თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21(65) მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების კონსტიტუციურობის თაობაზე.
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N3/2/1520 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 7 მარტი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 მარტი 2025 17:27 |
ძალადაკარგულად ცნობის თარიღი | 1 ოქტომბერი 2025 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1520) მომართა თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე − თამარ ხაჟომია). №1520 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 3 ივლისს. №1520 კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2021 წლის 26 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის №3/2/1520 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური წარდგინება ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.
2. №1520 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოში პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას გამოსცემს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, მისი სასამართლოსთვის წარდგენიდან 14 დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას. აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ, მოსამართლე გამოსცემს ბრძანებას ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შესახებ. მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი; გ) საგადასახადო ორგანო, რომელმაც სასამართლოს შუამდგომლობა წარუდგინა; დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შესახებ; ე) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის მხარისთვის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს, საქმის მასალებთან ერთად, დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სასამართლოსადმი მიმართვის და საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებები განამტკიცებს დაცვის უფლებას.
5. №1520 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია რამდენიმე საქმე პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეებზე შეაჩერა საქმის წარმოება და კონსტიტუციური წარდგინებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ვინაიდან, წარდგინების ავტორის აზრით, სადავო ნორმები, რომლებიც მან დასახელებული საქმეების გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას.
6. კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსსა და საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2019 წლის 4 ივლისს ამოქმედებული ცვლილებების თანახმად, განსხვავებულად მოწესრიგდა სასამართლოს მიერ გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი, კერძოდ, სასარჩელო სამართალწარმოების ნაცვლად, საკითხი განიხილება გამარტივებული წესით, შუამდგომლობის საფუძველზე. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიუთითებს, რომ შუამდგომლობის საფუძველზე საქმის განხილვა მიმდინარეობს დაჩქარებულ რეჟიმში, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს იმ პირის საპროცესო უფლებებს, რომლის აღიარებაც უნდა მოხდეს გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად და შეუძლებელს ხდის მის აქტიურ მონაწილეობას შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართალწარმოებაში, რაც, საბოლოო ჯამში, გამორიცხავს მის შესაძლებლობას, რეალური ზეგავლენა მოახდინოს საქმის გადაწყვეტაზე.
7. წარდგინების ავტორის მოსაზრებით, საქმის განხილვისა და საჩივრის წარდგენის ვადები არასაკმარისია იმისათვის, რომ საგადასახადო ორგანოს მოპასუხე მხარემ სასამართლოში ამომწურავად წარადგინოს თავისი არგუმენტები და მტკიცებულებები და ამით სრულყოფილად განახორციელოს დაცვის უფლება. ამასთანავე, საქმის დაჩქარებული წესით განხილვა, როგორც წესი, გამორიცხავს პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაძლო ცრუმაგიერი პირის გამოცხადებას, ვინაიდან საცხოვრებელი და რეგისტრაციის მისამართების შეუსაბამობის გამო, ხშირად, 14 დღის ვადაში ობიექტურად შეუძლებელია კანონით დადგენილი წესით მისი მოწვევა. ამავდროულად, სადავო ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ მხარეთა მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას, შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, მხარის მონაწილეობის გარეშე განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საკითხი მოითხოვს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადგენას.
8. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მტკიცებით, შუამდგომლობის ფორმატში საქმის განხილვა პრობლემურია, მათ შორის, იმის გათვალისწინებითაც, რომ ამგვარი მოწესრიგების პირობებში იმთავითვე გამოირიცხება მოსამართლის ბრძანებაზე გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ზოგადი სტანდარტის გავრცელება. წარდგინების ავტორი ამ მოსაზრების დამატებით არგუმენტად იშველიებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-4 ნაწილს, სადაც სავალდებულო რეკვიზიტებს შორის, რომელთაც უნდა შეიცავდეს მოსამართლის ბრძანება, არაა გათვალისწინებული დასაბუთებულობის მოთხოვნა. გარდა ამისა, კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, კანონისმიერი ჩანაწერის მიღმა, საქმეზე დასაბუთებული ბრძანების მიღების ობიექტურ შესაძლებლობას გამორიცხავს, აგრეთვე, საქმის განხილვა შემჭიდროებულ ვადებში. წარდგინების ავტორი მიუთითებს, რომ საკითხი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე გამოირჩევა სამართლებრივი სირთულით. ამასთან ერთად, ერთი მხრივ, კანონი არ ადგენს ცრუმაგიერ პირად აღიარების მკაფიოდ დადგენილ კრიტერიუმებს, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნულ საკითხზე დღეისათვის არ არსებობს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, შესაბამისად, საქმის განმხილველ სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უხდება მრავალფეროვანი და მოცულობითი ფაქტობრივი გარემოებების სიღრმისეული შესწავლა და ანალიზი, რაც, ხშირად, შეუძლებელია მოესწროს 14 დღეში.
9. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებას შედეგად მოჰყვება საგადასახადო ორგანოს მიერ ცრუმაგიერ პირად აღიარებული სუბიექტის ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება. შესაბამისად, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შედეგი უშუალოდ არის დაკავშირებული აღნიშნული პირის საკუთრების უფლების შეზღუდვასთან. აქედან გამომდინარე, ნორმები, რომლებიც გამორიცხავს შესაძლო ცრუმაგიერი პირის მიერ საპროცესო უფლებებით სრულყოფილად სარგებლობას, იმავდროულად, ართმევს მას, სასამართლოს გზით, საკუთრების უფლების ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1520 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
11. №1520 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, ასევე, საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებს.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტს განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი პოზიციის დაფიქსირების მოთხოვნით, თუმცა საქართველოს პარლამენტს არ წარმოუდგენია მოსაზრება აღნიშნულის თაობაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების კონსტიტუციურობა
1.1. სადავო ნორმების მოწესრიგების სფეროსა და შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება
1. №1520 კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით. სადავო ნორმები ადგენს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმდინარეობის სპეციალურ წესებს. კერძოდ, წარდგინებით სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე იმ რეკვიზიტების ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა შეიცავდეს სასამართლოს ბრძანება, ადგენს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის წესს, ბრძანების გამოცემისა და გასაჩივრების ვადებს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, მისი მიზანია ადამიანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. „სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
3. №1520 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებას შედეგად მოჰყვება საგადასახადო ორგანოს მიერ ცრუმაგიერ პირად აღიარებული სუბიექტის ქონებაზე დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ხოლო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლი განსაზღვრავს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, წარდგინების ავტორი მოსამართლე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით უშუალო გავლენა აქვს მის (გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებული პირის) კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებაზე.
4. უდავოა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული საკითხის განხილვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირის უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის საფუძველზე, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერად აღიარების საკითხის დადებითად გადაწყვეტის, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირის საკუთრებასთან დაკავშირებით, ტარდება ინტენსიური უფლებაშემზღუდველი ხასიათის ღონისძიებები. თავის მხრივ, საკუთრების უფლების არსისა და მისი ფუნდამენტური მნიშვნელობიდან გამომდინარე, პირს, როგორც წესი, ყოველთვის გააჩნია ხსენებული უფლების დაცვის ლეგიტიმური, მომეტებული ინტერესი. ცალკეულ შემთხვევაში, ამ ინტერესს შეიძლება ამძაფრებდეს საკუთრების საგნის მნიშვნელობა, დატვირთვა, მისი დამახასიათებელი ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრულობა და სხვა. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ნორმები ადგენს სასამართლოს მიერ პირის საკუთრების უფლებით სარგებლობაზე არსებითი გავლენის მქონე საკითხის გადაწყვეტის წესს. შესაბამისად, ხსენებული ნორმები ბუნებრივად ექცევა სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცულ სფეროში და პროცედურის სამართლიანობა შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით განმტკიცებულ სხვადასხვა უფლებრივ ასპექტთან.
