თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/5/1861 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, |
თარიღი | 24 ივნისი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 ივლისი 2025 14:41 |
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის პირველ მაისს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1861) მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე – ნათია ბარბაქაძე). №1861 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2025 წლის 2 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 24 ივნისს.
2. №1861 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს, აგრეთვე გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას.
5. №1861 კონსტიტუციური წარდგინებიდან ირკვევა, რომ მცხეთის რაიონულმა პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენთან დაკავშირებით, რომლითაც პირი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) წარდგენილ ბრალდებებში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველ საჩივარში მოთხოვნილია პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. როგორც წარდგინებაშია მითითებული, ზემოაღნიშნული პირი არის ქალი, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე ასაკის შვილი.
6. კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სასჯელის სახით, ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს, ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას, ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო ამავე კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი, სასჯელის სახით, ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით, ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას, ვადით, ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამავდროულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს ამ კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული, ოჯახში ძალადობის ან ამავე კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მითითებით, თუკი სააპელაციო სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და პირი დამნაშავედ იქნეს ცნობილი წარდგენილ ბრალდებებში, სასამართლოს, სასჯელის ერთადერთ სახედ, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის შეფარდება რჩება.
7. №1861 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი სჩადის ოჯახში ძალადობას ან სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებულ ოჯახურ დანაშაულს და არ არის ქალი, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე ასაკის შვილი, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, სასჯელის დანიშვნისას, გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი/შემამსუბუქებელი გარემოებები და, შესაბამისად, სასჯელის სახედ გამოიყენოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც გასაჩივრებული ნორმიდან გამომდინარე, შეუძლებელია იმ ქალებთან მიმართებით, რომლებსაც ჰყავთ შვიდ წლამდე ასაკის შვილი. შედეგად, რიგ დანაშაულებთან მიმართებით, მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მოსამართლე იძულებულია, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე ასაკის შვილი, უპირობოდ, სასჯელის სახედ განუსაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, სადავო ნორმა გამორიცხავს, ინდივიდუალიზაციის პრინციპის საფუძველზე, სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობას. წარდგინების ავტორი შესადარებელ პირებად გამოყოფს, ერთი მხრივ, ბრალდებულ/მსჯავრდებულ ქალს, რომელსაც ჰყავს 7 წლამდე ასაკის შვილი, მეორე მხრივ კი, ბრალდებულ/მსჯავრდებულ ქალს შვილის გარეშე ან 7 წელზე მეტი ასაკის შვილით ან/და კაცებს. წარდგინების ავტორის განმარტებით, ზემოაღნიშნული პირები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს, თუმცა სადავო ნორმა ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე ასაკის შვილი, უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს, ვიდრე სხვა ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს.
8. წარდგინების ავტორის არგუმენტაციით, სადავო ნორმა, რომლის თავდაპირველი მიზანიც შესაძლოა, იმ ქალთა ინტერესების დაცვა იყო, რომლებსაც ჰყავთ შვიდ წლამდე ასაკის შვილი, მოცემულ შემთხვევაში, პირიქით, აუარესებს მათ სამართლებრივ მდგომარეობას და უთანასწოროდ ეპყრობა ამგვარ პირებს სხვა ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებთან მიმართებით. შესაბამისად, სადავო ნორმა არ ემსახურება კანონის თავდაპირველ მიზანს და მეტიც, უფრო მძიმე ტვირთს აკისრებს ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე ასაკის შვილი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად კრძალავს, სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების შესაძლებლობას იმ ქალების მიმართ, რომელთაც ჰყავთ შვიდ წლამდე ასაკის შვილი, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ თანასწორობის უფლებას.
10. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს №1861 კონსტიტუციური წარდგინება სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს №1861 კონსტიტუციური წარდგინება.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
3. №1818 და №1861 კონსტიტუციური წარდგინებები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, საქართველოს პარლამენტს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში