობის, მისი განჭვრეტადობის განსაზღვრისათვის. ამ კუთხით, საკონსტიტუციო სასამართლო საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, სადავო ნორმას არაგანჭვრეტადად მიიჩნევს, თუკი: ა. სადავო ნორმის/მის რომელიმე ნორმატიულ შინაარსთან დაკავშირებით, არსებობს საერთო სასამართლოების ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები; ბ. ხდება საერთო სასამართლოების დადგენილი პრაქტიკის შეცვლა და სადავო ნორმის ახლად იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსის გავრცელება მის განმარტებამდე ჩადენილ ქმედებებზე; გ. სადავოა მისი რომელიმე ნორმატიული შინაარსი, რომელიც საერთო სასამართლოს მიერ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ზედმეტად ფართო, წინასწარ განუჭვრეტადი განმარტების შედეგია (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).
5. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები საერთო სასამართლოს პრაქტიკაში არ განიმარტება არაერთგვაროვნად და სამხედრო დანიშნულების ვაზნების შეძენის/შენახვის აკრძალვასთან დაკავშირებით, საერთო სასამართლოს აქვს თანმიმდევრული პრაქტიკა. აღნიშნული კი მიუთითებს სადავო ნორმების განჭვრეტადობაზე.
6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებთან მიმართებით განსაზღვრავს ორ კონსტიტუციურ კრიტერიუმს. პირველი, რომ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი განსაზღვრული უნდა იყოს კანონით და, მეორე, აღნიშნული კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი უნდა იყოს იმ ხარისხით, რომ რეგულირების ადრესატს შეეძლოს, გაითვალისწინოს თავისი ქმედების სამართლებრივი შედეგები. პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის, მისი შინაარსის განსაზღვრულობის შეფასება რელევანტურობას იძენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ კონკრეტული აკრძალვა კანონით იყო გათვალისწინებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი არ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, აზრს კარგავს იმის შეფასება, რამდენად ერთგვაროვნად იყენებს საერთო სასამართლო ამ (არარსებულ) აკრძალვას თავის პრაქტიკაში.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას საერთოდ არ შეუფასებია ის საკითხი, თუ რამდენად არის სამხედრო დანიშნულების ვაზნების შეძენის/შენახვის აკრძალვა კანონით განსაზღვრული, რა მიიჩნევა სამხედრო დანიშნულების ვაზნად, რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება ვაზნის დანიშნულების შეფასება და ვის მიერ. აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიიყვანდა დასკვნამდე, რომ კანონმდებლობა არ შეიცავს სამხედრო დანიშნულების ვაზნების შეძენის/შენახვის ამკრძალავ პირდაპირ ჩანაწერს, ისევე, როგორც ნორმატიულ დონეზე განსაზღვრული არ არის საბრძოლო მასალის სამხედრო დანიშნულების ვაზნად მიჩნევის ტექნიკური კრიტერიუმები და ამგვარი დასკვნის გამოტანა მთლიანად დამოკიდებულია მხოლოდ ექსპერტის მოსაზრებაზე (საბრძოლო მასალის დანიშნულების განსაზღვრა კი, თავის მხრივ, არ წარმოადგენს ზუსტ მეცნიერებას, რომელიც დაეყრდნობა საყოველთაოდ აღიარებულ მეთოდიკასა და ხელშესახებ კრიტერიუმებს).
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არასწორად შეაფასა/გადაწყვიტა №1474 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი და არ უმსჯელია მთელ რიგ რელევანტურ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე.
1. პასუხისმგებლობის კანონის საფუძველზე დაკისრების კონსტიტუციური მოთხოვნა
9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. დასახელებული დებულება თავის თავში აერთიანებს მრავალ გარანტიას, რომელთა ერთობლიობაც ქმნის პირის სამართალდამრღვევად ცნობისა და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურ საფუძვლებს და იცავს მას სახელმწიფოს თვითნებობისა თუ მიკერძოებული დევნისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება „ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს, განამტკიცებს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38).
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი მჭიდროდ არის დაკავშირებული კანონიერების პრინციპთან, შესაბამისად, ამ დებულებით დადგენილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა, რომ პირის ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრა და პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა მოხდეს კანონის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტი express verbis არ მიუთითებს იმის თაობაზე, რომ პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი უნდა იყოს მხოლოდ კანონი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლები, სანქცირებადი ქმედების შინაარსი და სასჯელი განსაზღვრული უნდა იყოს კანონით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით განსაზღვრის მოთხოვნა დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებთან, როგორებიცაა სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპები. ამა თუ იმ ქმედების სანქცირება/კრიმინალიზება, პირის სამართალდამრღვევად ცნობის და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება სახელმწიფოს ხელში არსებული ყველაზე ინტენსიური რეპრესიული მექანიზმია. ადამიანის ძირითად უფლებებზე ზემოქმედების ხარისხის გათვალისწინებით, ამ მექანიზმის არასწორად გამოყენება, შესაძლოა, უდიდესი საფრთხის შემცველი იყოს თავისუფალი საზოგადოების ფორმირებისა და განვითარებისათვის (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-111). ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღება, როგორებიცაა ქმედების დასჯადად გამოცხადება და პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, უნდა ხდებოდეს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - საქართველოს პარლამენტის მიერ.
12. პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით განსაზღვრის მოთხოვნა მჭიდრო კავშირშია ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გამიჯვნის პრინციპთანაც. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ქმედების დასჯადად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, მან ეს უფლებამოსილება ისე უნდა გამოიყენოს, რომ საშუალება არ მიეცეს სამართალშემფარდებელს, სამოსამართლეო პრაქტიკის საფუძველზე, თავად შექმნას სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების შემადგენლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). კონსტიტუციური კომპეტენციების სათანადო ლეგიტიმაციის არმქონე სუბიექტის მიერ განხორციელება ქმნის როგორც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის რისკებს, აგრეთვე საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ეფექტიან ფუნქციონირებას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის №3/4/641 გადაწყვეტილება საქმეზე „ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-2-6). შესაბამისად, იმისათვის, რათა არ დაირღვეს ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპი, აკრძალული ქმედების შემადგენლობა და პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები განსაზღვრული უნდა იყოს კანონით და არა - სამართალშემფარდებლის მიერ დადგენილი პრაქტიკით.
13. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია სტანდარტი, თუ რას გულისხმობს პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის კანონით განსაზღვრა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონით უნდა განისაზღვროს აკრძალული ქმედება, კონკრეტული სანქციის სახე და ზომა. ამასთანავე, აუცილებელი არ არის კანონით იყოს განსაზღვრული ქმედების შემადგენლობის ყველა ელემენტი. საკონსტიტუციო სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს კანონით აკრძალული ქმედების ობიექტური შემადგენლობის რომელიმე ელემენტების კანონქვემდებარე აქტით განსაზღვრას. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების საწინააღმდეგოდ არ იქნა მიჩნეული სისხლის სამართლის კოდექსის 3782 მუხლი, რომელიც აკრძალულ ქმედებად აცხადებდა, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის მიერ აკრძალული საგნის მოხმარებას, აკრძალული საგნების ჩამონათვალი (ქმედების შემადგენლობის ერთ-ერთი ელემენტი) კი, თავის მხრივ, განსაზღვრული იყო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1/6/1292 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16-26). ამდენად, პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი განსაზღვრული უნდა იყოს კანონით, ხოლო აკრძალული ქმედების ობიექტური შემადგენლობის რომელიმე ელემენტი დასაშვებია, რომ განისაზღვროს კანონქვემდებარე აქტით.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს სამხედრო დანიშნულების ვაზნების შეძენის/შენახვის აკრძალვა არის თუ არა კანონით განსაზღვრული და ნორმატიულ დონეზე (კანონით ან კანონქვემდებარე აქტით) რა მიიჩნევა სამხედრო დანიშნულების ვაზნად.
2. სადავო ნორმებისა და კანონმდებლობის ანალიზი
15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ დასჯადია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა) მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა. ამდენად, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილით, იკრძალება სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა, ხოლო მე-3 ნაწილით კი, იგივე ქმედება ყველა სხვა ცეცხლსასროლ იარაღთან/საბრძოლო მასალასთან მიმართებით.
16. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი აკრძალვა მიემართება მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვას, რაც ნიშნავს, რომ პირის ქმედება მაშინ იქნება დასჯადი, თუკი მას არ გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის შეძენისა და შენახვის უფლება. შესაბამისად, აუცილებელია, გაანალიზდეს ის საკანონმდებლო აქტები, რომლითაც წესრიგდება ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებასთან დაკავშირებული საკითხები და განისაზღვროს, თუ რა წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.
17. ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, ტერმინში ,,იარაღი‘‘ იგულისხმება მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად, ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, კერძოდ, არსებობს სამოქალაქო, სამსახურებრივი-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღი. ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო იარაღი არის იარაღი, რომელიც დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში და რომელსაც ფიზიკური პირი თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო ან ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში ან ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის იყენებს. ამასთან, სამოქალაქო იარაღის სახეებია თავდაცვის, სპორტული, სანადირო, საკოლექციო, სასიგნალო, ხმოვანი (აკუსტიკური), კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი და თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა.
18. რამდენადაც იარაღის ზემოხსენებული კატეგორიები დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, აქვს უფლება, შეიძინოს იგი. ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვის გასაცემად მათ უნდა მიმართონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ხოლო იარაღთან დაკავშირებული კონკრეტული მონაცემების აღრიცხვა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოებულ იარაღის რეესტრში. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობით, დასაშვებია სამოქალაქო იარაღის, მათ შორის, სანადირო იარაღის მართლზომიერი შეძენა და შენახვა.
19. რაც შეეხება საბრძოლო მასალის შეძენასთან დაკავშირებულ ცალკეულ რეგულირებებს, ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბრძოლო მასალად ითვლება მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ პირს, ვინც მართლზომიერად ფლობს სამოქალაქო იარაღს, შეუძლია მის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შეძენა.
20. ამასთანავე, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლი ადგენს რიგ აკრძალვებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულ იარაღთან და საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით. მაგალითად, ხსენებული მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია, სამოქალაქო იარაღისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღისთვის გამოყენებულ იქნეს საბრძოლო მასალა, რომელსაც ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა აქვს. გარდა მითითებული საბრძოლო მასალის სახელდებით აკრძალვისა, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასევე აკრძალულია საბრძოლო მასალა და ჭურვი, რომელიც განკუთვნილია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული იარაღისთვის. რამდენადაც სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულია მხოლოდ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღი, საერთო სასამართლოს პრაქტიკით მიიჩნევა, რომ სამხედრო-საბრძოლო იარაღი და, შესაბამისად, ამ იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა (ვაზნები), არ შეიძლება, პირს ჰქონდეს მართლზომიერად იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის სახელზე რეგისტრირებული საბრძოლო იარაღით შესაძლებელია მისი გასროლა.
21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი პუნქტი და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი არამართლზომიერ შეძენა/შენახვად არ მოიაზრებენ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ფლობას, თუკი პირს აქვს შესაბამისი ნებართვა. ამასთან, საერთო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, დასჯადად მიიჩნევა სამხედრო იარაღის და ამ იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შეძენა/შენახვა და არ არსებობს ამ ტიპის საბრძოლო მასალის მართლზომიერად ფლობის შესაძლებლობა. როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, ისე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში, საბრძოლო მასალასთან მიმართებით გამოყენებულია ტერმინი „განკუთვნილი“. ამდენად, უნდა დადგინდეს, თუ რა იგულისხმება ამ ტერმინში და ასევე განისაზღვროს არსებობს თუ არა სამხედრო იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის საკანონმდებლო დეფინიცია.
22. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო-საბრძოლო იარაღი არის იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავად და საბრძოლო და ოპერატიულ-სამძებრო მიზნების განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო-საბრძოლო იარაღის ბრუნვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამხედრო-საბრძოლო იარაღის აღრიცხვის, გაცემის, გადაადგილების, გამოყენებისა და ამ იარაღთან მოპყრობის სხვა საკითხები შეიძლება განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების ხელმძღვანელმა. ხოლო ხსენებული მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ სამხედრო-საბრძოლო იარაღი მოიცავს შეიარაღებას, სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალასა და ტექნიკურ დოკუმენტაციას. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ანალიზი მიუთითებს, რომ სამხედრო-საბრძოლო იარაღში მოიაზრება შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის გადაცემული შეიარაღება, სამხედრო ტექნიკა, საბრძოლო მასალა და ტექნიკური დოკუმენტაცია. აღნიშნული საკანონმდებლო დებულების თანახმად, იარაღისა და საბრძოლო მასალის სამხედრო-საბრძოლო იარაღად მიჩნევისათვის გადამწყვეტია არა ამ იარაღის ტექნიკური მახასიათებლები ან დანიშნულება, არამედ ის ფაქტი, რომ იგი დამზადებულია/შეძენილია/განკუთვნილია კონკრეტულ სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოყენებისათვის და ირიცხება მათ ბალანსზე. მაგალითად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, კანონი სამხედრო-საბრძოლო იარაღს მიაკუთვნებს ტექნიკურ დოკუმენტაციას. ამ მხრივ, გაუგებარია, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება, იქნეს გამოყენებული ტექნიკური დოკუმენტაცია სამხედრო დანიშნულებით. ამგვარი ობიექტი სამხედრო იარაღად ითვლება არა მისი ტექნიკური მახასიათებლების გამო, არამედ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ წარმოადგენს კანონში მითითებული უწყებისათვის განკუთვნილ ობიექტს.
23. შესაბამისად, ლოგიკური იქნებოდა კანონის წაკითხვა იმგვარად, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში/მის ბალანსზე არსებული იარაღის გასხვისება წარმოადგენს დასჯად ქმედებას და თუკი პირს აღმოაჩნდება ამგვარი იარაღი ან საბრძოლო მასალა, მას დაეკისრება სათანადო პასუხისმგებლობა. თუმცა, როგორც საერთო სასამართლოს პრაქტიკით დგინდება, პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას იწვევს არა ის ფაქტი, რომ მასთან აღმოჩენილი იარაღი/საბრძოლო მასალა ირიცხება შესაბამისი სახელმწიფო უწყების ბალანსზე (და ამის გამო ითვლება სამხედრო-საბრძოლო იარაღად), არამედ თავად ამ საბრძოლო მასალის ტექნიკური მახასიათებლების გამო, რომელთა შეფასების შედეგადაც, ექსპერტი ადგენს, აქვს თუ არა მას სამხედრო დანიშნულება. აქედან გამომდინარე, რამდენადაც საბრძოლო მასალის დანიშნულების დადგენა ხდება მის ტექნიკურ მახასიათებლებზე დაყრდნობით, აუცილებელია, შეფასდეს არსებობს თუ არა საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრული კრიტერიუმები, რომლებითაც შეფასდება კონკრეტულ ობიექტს აქვს თუ არა სამხედრო დანიშნულება.
24. როგორც №1474 კონსტიტუციური სარჩელის განმწესრიგებელ სხდომაზე გამოკითხულმა სფეროს ექსპერტებმა განაცხადეს, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის №394 დადგენილებით განსაზღვრულია სამხედრო პროდუქციას მიკუთვნებული იარაღის კატეგორიები, შესაბამისად, ამგვარი იარაღისათვის განკუთვნილი ვაზნა ითვლება სამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალად. „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის №394 დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის პირველი, მე-2 და მე-12 ჯგუფებით განსაზღვრულია, რომ სამხედრო პროდუქციას მიეკუთვნება: 20 მილიმეტრზე ნაკლები კალიბრის გლუვლულიანი, 12.7 მილიმეტრიანი (კალიბრი 0.50 ინჩი) ან ნაკლები კალიბრის იარაღი, ავტომატური იარაღის საკუთვნებლები, აგრეთვე მათთვის სპეციალურად შემუშავებული კომპონენტები (ჯგუფი 1), 20-მილიმეტრიანი და მეტი კალიბრის გლუვლულიანი, 12.7 მილიმეტრზე (კალიბრი 0.50 ინჩი) მეტი კალიბრის იარაღი ან შეიარაღება, პროექტორები და საკუთვნებლები, მათთვის სპეციალურად შემუშავებული კომპონენტები (ჯგუფი 2) და შეიარაღების მაღალსიჩქარიანი სისტემები, რომლებიც იყენებენ კინეტიკურ ენერგიას და შესაბამისი აღჭურვილობა, აგრეთვე მათთვის სპეციალურად შემუშავებული კომპონენტები (ჯგუფი 12). ამასთანავე, ამავე დანართის თანახმად, სამხედრო პროდუქციას მიეკუთვნება ამ ნუსხის პირველ, მე-2 და მე-12 ჯგუფებში მითითებული იარაღისთვის შექმნილი საბრძოლო მასალა. გარდა აღნიშნული ჩანაწერისა, დასახელებული დანართი არ შეიცავს რაიმე რეგულირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტექნიკური მახასიათებლები უნდა გააჩნდეს სამხედრო დანიშნულების ვაზნას ან რა კრიტერიუმებზე უნდა მოხდეს ამ ვაზნის განსხვავება სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული საბრძოლო მასალისაგან.
25. ამდენად, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა რელევანტური ნორმატიული მასალის ანალიზით დგინდება, რომ სახელდებით აკრძალულია ისეთი საბრძოლო მასალის შეძენა/შენახვა, რომელსაც ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა აქვს. ამასთანავე, საერთო სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, ასევე აკრძალულია სამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალის (ვაზნების) შეძენა/შენახვა, თუნდაც ამგვარი ვაზნის გასროლა შესაძლებელი იყოს პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული იარაღიდან. თავის მხრივ, კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლები, აღწერილობითი ნიშნები ან მაიდენტიფიცირებელი თვისებები, რომლებზე დაყრდნობითაც, შესაძლებელი იქნებოდა, ვაზნების მიკუთვნება სამხედრო თუ არასამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალისადმი.
3. საბრძოლო მასალის დანიშნულების განსაზღვრა საერთო სასამართლოს პრაქტიკაში
26. რამდენადაც საკანონმდებლო აქტები არ შეიცავს სამხედრო დანიშნულების ვაზნის ლეგალურ დეფინიციას, ისევე, როგორც რაიმე კონკრეტულ ტექნიკურ მონაცემებს, რომლებითაც შესაძლოა ამ ტიპის ვაზნა ხასიათდებოდეს, მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ როგორ ხდება საბრძოლო მასალის დანიშნულების განსაზღვრა.
27. როგორც მოსარჩელის წინააღმდეგ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენიდან დგინდება, იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა მის მიერ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვაში. კონკრეტულად, მან მართლსაწინააღმდეგოდ და უკანონოდ შეიძინა საბრძოლო მასალა - 23 ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის 7, 62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა განკუთვნილი 7,62 მმ კალიბრის „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატებისთვის - „АК-47”, ,,АКС-47“, „АКМ“, კარაბინისათვის „СКС“, ხელის ტყვიამფრქვევებისათვის „РПД“, „РПК“ და სხვა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში.
28. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენში მითითებულია იმ ექსპერტთა ჩვენებები, რომლებმაც ჩაატარეს საბრძოლო მასალის ექსპერტიზა და მიიჩნიეს სამხედრო დანიშნულების ვაზნებად. მოწმე გიორგი ელიავა (2018 წლის 1 სექტემბერს გაცემული დასკვნის ავტორი) მიუთითებდა, რომ მოსარჩელის სახლიდან ამოღებული 23 ცალი ვაზნა მიეკუთვნებოდა სამხედრო დანიშნულების საბრძოლო ვაზნების კატეგორიას და არ იყო განკუთვნილი მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული სანადირო კარაბინის მოდელი „SAIGA MK“-სთვის (თუმცა შესაძლებელი იყო ამ იარაღიდან გასროლაც). ექსპერტი დამატებით განმარტავდა, რომ სანადირო და სამხედრო ტყვიები ვიზუალურად, ფორმით და გაბარიტებით ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ განსხვავდება კონსტრუქციითა და მარკირებით.
29. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გარკვეული იარაღი, შექმნის დროს, შესაძლებელია, განკუთვნილი ყოფილიყო წმინდა სამხედრო დანიშნულებით, მაგრამ შემდეგში დაშვებულ იქნა სამოქალაქო ბრუნვაშიც. მაგალითად მოსინის შაშხანა, დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანა „СВД“, სიმონოვის თვითდამტენი კარაბინი „СКС“ და ა.შ. ამდენად, აღნიშნული კატეგორიების იარაღი გამოიყენება როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო დანიშნულებით. მითითებულიდან გამომდინარე, ვაზნა, რომელიც განკუთვნილია ამ იარაღებიდან გასროლისათვის, მხოლოდ ზემოხსენებული პირობიდან გამომდინარე, ვერ იქნება განხილული როგორც ცალსახად სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების საბრძოლო მასალად. მაქსიმუმი, რისი დადგენაც იქნება შესაძლებელი, არის ის, რომ ასეთი საბრძოლო მასალა შესაძლოა იყოს ორმაგი დანიშნულების. თუმცა აღნიშნულს ხელი არ შეუშლია ექსპერტისათვის, რომ 1943 წლის ნიმუშის 7, 62 მმ კალიბრის ვაზნა (რომელიც განკუთვნილია, მათ შორის, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სიმონოვის თვითდამტენი კარაბინით („СКС“) გამოყენებისათვის) მიეჩნია სამხედრო დანიშნულების ვაზნად.
30. ამავე საქმეზე დაიკითხა კიდევ ერთი ექსპერტი ვანო ბოლქვაძე (2018 წლის 3 ოქტომბერს გაცემული დასკვნის ავტორი), რომელმაც განმარტა, რომ საბრძოლო და სანადირო ვაზნები განსხვავდება ერთმანეთისგან, კერძოდ: ფერით, ასევე ტყვიის შემადგენლობით, საბრძოლო ვაზნას, უფრო მეტი ეფექტურობისთვის, აქვს ფოლადის გული, სანადირო ვაზნას კი - აქვს ჩვეულებრივი ტყვიის გული. ასევე, დასახელებული კატეგორიის ვაზნები განსხვავდება მარკირებით, საბრძოლო ვაზნას აქვს გამოშვების წლის და ქარხნის კოდი, ხოლო სანადირო ვაზნას მსგავსი წარწერა არ აქვს. გარდა ამისა, სანადირო ვაზნას ზემოდან აქვს ცარიელი ჩახვრეტილი წერტილი, ხოლო საბრძოლო ვაზნას მსგავსი არ გააჩნია. ამასთან, იმის გამო, რომ საბრძოლო ვაზნას აქვს შიგნიდან ფოლადი, შესაბამისად, მას იკრავს მაგნიტი, ხოლო სანადირო ვაზნა მხოლოდ ტყვიაა და ამიტომაც არ მიეკრობა მაგნიტს. გარდა ამისა, სანადირო ვაზნები უფრო მსუბუქია, ვიდრე სამხედრო. საბრძოლო ვაზნის მოთავსება შესაძლებელია სანადირო იარაღში, მაგრამ რეკომენდირებული არ არის.
31. ამდენად, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განჩინებით დგინდება, ექსპერტები, იმის განსაზღვრისას, განეკუთვნება თუ არა ვაზნა სამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალას, ეყრდნობიან მთელ რიგ ვიზუალურ მახასიათებლებს, მაგალითად, ვაზნის ფერს, მასზე გაკეთებულ წარწერას (ქარხნის კოდსა და გამოშვების წელს), ვაზნის ზემოთა მხარეს ცარიელი ჩახვრეტილი წერტილის არსებობას და სხვა. ამასთანავე, ექსპერტიზის არც ერთ დასკვნაში მითითებული არ არის, თუ რომელ ნორმატიულ აქტს დაეყრდნო ექსპერტი საბრძოლო მასალის დანიშნულების განსაზღვრისას.
32. №1474 კონსტიტუციური სარჩელის განმწესრიგებელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოწვეული ჰყავდა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლები და ექსპერტები, რომლებმაც განმარტებები გააკეთეს სამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით. მაგალითად, საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღების ტექნიკისა და საბრძოლო მასალების დაგეგმვის სამმართველოს საბრძოლო მასალების დაგეგმვის განყოფილების უფროსისბესიკ ლაზარიაშვილის განმარტების მიხედვით, იმისთვის, რათა ვაზნა მიჩნეულ იქნეს სამხედრო ან სანადირო დანიშნულების მქონედ, მხედველობაში მიიღება ვაზნაზე დატანილი მარკირება, ქარხნის კოდი და გამოშვების წელი. ხოლო საბრძოლო მასალის გამიჯვნის დროს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვაზნის ფერს, დატანილ წარწერას, მის სიმძიმეს და აქვს თუ არა ვაზნას თავი ჩახვრეტილი (აღსანიშნავია, რომ, მათ შორის, ამ მახასიათებლებზე დაყრდნობით, ექსპერტებმა მოსარჩელის მფლობელობიდან ამოღებული ვაზნები მიიჩნიეს სამხედრო დანიშნულების მქონედ). ვაზნაზე დატანილ მარკირებასთან, ქარხნის კოდთან და გამოშვების წელთან მიმართებით ბესიკ ლაზარიაშვილის განმარტება არ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს უფროსმა ირაკლი ვერულაშვილმა, რომელმაც მიუთითა, რომ არ არსებობს ვაზნების მარკირების შესახებ რაიმე საერთაშორისო სტანდარტი, იგი დამოკიდებულია მწარმოებელ ქარხანაზე და არ მიუთითებს ვაზნის დანიშნულებას.
33. ამავე პროცესზე დაკითხულმა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტმა ალექსანდრე ჯაფარიძემ განმარტა, რომ სამხედრო დანიშნულების ვაზნას აქვს წითელი ტენსაწინააღმდეგო ლაკი ლულის და მასრის კაფსულის ირგვლივ, აგრეთვე ვაზნების კორპუსზე მოქმედებდა მაგნიტური ველი, ძლიერი მიზიდულობა (ე.ი. იკრავს მაგნიტი), ამგვარი მახასიათებლები კი სანადირო დანიშნულების ვაზნას არ გააჩნია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებული განმარტება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს უფროსმა ირაკლი ვერულაშვილმა და მიუთითა, რომ დანიშნულების განსაზღვრისას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვაზნას ექნება თუ არა ტენსაწინააღმდეგო ლაქი. ამასთან, მისი პოზიციით, პრაქტიკაში გვხდება ისეთი სახის სანადირო დანიშნულების ვაზნებიც, რომლებსაც აქვთ მიზიდულობა მაგნიტთან.
34. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ნიშანდობლივია, რომ ექსპერტთა ჩვენებები ვაზნის დანიშნულების განსაზღვრის საკითხთან მიმართებით, ურთიერთსაწინააღმდეგოა. იმ მახასიათებლებს, რომლებსაც ერთი ექსპერტი გადამწყვეტად მიიჩნევს ვაზნის სამხედრო დანიშნულების განსაზღვრისას, მეორე ექსპერტი არ მიიჩნევს რელევანტურად. რამდენიმე ექსპერტმა განმარტა, რომ, თუკი ვაზნას გააჩნია ფოლადის გულარი, იგი მიიჩნევა სამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალად, თუმცა ვერ მიუთითეს, თუ რომელ ნორმატიულ აქტს ეყრდნობა ამგვარი მსჯელობა. სამხედრო დანიშნულების ვაზნის იდენტიფიცირების საკითხთან მიმართებით, სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა მიუთითეს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ივნისის №394 დადგენილებაზე. აღსანიშნავია, რომ არც ერთი დასახელებული ნორმატიული აქტი არ განმარტავს, თუ რა არის სამხედრო დანიშნულების ვაზნა, ისევე, როგორც არ ადგენს მათ ტექნიკურ მახასიათებლებს, მათ შორის, არ მიუთითებს, თუ რა ტიპის გულარი უნდა ჰქონდეს ვაზნას, როგორი უნდა იყოს მისი ვიზუალი და სხვა. ამასთანავე, შესაძლოა, პრაქტიკაში, სამხედრო მიზნების მისაღწევად გამოყენებულ საბრძოლო მასალას ნამდვილად ჰქონდეს ფოლადის გულარი, თუმცა ეს ფაქტი არ მიუთითებს იმაზე, რომ ანალოგიური გულარით სხვა დანიშნულების (მაგალითად, სანადირო/სპორტული) საბრძოლო მასალა არ შეიძლება იყოს დამზადებული. მით უფრო, ამგვარ აკრძალვას არ ადგენს საქართველოს კანონმდებლობა და ეს პოზიცია ემყარება მხოლოდ ექსპერტის პირად შეხედულებას. გარდა იმისა, რომ ამგვარ მსჯელობას რაიმე საფუძველი არ გააჩნია ნორმატიულ დონეზე, ექსპერტებმა ვერც კონკრეტულ სამეცნიერო ლიტერატურაზე მიუთითეს, რომელშიც განსაზღვრული იქნებოდა, რომ ფოლადის გულარი გააჩნია მხოლოდ სამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალას. მათ მხოლოდ ზოგადად მიუთითეს, რომ სამხედრო დანიშნულების ვაზნების იდენტიფიცირებისათვის ეყრდნობიან სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურას, მათ შორის, 1982 წელს, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის არსებობის პერიოდში რუსულ ენაზე გამოცემულ სახელმძღვანელოს.
35. კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც მსურს ყურადღების გამახვილება, შეეხება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტის ალექსანდე ჯაფარიძის მიერ გაცემულ დასკვნას. 2023 წლის 12 სექტემბერს გაცემულ დასკვნაში მითითებულია, რომ მის წინაშე წარმოდგენილი ორი ვაზნა წარწერით „SCORIO 7.62x39 CIP“, მისი ნიშანთა ერთობლიობით (მათ შორის, მაგნიტთან ზემოქმედებით, რაც, ექსპერტის აზრით, მიუთითებს, რომ გულარი არის ფოლადის) ხასიათდება, როგორც სამხედრო დანიშნულების ვაზნა. გასათვალისწინებელია, რომ ზუსტად ამ ვაზნებთან დაკავშირებით (რომელიც ექსპერტის მიერ სამხედრო დანიშნულების ვაზნად იქნა მიჩნეული), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლის 8 მაისს გაცემული აქვს იმპორტის ნებართვა შპს „ქარავანი+“-ზე. დასახელებულ ბრძანებაში მითითებულია, რომ შპს „ქარავანი+“-ს მიეცა ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების, მათ შორის, ვაზნა კალ. 7.62x39 CIP იმპორტის ნებართვა. ანალოგიური ნებართვა ამავე პირზე ასევე გაიცა 2020 წლის 27 აგვისტოს. შესაბამისად, გამოდის, რომ ფოლადის გულარიანი ვაზნა, რომელზეც ექსპერტები მიუთითებენ, რომ სამხედრო დანიშნულებისაა, თავისუფლად ცირკულირებს სამოქალაქო ბრუნვაში, რადგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაცემული აქვს ამ კონკრეტული ვაზნის იმპორტის ნებართვა და მისი შეძენა შესაძლებელია იარაღის მაღაზიებში. ამდენად, სახეზე გვაქვს მოცემულობა, რომ, ერთი მხრივ, თავდაცვის სამინისტრო იძლევა ლიცენზიას ფოლადის გულარის მქონე ვაზნის იმპორტზე და, შესაბამისად, მის სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე სამინისტროს წარმომადგენლები, სასამართლოს სხდომაზე განმარტავენ, რომ ფოლადის გულარის მქონე ვაზნა სამხედრო დანიშნულების ვაზნაა და კანონმდებლობა კრძალავს მათ სამოქალაქო ბრუნვაში არსებობას. ასეთ პირობებში, მტკიცება იმის შესახებ, რომ კანონმდებლობა, ამ მხრივ, იძლევა სიცხადის იმ ხარისხს, რომ პირმა შეძლოს გააზრება, თუ რა ტიპის საბრძოლო მასალის შეძენა/შენახვა ეკრძალება, მოკლებულია არა მხოლოდ ნორმატიულ, არამედ გონივრულ საფუძველსაც.
36. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით და კანონქვემდებარე აქტებით, გათვალისწინებულია საბრძოლო მასალის შეძენის რიგი ლეგალური გზები: მაგალითად, სათანადო ლიცენზიის მქონე მაღაზიაში შეძენა, საზღვარგარეთიდან შემოტანა იმპორტის გზით და გადატენვა. საბრძოლო მასალის საზღვარგარეთ შეძენისა და შემოტანის შემთხვევაში, პირს მოეთხოვება ნებართვის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვა. საქმის განხილვის სხდომაზე ასევე დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსი თინათინ ქვაცბაია და და ამავე სამმართველოს დირექტორის მოადგილე კახაბერ სოფრომაძე. მათ განმარტეს, რომ ამგვარი ნებართვის მისაღებად, პირს მოეთხოვება რიგი დოკუმენტაციის წარდგენა, მაგალითად, ცნობა მის სახელზე რეგისტრირებული იარაღის შესახებ, ნასამართლობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და სხვა. ამასთან, გარდა უშუალოდ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორისა და სისრულის შემოწმებისა, სააგენტო უშუალოდ არ ახდენს შემოსატანი ვაზნის ვიზუალურ ან ტექნიკურ შემოწმებას. სააგენტოს მიერ გაიცემა ზოგადი ნებართვა სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული საბრძოლო მასალის შემოტანის შესახებ, ხოლო ის, თუ რა ვაზნას შემოიტანს პირი, მის პასუხისმგებლობას განეკუთვნება. ამ მოცემულობაში, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ არის განსაზღვრული სამხედრო დანიშნულების ვაზნის ტექნიკური მახასიათებლები, პირმა შესაძლოა, კონკრეტული ვაზნების საზღვარგარეთიდან შემოტანის მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის, ვაზნის ოფიციალური, დეტალური აღწერილობა, სააგენტომ გასცეს შემოტანის ნებართვა, ხოლო შემდგომ დადგინდეს, რომ ამ ვაზნას აქვს ფოლადის გულარი და ამის გამო პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ანალოგიური ვითარება შეიძლება, შეიქმნას ვაზნის გადატენის შემთხვევაშიც, როდესაც პირს საზღვარგარეთიდან შემოაქვს ვაზნის ჭურვი, მან ეს შეიძინა და შესაბამისი ნებართვის საფუძველზე შემოიტანა როგორც სანადირო ვაზნა, თუმცა ფოლადის გულარის გამო მიაკუთვნეს სამხედრო საბრძოლო მასალას და პირს დააკისრეს პასუხისმგებლობა.
37. ყოველივე ზემოხსენებული ცალსახად მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს სამხედრო დანიშნულების ვაზნის ცნებასა და ამგვარი საბრძოლო მასალის ტექნიკურ მახასიათებლებს, მათ შორის, არც ერთ აქტში არ არის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ფოლადის გულარი მხოლოდ სამხედრო დანიშნულების ვაზნას შეიძლება გააჩნდეს. შესაბამისად, ექსპერტის მიერ კონკრეტული ვაზნის ამგვარად მიჩნევა დამოკიდებული ხდება არა საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტაზე - ნორმატიულ აქტზე, არამედ კონკრეტული ექსპერტის პროფესიულ მოსაზრებებსა და შეხედულებებზე. ამასთანავე, ვაზნის კლასიფიკაცია არ წარმოადგენს ზუსტ მეცნიერებას, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს საერთო ექსპერტული მოსაზრებები ან საერთაშორისოდ შეთანხმებული პოზიცია. საკონსტიტუციო სასამართლოში დაკითხული ექსპერტების ჩვენებებიდანაც მკაფიოდ გამოიკვეთა წინააღმდეგობები მათ მიერ გაკეთებულ განმარტებებს შორის, თუ რაზე დაყრდნობით მიიჩნევენ ვაზნას სამხედრო ან არასამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალად.
38. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სამხედრო დანიშნულების ვაზნის ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ სირთულეს, რომლის განხორციელებაც ნორმატიულ დონეზე შეუძლებელია. მაგალითად, „ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 მარტის №223 დადგენილებით განისაზღვრა იმ პნევმატური იარაღისა და ამ იარაღისთვის განკუთვნილი ჭურვის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში. აღნიშნულ დადგენილებაში მითითებულია პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, მაგალითად, გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში), ჭურვის ტიპი, ჭურვის წონა და სხვა. შესაბამისად, ექსპერტს შეუძლია, შეაფასოს კონკრეტული პნევმატური იარაღი რამდენად შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებს. აღნიშნულისგან განსხვავებით, რამდენადაც სამხედრო დანიშნულების ვაზნებთან დაკავშირებით არ არსებობს ნორმატიულად განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლები, ვაზნის დანიშნულების განსაზღვრა ხდება ექსპერტის მიერ. ამასთანავე, კანონმდებელმა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სახელდებით მიუთითა, თუ რა ტიპის საბრძოლო მასალა იკრძალება სამოქალაქო ბრუნვაში, კერძოდ, საბრძოლო მასალა, რომელსაც ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა აქვს. თუკი კანონმდებლის გადაწყვეტას წარმოადგენდა ფოლადის გულარიანი საბრძოლო მასალის აკრძალვა, მას თავისუფლად შეეძლო, ამგვარი ჩანაწერის ან მკაფიო მითითების გაკეთება ამავე ან სხვა საკანონმდებლო აქტში. ამ ტიპის აკრძალვის დამდგენი ნორმატიული აქტი კი, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს.
39. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნა პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის კანონით განსაზღვრის შესახებ, მიზნად ისახავს პირის დაცვას, მათ შორის, სახელმწიფოს თვითნებობისა თუ მიკერძოებული დევნისაგან. არ შეიძლება, სამართლებრივ სახელმწიფოში, პირს პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს ისეთი ქმედების ჩადენისათვის, რომლის აკრძალვასაც ნორმატიული საფუძველი არ გააჩნია. სწორედ ამავე პრინციპზეა დამყარებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების - დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, კონკრეტული ქმედების ჩადენის აკრძალვა განსაზღვრული უნდა იყოს კანონით და დაუშვებელია პირის დასჯა სამართლის ან კანონის ანალოგიის გამოყენებით. საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა არა მხოლოდ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის კანონით განსაზღვრას ითხოვს, არამედ თავად ამ კანონისთვისაც ადგენს ხარისხობრივ სტანდარტებს - იგი მისი შინაარსის მიხედვით უნდა იყოს განჭვრეტადი და ადრესატმა უნდა შეძლოს აკრძალული ქმედების იდენტიფიცირება. ბუნებრივია, ყველა ეს ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი უგულებელყოფილია იმ მოცემულობაში, როდესაც პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ნორმატიული საფუძვლის გარეშე.
40. მოცემულ შემთხვევაში, პირს პასუხისმგებლობა ეკისრება სამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალის შეძენის/შენახვის გამო. კონკრეტული ვაზნის დანიშნულება კი დგინდება ექსპერტის მიერ, ვაზნის ტექნიკურ მახასიათებლებზე დაყრდნობით. არც ერთი საკანონმდებლო აქტი არ ადგენს, თუ რა ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია სამხედრო ან სხვა დანიშნულების საბრძოლო მასალას. ნორმატიულ დონეზე განსაზღვრული არ არის, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეიძლება იქნეს მიჩნეული ვაზნა სამხედრო დანიშნულების მქონედ, იქნება ეს ფოლადის გულარი, რაიმე ვიზუალური ან თვისობრივი მახასიათებელი თუ სხვა. შესაბამისად, ვაზნის დანიშნულების განსაზღვრა (ე.ი. პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი) დამოკიდებული ხდება ექსპერტის მოსაზრებებსა და შეხედულებებზე. ამგვარ მოცემულობაში, გაუგებარია, თუ რის საფუძველზე მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ სადავო ნორმები განჭვრეტადად და კონსტიტუციის შესაბამისად.
41. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობის დაკისრება სამხედრო დანიშნულების ვაზნის (მათ შორის, ფოლადის გულარიანი საბრძოლო მასალის) შეძენის/შენახვის გამო, არ არის განსაზღვრული კანონით (ნორმატიული აქტით) და მინდობილია ექსპერტის პროფესიულ მოსაზრებებს/შეხედულებებს. აღნიშნული კი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნასთან, რომლის თანახმადაც, პირის ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრა და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა მოხდეს კანონის საფუძველზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
თეიმურაზ ტუღუში