5. №1520 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიუთითებს სადავო ნორმების საფუძველზე, სამართლიანი სასამართლოს სხვადასხვა უფლებრივი კომპონენტის დარღვევაზე, როგორებიცაა: საქმის სამართლიანი განხილვისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება, მხარის სასამართლო პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, სასამართლო გადაწყვეტილების გონივრულ ვადაში გასაჩივრებისა და დაცვის უფლება.
1.2. სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული ასპექტები
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველყოფილია სასამართლოსადმი ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, რაც პირის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა და იცავს მას უკანონო ან/და დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგად უფლების დარღვევისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის №1/5/1472 გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლების უმთავრესი მიზანია, სხვადასხვა უფლებრივი კომპონენტის გარანტირებით, შესაძლებელი გახადოს სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს ისეთ უფლებრივ კომპონენტებს, როგორებიცაა, მაგალითად, სასამართლოსადმი ეფექტიანი, ქმედითი ხელმისაწვდომობა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა და სხვა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, არაერთხელ შეფასდა თითოეული დასახელებული საპროცესო კომპონენტის მნიშვნელობა და მათი შეზღუდვის მიმართ კონსტიტუციით დადგენილი მოთხოვნები.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მხარის მონაწილეობა სასამართლო პროცესში სამართლიანი სასამართლოს სხვა უფლებრივი კომპონენტებით სარგებლობის აუცილებელი წინაპირობაა. პირის მონაწილეობა სასამართლო პროცესში, მოსამართლისათვის საკუთარი არგუმენტაციის წარდგენა და პოზიციების დაცვის შესაძლებლობა მართლმსაჯულების განხორციელების იმანენტური კომპონენტია. უპირველეს ყოვლისა, უფრო დიდია ალბათობა, რომ მხარეთა მონაწილეობით, ურთიერთდაპირისპირებული ინტერესების შეჯერებითა და მტკიცებულებების ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და ობიექტურად შეფასდება სადავო გარემოებები. ამასთანავე, თუკი პირს არ მიეცემა სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება, რთულად წარმოსადგენია, რომ მას ჰქონდეს ნდობა მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, პროცესის მონაწილის სუბიექტური აღქმით ვერ ჩაითვლება, რომ მართლმსაჯულება შედგა. თუკი პროცესი მხარის მონაწილეობის გარეშე წარიმართება, ამით, შესაძლოა, დაირღვეს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, პირმა ვერ შეძლოს სხვადასხვა საპროცესო მექანიზმით/გარანტიით სარგებლობა, ვერ გაასაჩივროს შუალედური აქტები ან საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება და სხვა. შესაბამისად, მხარის სამართალწარმოების პროცესზე მიუწვევლობა წარმოშობს პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისა და არასწორი გადაწყვეტილების მიღების მომეტებულ რისკს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-32-33).
8. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს უფლებრივ კომპონენტს წარმოადგენს. პირის მიერ საკუთარი თავის დასაცავად პოზიციის პირადად გამოხატვის ან/და დამცველით უზრუნველყოფის უფლება, პრაქტიკულად, ვერ ხორციელდება, როდესაც საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქმის ზეპირი მოსმენა ითვალისწინებს რა მხარეთა უშუალო მონაწილეობას საქმის განხილვაში, რაც ნიშნავს მათ შესაძლებლობას, წარადგინონ მტკიცებულებები, გამოთქვან მოსაზრებები, დაიცვან თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით, სწორედ ამ გზით წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტიას პროცესის შეჯიბრებითობის, დაცვის უფლებით ადეკვატურად სარგებლობისთვის, ამასთან, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მხარეთა შესაძლებლობას, უკეთ დაიცვან საკუთარი ინტერესები, გავლენა მოახდინონ საქმის გადაწყვეტაზე, ხელი შეუწყონ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-61).
9. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების არსებითი მოთხოვნაა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთება. სწორედ დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ აქვს საზოგადოებას შესაძლებლობა, ჩამოიყალიბოს რწმენა მართლმსაჯულების მიუკერძოებლობისა და შერჩევითი მართლმსაჯულების არარსებობის შესახებ. „სასამართლომ საკმარისი სიცხადით უნდა წარმოადგინოს დასაბუთება, რომელსაც ეფუძნება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ცხადი უნდა იყოს, რომ საქმის ყველა არსებით საკითხს გაეცა პასუხი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). გადაწყვეტილების დასაბუთებულობის გარეშე შეუძლებელია, პირმა განსაზღვროს სასამართლოს მსჯელობის კანონიერება, რამდენად ობიექტურად და მიუკერძოებლად მიიღო მან ესა თუ ის გადაწყვეტილება და მოითხოვოს დაშვებული სამართლებრივი შეცდომის გამოსწორება. დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის შესაძლებლობა, ასევე, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს გასაჩივრების უფლების ეფექტიანობასა და ქმედითობას, ამასთანავე, ამარტივებს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ და, ამ მხრივ, იგი წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელოვან უფლებრივ კომპონენტს (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №1/3/1263 გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
10. „კონსტიტუციის 31-ე მუხლი პირს აღჭურავს გარანტიით, რომ გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ამ გზით იცავს მას დაუსაბუთებელი და უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგად უფლების დარღვევისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-7). ამასთან ერთად, სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს ისეთ უფლებრივ კომპონენტს, როგორიცაა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის გონივრული ვადის დადგენა. „საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ვადა უნდა იძლეოდეს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის ობიექტურ შესაძლებლობას. ამიტომ სამართალწარმოების ხანგრძლივობის გონივრულობა უნდა შეფასდეს საქმის კონკრეტული გარემოებების საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ამდენად, სამართალწარმოების ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად განაპირობებს სამართლიანი სასამართლოსა და დაცვის უფლებით სარგებლობის ეფექტურობას. „არაგონივრულად ხანმოკლე ვადის პირობებში მხარეებს და სასამართლოს შესაბამისად ერთმევათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ სასამართლოში საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, სრულყოფილად გამოიკვლიონ საქმის გარემოებები და განახორციელონ საჭირო საპროცესო მოქმედებები ...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). განსახილველ საქმეში, საკონსტიტუციო სასამართლო ცალ-ცალკე შეაფასებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცული თითოეული ასპექტის შეზღუდვის კონსტიტუციურობის საკითხს.
1.3 გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საქმის განხილვა იმ პირის მოუწვევლობის შემთხვევაში, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო
11. №1520 კონსტიტუციური წარდგინებით არაკონსტიტუციურად არის გახდილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას. მოცემულ სამართალწარმოებაში მხარეებს წარმოადგენენ საგადასახადო ორგანო, გადასახადის გადამხდელი და ის პირი, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო. სადავო ნორმის ფორმულირება გამორიცხავს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადების შესაძლებლობას მხარეთა გამოუცხადებლობის ან მათი მოწვევის შეუძლებლობისას. წარდგინების ავტორის განმარტებით, ხშირ შემთხვევაში, შეტყობინების პირველი გაგზავნისას, ვერ ხერხდება მხარეთა მოწვევა სასამართლო სხდომაზე, ხოლო სადავო ნორმა არ უშვებს სასამართლოს დისკრეციის შესაძლებლობას, გადადოს საქმის განხილვა მაშინ, როდესაც იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს პროცესში მხარეთა მონაწილეობას. ამდენად, სადავო ნორმა სასამართლოს ავალდებულებს, საქმის განხილვაში მხარეთა მონაწილეობის შეუძლებლობის მიუხედავად, განიხილოს შუამდგომლობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სადავო ნორმის ანალიზის საფუძველზე, ცხადია, რომ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის არსებული მოწესრიგება უფლებამოსილ საერთო სასამართლოს არ აძლევს შესაძლებლობას, საკითხი განიხილოს, მათ შორის, იმ პირის უშუალო მონაწილეობით, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებაც ხდება და რომლის მოწვევაც ვერ მოხდა სასამართლო პროცესზე. შესაბამისად, კონსტიტუციური წარდგინების ავტორს სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან შეუსაბამოდ მიაჩნია საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვა იმ პირის მოწვევის შეუძლებლობის შემთხვევაში, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებაც ხდება სასამართლოს მიერ. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო, მოცემულ საქმეზე, შემოიფარგლება სწორედ სადავო რეგულირების ამ ასპექტის კონსტიტუციურობის შემოწმებით.
12. სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომლებიც არსებობს კონსტიტუციურ წესრიგში და, რიგ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან საგანგებო საკანონმდებლო მოწესრიგებისგან დამოუკიდებლად, პირდაპირი მოქმედების ეფექტით ხორციელდება. თუმცა, კონსტიტუციითვე ნაკარნახევი სასამართლო ხელისუფლების არქიტექტურა და თავად სამართლიანი სასამართლოს უფლების არსი სახელმწიფოს ავალდებულებს შექმნას საპროცესო წესრიგი, რაც უშვებს ამა თუ იმ საპროცესო კომპონენტის იმგვარად შეზღუდვას, რომ, ერთი მხრივ, არ შეილახოს სამართლიანი სასამართლოს უფლების არსი, ხოლო, მეორე მხრივ, პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, დაუშვებელია ამა თუ იმ უფლების იმ ფორმით შეზღუდვა, რომ, შედეგად, უფლების ძირითადი შინაარსი დაირღვეს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის №1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1; mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27). შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების კომპონენტების იმ ფორმით შეზღუდვა, რომ უგულებელყოფილი იქნეს თავად უფლების არსი, რაც პროცესის ზოგად სამართლიანობაში ვლინდება და რომლის კომპენსირებასაც ვერ უზრუნველყოფს სხვა ხელმისაწვდომი საპროცესო კომპონენტები, წარმოადგენს უფლებაში იმგვარ ჩარევას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებთან.
13. აღსანიშნავია, რომ პროცესის ზოგადი სამართლიანობის მოთხოვნას, სამართალწარმოების ხასიათის გათვალისწინებით, სხვადასხვა კრიტერიუმი და მახასიათებელი შეიძლება განსაზღვრავდეს, თუმცა ნებისმიერი სასამართლო პროცესის ქვაკუთხედს წარმოადგენს სამართლიანობის საბაზისო მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელთა შორისაც არის მხარისათვის სასამართლო პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, სამართლიანი სასამართლოს სხვა უფლებრივი კომპონენტებით სარგებლობის აუცილებელი წინაპირობაა. მხარის სასამართლო პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა კი, უპირველესად, დაკავშირებულია მხარის მიერ მის წინააღმდეგ არსებული დავის შესახებ ინფორმაციის ფლობასთან. მხარის მიერ მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავის შესახებ ინფორმაციის არქონა, ავტომატურად, ნიშნავს, რომ მას ერთმევა საკუთარი უფლებების, ინტერესების დაცვის ყოველგვარი შესაძლებლობა. იგი ვერ ახერხებს, სასამართლოს წარუდგინოს არგუმენტაცია, დაარწმუნოს საკუთარი პოზიციის მართებულობაში - ერთი მხრივ, მოახდინოს პროცესუალური უფლებების რეალიზება, ხოლო, მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების ჯეროვნად, სამართლიანად განხორციელებას. მხარისათვის ფუნდამენტური პროცესუალური უფლებების შეზღუდვა, საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიუცემლობა, როდესაც მას ობიექტურად არ ჰქონდა ინფორმაცია საქმის წარმოების შესახებ, როგორც წესი, პროცესს უსამართლოდ აქცევს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41). ამდენად, იმ პირის სასამართლო პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, რომლის უფლებებსა და ინტერესებსაც უშუალოდ ეხება გადაწყვეტილება და რომელიც ინფორმირებული არ არის მის წინააღმდეგ მიმდინარე დავის თაობაზე, სამართლიანი სასამართლოს არსებით მოთხოვნასა და მისი ფაქტობრივი რეალიზების წინაპირობას წარმოადგენს. აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საფუძველი ეცლება პროცესის ზოგადი სამართლიანობის მოთხოვნის არსს და, მათ შორის, არ ექვემდებარება სხვა ისეთი პროცესუალური კომპონენტით კომპენსირებას, როგორიცაა, მაგალითად, გასაჩივრების უფლება. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელობა ეკარგება შეზღუდვის თანაზომიერების საკითხის შეფასებას.
14. როგორც აღინიშნა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გამოირიცხება საქმის განხილვის გადადება იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემჭიდროებულ ვადაში მხარის მოწვევა სასამართლო სხდომაზე ვერ მოხერხდება, რის შედეგადაც, მხარეს სრულად ერთმევა პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვის პროცესში მონაწილეობისა და მის შედეგზე ზეგავლენის მოხდენის, საკუთარი პოზიციების დაცვის, საპროცესო მექანიზმების რეალიზების შესაძლებლობა. იმავდროულად, სასამართლო გადაწყვეტილება პირდაპირ, უშუალო გავლენას ახდენს იმ პირის საკუთრების უფლებაზე, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო. ასეთ დროს, მართლმსაჯულების ხარვეზთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ იმ პირის მიმართ, რომლისთვისაც ცნობილი არ იყო სასამართლოში დავის მიმდინარეობის თაობაზე და, შედეგად, ვერ მიიღო მასში მონაწილეობა, მართლმსაჯულება, ფაქტობრივად, საერთოდ არ განხორციელებულა (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-42). ამდენად, სადავო ნორმით დადგენილია შეზღუდვა, რომელიც შესაძლებელს ხდის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო და რომელიც არ იყო მოწვეული სასამართლო განხილვაზე. ამგვარი შეზღუდვა ობიექტურად შეუძლებელს ხდის მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელებას, არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების არსს, ზოგადად, პროცესის სამართლიანობის ფუნდამენტურ მოთხოვნას და, შესაბამისად, არ ექვემდებარება პროპორციულობის ტესტის საფუძველზე შემდგომ შემოწმებას/გამართლებას.
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას იმ პირის მოუწვევლობის შემთხვევაში, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
1.4 გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საქმის სასამართლოს მიერ განხილვის, გადაწყვეტისა და გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადები, გადაწყვეტილების დასაბუთება
1.4.1. სადავო ნორმების შინაარსი, უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი, გამოსადეგობა და აუცილებლობა
16. №1520 კონსტიტუციური წარდგინებით ასევე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი, მე-4 და მე-7 ნაწილების კონსტიტუციურობა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ ბრძანების გამოცემის კონკრეტულ ვადას, კერძოდ, აღნიშნულის თაობაზე მოსამართლე ბრძანებას გამოსცემს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, მისი სასამართლოსთვის წარდგენიდან 14 დღეში. წარდგინების ავტორის განმარტებით, სადავო ნორმით დადგენილი საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არაგონივრულად მცირეა და, ხშირ შემთხვევაში, არ იძლევა საქმის სრულყოფილი გამოკვლევისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
17. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-4 ნაწილი განსაზღვრავს რეკვიზიტებს, რომლებსაც უნდა შეიცავდეს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება. კერძოდ, სადავო ნორმის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს ბრძანებას ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შესახებ. მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი; გ) საგადასახადო ორგანო, რომელმაც სასამართლოს შუამდგომლობა წარუდგინა; დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შესახებ; ე) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. ამდენად, აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსამართლის ბრძანება საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შესახებ უნდა შედგებოდეს შესავალი და სარეზოლუციო ნაწილებისგან. სადავო ნორმა არ ავალდებულებს მოსამართლეს, ბრძანებაში აღნიშნოს ის არგუმენტები, რომელთაც დაეყრდნო იგი გადაწყვეტილების მიღებისას.
18. წარდგინების ავტორის განმარტებით, სადავო ნორმა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მოსამართლემ მიიღოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან ნორმა მოსამართლის ბრძანების სავალდებულო რეკვიზიტებს შორის არ ითვალისწინებს დასაბუთების (სამოტივაციო ნაწილის არსებობის) ვალდებულებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრძანება სავალდებულო წესით არ შეიცავს სამართლებრივ შეფასებას, იმ ფაქტობრივ გარემოებებს, მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა და საბოლოოდ დააფუძნა მიღებული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, არც სადავო ნორმა და არც სხვა რომელიმე საპროცესო წესი, გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც კი, არ ითვალისწინებს მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების მოგვიანებით ჩაბარების შესაძლებლობას ან/და სასამართლოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების ზეპირად დასაბუთების ვალდებულებას. ამდენად, სადავო მოწესრიგების პირობებში, პირს, რომელიც მიიჩნევა გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად, საკუთრების ძირითადი უფლება ეზღუდება ისე, რომ მისთვის საერთოდ არ არის ცნობილი სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და ის, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, სამართლებრივი შეფასების საფუძველზე იქნა აღიარებული იგი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად.
19. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის მხარისთვის გადაცემიდან 48 საათში. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, სადავო ნორმა გასაჩივრების შესაძლებლობას შემოსაზღვრავს კონკრეტული ვადით, რითაც იგი ადგენს გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაციის ხელშემშლელ ბარიერს. ამასთანავე, შესაძლოა, საქმის კომპლექსურობიდან გამომდინარე, პირი გასაჩივრების შემჭიდროებული ვადის პირობებში, სრულყოფილად ვერ გაეცნოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, სათანადოდ ვერ შეაფასოს საკითხის სააპელაციო წესით გასაჩივრების მართებულობა, ვერ წარადგინოს არგუმენტირებული სააპელაციო საჩივარი და, შედეგად, ვერ შეძლოს საკუთარი უფლებების ეფექტიანად დაცვა. წარდგინების ავტორი მოსამართლის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის შეტანის 48-საათიანი ვადა მცირე დროა, როგორც მტკიცებულებების მოსაძიებლად, მხარის მხრიდან დასაბუთებული პოზიციის ჩამოსაყალიბებლად, ასევე კვალიფიციური სამართლებრივი მომსახურების მისაღებად - ადვოკატის ასაყვანად.
20. სადავო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებლობა ადგენს ცრუმაგიერ პირად აღიარების დროში შემჭიდროებულ და გამარტივებულ პროცედურას, რომლის ფარგლებშიც, არსებითად, იზღუდება საქმის სათანადოდ გამოკვლევის შესაძლებლობა. გარდა ამისა, გადაწყვეტილება ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე, რომელიც შეიძლება მიღებული იქნეს დასაბუთების გარეშე, საჩივრდება არსებითად ხანმოკლე ვადაში.
21. საქართველოს პარლამენტს არ წარმოუდგენია მოსაზრება განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისად, საქმეზე დაფიქსირებული არ არის მოპასუხე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რამ განაპირობა ზემოხსენებული საკითხის მსგავსი ფორმით, შემჭიდროებულ ვადებში, დასაბუთებისა და მხარის პროცესში მონაწილეობის, მისი მოსმენის გარეშე გადაწყვეტის საჭიროება.
22. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ცხადია, რომ შემჭიდროებულ ვადებში, გამარტივებული პროცედურით სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტა შეიძლება, ემსახურებოდეს მოსარჩელის მოთხოვნის სწრაფად დაკმაყოფილების, პროცესის ეკონომიურობის უზრუნველყოფას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება. ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს, რაც უზრუნველყოფს გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების გამორიცხვას. ასეთი აღიარება საგადასახადო ორგანოს შესაძლებლობას აძლევს, ცრუმაგიერი პირის მიმართ გამოიყენოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება. ამდენად, საქმეზე მართლმსაჯულების შემჭიდროებულ ვადებში განხორციელება საგადასახადო დავალიანების სწრაფად გადახდევინებას უზრუნველყოფს. თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება სავალდებულოდ აცხადებს გადასახადების გადახდას კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. ამა თუ იმ საგადასახადო დავალიანებაზე სათანადო რეაგირება, გადახდევინების დროული უზრუნველყოფა, უპირობოდ, ემსახურება უაღრესად მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს.
23. რაც შეეხება პროცესის ეკონომიურობას, საგულისხმოა, რომ სასამართლოს გადატვირთულობა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს საერთო სასამართლოთა სისტემაში, რომელიც, ერთი მხრივ, იწვევს საქმეების განხილვის დაგვიანებას, ხოლო, მეორე მხრივ, აფერხებს სასამართლოს მიერ საქმეთა სრულყოფილად გამოკვლევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ისეთი საპროცესო მექანიზმები, როგორებიცაა გადაწყვეტილების დასაბუთება, გასაჩივრება და, მათ შორის, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, მოითხოვს, როგორც დამატებით ძალისხმევას სასამართლოს მხრიდან, ასევე დროსა და ადმინისტრაციულ რესურსს, რაც, სასამართლოების დატვირთვასთან დაკავშირებული არსებითი, მწვავე პრობლემის გათვალისწინებით, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მართლმსაჯულების გამართულ ფუნქციონირებაზე. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარსულში უკვე დადგენილია, რომ ზემოხსენებულ მიზნებზე მითითებით დასაშვებია სამართლიანი სასამართლოს უფლების რიგი უფლებრივი კომპონენტების შეზღუდვა.
24. იმავდროულად, როგორც წესი, მიიჩნევა, რომ საქმის დროულად და სწრაფად გადაწყვეტისაკენ მიმართული ღონისძიებები წარმოადგენს ხსენებული მიზნების მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებებს. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, სასამართლოს მიერ საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისთვის შემჭიდროებული ვადის დადგენა უზრუნველყოფს საქმის განხილვას მოკლე დროში, რაც თავისთავად წარმოადგენს დროული, ეფექტიანი და ქმედითი მართლმსაჯულების მიღწევის გამოსადეგ გზას. ცრუმაგიერი პირის დროულად გამოვლენა ქმნის შესაძლებლობას, მის მიმართ დროულად გატარდეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებები და, ამ გზით, მოხდეს გადასახადის გადახდევინების დროული უზრუნველყოფა. ამდენად, სადავო ნორმა, საქმეზე დროული მართლმსაჯულების განხორციელების გზით, უზრუნველყოფს გადასახადის დროულად გადახდევინებას.
25. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით, თუ ის წერილობითი ფორმით წარმოდგენას ექვემდებარება, რთული, კომპლექსური პროცესია, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტაციას, საკითხთა სამართლებრივ შეფასებას, არამედ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და ნორმატიული საფუძვლების წერილობით დოკუმენტში ზედმიწევნით ასახვას. ცხადია, აღნიშნული მოითხოვს გადასაწყვეტი საკითხის მიმართ მეტი დროის დათმობას. ამგვარ პირობებში, მოსამართლის განთავისუფლება გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისგან ხელს უწყობს საქმეზე დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. თავის მხრივ, საქმის სააპელაციო წესით გასაჩივრების შემჭიდროებული ვადის დადგენა უზრუნველყოფს მისი განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტის დროულობას, რაც ასევე წარმოადგენს დროული, ეფექტიანი და ქმედითი მართლმსაჯულების მიღწევის გამოსადეგ გზას. ცრუმაგიერი პირის დროულად გამოვლენა და აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში მოკლე ვადაში შესვლა უზრუნველყოფს სამართლებრივი შედეგების შეუქცევადობას. ამდენად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა წარმოადგენს დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას და აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობის კრიტერიუმის მოთხოვნასაც.
26. ვინაიდან სადავო ნორმა აკმაყოფილებს გამოსადეგობისა და აუცილებლობის მოთხოვნებს, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, რამდენადაა დაცული ვიწრო გაგებით პროპორციულობის მოთხოვნა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლების სხვადასხვა კომპონენტის შეზღუდვისას დაცული უნდა იქნეს პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu), რაც გულისხმობს სამართლიანი ბალანსის დადგენას შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის.
27. როგორც წესი, ინტერესთა სამართლიანი დაბალანსებისთვის, სწრაფი და ქმედითი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, საქმის განხილვის პროცედურის გამარტივებიდან მომდინარე უფლების შეზღუდვის ინტენსივობის შეფასება დამოკიდებულია ორ არსებით ასპექტზე. კერძოდ, რამდენად მნიშვნელოვანია ის უფლებრივი ინტერესი, რომელზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებამ და რამდენად კომპლექსურია სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხი (საჭიროებს თუ არა ფაქტების დადგენას, დამატებით გამოკვლევას და ა.შ.). როგორც აღინიშნა, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების ინსტიტუტის ფარგლებში სადავოა მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით პირის გამოყენება, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც, პირის ქონებაზე მიექცევა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების აღსრულება. ამდენად, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დაკმაყოფილება შედეგად იწვევს სავარაუდო ცრუმაგიერი პირის საკუთრების უფლების სრულად ან ნაწილობრივ, მისი სხვადასხვა უფლებრივი კომპონენტის არსებით შეზღუდვას (იხ., წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-3 და მე-4 პარაგრაფები). უდავოა, რომ პირს აქვს მომეტებული ინტერესი, სამართლიანი სასამართლოს ცალკეული უფლებრივი ასპექტით სარგებლობის გზით, დაიცვას საკუთრების უფლება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს შინაარსობრივად რა საკითხის გადაწყვეტა უწევს მოსამართლეს სადავო პროცედურის ფარგლებში და რამდენად კომპლექსურია იგი.
1.4.2. პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერად აღიარების მექანიზმი
28. როგორც აღინიშნა, №1520 კონსტიტუციური წარდგინებით, სადავოდ გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმები წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის სასამართლო განხილვის წესის ნაწილს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი აწესრიგებს გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება. წარდგინების ავტორის განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსის გათვალისწინებით, კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობაც ქმნის პირთა ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს, არამედ სასამართლომ, კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად, თავად უნდა განსაზღვროს მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზანი. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, საერთო სასამართლოთა დამკვიდრებული პრაქტიკით ცალსახაა, რომ ცრუმაგიერი პირის დეფინიცია ფასდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური ფაქტორების გათვალისწინებით. კერძოდ, სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი გამოყენებული უნდა იქნეს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება) (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის №ბს-1191 (კ-18) გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის №ბს-837(კ-18) გადაწყვეტილება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის №3ბ/89-20 ბრძანება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის №3ბ/2818-18 განჩინება; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 აგვისტოს №3/ბ-232-19 განჩინება; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №3/ბ-246-19 განჩინება; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის №3/2----17 გადაწყვეტილება; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №3/3064-17 გადაწყვეტილება).
29. ზემოაღნიშნული ორი გარემოების დასადგენად, სასამართლოებს ყოველ ჯერზე უწევთ მრავალი მტკიცებულების შესწავლა და მოცულობითი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. საერთო სასამართლოთა განმარტებით, ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას, სასამართლომ, კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად, უნდა დაადგინოს და საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას (იხ., თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის №3ბ/89-20 ბრძანება; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის №3/2----17 გადაწყვეტილება; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №3/3064-17 გადაწყვეტილება).
30. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის განმარტებით, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიჩნევისათვის პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის დადასტურებას, რომ გადასახადის გადამხდელ სუბიექტს არ გააჩნია რეალური დამოუკიდებლობა, შექმნილია ფორმალურად, საწარმო გამოიყენება მისი პარტნიორის, ან დირექტორის, ან სხვა სუბიექტის ვალდებულებების დასაფარავად და საწარმოს დამოუკიდებლობის ხარისხი არ იძლევა ფაქტობრივი მმართველი სუბიექტისგან მისი გამიჯვნის შესაძლებლობას. საერთო სასამართლოები ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობის დასადასტურებლად იკვლევენ აღნიშნულ სუბიექტებს შორის არსებულ კავშირს და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მიზანს; ადგენენ, გააჩნიათ თუ არა მათ საერთო ეკონომიკური ინტერესები; იკვლევენ პირებს შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული ურთიერთობების არსებობას. თუმცა, სასამართლო ხსენებულ გარემოებებს არ მიიჩნევს საკმარისად და აღნიშნავს, რომ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ეს უკანასკნელი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს მათი ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საფუძველი, თუ იგი დასტურდება სხვა მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით. სასამართლო, ასევე, მნიშვნელოვნად მიიჩნევს თავად ქონების გადაცემის სამართლებრივი და ეკონომიკური წინაპირობებისა და შედეგების განხილვას (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის №ბს-1191 (კ-18) გადაწყვეტილება; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 აგვისტოს №3/ბ-232-19 განჩინება; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის №3/2----17 გადაწყვეტილება; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №3/3064-17 გადაწყვეტილება).
31. საერთო სასამართლოთა შეფასებით, გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა პირისათვის ქონების გადაცემის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის ჭრილში განხილვისას, არსებითია, დადგინდეს მხარეთა რეალური ნება, გარიგების დადების მიზანი; ის, თუ რამდენად მოხდა ქონების გადაცემა შესაბამისი გონივრული შემხვედრი დაკმაყოფილებით; ასევე უნდა განისაზღვროს ქონების გადაცემის მომენტი, რამდენად ქმნის იგი გონივრულ ეჭვს, რომ გადაცემა მოხდა სამომავლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან თავის არიდების მიზნით. ამრიგად, გამოკვლეული უნდა იქნეს როგორც გადასახადის გადამხდელისა და სავარაუდო ცრუმაგიერი პირის ურთიერთობა, ისე კონკრეტული ოპერაციის განხორციელების საფუძვლები, წინაპირობები და შედეგები. აღნიშნული კი საჭიროებს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლას (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის №3ბ/89-20 ბრძანება; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 აგვისტოს №3/ბ-232-19 განჩინება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის №3ბ/2818-18 განჩინება; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის №3/2----17 გადაწყვეტილება; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №3/3064-17 გადაწყვეტილება). სასამართლოს, რიგ შემთხვევებში, ასევე უწევს მოწმეთა ჩვენებების მოსმენა და შეფასება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის №ბს-754-754(კ-18) გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის №3ბ/2818-18 განჩინება).
32. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც წარდგინების ავტორი მოსამართლე მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის სასამართლო განხილვა წარმოადგენს კომპლექსური ხასიათის საკითხს, რომელიც, ყოველ ჯერზე, საჭიროებს მრავალი ფაქტის გამოკვლევასა და დადგენას, რომელთა ერთობლიობაც ქმნის გონივრულ ეჭვს კონკრეტული ოპერაციის გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო გამოყენებისაგან ქონების გარიდების მიზნით განხორციელების შესახებ.
33. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად ასაღიარებელი პირის საპროცესო უფლებების რეალიზების კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისას, მხედველობაში მიიღებს, როგორც მისი დაცვის ღირს ინტერესებს, ასევე აღნიშნული პროცესის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, კომპლექსურობას და სამართლიანი სასამართლოს თითოეულ უფლებრივ კომპონენტთან მიმართებით ცალ-ცალკე იმსჯელებს დაპირისპირებულ ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსის არსებობის თაობაზე.
1.4.3. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
ა. პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ დასაბუთებულ ბრძანებაზე უფლება
34. ზოგადად, გადაწყვეტილების დასაბუთება არ წარმოადგენს ფორმალურ-სამართლებრივ ვალდებულებას ან სამართლისთვის დამახასიათებელ ატრიბუტს, არამედ ის ემსახურება სხვადასხვა ღირებულ მიზანს. სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე შეეხება პირის კონსტიტუციური უფლების ინტენსიურ შეზღუდვას. პირის უფლებების ინტენსიური შეზღუდვისას არსებითია, პირს, ერთი მხრივ, არ შეექმნას შთაბეჭდილება, რომ მართლმსაჯულება მის მიმართ იყო თვითნებური ან აკლდა გამჭვირვალობა, ხოლო, მეორე მხრივ, მან მომავალში ეფექტიანად მოახდინოს საკუთარი შელახული ინტერესების დაცვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში არგუმენტირებული სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით. სასამართლოს დასაბუთებული სამართლებრივი აქტის გაცნობისას პირი იღებს ინფორმაციას იმ სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებსაც ეფუძნება სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლოს აქტის დასაბუთებულობის გარეშე შეუძლებელია, პირმა განსაზღვროს სასამართლოს მსჯელობის კანონიერება და მოითხოვოს დაშვებული სამართლებრივი შეცდომის გამოსწორება. ამრიგად, სამართლებრივი აქტის დასაბუთება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს გასაჩივრების უფლების ეფექტიანობასა და ქმედითობას, ამასთან ერთად, ამარტივებს მისი კანონიერების შემოწმებას ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის №1/3/1263 გადაწყვეტილება საქმეზე „ირაკლი ხვედელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20). გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთება არსებით როლს ასრულებს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოებრივი რწმენისა და ნდობის გამყარებაში, ხელს უწყობს პროცესის სამართლიანობის, გამჭვირვალობის შენარჩუნებას, ისევე, როგორც მნიშვნელოვნად აზღვევს მოსამართლეთა თვითნებობასა და მიკერძოების რისკებს.
35. როგორც აღინიშნა, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიებებს შედეგად შეიძლება მოჰყვეს, მათ შორის, ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაცია, რაც იწვევს კონკრეტულ ქონებაზე საკუთრების უფლებით, მისი ყველა უფლებრივი კომპონენტით (მფლობელობა, სარგებლობა, განკარგვა) სარგებლობის შეზღუდვას ან/და ამგვარი შესაძლებლობის სრულად დაკარგვას. ნათელია, რომ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დაკმაყოფილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცრუმაგიერი პირის უფლებრივ მდგომარეობაზე - იწვევს მისი საკუთრების უფლების ინტენსიურ შეზღუდვას და, შესაბამისად, არსებით მნიშვნელობას იძენს, მხარეს შეეძლოს სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დროული მართლმსაჯულების ინტერესი ვერ გადაწონის პირის ინტერესს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე.
36. ხაზგასასმელია, რომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობას ვერ უზრუნველყოფს ვერც ის გარემოება, რომ პირს გააჩნია შესაძლებლობა, დაესწროს პროცესს და პროცესის მიმდინარეობისას წარმოდგენილი პოზიციების გაცნობის შედეგად, გარკვეული წარმოდგენა შეიქმნას იმაზე, თუ რა საფუძვლებს შეიძლება დაეყრდნოს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვის მიმდინარეობისას სასამართლო არ აფიქსირებს მის სამართლებრივ პოზიციას. შესაბამისად, მხარემ, ზეპირად ან წერილობით დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, შეუძლებელია შეიტყოს, თუ რომელი არგუმენტები გაიზიარა სასამართლომ ან რა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს დააფუძნა პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად ცნობის შესახებ ბრძანება.
37. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლება ზღუდავს მისი ინტერესების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების გარეშე მიღების შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, ცხადია, დასაბუთების ვალდებულების მოთხოვნა ვერ იქნება იდენტური შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევებთან მიმართებით. იმ შემთხვევებში, როდესაც არ ხდება პირის ცრუმაგიერ პირად აღიარება, არც მისი უფლებების დარღვევის რისკი იკვეთება. ამდენად, შესაძლებელია, მოსამართლეს არ მოეთხოვებოდეს ბრძანებაში დეტალურად ასახოს სამართლებრივი შეფასება და ის მტკიცებულებები, რომელსაც იგი დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს მაშინ, როდესაც იგი არ აკმაყოფილებს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას, თუმცა ხსენებული ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების მიღებას შესაბამისი დასაბუთების გარეშე იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დაკმაყოფილება და პირის ცრუმაგიერ პირად აღიარება.
38. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ბრძანების გამოცემის შესაძლებლობას იძლევა მასში სამართლებრივი შეფასებისა და იმ არგუმენტების წარმოდგენის გარეშე, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღებისას.
ბ. საკითხის განხილვა და გადაწყვეტა შემჭიდროებულ ვადაში
39. როგორც აღინიშნა, წარდგინების ავტორის განმარტებით, სადავო ნორმით დადგენილი საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არაგონივრულად მცირეა და, შედეგად, ერთი მხრივ, ხშირ შემთხვევაში, არ იძლევა საქმის სრულყოფილი გამოკვლევისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, პირს, რომლის გადასახადის გადამხდელი პირის ცრუმაგიერ პირად აღიარებაც ხდება, არ ეძლევა სათანადო მტკიცებულებების შეგროვებისა და წარდგენის საშუალება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ერთმანეთს უპირისპირდება საქმეზე დროული მართლმსაჯულების განხორციელებისა და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის ინტერესი.
40. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქმის განხილვა გონივრულ, შემჭიდროებულ ვადაში სამართლიანი სასამართლოს უფლებრივი კომპონენტია. „გარკვეულ შემთხვევაში საქმის განხილვის შემჭიდროებული ვადების არსებობა, შეზღუდვების დაწესება და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესში გარკვეული წესრიგის შეტანა აუცილებელია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17). მეტიც, ცალკეულ შემთხვევაში, სამართალწარმოების პროცესის მახასიათებლების გათვალისწინებით, კანონმდებელი არათუ უფლებამოსილია დაადგინოს საპროცესო ვადები, არამედ აღნიშნული უშუალოდ ემსახურება პირის უფლების დაცვას და ნაკარნახევია ისეთი არსებითი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტით, რომელთა დაყოვნებაც გამოუსწორებელი ზიანის მომტანია. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუცია, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უდგენს ცალკეულ საკითხთა შემჭიდროებულ ვადაში განხილვის ვალდებულებას. გარდა ამისა, განსაკუთრებით მაღალია ინტერესი მცირე ვადით იქნეს შემოფარგლული ისეთ საკითხთა განხილვა, რომლებიც კონკრეტული მნიშვნელობისა და სპეციფიკის მატარებელია, მაგალითად, როგორიცაა საარჩევნო დავები, ასევე, იმგვარი შემთხვევები კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში, რომლებიც შეეხება არასრულწლოვნის ინტერესებს ან როდესაც სასამართლო იღებს დროებით ზომებს, რათა ეფექტიანად იქნეს დაზღვეული გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხეები და სხვა. ცალკეულ შემთხვევაში, დროში გაჭიანურებულმა მართლმსაჯულებამ შესაძლოა არსებითად დააზიანოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამდენად, საპროცესო ვადის დაწესება ხელს უწყობს პროცესის მონაწილე პირის უფლებების, საჯარო ინტერესების დაცვას, ნაკარნახევია ღირებული ლეგიტიმური მიზნებით.
41. ამავდროულად, არცერთი საპროცესო ვადა არ უნდა ქმნიდეს მართლმსაჯულების განუხორციელებლობის თავისთავად საფრთხეს. თითოეული სამართალწარმოების ხანგრძლივობის გონივრულობა უნდა შეფასდეს განსახილველი საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით, ხოლო საქმის სირთულის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ყველა ფაქტორის სათანადოდ გათვალისწინება და შეფასება. თავის მხრივ, საქმის სირთულე, შესაძლებელია, უკავშირდებოდეს როგორც საქმის სამართლებრივ საკითხებს, ასევე ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის აუცილებლობას და სხვა (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
42. ამდენად, აუცილებელია, რომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საპროცესო ვადები დადგინდეს იმ ფორმით, რომ სასამართლოს მიეცეს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის ობიექტური შესაძლებლობა. როგორც არაერთხელ აღინიშნა, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება კომპლექსური ხასიათის საკითხია, რომელიც, ყოველ ჯერზე, საჭიროებს მრავალი ფაქტის გამოკვლევასა და დადგენას. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის განცხადებით, გადასაწყვეტი საკითხის სამართლებრივი სირთულის გათვალისწინებით, ამგვარი საქმეები ხშირად დიდი მოცულობისაა და რამდენიმე ტომსაც კი შეადგენს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მოქმედებს ინკვიზიციურობის პრინციპი და სასამართლო აღჭურვილია უფლებამოსილებით, დამატებით გამოიკვლიოს, მოიძიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომლებიც მხარეთა მიერ არ დასახელებულა. ამასთან ერთად, სასამართლო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით გამოითხოვოს მტკიცებულებები, რაც, თავის მხრივ, დამატებით დროსთან არის დაკავშირებული.
43. გარდა ამისა, წარდგინების ავტორი მოსამართლე მიუთითებს საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობაზე, რაც დამატებით დროსთან არის დაკავშირებული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისას, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა კრიტიკულად აუცილებელი ხდება, თუ საქმის გადაწყვეტა საჭიროებს ფაქტების გამოკვლევასა და სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენას. სწორედ განსახილველი საქმის ბუნება, სამართალწარმოების შინაარსი, ის, თუ როგორია ამა თუ იმ საკითხის განმხილველი სასამართლოს კომპეტენცია, კერძოდ კი, თვისობრივად რა საკითხების შესწავლა/შეფასება/გამოკვლევა უწევს მას, წარმოადგენს იმ კრიტერიუმს/სტანდარტს, რომლის საფუძველზეც საკონსტიტუციო სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის №2/3/1421,1448,1451 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს იხტიოსი“, ზაზა პატარიძე, ნიკოლოზ ბერიაშვილი, შალვა ონიანი, ვახტანგ კობეშავიძე და მანანა ხარხელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-64; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-74)
44. დასახელებული სტანდარტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს მხრიდან მოითხოვს ფაქტების გამოკვლევასა და დადგენას და, ამასთან ერთად, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირის უფლებრივ მდგომარეობაზე, რის გამოც განსაკუთრებით დიდია ამ პირის მხრიდან საკითხის ზეპირი მოსმენის გზით განხილვის ინტერესი, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნაა, რომ, დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში, კანონმდებლობა უზრუნველყოფდეს საკითხის განხილვას ზეპირი მოსმენის გამართვის გზით.
45. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება სასამართლოს მხრიდან ყოველთვის მოითხოვს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევასა და შეფასებას, რის შემდგომაც სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი (იხ., წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 28-ე - 33-ე პარაგრაფები). მაშასადამე, ნათელია, რომ ცრუმაგიერ პირად აღიარება ყოველთვის საჭიროებს სასამართლოს მხრიდან ფაქტების დადგენას. მეორე მხრივ, უდავოა ისიც, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილება არსებით გავლენას ახდენს გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებული პირის უფლებრივ მდგომარეობაზე - იწვევს მისი საკუთრების უფლების ინტენსიურ შეზღუდვას. შესაბამისად, პირს, რომლის ცრუმაგიერ პირად ცნობის საკითხიც განიხილება, ყოველ ჯერზე, აქვს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გზით განხილვის მომეტებული ინტერესი. ამდენად, სასამართლო დამატებით საჭიროებს დროს პროცესის მომზადების, მხარეთა ინფორმირებისა და მისი გამართვისათვის.
46. სადავო ნორმა ბლანკეტურად ადგენს საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ვადას და იგი არ ითვალისწინებს სამართალწარმოების ვადის გაგრძელების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც, საქმის მოცულობიდან გამომდინარე ობიექტურად შეუძლებელია 14 დღეში საქმის სრულყოფილად გამოკვლევა და საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღება. გადასაწყვეტი საკითხის კომპლექსურობის გათვალისწინებით, არსებობს რისკი, რომ, როგორც სასამართლოსთვის, ისე მხარისთვის, 14 დღე ყოველთვის საკმარისი ვერ იქნება საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისთვის, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის/შესწავლისა და საჭირო საპროცესო მოქმედებების განხორციელებისთვის. ამდენად, სადავო ნორმა პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებას უშვებს იმ შემთხვევებშიც, როდესაც, რეალურად, მოსამართლის ძალისხმევის მიუხედავად, შეუძლებელია საქმის სათანადოდ გამოკვლევა. ნათელია, რომ სადავო ნორმით დადგენილია ბლანკეტური შეზღუდვა, რომელიც ვერ მიიჩნევა პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების სამართალწარმოების ხანგრძლივობისთვის საჭირო, გონივრულ ვადად, რამდენადაც იგი, რიგ შემთხვევაში, ობიექტურად შეუძლებელს ხდის მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე მიღებას.
