ირაკლი კოხრეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/10/1858 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 4 ივნისი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 9 ივნისი 2025 13:09 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ირაკლი კოხრეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 4 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1858) მომართა ირაკლი კოხრეიძემ. №1858 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 8 აპრილს. №1858 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 4 ივნისს.
2. №1858 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 31-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენს რომ „მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები. სპეციალიზებული სასამართლოები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. სამხედრო სასამართლოს შემოღება შეიძლება საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. საგანგებო სასამართლოების შექმნა დაუშვებელია. საერთო სასამართლოებში საქმეებს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საერთო სასამართლოების სისტემა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის კონსტიტუციურ გარანტიას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით“. თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადება აწესებს, რომ „მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“.
5. №1858 კონსტიტუციური სარჩელიდან და მასზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ კონსტიტუციური სარჩელის ავტორი წარმოადგენდა მოსარჩელე მხარეს სამოქალაქო დავის ფარგლებში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის №2/15560-21 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ზემოხსენებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის №2ბ/158-24 გადაწყვეტილების საფუძველზე, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის №2/15560-21 გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ზემოხსენებული გადაწყვეტილება კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ისევე, როგორც ახალი გადაწყვეტილების მიღება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21 თებერვლის №ას-1143-2024 განჩინებით, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და დარჩა განუხილველად.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მისი საქმის განმხილველმა პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლით დადგენილი დანაწესი და მას, როგორც პროცესუალურ მხარეს, არ მიაწოდა ინფორმაცია დავის მორიგებით დასრულების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქმის განმხილველმა მოსამართლემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, არ გააცნო მხარეებს საქმის არსი; არ მოახდინა სარჩელსა და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეჯამება, ისევე როგორც, შეუზღუდა მას, როგორც მოსარჩელე მხარეს, შესაძლებლობა, სასამართლოსთვის განემარტა და დაეზუსტებინა შემდეგი საკითხები: ა) დავის საგანი და სასარჩელო მოთხოვნა; ბ) მტკიცებულებით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები; გ) მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოებები და დ) სადავო/უდავო გარემოებები.
7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტით დადგენილია საერთო სასამართლოების საქმიანობისთვის შესაბამისი ნორმატიული საფუძვლები. მისი აზრით, ზემოხსენებულ კონსტიტუციურ დებულებათა ფუნქციური გაგრძელებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლი, რომლის მოთხოვნებიც დაირღვა მისი საქმის განხილვის დროს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მის საქმეზე დარღვეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლი პრაქტიკაში ვერ უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე საერთო სასამართლოების მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისას მათზე დაკისრებული ვალდებულებებისშესრულებას, ისევე, როგორც დაცვის უფლებით ეფექტიან სარგებლობას, რის გამოც, საკუთრივ საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს.
8. მოსარჩელე, საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლის ურთიერთკავშირის წარმოსაჩენად, უთითებს იმ გარემოებაზეც, რომ თუკი სასამართლო არ შეასრულებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებულ ვალდებულებას, პირებს არ გააჩნიათ ალტერნატიული სამართლებრივი მექანიზმი აღნიშნული ნორმის შესრულების უზრუნველსაყოფად, ვინაიდან ეს საკითხი ექსკლუზიურად სასამართლოს უფლებამოსილებაში შედის. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები (რომლებიც, მოსარჩელის პოზიციით, საერთო სასამართლოების მიერ საკუთარი ვალდებულების შესრულების ნორმატიულ საფუძველს აყალიბებს) ვერ ასრულებს ამ ნორმებითვე გაცხადებულ მიზანს, რაც არ არის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოთხოვნებთან შეთავსებადი.
9. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, ზემოხსენებულ არგუმენტებზე დაყრდნობითა და წარსულში მის მიმართ საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლის დანაწესის დარღვევით გამოტანილი გადაწყვეტილებით, ასევე არაკონსტიტუციურად შეზღუდა მისი, როგორც მომხმარებლის უფლებები, რის გამოც, საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებასაც.
10. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტი, ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლის დარღვევით, მის საქმეზე მიღებული საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებები, თუ სხვა საპროცესო მოქმედებები.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
2. №1858 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან, ისევე, როგორც 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით. მოსარჩელის პოზიციით, საერთო სასამართლოებში მისი საქმის განხილვის დროს მოსამართლემ არ გაითვალისწინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლით დადგენილი წესი, რაც საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დაკონკრეტებას წარმოადგენს ორდინალური სამართალწარმოების ფარგლებში. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის არგუმენტაციით, საკუთრივ, საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტი ეწინააღმდეგება საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის კონსტიტუციურ უფლებებს, ისევე, როგორც მომხმარებელთა უფლებების კანონით დაცულობის კონსტიტუციურ დანაწესს. გარდა ამისა, მოსარჩელეს მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით მიღებული გადაწყვეტილებები, თუ სხვა საპროცესო მოქმედებები, უნდა დაექვემდებაროს საკონსტიტუციო სასამართლოს კონტროლს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
3. ამგვარად, წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელში მოთხოვნილია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის ნორმის კონსტიტუციურობა შეაფასოს მის სხვა ნორმებთან მიმართებით, რაც შესაძლებელი არ არის, რამდენადაც საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული კონსტიტუციური კონტროლის სისტემა (იგულისხმება საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლი) ამგვარ იურისდიქციას არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუცია არ უშვებს მის ნორმებს შორის რაიმე იერარქიას და არ გულისხმობს მათ განსხვავებულ იურიდიულ ძალას ერთმანეთთან მიმართებით, რომლის გარეშეც კონსტიტუციის ნორმების ურთიერთმიმართებაში შეფასება ისედაც შეუძლებელი იქნებოდა.
4. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ადრე განმარტა, „საკონსტიტუციო სასამართლო, თავისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, ზოგადად, ორ მიზანს ემსახურება – ხელისუფლების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ფუნქციონირების უზრუნველყოფას (ხელშეწყობას) და ადამიანის უფლებების დაცვას ხელისუფლების მხრიდან არათანაზომიერი ჩარევისაგან (უფლების დარღვევისაგან). ამ მიზნების მიღწევისთვის სუბიექტებიც შესაბამისად არის განსაზღვრული.“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II, 18). მაშასადამე, საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, ხელისუფლების შტოთა დაბალანსების, ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმის ქმედითობას უზრუნველყოფს, ხოლო, მეორე მხრივ, კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს ხელისუფლების გაუმართლებელი ჩარევისაგან იცავს. ამ ფუნქციის წარმატებით შესრულება თანაბრად შეუძლებელი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების როგორც სრულად გამოუყენებლობის, ასევე მისი გადამეტების შემთხვევაში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი, რომელსაც ითვალისწინებს კონსტიტუცია მისი (საკონსტიტუციო სასამართლოს) დანიშნულების, ფუნქციის ეფექტიანად და ადეკვატურად განსახორციელებლად. იმავდროულად, ის თავად უნდა დარჩეს კონსტიტუციის ფარგლებში, რადგან მისი საქმიანობის საფუძველი და კომპეტენციის ზღვარი კონსტიტუციაა.
5. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას. საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია შემოიფარგლება საქართველოს კონსტიტუციაზე იერარქიულად ქვემოთ მდგომი ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმებით. კონსტიტუციის ნორმა, „...თავად ქმნის კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და იგი შინაარსობრივი თვალსაზრისით, ვერ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების ობიექტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე გვექნებოდა კონსტიტუციის ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებასთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 12 ივლისის №2/2/486 განჩინება საქმეზე „„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „კონსტიტუციის დაცვის ეროვნული ლიგა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II,2). წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელე ფაქტობრივად ითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური ნორმების (საქართველოს კონსტიტუციის 59-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები) შინაარსობრივი კონტროლი განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან, ისევე, როგორც 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადებასთან მიმართებით, რაც მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის გათვალისწინებით, არ შედის საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში. საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს კონსტიტუციის (კონსტიტუციური ნორმის) გადასინჯვის სხვა გზას, გარდა საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციური უმრავლესობის ნების თავისუფალი და დემოკრატიული გამოვლინებისა. კონსტიტუციის და ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც საკუთარ ნებას ღია, თავისუფალი, თანასწორი, დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის შედეგად ავლენს. კონსტიტუციის გადასინჯვა პოლიტიკური პროცესის ნაწილია, რომელიც ხალხის ნების შესაბამისად, ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით ხორციელდება.
6. ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის ანალიზიდან იკვეთება, რომ ფაქტობრივად, მოსარჩელის პრობლემის წარმოშობა უკავშირდება საერთო სასამართლოს მიერ მის საქმეზე კანონმდებლობის მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და სხვა საპროცესო მოქმედებებს. ამ საფუძვლით, იგი მოითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს საერთო სასამართლოს მიერ მის საქმეზე მიღებული აქტები, რამდენადაც, მისი აზრით, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები. ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე სარჩელის ფარგლებში მისი შესაფასებელი არ არის, დაირღვა თუ არა თავის დროზე მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს, დაცვისა და მისი როგორც მომხმარებლის კონსტიტუციური უფლებები იმის გამო, რომ საქმის განმხილველმა საერთო სასამართლომ სავარაუდოდ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები. ამ კონტექსტში, მოსარჩელე მხარე, მის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებების სავარაუდო დარღვევას უკავშირებს არა ნორმით (მხედველობაშია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 217-ე მუხლი) დადგენილ წესს, არამედ ამ წესის დაუცველობით სამოქალაქო დავის გადაწყვეტას. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში სასარჩელო მოთხოვნის სახით დაყენებული ამგვარი საკითხის გადაწყვეტა ასევე სცილდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
7. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, №1858 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1858 კონსტიტუციური სარჩელი („ირაკლი კოხრეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე