• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის №1/8/1852 განჩინება საქმეზე „მარიამ სამსიანი და დიმიტრი ნაცვლიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

მარიამ სამსიანი და დიმიტრი ნაცვლიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N1/8/1852
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი,
თარიღი 4 ივნისი 2025
გამოქვეყნების თარიღი 9 ივნისი 2025 12:38

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: მარიამ სამსიანი და დიმიტრი ნაცვლიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის, 63-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადებისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 და 31-ე მუხლებთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1852) მომართეს მარიამ სამსიანმა და დიმიტრი ნაცვლიშვილმა. №1852 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2025 წლის 21 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 4 ივნისს.

2. №1852 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლი ადგენს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, დანიშნული სასჯელი ჩათვალოს პირობითად, მე-2 ნაწილი კი მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის მიერ განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დაუშვებელია დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულის წარსულში ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობა დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის დაუშვებლობის წინაპირობას წარმოადგენს. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მე-3 წინადადების თანახმად, „გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილი განსაზღვრავს, რომ „სასამართლო უფლებამოსილია საპროცესო შეთანხმებაში ცვლილებები შეიტანოს მხოლოდ მხარეთა თანხმობის შემთხვევაში“.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით დაცულია ადამიანის თავისუფლების უფლება, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს საპროცესო უფლებებს.

5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის სადავოდ გამხდარი ნორმები უშვებს დამნაშავის მიმართ, სასჯელის სახით, კანონის კონკრეტული მუხლით გათვალისწინებული სასჯელის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები ან უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების უფლებას ბრალდების მხარეს ანიჭებს. მოსარჩელის აზრით, ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება, პირველ რიგში, უნდა გააჩნდეს სასამართლოს, ვინაიდან სხვაგვარად შეუძლებელი იქნება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება. მოსარჩელე მხარე, სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან გამომდინარე, კანონმდებლის ვალდებულებად მიიჩნევს ისეთი ნორმატიული წესრიგის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს პირის შესაძლებლობას, სრულყოფილად მოახერხოს საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით.

6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია სასამართლოს ანიჭებს მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოს ფუნქციას. მართლმსაჯულება კი გულისხმობს არა მხოლოდ გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენას, არამედ სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის უფლებამოსილებას. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება სამართლის უზენაესობის პრინციპთან არის კავშირში და გულისხმობს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, ყველაზე შესაფერისი, მიზანშეწონილი გადაწყვეტილების მიღებას. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმები გამორიცხავს სასამართლოს მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას, ვინაიდან საპროცესო შეთანხმების მიღმა, მას არ შეუძლია, დანიშნოს კანონით გათვალისწინებულზე ნაკლები სასჯელი ან პირობითად ჩათვალოს დანიშნული სასჯელის ნახევარზე მეტი.

7. მოსარჩელე მხარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან სადავო ნორმების წინააღმდეგობის დასასაბუთებლად, მიუთითებს, რომ პროკურორისგან განსხვავებით, სასამართლოს არ გააჩნია სამართლებრივი შესაძლებლობა, შეაფასოს, რამდენად არის შესაძლებელი, პირობითმა მსჯავრმა ან შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლებმა სასჯელმა მიაღწიოს მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და სასჯელის სხვა მიზნებს, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ უფლებას - თავისუფლების აღკვეთის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ.

8. მოსარჩელე მხარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს სასამართლოს, საპროცესო შეთანხმების დადებისას არ დაეთანხმოს მხარეთა შორის უსამართლო პირობებს, მაშინ, როცა ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, თუ მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი სასჯელი არ არის კანონიერი და სამართლიანი, მას აქვს მხოლოდ საპროცესო შეთანხმების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უფლება, ხოლო არსებითად განხილვის შემთხვევაში, განსასჯელის მიმართ შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს უფრო მკაცრი სასჯელი, ვიდრე ამას ითვალისწინებდა საპროცესო შეთანხმების პირობები. ამდენად, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანი სასჯელის გამოყენება, სასამართლოს, საპროცესო შეთანხმების თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას, უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, საკუთარი შეხედულებისამებრ შეიტანოს ცვლილებები საპროცესო შეთანხმებაში, ბრალდებულის ინტერესების გათვალისწინებით.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებული კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რიგ ნორმებს, რომელთა თანახმადაც, მოსამართლე არ არის უფლებამოსილი, საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს, სასჯელის შეფარდების მომენტში, პირისთვის სასჯელის პირობითად ჩათვლის ან კანონით განსაზღვრულზე ნაკლები სასჯელის შეფარდება, თუკი მხარეებს შორის არ არის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაა, რომ მოსამართლეს დაუბრკოლებლად, საკუთარი შეხედულებით, შეეძლოს პირისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის ან პირობითი მსჯავრის დანიშვნა. იმავდროულად, მოსარჩელის განმარტებით, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანი სასჯელის გამოყენება, სასამართლოს, საპროცესო შეთანხმების თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას, უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეიტანოს ცვლილებები საპროცესო შეთანხმებაში, ბრალდებულის ინტერესების გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ ვერ იქნება უზრუნველყოფილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.

3. საკონსტიტუციო სასამართლომ, პრაქტიკაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსზე მსჯელობისას აღნიშნა, რომ მისი მიზანია, უზრუნველყოს ამა თუ იმ მატერიალური უფლების ან სამართლებრივი ინტერესის სასამართლოს მეშვეობით დაცვის შესაძლებლობა და არა თავად რომელიმე მატერიალური უფლების შინაარსისა და ფარგლების განსაზღვრა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ... ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული, რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტურობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოვოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს პირის საპროცესო უფლებას, მის შესაძლებლობას, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი მატერიალური უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს და ჰქონდეს ამ უფლების სასამართლოს მეშვეობით დაცვის ეფექტური მექანიზმები.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „სისხლისსამართლებრივი სანქციის შეფარდებისას მოსამართლე მოქმედებს მხოლოდ კანონის საფუძველზე და კანონით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში. სისხლის სამართლის ნორმის სანქციის ნაწილში სასჯელის უდაბლესი და უმაღლესი ზღვრის დადგენით, კანონმდებელი მოსამართლეს ანიჭებს შეფასების თავისუფლებას, კონკრეტული საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, პირს შეუფარდოს ჩადენილი ქმედების ადეკვატური სასჯელი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მოთხოვნები დაცულია, როდესაც განსასჯელს კანონით გათვალისწინებული სასჯელი სამართლიანად შეეფარდა, ამასთანავე, პროცესუალური უფლებებისა და პრინციპების სათანადო დაცვისა და უზრუნველყოფის პირობებში. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან თავისთავად არ გამომდინარეობს კანონით გათვალისწინებული სასჯელის ზომის უფრო მსუბუქი სასჯელით ჩანაცვლების უფლება. სასჯელის ფორმის, ზომის ან სიმკაცრის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება დადგეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის №1/1/500 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე რევაზ ჩაგუნავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მიდგომის თანახმად, კონკრეტული ქმედების დანაშაულად განსაზღვრა, მისთვის პასუხისმგებლობის დაწესება თუ ამ პასუხისმგებლობის ზომისა და ფორმის განსაზღვრა სახელმწიფოს (კანონმდებლის) ექსკლუზიურ კომპეტენციადაა მიჩნეული (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის №1/1/500 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე რევაზ ჩაგუნავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).

5. სისხლის სამართლის კანონით დადგენილ სასჯელზე ნაკლები ოდენობით ან შემამსუბუქებელი გარემოებებით მისი მოხდის დანიშვნა წარმოადგენს დამოუკიდებელი მატერიალური უფლების მინიჭების მოთხოვნას, რასაც არ გააჩნია ინსტრუმენტული ბუნება. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონის საფუძველზე დადგენილი სასჯელი მის დასაძრახ (გასაკიცხ) ქმედებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მძიმეა, არაპროპორციულია, მაშინ იგი უფლებამოსილია, იდავოს თავად ამ სასჯელის პროპორციულობასთან დაკავშირებით, კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებიც მატერიალური უფლებების შინაარსს განსაზღვრავენ და არა სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებიდან გამომდინარე, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის ზომის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი, პირის მატერიალური შინაარსის მქონე უფლების ფარგლებში შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს. სასამართლოსათვის კანონით განსაზღვრული სასჯელის მოცულობის უფრო მსუბუქი სასჯელით ჩანაცვლების უფლება ვერ მიიჩნევა რაიმე კონკრეტული, მატერიალური შინაარსის მქონე უფლების დაცვის სამართლებრივ მექანიზმად. სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქცია არის კანონით დადგენილი და კონსტიტუციურ უფლებებთან შესაბამისობაში მყოფი სასჯელის შეფარდება. სამართლიანი სასამართლოს უფლება კანონით განსაზღვრული სასჯელის სასამართლოს მიერ სამართლიანად შეფარდებას არეგულირებს და არა თავად კანონით სასჯელის განსაზღვრის სისწორეს, ადეკვატურობას ან/და პროპორციულობას. სასამართლოს უფლებამოსილების იმგვარად გაწერა, დამნაშავის მიმართ გამოიყენოს კანონით განსაზღვრული, კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მყოფი სასჯელი, ვერ იქნება განხილული პირის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვად.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებს არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებასთან. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ ასაბუთებს სადავო ნორმებიდან მომდინარე მოწესრიგების მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის დანარჩენ გასაჩივრებულ პუნქტებთან.

8. მოსარჩელე სადავო ნორმებს, ასევე ასაჩივრებს საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლთან მიმართებით, რომელიც განამტკიცებს ადამიანის თავისუფლების უფლებას. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე უთითებს, რომ პირისთვის თავისუფლების აღკვეთის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. სადავო ნორმების საფუძველზე კი, მისი განმარტებით, აღნიშნული უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ბრალდების მხარეს, რის გამოც იგი მიიჩნევს, რომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

9. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებულ მიდგომას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების ანალიზის საფუძველზე, ირკვევა, რომ, მართალია, საპროცესო შეთანხმების ფარგლებში ბრალდების მხარე უფლებამოსილია, მოითხოვოს კანონით გათვალისწინებული სასჯელის ზომაზე ნაკლები სასჯელის დაწესება ან/და სასჯელის პირობითად ჩათვლა, თუმცა საპროცესო შეთანხმება დადებულად ჩაითვლება მხოლოდ სასამართლოს მიერ მისი დამტკიცების შემდგომ, რაც გამორიცხავს ამ პირის განსჯის პროცესიდან სასამართლოს ჩამოცილებას და მასზე პროკურატურის აბსოლუტურ კონტროლს. საპროცესო გარიგების დადების შემთხვევაში, პირის დამნაშავედ ცნობისა და სასჯელის შეფარდების შესახებ, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთის შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, შესაბამისად, სადავო ნორმების საფუძველზე, არ ხდება სასამართლოს როგორც პირისთვის თავისუფლების აღკვეთის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანოს პროკურატურით ჩანაცვლება.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებს არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტთან. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ ასაბუთებს სადავო ნორმებიდან მომდინარე მოწესრიგების მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებთან.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1852 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1852 კონსტიტუციური სარჩელი („მარიამ სამსიანი და დიმიტრი ნაცვლიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