47. შესაბამისად, საქმეზე დროული მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი ვერ გადაწონის საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის აუცილებლობას და, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი ნაწილი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
გ. გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა
48. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის მხარისთვის გადაცემიდან 48 საათში. სადავო რეგულაციიდან მომდინარე შეზღუდვის კონსტიტუციურობის დასადგენად, მნიშვნელოვანია, შეფასდეს გასაჩივრების 48-საათიანი ვადის გონივრულობა. კერძოდ, რამდენად არის იგი საკმარისი იმისთვის, რომ პირმა ეფექტიანად ისარგებლოს გასაჩივრების უფლებით. სხვაგვარად, რამდენად იძლევა აღნიშნული ვადა არგუმენტირებული სააპელაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხი კომპლექსური ხასიათისაა, რომელიც, ყოველ ჯერზე, საჭიროებს მრავალი ფაქტის გამოკვლევასა და დადგენას. აღნიშნული სამართალწარმოების ფარგლებში, სასამართლოს უწევს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, რომლებიც შესაძლებელია იყოს დიდი მოცულობის, შესწავლა, გაანალიზება და მათ საფუძველზე მოცულობითი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, 48 საათი პირს, შესაძლებელია, მხოლოდ იმისთვის დასჭირდეს, რომ საფუძვლიანად გაეცნოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, შეისწავლოს, თუ რა ფაქტობრივ გარემოებათა დადგენისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე იქნა იგი აღიარებული გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად.
49. გადაწყვეტილების დასაბუთების გარეშე შეუძლებელია, პირმა განსაზღვროს სასამართლოს მსჯელობის კანონიერება და მოითხოვოს დაშვებული სამართლებრივი შეცდომის გამოსწორება. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი ვადა, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება იმისთვისაც კი არ აღმოჩნდეს საკმარისი, რომ პირმა ბრძანების შინაარსის მიხედვით მიიღოს გაცნობიერებული გადაწყვეტილება მისი გასაჩივრების საჭიროების თაობაზე. ამგვარ პირობებში, შესაძლებელია, პირმა წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, მაგრამ იგი არ იყოს სათანადოდ დასაბუთებული. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების არასწორობა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი კი ადგენს იმ გარემოებებზე მითითების ვალდებულებას, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, ასევე შეიცავს იმ მტკიცებულებებზე მითითების ვალდებულებას, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაბუთების ვალდებულება. სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივრის დაუსაბუთებლად მიჩნევა, დასახელებული კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შესაძლებელია გახდეს საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. მეტიც, როგორც აღინიშნა, სადავო ნორმით დადგენილ დროში, შესაძლოა, პირმა ვერ შეძლოს ვერც სათანადო მტკიცებულებების შეგროვება და ვერც კვალიფიციური იურიდიული მომსახურების მიღება, ადვოკატის აყვანა. ამდენად, გასაჩივრების ვადის 48 საათამდე შეზღუდვით, პირმა შესაძლებელია არათუ ეფექტიანად, არამედ საერთოდ ვერ ისარგებლოს გასაჩივრების უფლებით.
50. ამასთან, როგორც დადგინდა, აღნიშნულის საპირწონედ არსებობს საჯარო ინტერესი სწრაფ მართლმსაჯულებაზე, რაც შედეგად უზრუნველყოფს გადასახადების სათანადო წესით გადახდევინებას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვისთანავე. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას. ამდენად, საგადასახადო ორგანო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შემთხვევაში ვერ განახორციელებს პირის ქონებიდან საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას გასაჩივრების ვადის გასვლამდე, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო ორგანო პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების სამართალწარმოების პროცესში აღჭურვილია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის რიგი ღონისძიების გამოყენების უფლებამოსილებით. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად, ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. ზემოაღნიშნული კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. ამრიგად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოადგენს პირის ქონების სამართლებრივი დატვირთვის ისეთ ღონისძიებას, რომელიც საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას უზრუნველყოფს ქონების გასხვისების შემთხვევაშიც.
51. ამავდროულად, საგადასახადო ორგანოს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის საფუძველზე უფლება აქვს, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მოითხოვოს სადავო ქონებაზე ყადაღის დადება და, ამ გზით, მესაკუთრეს აუკრძალოს ქონების განკარგვა. ამდენად, მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში, არსებობს სადავო ქონების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები და არ არსებობს იმის რისკი, რომ ქონება შესაძლებელია გასხვისდეს და, ამ გზით, საფრთხე შეექმნას გადასახადის გადახდევინებას. ამგვარად, არ იკვეთება გასაჩივრების ამგვარი შემჭიდროებული ვადის არსებობის თავისთავადი აუცილებლობა, რაც გადაწონიდა პირის ინტერესს მისი უფლებაშემზღუდველი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით სათანადო გასაჩივრებასთან დაკავშირებით.
52. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაფასებელი საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, გასაჩივრების 48-საათიანი ვადა არათუ ყოველთვის, შემთხვევათა უმეტესობაშიც კი, საკმარისი ვერ იქნება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძვლიანად გაცნობისა და არგუმენტირებული სააპელაციო საჩივრის წარდგენისთვის. ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი გასაჩივრების 48-საათიანი ვადა არის არაგონივრულად ხანმოკლე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-7 ნაწილი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის გადავადება
53. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების არაკონსტიტუციურობა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული საქმის განხილვისა და გასაჩივრების ვადები არაგონივრულად ხანმოკლეა. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვისა და გასაჩივრების ვადების არსებობა ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ ინტერესს - საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების გზით გადასახადის დროულად გადახდევინების უზრუნველყოფას. ამდენად, სადავო ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, საკითხი დარჩება მოწესრიგების გარეშე და საფრთხე შეექმნება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს.
54. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებელს უნდა მიეცეს გარკვეული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად. აღნიშნული კი გულისხმობს საქართველოს პარლამენტის მიერ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვისა და გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის გონივრული ვადის განსაზღვრას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სადავო ნორმები ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა, საკითხი მოაწესრიგოს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით
55. №1520 კონსტიტუციური წარდგინებით,საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების კონსტიტუციურობის შემოწმება, ასევე მოთხოვნილია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით.“ აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით უზრუნველყოფილია სამართლიანი სასამართლოს ისეთი მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტი, როგორიც არის დაცვის უფლება. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ცალკეული უფლებრივი კომპონენტები ერთნაირადაა დაცული და მოიაზრება, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, ასევე მე-3 პუნქტით დაცული სფეროს ნაწილად.
56. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე შეფასდა ისეთ უფლებრივ კომპონენტებთან მიმართებით, როგორებიცაა: ზეპირი მოსმენით საქმის განხილვა, გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, გასაჩივრების უფლება და საქმის, ზოგადად, სამართლიანი სასამართლოს პრინციპის საფუძველზე განხილვა. აღნიშნულისაგან დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი დაცვის უფლება განსახილველ საკითხთან მიმართებით არ ადგენს დამატებით კონსტიტუციურ გარანტიებს და, შესაბამისად, სადავო ნორმების დაცვის უფლებასთან შეფასება არ მოახდენს არსებით გავლენას პირთა უფლებების დაცვაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ სადავო ნორმა ვერ პასუხობს სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, აღარ არსებობსსაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების კონსტიტუციურობის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით დამოუკიდებლად შეფასების ინტერესი. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების მოთხოვნის ამ ნაწილში სამართალწარმოება უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 273 მუხლის მე-2 პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე მუხლის, 44-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:
ა) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი და მე-7 ნაწილები;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას იმ პირის მოუწვევლობის შემთხვევაში, რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო;
გ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ბრძანების გამოცემის შესაძლებლობას იძლევა მასში სამართლებრივი შეფასებისა და იმ არგუმენტების წარმოდგენის გარეშე, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღებისას.
2. შეწყდეს საქმე №1520 კონსტიტუციური წარდგინების მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ და მე-2 წინადადებებთან მიმართებით.
3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის პირველი და მე-7 ნაწილები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან.
4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2165 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული შინაარსი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
5. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
8. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში