ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი, ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
| ნომერი | N2/6/1511 |
| კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე, |
| თარიღი | 14 ნოემბერი 2025 |
| გამოქვეყნების თარიღი | 14 ნოემბერი 2025 18:17 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი მოდებაძე – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი და ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილის (2023 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის, ბონდო თედორაძის, ანზორ გუბაევის და ხათუნა ბერიძის წარმომადგენლები – გიორგი გოცირიძე და ვასილ ჟიჟიაშვილი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა, რუსუდან მუმლაური, ლევან ღავთაძე და ნინო შარმანაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 10 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1511) მომართეს ბონდო თედორაძემ, ანზორ გუბაევმა და ხათუნა ბერიძემ. №1511 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 11 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის №2/9/1511 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. №1511 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2022 წლის 15 თებერვალს.
2. №1511 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილის (2023 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, „დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება გამოიწვევს ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის გაფრთხილებას“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია შეკრების თავისუფლება.
5. №1511 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეებს, 2019 წლის 14 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურმა დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის. კერძოდ, მოსარჩელეებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების საფუძველი გახდა სოფელ ნატანებში (შეკვეთილი) შპს „ურეკი რეზიდენსის“ კერძო საკუთრების მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება. მოსარჩელეები განმარტავდნენ, რომ ისინი შეკრებილი იყვნენ საჯარო სივრცეში. ამასთან, მიმდინარე აქციის მიზანი იყო, დაეფიქსირებინათ პროტესტი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიმართ 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოში რუსი დეპუტატის ჩამოსვლისა და რუსეთის ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამართული შეკრების, ძალის გამოყენებით, დაშლის გამო. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ გამოხატვის ამგვარი ფორმა დაცული იყო შეკრების თავისუფლებით და მათ ჰქონდათ უფლება, გადაეჭარბებინათ აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმებისთვის. თუმცა ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარეს მოსარჩელეების არგუმენტაცია, მიიჩნიეს, რომ მოსარჩელეების მიერ განხორციელებული ქმედება არ იყო დაცული საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული შეკრების უფლებით და დააკისრეს მათ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
6. მოსარჩელეების განმარტებით, საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმისათვის მინიჭებული ნორმატიული შინაარსის თანახმად, იკრძალება შეკრების ჩატარება საჯარო პირზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით, რასაც თან ახლავს აღნიშნული პირისთვის დისკომფორტის შექმნა და შეწუხება. ამასთან, ამგვარი შეკრება აკრძალულია საჯარო სივრცეში, რომელიც მდებარეობს საჯარო პირის კერძო საკუთრებასთან ან საცხოვრებელ სახლთან. კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ სადავო ნორმის სწორედ აღნიშნული ნორმატიული შინაარსი.
7. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საჯარო პირებს და, განსაკუთრებით, პოლიტიკოსებს, მათ პირად ცხოვრებაში ჩარევისას, ეკისრებათ, განსაკუთრებით მაღალი თმენის ვალდებულება, მით უფრო მაშინ, როდესაც ისინი თავიანთ ფუნქციებს ასრულებენ. ამასთან, შეკრების ჩატარებისას, საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიის შერჩევის მიზანს, სწორედ საჯარო პირის, როგორც პროტესტის ან სოლიდარობის ადრესატის კერძო სფეროსთან მაქსიმალური მიახლოება წარმოადგენს. ასეთ პირობებში, იზრდება შანსი, რომ საზოგადოებრივ პროტესტს მოჰყვეს რეალური შედეგი. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ შეკრების უფლება მოიცავს პროტესტის ისეთ ფორმასაც, რომელიც იწვევს ადრესატის გაღიზიანებასა და შეურაცხყოფას, ამდენად, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს უფლება, მსგავსი ფორმით გამოხატოს საკუთარი უკმაყოფილება საჯარო-პოლიტიკური პირების საქმიანობის მიმართ.
8. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმით დადგენილია შეკრების უფლების შინაარსობრივი რეგულირება, ვინაიდან ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ განსხვავებული მიდგომები ჩამოაყალიბა შეკრებების მიმართ, რომელთა მიზანია, ერთი მხრივ, სოლიდარობის, ხოლო, მეორე მხრივ, პროტესტის გამოხატვა.
9. მოსარჩელე მხარის განცხადებით, სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საჯარო/პოლიტიკური თანამდებობის პირის საკუთრების უფლების დაცვა აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისაგან და, ამგვარად, მესაკუთრის ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოს შექმნა. თუმცა გამოყენებული შეზღუდვა არ არის მიზნის მიღწევის პროპორციული საშუალება. კერძოდ, სადავო ნორმა, როგორც დღის, ისე ღამის საათებში, კრძალავს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებას, მათ შორის, პოლიტიკოსის სახლის მიმდებარედ, იმის მიუხედავად, რამდენ ხანს გრძელდება ეს ხმაური. შედეგად, სადავო ნორმის საფუძველზე, სრულიად იკრძალება საჯარო პირის კერძო საკუთრებასთან ან საცხოვრებელ სახლთან შეკრებით, მისთვის დისკომფორტის შექმნის შესაძლებლობა, რითაც ირღვევა ბალანსი შეკრების უფლებასა და ამ უფლების შეზღუდვით დაცულ სიკეთეებს შორის.
10. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ არაკონსტიტუციურია სადავო ნორმისთვის ოზურგეთის რაიონული სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მინიჭებული ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების ქვეშ არ მოიაზრებს და კრძალავს ისეთ შეკრებას, რომელიც მიმდინარეობს საჯარო ადგილას, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების განზრახ, მიზანმიმართული გადამეტებით, დღის საათებში და ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, როდესაც ამ ხმაურის მიზანია საზოგადოებრივი ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ დონეზე დარღვევით, კონკრეტული პოლიტიკური პირის მიმართ პოლიტიკური პროტესტის დაფიქსირება, მისი შეწუხება და შეურაცხყოფა.
11. მოსარჩელე მხარის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ნებისმიერი მშვიდობიანი შეკრება, რომლის მიზანიც არის საზოგადოების წევრთა მიერ გარკვეული პოზიციის კოორდინირებულად და ერთობლივად გაჟღერება, მაშინაც კი, თუ პროტესტის გამოხატვის ფორმას წარმოადგენს ხმაურის დასაშვები დონის გადაჭარბება და შედეგად, პოლიტიკოსისათვის დისკომფორტის შექმნა. დასახელებული კონსტიტუციური დებულების დაცვის სფეროდან გამორიცხულია მხოლოდ ისეთი შეკრება, რომელიც არის ძალადობრივი ხასიათის ან რომლის მონაწილეებსაც აქვთ ძალადობრივი ხასიათის მიზნები. ამავდროულად, მშვიდობიანი ხასიათის შეკრებაც შესაძლოა, მოვიდეს წინააღმდეგობაში სხვა კონსტიტუციურ უფლებებთან და დაექვემდებაროს რეგულირებას, შეპირისპირებული უფლებებით დაცული ინტერესების დაბალანსების საფუძველზე.
12. მოსარჩელე მხარის პოზიციით, შეკრების დროს, შეკრების მონაწილეებს უნდა მიეცეთ, მათ შორის, ხმის გამაძლიერებლების გამოყენების გონივრული შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხშირად შეუძლებელი გახდება დემონსტრანტების სათქმელის ადრესატამდე მიტანა. მოსარჩელე მხარის აზრით, ხმის გამაძლიერებლების გამოყენების აკრძალვა გამართლებული იქნება ადგილის ან დღე-ღამის კონკრეტული მონაკვეთის მხედველობაში მიღებით. მთავარია, შეკრების მონაწილეებს ჰქონდეთ საკმარისი დრო, რათა ხმა მიაწვდინონ პროტესტის ადრესატს და მხოლოდ ამ მიზნის მიღწევის შემდეგ, თუ ხმის გამაძლიერებლის გამოყენება კვლავაც შემაწუხებლად იმოქმედებს სხვა პირებზე, სახელმწიფოს უნდა შეეძლოს, შეკრების შეწყვეტა. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო ნორმა ბლანკეტურად არღვევს სამართლიან ბალანსს საჯარო პოლიტიკური თანამდებობის პირის/პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების სასარგებლოდ და შეკრების თავისუფლების საზიანოდ.
13. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სასამართლოების მიერ სადავო ნორმისათვის მინიჭებული ნორმატიული შინაარსი, აღნიშნული ნორმის მოქმედების სფეროს ბუნდოვანს ხდის და, შედეგად, წარმოშობს მსუსხავ ეფექტს.
14. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
15. მოპასუხე მხარის განცხადებით, სადავო ნორმის რეალური შინაარსის გამოსარკვევად, მისი გაანალიზება უნდა მოხდეს ამავე ნორმის შენიშვნასთან ერთად. შენიშვნა ადგენს, რომ გასაჩივრებული ნორმით დადგენილი აკრძალვა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული უფლების ფარგლებში. მაშასადამე, პირები, რომელთა ქმედების ინტენსივობა, ფორმა და ხასიათი არ სცდება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დასაშვებ ფარგლებს, საერთოდ არ ექცევიან სადავო ნორმის მოქმედების ქვეშ. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა შეკრების თავისუფლებაში ჩარევას არ იწვევს.
16. მოპასუხე მხარის პოზიციით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ნორმის გამოყენებამდე, საერთო სასამართლოებმა უნდა შეაფასონ კონკრეტული საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შეპირისპირებულ კონსტიტუციურ უფლებებს შორის ბალანსის დადგენის მეშვეობით, გადაწყვიტონ, აქვს თუ არა ადგილი, სადავო ნორმით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.
17. კერძოდ, თუ სასამართლო შეკრების ხასიათის, ფორმისა და ინტენსივობის შეფასების შედეგად დაადგენს, რომ პირები მოქმედებდნენ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში და ადგილი ჰქონდა შეკრების უფლების რეალიზებას, მაშინ მათი ქმედება მოექცევა სადავო ნორმის შენიშვნაში და მათ არ დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. აღნიშნულის საპირისპიროდ, თუ სასამართლო სხვადასხვა ინტერესების შეპირისპირების შედეგად, მივა იმ დასკვნამდე, რომ de facto შეკრების მიუხედავად, პირთა ქმედება კონსტიტუციის მიზნებისათვის გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას და შეკრების უფლებასთან მიმართებით, უპირატესობა უნდა მიენიჭოს სხვა კონსტიტუციურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად, პირადი ცხოვრების უფლება, ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება და სხვა, მაშინ ამოქმედდება სადავო ნორმა, ვინაიდან მიიჩნევა, რომ მსგავს სიტუაციაში, საერთოდ არ აქვს ადგილი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზებას.
18. მოპასუხე მხარის განმარტებით, შეუძლებელია, წინასწარ განისაზღვროს, არის თუ არა კონკრეტული თავყრილობა, შეკრება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიზნებისთვის. სწორედ ამიტომ, შენიშვნასთან ერთად, სადავო ნორმა იმგვარად არის ფორმულირებული, რომ ყოველი ინდივიდუალური შემთხვევის შეფასებაში, სასამართლოს ჩართულობით, მაქსიმალურად დაიცვას პირის შეკრების თავისუფლება. მოპასუხის პოზიციით, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, ადამიანთა დემონსტრაცია შესაძლოა, ჩაითვალოს შეკრებად კონსტიტუციის მიზნებისათვის მაშინაც კი, თუ მას თან ახლავს მიზანმიმართულად გადაჭარბებული ხმაური, თუნდაც ღამის საათებში და იმაზე მეტი დროით, ვიდრე ეს მოსარჩელე მხარემ დაასახელა.
19. მოპასუხის განცხადებით, იგი იზიარებს საერთო სასამართლოების მიერ შესაბამის გადაწყვეტილებებში გამოხატულ პოზიციას სადავო ნორმის განმარტებასთან მიმართებით. მოპასუხეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ ნორმას შესაძლოა, ჰქონდეს სადავო ნორმატიული შინაარსი, თუმცა იგი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და არ ახდენს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების სფეროში ჩარევას. პირიქით, სადავო ნორმის მიზანია სამართალდარღვევათა წრიდან გამოირიცხოს ისეთი შეკრება და მანიფესტაცია, სადაც შეკრების უფლება პრევალირებს სხვა, შეპირისპირებულ უფლებებთან მიმართებით.
20. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ შენიშვნასთან ერთად, კუმულაციური წაკითხვის პირობებში, შეუძლებელია, სადავო ნორმის საფუძველზე მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა.
21. მოპასუხე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. სადავო ნორმაში განხორციელებული ცვლილება
1. №1511 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის დასრულების შემდგომ, სადავო ნორმაში განხორციელდა ცვლილება. კერძოდ, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2023 წლის 16 ნოემბრის 3731-XIIIმს-Xმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, 2023 წლის 14 დეკემბრიდან, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილი. სადავო ნორმის ცვლილებამდე არსებული რედაქციით დადგენილი იყო, რომ დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება გამოიწვევდა ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის გაფრთხილებას. ზემოაღნიშნული ცვლილებების შედეგად, შეიცვალა ადმინისტრაციული სახდელის სახე. შედეგად, სადავო ნორმის მოქმედი რედაქციით, ზუსტად იგივე ქმედების ჩადენა, გაფრთხილების ნაცვლად, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.
2. დავის საგნის სწორად იდენტიფიცირების მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, შეაფასოს, რა გავლენა მოახდინა განხორციელებულმა ცვლილებამ სადავო ნორმის კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულ შინაარსზე.
3. სადავო ნორმა, ერთი მხრივ, ადგენდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ქმედების შემადგენლობას - დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება, ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრავდა შესაბამის სახდელს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისათვის. №1511 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, მოსარჩელე მხარის პრობლემას წარმოადგენდა სადავო ნორმით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადებული ქმედებისთვის საერთო სასამართლოების მიერ მინიჭებული ნორმატიული შინაარსი და არა ამ ნორმით გათვალისწინებული სახდელის სახე.
4. როგორც უკვე აღინიშნა, ცვლილება, რომლის შემდეგაც სადავო ნორმა ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, შეეხო მხოლოდ სახდელის სახეს, ხოლო, სადავო ნორმით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადებული ქმედების შემადგენლობა დარჩა უცვლელი. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ცვლილებას გავლენა არ მოუხდენია გასაჩივრებული რეგულირების სადავო ნორმატიულ შინაარსზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილების შემდგომ, სადავო ნორმას, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, უფლების დაცვის თვალსაზრისით, მოდიფიცირება არ განუცდია და მოქმედ რედაქციაში კვლავაც არსებობს უფლების შესაძლო დარღვევის იდენტური რისკი.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი პრაქტიკის მიხედვით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელ კანონმდებლობაში არ არსებობს დებულება, რომელიც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობას, გააგრძელოს სამართალწარმოება და იმსჯელოს ცვლილებების შემდეგ ჩამოყალიბებულ ნორმაზე, თუკი არსებობს, თავდაპირველად, კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი, თუმცა მოგვიანებით ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, ხოლო გასაჩივრებული მოწესრიგება მოქმედებს იმავე ნორმატიული შინაარსით, რა შინაარსითაც სადავო იყო მისი კონსტიტუციურობა. გასაჩივრებულ დებულებაში განხორციელებული არაარსებითი ცვლილების შემთხვევაში, სადავო ნორმის მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობის შეფასება მიზნად ისახავს, უფლების დაცვის ეფექტიანობის უზრუნველყოფასა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის ხელოვნური გაჭიანურების პრევენციას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის №1/3/697 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-12; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის №2/7/1547 გადაწყვეტილება საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-3).
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, როდესაც ძალადაკარგული ნორმის მსგავსად, მოქმედი ნორმის პირობებშიც, პირის უფლება იდენტურად იზღუდება, კონსტიტუციური უფლების დაცვის ეფექტიანობის უზრუნველყოფისა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის ხელოვნური გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია, სადავო ნორმების მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობის შეფასება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის №2/7/1547 გადაწყვეტილება საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-6; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/5/1355,1389 გადაწყვეტილება საქმეზე „სამსონ თამარიანი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9-12; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 სექტემბრის №1/7/1437 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს ეპიცენტრი“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ წინამდებარე საქმეში, არ არსებობს რაიმე ისეთი ინტერესი, რომელიც წარმოშობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, სადავო ნორმის ძალადაკარგული რედაქციის კონსტიტუციურობის შეფასების საჭიროებას. როგორც აღინიშნა, რედაქციული განახლების მიღმა, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სადავო ნორმას და, შესაბამისად, მის გასაჩივრებულ ნორმატიულ შინაარსს ცვლილება არ განუცდია. შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან სადავო ნორმის მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა, პასუხს გასცემს აგრეთვე შეკითხვას, სადავო ნორმის ძალადაკარგული რედაქციის კონსტიტუციურობის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სწორედ სადავო ნორმის მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობის შეფასებას გააჩნია როგორც მოსარჩელეების, ისე, ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უკეთესი დაცვისა და კონსტიტუციის უზენაესობის განმტკიცების პოტენციალი.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1511 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილის მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობაზე.
2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო
9. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.
10. შეკრების უფლება ფუნდამენტური მნიშვნელობის უფლებაა და იგი დემოკრატიული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების არსებობის ერთ-ერთ საძირკველს წარმოადგენს. სწორედ შეკრების უფლება, სხვა დაკავშირებულ უფლებებთან ერთად, უზრუნველყოფს დემოკრატიული, ინკლუზიური, სამართლის უზენაესობაზე და პლურალისტულ საწყისებზე დაფუძნებული სახელმწიფო მმართველობის მოდელის ჩამოყალიბებას, სადაც გარანტირებულია საზოგადოების წარმომადგენლობა და ჩართულობა.
11. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ისეთი შეკრება ან მანიფესტაცია, რომელიც მიმართულია გარკვეული აზრის დაფიქსირების, სოლიდარობის, პროტესტის, მოთხოვნისა თუ დამოკიდებულების გამოხატვისაკენ. სწორედ შეკრების უფლება ანიჭებს ადამიანებს შესაძლებლობას, გაერთიანდნენ გარკვეული საკითხების ირგვლივ, დააფიქსირონ საზოგადოებრივი აზრი, გამოხატონ საკუთარი პრეტენზიები ანდა პროტესტის მეშვეობით გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე. ამასთანავე, შეკრების უფლებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, იმ იდეების და მიზნების წარმოჩენის და საჯარო დისკუსიის საგნად ქცევისთვის, რომელიც ხშირად არაპოპულარულია პირთა გარკვეული ჯგუფებისათვის ან სულაც უმცირესობის იდეებსა და მიზნებს წარმოადგენს. ამდენად, ვინაიდან შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას სასიცოცხლო დატვირთვა აქვს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისა და ეფექტიანი დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებისათვის, სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლების უგულებელყოფა, მისი გაუმართლებელი შეზღუდვა, დაუშვებელია.
12. შეკრების უფლების სათანადო გარანტირების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხაზს უსვამს ის გარემოება, რომ საკუთარ, ავტონომიურ შინაარსთან ერთად, მას ინსტრუმენტული ხასიათიც გააჩნია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ გაუსვამს ხაზი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების მჭიდრო ურთიერთკავშირის შესახებ. შეკრება და მანიფესტაცია გამოხატვის ერთ-ერთ უმთავრეს ფორმას წარმოადგენს. ეს ორი კონსტიტუციური უფლება კი, ერთობლივად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვა კონსტიტუციური უფლებების ეფექტიანი რეალიზებისათვის.
13. ამასთანავე, შეკრების უფლება მოიცავს შეკრების შინაარსის, დროის, ადგილისა და ფორმის არჩევის თავისუფლებას იმ ფარგლებში, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები – ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34, 127). შეკრების უფლება მრავალი ფორმით შეიძლება განხორციელდეს, იქნება ეს დემონსტრაცია, ქუჩაში ბანერებით მსვლელობა, გარკვეულ ადგილას სტატიკურად, მდუმარედ დგომა, ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობებით აზრის დაფიქსირება, გარკვეული შენობების მიმდებარე ტერიტორიის პიკეტირება და ა.შ. იმისათვის, რათა შეკრების მიზანი იქნეს მიღწეული, შეკრების მონაწილეებისათვის ხშირად მნიშვნელოვანია, რომ მათი პროტესტი თუ სოლიდარული ჟესტი შეკრების ადრესატამდე მაქსიმალურად ეფექტიანად იქნეს მიტანილი. სწორედ ამიტომ, შეკრების გავლენაუნარიანობისთვის, როგორც წესი, შეკრების კონკრეტულ ადგილს, დროსა და ფორმას განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება და ამ რეკვიზიტების გარანტირების გარეშე, შეკრების უფლება ილუზორულ ხასიათს იძენს. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების დრო, ადგილი და ფორმა შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად და თანაზომიერების პრინციპის დაცვით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის №3/3/1635 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
14. შეკრების თავისუფლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ის, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანთა საჯაროდ და მშვიდობიანად შეკრების უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ შეკრების კონსტიტუციური უფლების დაცული სფეროდან გამორიცხულია მხოლოდ ისეთი ხასიათის შეკრება/მანიფესტაცია, რომელიც გულისხმობს ძალადობას, ძალადობისკენ წაქეზებას ანდა რომელიც უარყოფს დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლურ პრინციპებს. შესაბამისად, ამ უფლების დაცული სფერო მაქსიმალურად ფართოდ უნდა განიმარტოს.
15. შეკრების კონსტიტუციური უფლებით დაცულია, მათ შორის, ისეთი იდეები და ამ იდეების იმგვარი ფორმით გამოხატვა, რომელმაც შესაძლოა, გააღიზიანოს პირთა ცალკეული ჯგუფები. იგი ასევე მოიცავს ქცევას, რომელიც დროებით აფერხებს ან ხელს უშლის სხვა პირთა საქმიანობას, სატრანსპორტო თუ საფეხმავლო გადაადგილებას. საჯარო ადგილას გამართული შეკრება/მანიფესტაცია, როგორც წესი, თავისთავად, მოიცავს საზოგადოების ცხოვრების ჩვეული რიტმიდან გარკვეულწილად ამოვარდნას. იმ ადგილას, სადაც შეკრება/მანიფესტაცია იმართება, კონკრეტულ პირებს შესაძლოა, ხელი შეეშალოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, განტვირთვაში, ეკონომიკური თუ სხვა ტიპის საქმიანობის განხორციელებაში და ა.შ. შესაბამისად, შეკრების უფლება, რომელიც დემოკრატიის, ტოლერანტულობისა და პლურალიზმის იდეას ეფუძნება, იმთავითვე გულისხმობს, გონივრული დაშვებით, სახელმწიფოსა და საზოგადოების თმენის ვალდებულებას, გარკვეული დისკომფორტის მიმართ.
16. ამავდროულად, როდესაც შეკრების უფლება სხვა კონსტიტუციურ უფლებებთან და ღირებულებებთან მოდის კონკურენციაში, იმისდა მიხედვით, რამდენად მწვავე და მასშტაბურია ჩარევა საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში, რამდენად სცდება შეკრება თანმდევი დისკომფორტის ზღვარს და ზღუდავს სხვა პირთა უფლებებსა თუ სხვა ლეგიტიმურ ინტერესებს, განსხვავებულია ამ შეკრების/დემონსტრაციის კონსტიტუციური დაცვის ხარისხიც და იგი შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის შეზღუდვას დაექვემდებაროს. თუმცა ნათელია, რომ თავისთავად ეს ფაქტი, ვერ გახდება მსგავსი ღონისძიებების შეკრების კონსტიტუციური უფლების დაცული სფეროდან ამორიცხვის საფუძველი.
17. აღსანიშნავია ისიც, რომ შეკრების კონსტიტუციურ უფლებას გააჩნია, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ასპექტები, რაც სახელმწიფოსაგან მოითხოვს არა მხოლოდ უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან თავის შეკავებას, არამედ კონკრეტული პოზიტიური ნაბიჯების გადადგმას, რათა შესაძლებელი იყოს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით, ეფექტიანად სარგებლობა და მიღწეულ იქნეს შეკრების მონაწილეთა თუ მის მიღმა მყოფ პირთა ინტერესების მაქსიმალური გარანტირება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „შეკრების კონსტიტუციური უფლების შინაარსიდან გამომდინარე, იგი არა მხოლოდ ავალდებულებს სახელმწიფოს, ხელი არ შეუშალოს მშვიდობიანი შეკრების პროცესს, არამედ კონსტიტუცია ქმნის თავად ამ პროცესის მშვიდობიანად წარმართვის დაცვის ვალდებულებას. შეკრების მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს საჭირო ზომები, მათ შორის, შესაბამისი კანონმდებლობის შექმნისა და მისი ეფექტური იმპლემენტაციის გზით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/538 გადაწყვეტილება საქმეზე „პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). აღსანიშნავია, რომ შეკრების თავისუფლების დაცვის კონტექსტში, პოზიტიური ვალდებულებების სათანადოდ შესრულების განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სახელმწიფოს სწორედ მაშინ ეკისრება, როდესაც შეკრება საზოგადოების ფართო მასებში არაპოპულარული იდეების გაჟღერებას ემსახურება ან როდესაც იგი წარმოადგენს პროტესტს, ხელისუფლების რომელიმე გადაწყვეტილების თუ მართვის პოლიტიკის მიმართ.
3. სადავო ნორმის შინაარსის, სასარჩელო მოთხოვნისა და უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
18. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, განსახილველი საქმის ფარგლებში შესაფასებელ მოცემულობას და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილის იმ დებულების კონსტიტუციურობა, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადებული ქმედების შემადგენლობას. შესაბამისად, წინამდებარე საქმის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სადავო ნორმით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადებული ქმედებისათვის გათვალისწინებული სახდელის/სანქციის კონსტიტუციურობა.
19. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადებულია „დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება“.
20. ამავდროულად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის შენიშვნის მე-4 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის ნორმები არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული ადამიანის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულია შეკრების თავისუფლება.
21. სადავო ნორმის რეალური შინაარსის დასადგენად, ცხადია, ეს ორი ნორმა, სხვა რელევანტურ კანონმდებლობასთან ერთად, კუმულაციურად უნდა იქნეს წაკითხული და განმარტებული. მსგავსი შინაარსის შენიშვნის არსებობა, ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება შესაძლოა, არ ჩაითვალოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, როდესაც ხმაურის გამომწვევი მიზეზი იქნება შეკრების კონსტიტუციური უფლების ფარგლებში გამართული ღონისძიება. საკითხისადმი მსგავსი მიდგომა თანხვედრაშია აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის პოზიციასთან. თუმცა გამოსარკვევია, სადავო ნორმის მოქმედების სფეროდან, ყოველ ჯერზე, გამოირიცხება თუ არა შეკრების უფლებით დაცულ სფეროში მოაზრებული ნებისმიერი ღონისძიებიდან მომდინარე აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება.
22. როგორც უკვე ითქვა, შეკრების კონსტიტუციური უფლების ეფექტიანად განმტკიცების მიზნებიდან გამომდინარე, ამ უფლების დაცული სფერო მაქსიმალურად ფართოდ განიმარტება და მასში ექცევა ნებისმიერი შეკრება/მანიფესტაცია გარდა ისეთი ხასიათის შეკრება/მანიფესტაციისა, რომელიც გულისხმობს ძალადობას, ძალადობისკენ წაქეზებას ანდა რომელიც უარყოფს დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლურ პრინციპებს. ამავდროულად, შეკრების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის. უფლების დაცვის ქვეშ მოაზრების პარალელურად, კონკრეტული შეკრება, გარკვეულ შემთხვევებში, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, შესაძლოა, წინააღმდეგობაში მოვიდეს სხვა, მათ შორის, კონსტიტუციური მნიშვნელობის ლეგიტიმურ ინტერესებთან და კონკურენტული ინტერესების დაბალანსების საფუძველზე, დაექვემდებაროს შეზღუდვას.
23. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტიც, რომელიც ადგენს შეკრებებისა და მანიფესტაციების რეგულირების ზოგად სახელმძღვანელო წესს და გათვალისწინებული უნდა იქნეს სადავო ნორმის გამოყენებისას, განსაზღვრავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება შესაძლოა შეიზღუდოს, თუმცა შეზღუდვა უნდა იყოს: ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით დაცული სიკეთეების მიღწევისაკენ მიმართული; ბ) კანონით გათვალისწინებული; გ) დემოკრატიული საზოგადოებისათვის აუცილებელი; დ) არადისკრიმინაციული; ე) პროპორციულად შემზღუდველი; ვ) ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.
24. აღნიშნული მოცემულობის მხედველობაში მიღებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ლოგიკურად და გონივრულად მიაჩნია სადავო ნორმის იმგვარი განმარტება, რომელიც ეხმიანება და იზიარებს მოსარჩელეთა საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას და რომლის მიხედვითაც, სადავო ნორმის მოქმედება არ გავრცელდება შეკრება-მანიფესტაციის ფარგლებში განხორციელებულ მხოლოდ ისეთ ღონისძიებებზე, სადაც ინტერესთა დაბალანსების საფუძველზე დადგინდება, რომ აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადაჭარბების მიუხედავად, შეკრების უფლებით დაცული ინტერესები პრევალირებს სხვა კონკურენტულ საჯარო და კერძო ინტერესებზე (მაგალითად საზოგადოებრივი წესრიგისა და სხვა პირთა უფლებების დაცვაზე). ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პირიქით, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით, დადგინდება, რომ აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადაჭარბების პირობებში, შეკრების უფლებით დაცულ სიკეთეზე პრევალირებს სხვა ღირებული საჯარო და კერძო ინტერესები, მაშინ მსგავს ღონისძიებებზე, სადავო ნორმის მოქმედება უნდა გავრცელდეს.
25. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, სადავო ნორმას საერთოდ არ გააჩნია შეკრების თავისუფლების შეზღუდვის პოტენციალი და განმარტავს, რომ სადავო ნორმის მოქმედების ფარგლები ვრცელდება აგრეთვე შეკრების კონსტიტუციური უფლების დაცული სფეროს ფარგლებში გამართული ღონისძიებიდან მომდინარე, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ცალკეულ შემთხვევებზე, კერძოდ, ისეთ სიტუაციებზე, როდესაც ინდივიდუალური საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, თანაზომიერების პრინციპის სრული დაცვით, ასეთი შეზღუდვა იქნება გამართლებული.
26. რაც შეეხება უშუალოდ აკუსტიკური ხმაურის განმარტებას, ხმაურის დასაშვები დონეების განსაზღვრასა და მისი გადამეტების რეგულირებას, ეს საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“. აღნიშნული რეგლამენტის მიხედვით, აკუსტიკური ხმაური არის ყველა სახის განგრძობადი ხასიათის არასასიამოვნო, ხელისშემშლელი ბგერები, დრეკადი რხევები და ტალღები საჰაერო გარემოში, რომლებიც მიმდინარეობენ ფიზიკური და იურიდიული პირის ქმედების შედეგად და ქმნიან დისკომფორტს, შესაძლებელია ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს პირის ჯანმრთელობაზე ან მის სოციალურ მდგომარეობაზე. ხმაურის დასაშვები დონე კი არის „ბგერის ისეთი სიდიდე, რომელიც არ იწვევს ადამიანზე პირდაპირ ან ირიბ უარყოფით მოქმედებას, არ აქვეითებს მის შრომისუნარიანობას, არ მოქმედებს უარყოფითად მის თვითგრძნობასა და განწყობაზე, არ იწვევს მის მიმართ მგრძნობიარე სისტემის ფუნქციური სისტემის არსებით ცვლილებას“. ამავე რეგლამენტით დადგენილია, რომ ხმაურის გადამეტების დადგენის მიზნით ხმაურის დონის განსაზღვრა ტარდება უშუალოდ საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიაზე, ხოლო აკუსტიკური ხმაურის დონის გაზომვის შედეგების ჰიგიენური შეფასება ემყარება საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებსა და პროცედურებს.
27. წინამდებარე გადაწყვეტილების ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მნიშვნელოვნად მიიჩნევს, აგრეთვე შესაფასებელი მოცემულობის სწორად იდენტიფიცირებას, ვინაიდან ცალკე აღებულმა ერთმა ფაქტორმაც კი, სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშოს სადავო ნორმის საფუძველზე, შეკრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობის დადგენის თვალსაზრისით.
28. მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მათ საქმეზე ამ ნორმას მიანიჭეს საერთო სასამართლოებმა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბებისას, როგორც კონსტიტუციურ სარჩელში, ისე საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარე სწორედ საერთო სასამართლოების მიერ მათ საქმეზე გაკეთებულ განმარტებებს ეყრდნობოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სასარჩელო მოთხოვნის სწორად იდენტიფიცირების მიზნით, გამოარკვევს მოსარჩელეთა რომელი ქმედება მიიჩნიეს საერთო სასამართლოებმა სადავო ნორმით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და ამ ჭრილში შეაფასებს სადავო ნორმის კონსტიტუციურობას. განსაკუთრებით, მხედველობაშია მისაღები მოსარჩელეთა საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომელმაც, ერთი მხრივ, გადასინჯა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, ხოლო, მეორე მხრივ, უფრო ვრცელი მსჯელობა განავითარა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მივიდა სასამართლო კონკრეტულ გადაწყვეტამდე.
29. ოზურგეთის რაიონული სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ერთობლივი წაკითხვის შედეგად ირკვევა, რომ საერთო სასამართლოებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად დააკვალიფიცირეს, მოსარჩელეთა მხრიდან, კერძო საკუთრების მიმდებარედ, ზღვის სანაპიროზე გამართული საპროტესტო აქციის ფარგლებში, ხმის გამაძლიერებელი სხვადასხვა საშუალების გამოყენებით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება, რომელიც მიზანმიმართული იყო საკუთარ საცხოვრებელში მყოფი პოლიტიკოსისკენ, ემსახურებოდა მის შეგნებულად შეწუხებას და მისთვის დისკომფორტის შექმნას (მათ შორის, დაძინებაში ხელშეშლას) და რომელმაც გამოიწვია ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ დონეზე დარღვევა. შეკრება ემსახურებოდა პოლიტიკური ხასიათის პროტესტის გამოხატვას, კერძოდ, აქციის - „გააღვიძე ოლიგარქი“ მიზანი იყო აქციის მონაწილეებს დაეფიქსირებინათ პროტესტი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიმართ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნეული მოსარჩელეთა ქმედება იყო არა სპონტანური, არამედ წინასწარ დაგეგმილი, მიზანმიმართული და მრავალჯერადი ხასიათის. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ სასამართლოების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მტკიცებულებად გამოყენებული საქმის მასალების თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებით, მოსარჩელეთა შეკრება მიმდინარეობდა დაახლოებით ერთი თვის მანძილზე, როგორც დღის, ისე ღამის საათებში, იწვევდა შპს „ურეკი რეზიდენსის“ მიმდებარედ მცხოვრები პირების შეწუხებას და ეკონომიკურ საქმიანობაში ხელშეშლას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, კონკურენტულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის მისაღწევად, მოსარჩელეთა გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით, უპირატესობა უნდა მინიჭებოდა კერძო საკუთრებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების დაცვის ლეგიტიმურ ინტერესს.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმისთვის მინიჭებული შინაარსის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა კერძო საკუთრების მიმდებარედ, საჯარო სივრცეში, დაახლოებით ერთი თვის მანძილზე მიმდინარე პოლიტიკური ხასიათის საპროტესტო აქციის დროს, ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობების მეშვეობით, საცხოვრებელ სახლში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში, არასპონტანურად, მრავალჯერადი გადამეტება, რომელიც მიზანმიმართულია ამ სახლში მყოფი პოლიტიკოსის შეწუხებისა და მისთვის დისკომფორტის შექმნისაკენ.
31. აღსანიშნავია, რომ გარდა უშუალოდ მათ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებებისა, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია და არც საკონსტიტუციო სასამართლოსთვისაა ცნობილი საერთო სასამართლოების პრაქტიკა, რომელიც სადავო ნორმიდან, განსხვავებული ნორმატიული შინაარსის ამოკითხვის შესაძლებლობას წარმოაჩენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე საქმეში, სადავო ნორმის კონსტიტუციურობას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ დასახელებული ნორმატიული შინაარსის ფარგლებში შეაფასებს.
32. რაც შეეხება სადავო ნორმის საფუძველზე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, შეკრების თავისუფლების შეზღუდვის გამოსარკვევად, ერთი მხრივ, უნდა დადგინდეს, ექცევა თუ არა მოსარჩელეთა მიერ განხორციელებული ქმედება შეკრების უფლებით დაცულ სფეროში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა განისაზღვროს სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულაცია წარმოადგენს თუ არა შეკრების უფლების შეზღუდვის ფორმას.
33. როგორც უკვე აღინიშნა, შეკრების კონსტიტუციური უფლების დაცულ სფეროში ექცევა ნებისმიერი შეკრება/მანიფესტაცია, გარდა ისეთი ხასიათის შეკრება/მანიფესტაციისა, რომელიც გულისხმობს ძალადობას, ძალადობისკენ წაქეზებას ანდა რომელიც უარყოფს დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლურ პრინციპებს. ამავდროულად, ძალადობის, ძალადობისაკენ წაქეზების ანდა დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური პრინციპების უარყოფის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება სახელმწიფოს. შესაბამისად, არსებობს პრეზუმფცია, რომ კონკრეტული შეკრება არის მშვიდობიანი ხასიათის და მოიაზრება შეკრების უფლებით დაცულ სფეროში მანამ, სანამ სახელმწიფო საპირისპიროს არ დაამტკიცებს.
34. მოცემულ შემთხვევაში, არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებიდან და არც სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან არ იკვეთება, რომ შეკრება ატარებდა ძალადობრივ ხასიათს, შეკრების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ჰქონდათ ძალადობრივი მიზნები ან შეკრება სხვაგვარად უქმნიდა რეალურ და სერიოზულ საფრთხეს დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლურ პრინციპებს. მოსარჩელეთა საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებიდან დასტურდება, რომ შემაწუხებელი ხმაურის გამოწვევის გარდა, საპროტესტო აქციის ფარგლებში, სხვა რაიმე ინციდენტს ან კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მოსარჩელეთა პროტესტი, შეკრების კონსტიტუციური უფლების მიზნებისათვის, ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. უდავოა ისიც, რომ მოსარჩელეთა შეკრება არ იყო უბრალო თავყრილობა. იგი იყო პოლიტიკური ხასიათის საპროტესტო მანიფესტაცია, გამოხატული, მათ შორის, ძლიერი ხმაურის ფორმით, რომლის მეშვეობითაც აქციის მონაწილეები მიზნად ისახავდნენ, თავიანთი პროტესტი მიეწვდინათ საცხოვრებელ სახლში მყოფი პოლიტიკოსისათვის და შეექმნათ მისთვის დისკომფორტი.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საერთო სასამართლოებისა და მოპასუხე მხარის მიერ განვითარებულ მსჯელობას, თითქოს მოსარჩელეთა ქმედება არ იყო დაცული შეკრების კონსტიტუციური უფლებით იმის გამო, რომ იგი ზღუდავდა სხვისი საკუთრების უფლებას და იყო შემაწუხებელი კერძო საცხოვრებელში მყოფი პირებისათვის. როგორც არაერთხელ ითქვა, შეკრება-მანიფესტაციების უმეტესობა საზოგადოების ცალკეულ ფენებში იწვევს გარკვეულ დისკომფორტს და შესაძლოა, ხელი შეუშალოს პირებს ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ საქმიანობის განხორციელებაში. სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, იმისდა მიხედვით, რამდენად მოდის შეკრების უფლება სხვა უფლებებთან კონკურენციაში, რამდენად თრგუნავს იგი იმ პირთა უფლებებს, რომლებიც არ მონაწილეობენ შეკრებაში და რამდენად მიზანმიმართულად ხდება შეკრების მონაწილეთა მხრიდან სხვა პირთა უფლებებში შეჭრა, კონკრეტული შეკრების დაცვის ხარისხი განსხვავებული შეიძლება იყოს და მისი სხვადასხვა ფორმით შეზღუდვის გამართლებაც განსხვავებული სიმკაცრის ტესტით ფასდებოდეს, თუმცა სანამ შეკრება არ მიიღებს ძალადობრივ ხასიათს, დაუშვებელია მისი გამორიცხვა შეკრების კონსტიტუციური უფლების დაცული სფეროდან. ეს მიდგომა, სწორედ იმ პრაქტიკული მიზეზით აიხსნება, რომ ძალადობრივი ხასიათის შეკრებისგან განსხვავებით, რომელიც კონსტიტუციური დაცვით არ სარგებლობს, ყველა სხვა შეკრების შეზღუდვა, რაოდენ შემაწუხებელიც არ უნდა იყოს იგი სხვა პირებისათვის, დასაშვებია, მხოლოდ თანაზომიერების პრინციპის სრული დაცვით.
36. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საერთო სასამართლოებისა და მოპასუხე მხარის პოზიციას შეკრების უფლებით დაცულ სფეროსთან მიმართებით, ეს საკითხი გავლენას ვერ მოახდენს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებაზე. როგორც უკვე განიმარტა, სადავო ნორმის მოქმედება, შესაძლოა გავრცელდეს, მათ შორის, შეკრების უფლებით დაცულ სფეროში მოაზრებულ შეკრებებზეც. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს, სადავო ნორმისთვის საერთო სასამართლოების მიერ მინიჭებული ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის შეფასებას და, პირველ რიგში, მოახდენს უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებას.
37. ზოგადად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აღიარებულია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა არა მხოლოდ de facto ან de jure შეკრების დაშლით ან წინასწარი აკრძალვით, არამედ, მრავალი სხვა ფორმითაც შეიძლება გამოიხატოს. ეს შესაძლოა მოხდეს, როგორც შეკრების დაწყებამდე, ისე შეკრების მიმდინარეობისას და შეკრების დასრულების შემდეგ. კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შეზღუდვად შესაძლოა ჩაითვალოს, არა მხოლოდ შინაარსობრივი, არამედ, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ შეკრების დროსთან, ადგილთან და ფორმასთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეკრების ამ მახასიათებლებს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს შეკრების უფლების ეფექტიანი რეალიზებისათვის. შეკრების უფლების შეზღუდვად მიიჩნევა აგრეთვე შეკრების მონაწილეების მიმართ სხვადასხვა ტიპის სადამსჯელო ზომების გამოყენება, ვინაიდან ხშირად, ამგვარ დასჯას აქვს მსუსხავი ეფექტი შეკრების მონაწილეთა და სხვა პირთა მიმართ, იმ გაგებით, რომ ისინი მომავალში თავს იკავებენ მსგავსი ფორმით ან, ზოგადად, შეკრებებში მონაწილეობისაგან.
38. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმის საფუძველზე, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადაჭარბების მოტივით, მოხდა შეკრების მონაწილე მოსარჩელეთა სამართალდამრღვევებად ცნობა, რაც ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, შეკრების უფლების შეზღუდვას წარმოადგენს.
39. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ნორმისთვის საერთო სასამართლოების მიერ მინიჭებული ნორმატიული შინაარსით დადგენილი შეზღუდვა მიმართული იყო შეკრების შინაარსობრივი რეგულირებისკენ. როგორც სადავო ნორმის ფორმულირება, ისე საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებული განმარტებების ანალიზი ნათლად მიანიშნებს, რომ გამოყენებული შეზღუდვა შეეხებოდა შეკრების ფორმას/მანერას, კერძოდ, მიმართული იყო შეკრების ფარგლებში, ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობების გამოყენებით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებით გამოწვეული ხანგრძლივი დისკომფორტისა და სხვა პირთა უფლებების შეზღუდვის აღსაკვეთად. შესაბამისად, შეზღუდვის ობიექტიც, უპირველეს ყოვლისა, იყო გადაჭარბებული ხმაური და არა ამ ხმაურის კონკრეტული შინაარსი. პროტესტის ადრესატამდე შეკრების მონაწილეთა სათქმელისა თუ პოზიციის მკაფიოდ და ეფექტიანად დაფიქსირების მიზნით, პროტესტის ძლიერი ხმაურის მეშვეობით გადმოცემა კი, როგორც წესი, წარმოადგენს შეკრების უფლების რეალიზების ერთ-ერთ ფორმას, საშუალებას, მანერას და არა მის შინაარსობრივ მხარეს.
4. უფლების შეზღუდვის გამართლება
4.1. სადავო ნორმის ფორმალური შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
40. სადავო ნორმა, რომლის საფუძველზეც მოხდა მოსარჩელეთა შეკრების უფლების შეზღუდვა, გათვალისწინებულია კანონით, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
41. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსის საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებთან რაიმე ფორმით შეუსაბამობაზე, მოსარჩელე მხარეს ყურადღება არ გაუმახვილებია. თავის მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი არ არის წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებთან.
4.2. სადავო ნორმის მატერიალური შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
42. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, იგი არ არის აბსოლუტური ხასიათის უფლება და მისი შეზღუდვა დასაშვებია ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლების პირობებში.
43. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა ფასდება თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით, რომლის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
44. ამდენად, თანაზომიერების პრინციპის დაცვის გარეშე, დაუშვებელია, შეკრების უფლებით დაცული ნებისმიერი ტიპის შეკრებისა თუ მანიფესტაციის შეზღუდვა, რაოდენ მწვავე კონფლიქტშიც არ უნდა მოდიოდეს იგი სხვა ღირებულ ლეგიტიმურ ინტერესებთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ხელისუფლების განხორციელება, ნებისმიერ შემთხვევაში, გულისხმობს ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით უპირობო ბოჭვას, რაც უნდა გამორიცხავდეს თვითმიზნური, არაგონივრული და არაპროპორციული საშუალებების გამოყენებით, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვას. საქართველოს კონსტიტუცია ძირითად წესად ადგენს შეკრების თავისუფლებით სარგებლობას, სახელმწიფოსგან უფლებისთვის შეუსაბამო ბარიერების დაწესების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის №3/3/1635 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).
45. ამავდროულად, შეკრების ხასიათიდან, ფორმიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლოა, განსხვავებული იყოს მისი კონსტიტუციური დაცვის ხარისხი და, შესაბამისად, სახელმწიფოს შეფასების ზღვარი, შეკრების უფლების შეზღუდვების დაწესებასთან მიმართებით. შეკრების ხასიათი და მის მიმართ დაწესებული შეზღუდვის ტიპი მნიშვნელოვნად განაპირობებს აგრეთვე შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასების ტესტის სიმკაცრეს.
46. მოცემულ შემთხვევაში, როგორც დადგინდა, შესაფასებელია კერძო საკუთრების მიმდებარედ, საჯარო სივრცეში, არასპონტანური და განგრძობითი ხასიათის შეკრება, რომლის ფარგლებშიც, შეკრების მონაწილეები, ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობების გამოყენებით, დაახლოებით, ერთი თვის მანძილზე, დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში, მათ შორის, ღამის საათებში, მიზანმიმართულად იწვევდნენ ძლიერ ხმაურს და აჭარბებდნენ აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებს, რათა დისკომფორტი შეექმნათ შესაბამის დასახლებულ ტერიტორიაზე, კერძო საცხოვრებელში მყოფი პოლიტიკოსისათვის და ამ ფორმით მიეწვდინათ მისთვის პოლიტიკური ხასიათის საპროტესტო შეტყობინება.
47. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბუნებრივია, მანიფესტაციის მონაწილეებს უნდა მიეცეთ მაქსიმალური შესაძლებლობა, შეიკრიბონ მათთვის ხელსაყრელ ადგილას და მათივე არჩეული ფორმით ეფექტიანად გამოხატონ პროტესტი პოლიტიკოსების მიმართ, თუმცა ზემოთ აღწერილი შეკრების შემთხვევაში, ცხადია, რომ საზოგადოებას ვერ დაეკისრება შეკრების უფლებით დასაცავი სიკეთეების ხარჯზე, საკუთარი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვის უსასრულო თმენის ვალდებულება. მსგავს ვითარებაში, სახელმწიფო პასუხისმგებელია, მიაღწიოს გონივრულ ბალანსს, ერთი მხრივ, შეკრების უფლების სათანადო გარანტირებასა და, მეორე მხრივ, იმ პირთა ინტერესების დაცვას შორის, რომელთა ცხოვრებასა და ყოველდღიურ საქმიანობაზე ეს შეკრება უარყოფითად აისახება.
4.2.1 ლეგიტიმური მიზანი
48. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, იმისათვის, რათა გასაჩივრებული საკანონმდებლო ღონისძიება შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, პირველ რიგში აუცილებელია, იგი ემსახურებოდეს ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). ამდენად, განსახილველი კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისას, უწინარეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, რა ლეგიტიმური საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა.
49. როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხე მხარეს შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი არ დაუსახელებია, ვინაიდან მისი პოზიციით, სადავო ნორმას არ აქვს შეკრების უფლების შეზღუდვის პოტენციალი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, „კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების ფარგლებში სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლო არ არის შებოჭილი მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნებით, ისევე, როგორც მოპასუხე მხარის მიერ ლეგიტიმური მიზნის დასახელებისგან თავის შეკავება, თავისთავად, ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ვერ განაპირობებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №2/2/1428 გადაწყვეტილება საქმეზე „კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო განაგრძობს საკონსტიტუციო სამართალწარმოებას და თავად დაადგენს სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებს.
50. მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი არ შეიცავს იმ ლეგიტიმურ მიზანთა ჩამონათვალს, რომელთა მისაღწევადაც დასაშვებია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის, რაც იმას ნიშნავს, რომ ღირებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად მისი შეზღუდვა შესაძლებელია. აღნიშნულს ადასტურებს, აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაც (იხ., მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-156-160; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის №3/3/1635 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20-24).
51. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ შეკრების ან მანიფესტაციის უფლების გამოვლინება „ხშირად კონფლიქტში მოდის სხვათა უფლებებთან, ან საზოგადოების ინტერესებთან, ისეთებთან, როგორიცაა საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება და ა.შ. პროტესტის გამოხატვის ლეგიტიმური უფლების რეალიზაციისას, მანიფესტაციის ორგანიზატორების და მონაწილეების უფლება ბუნებრივად უპირისპირდება სხვათა უფლებებს, მათ შორის, უფლებას თავისუფალ მიმოსვლაზე, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე, რომელიც საგზაო მოძრაობის შეფერხებით შეიძლება შეიზღუდოს. ასეთი კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო უფლებამოსილი და ვალდებულიცაა, რომ ჩაერიოს, თუმცა ასეთი ჩარევა უნდა იყოს გონივრული და მიზნის პროპორციული. გარდა ამისა, უფლებათა შორის ბალანსის დაცვის მიზნით კანონმდებელი უნდა ხელმძღვანელობდეს მკაფიო კრიტერიუმებით“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).
52. მოცემულ შემთხვევაში, საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან და თანდართული მასალებიდან დგინდება, რომ პოლიტიკოსის საცხოვრებლისაკენ მიზანმიმართული შეკრების ფარგლებში, კერძო საკუთრებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებამ, გამოიწვია დასახლებაში მყოფ პირთა შეწუხება. განგრძობითი და მრავალჯერადი ხასიათის ძლიერი ხმაური ხელს უშლიდა პირებს ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ სხვადასხვა, მათ შორის, ეკონომიკურ საქმიანობაში, რაც გამოიხატა, ხმაურის გავრცელების არეალში არსებული სასტუმროების დამსვენებლების მიერ დატოვებით.
53. აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადაჭარბებით გამოწვეული ნეგატიური ეფექტების გასააზრებლად, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ განიმარტოს, რა მიიჩნევა სადავო ნორმის მიზნებისათვის აკუსტიკურ ხმაურად, ხმაურის დასაშვებ ნორმად და მის გადამეტებად. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №398 დადგენილებით დამტკიცებული „საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, აკუსტიკური ხმაური არის ყველა სახის განგძობადი ხასიათის არასასიამოვნო, ხელისშემშლელი ბგერები, დრეკადი რხევები და ტალღები საჰაერო გარემოში, რომლებიც მიმდინარეობს ფიზიკური და იურიდიული პირის ქმედების შედეგად და ქმნის დისკომფორტს, შესაძლებელია, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს პირის ჯანმრთელობაზე ან მის სოციალურ მდგომარეობაზე, ხმაურის დასაშვები დონე კი არის ბგერის ისეთი სიდიდე, რომელიც არ იწვევს ადამიანზე პირდაპირ ან ირიბ უარყოფით მოქმედებას, არ აქვეითებს მის შრომისუნარიანობას, არ მოქმედებს უარყოფითად მის თვითგრძნობასა და განწყობაზე, არ იწვევს მის მიმართ მგრძნობიარე სისტემის, ფუნქციური სისტემის არსებით ცვლილებას.
54. ამდენად, აშკარაა, რომ კერძო საცხოვრებლისაკენ მიზანმიმართული შეკრების ფარგლებში, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირს უქმნის დისკომფორტს, ნეგატიურ გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე, შრომისუნარიანობასა და განწყობაზე. ამავდროულად, ბუნებრივია, რაც უფრო ინტენსიური და მრავალჯერადია ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება, მით უფრო იზრდება მისგან მომდინარე ნეგატიური ეფექტის მასშტაბი და სიძლიერე. კერძო საცხოვრებელი სახლისკენ მიმართული გადაჭარბებული ხმაური ლოგიკურად ზღუდავს, აგრეთვე ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებას, მის შესაძლებლობას, თავისუფლად და სხვა პირთა ჩაურევლად ისარგებლოს პირადი სივრცით.
55. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტებისაგან სხვა პირთა უფლებების დაცვა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სხვა პირთა უფლებების დაცვის მოტივით, სახელმწიფო უფლებამოსილია, შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-160).
4.2.2 გამოსადეგობა და აუცილებლობა
56. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისთვის, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის და აუცილებლობის კრიტერიუმებს.
57. ამა თუ იმ ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი „დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). ამავდროულად, „გამოსადეგობასთან ერთად, შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). საჭიროა, არ არსებობდეს სხვა, ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით, დასახელებული ლეგიტიმური მიზნის იმავე ეფექტიანობით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა.
58. სადავო ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს კერძო საკუთრების მიმდებარედ, საჯარო სივრცეში გამართული პოლიტიკური ხასიათის საპროტესტო აქციის ფარგლებში, ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობების მეშვეობით წარმოქმნილი ხმაურის საფუძველზე, კერძო საცხოვრებელ სახლში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების დღე-ღამის სხვადასხვა საათებში, განგრძობითად, მრავალჯერ გადამეტებას, რომელიც მიზანმიმართულია საკუთარ საცხოვრებელში მყოფი პოლიტიკოსის შეწუხებისა და მისთვის დისკომფორტის შექმნისაკენ.
59. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სხვა პირთა უფლებების შეზღუდვას განაპირობებს შეკრების კონკრეტული ფორმა – პროტესტის გამოხატვა გადაჭარბებული ხმაურის მეშვეობით, ცხადია, რომ ხმაურის გადაჭარბების აკრძალვას, დადებითი გავლენა ექნება პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.
60. ამავდროულად, არ არსებობს უფლების ნაკლებად მზღუდავი რომელიმე ალტერნატიული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტიანობით უზრუნველყოფდა დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, ვიდე ეს ხდება უშუალოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ხელისშემშლელი ქმედების, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადებით და, შესაბამისად, მისი აკრძალვით.
61. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება იქნებოდა დღის საათებში კონკრეტული დროითი ინტერვალის დაწესება, რომლის დროსაც შეკრების მონაწილეებს შეეძლებოდათ, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადაჭარბება. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხის ამგვარმა ხისტმა გადაწყვეტამ, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა, გადამეტებულად შეზღუდოს სხვა პირთა უფლებები, ხოლო, ზოგიერთ შემთხვევაში, პირიქით, არსებულზე უფრო მკაცრი და ლიმიტირებული მოქმედების ფარგლები დაუწესოს შეკრების უფლების მსგავსი ფორმით მოსარგებლე პირებს.
62. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით დადგენილი შეზღუდვა წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას და, ამ მხრივ, აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
4.2.3 პროპორციულობა ვიწრო გაგებით
63. გარდა გამოსადეგობისა და აუცილებლობისა, უფლებაშემზღუდველი ნორმატიული წესის კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისად მიჩნევისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ აგრეთვე უნდა გამოარკვიოს სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ფარგლებში დაცული ინტერესი, საკუთარი მნიშვნელობით, აღემატება თუ არა, შეზღუდულ ინტერესს. ამ ეტაპზე უნდა გაანალიზდეს, რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu), რომლის მოთხოვნაა „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
64. დემოკრატიული და პლურალისტული საზოგადოების ხიბლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იგი ითვალისწინებს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სათანადო პირობების გარანტირებას სხვადასხვა შეხედულებებისა და ინტერესების მქონე პირთა თანაცხოვრებისათვის. ამ კონტექსტში, შეკრების თავისუფლებას, რომელიც მჭიდრო კავშირშია გამოხატვის თავისუფლებასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუცია განსაკუთრებულად იცავს გამოხატვის ერთ-ერთ უმთავრეს ფორმას - შეკრებასა და მანიფესტაციას, როდესაც პირთა ჯგუფი ერთიანდება რაიმე იდეის, აზრისა თუ პოზიციების გამოსახატავად, რათა ადრესატამდე მიიტანონ საკუთარი შეხედულებები. გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით კი შეკრებასა და მანიფესტაციას, უდიდესი დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ისეთ ვითარებაში, როდესაც განსაკუთრებით მოწყვლადია ადამიანის ძირითადი უფლებები, რათა ხელისუფლებამ მიიღოს მკვეთრი გზავნილები საზოგადოების განწყობის და პოზიციის შესახებ... აუცილებელია, საზოგადოების იმ ნაწილის მოსმენა, მათი პოზიციის დაფიქსირება, რომლებიც არ ეთანხმებიან ხელისუფლების რომელიმე გადაწყვეტილებას თუ მართვის პოლიტიკას“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-169).
65. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ შეკრების უფლება არ არის განყენებული მოცემულობა. იგი თანაარსებობს სხვა არანაკლები დაცვის ღირსი უფლებებისა და ინტერესების პოლიფონიაში და მათთან ერთობლიობით ქმნის კონსტიტუციურ ღირებულებათა სისტემას, რომელზეც დგას დემოკრატიული საზოგადოება. შესაბამისად, როდესაც შეკრების უფლება სხვა, არანაკლები მნიშვნელობის კონსტიტუციურ ღირებულებებთან მოდის კონკურენციაში, საკითხი უნდა გადაწყდეს არა რომელიმე უფლებისა თუ ინტერესისათვის ავტომატური პრიორიტეტის მინიჭებით, არამედ ინტერესთა დაბალანსების საფუძველზე.
66. განსახილველ საქმეზე სწორედ ასეთი ღირებულებითი კონფლიქტია გადასაწყვეტი. კერძოდ, ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, მოსარჩელეთა უფლება, შეიკრიბონ და პოლიტიკური ხასიათის პროტესტი გამოხატონ მათთვის ყველაზე მისაღები ფორმით, კერძოდ, პოლიტიკოსის სახლისკენ მიზანმიმართული ხმაურის გადაჭარბებით, ხოლო, მეორე მხრივ, პროტესტის არეალში დასახლებულ ტერიტორიაზე მყოფი პირების ინტერესები, იცხოვრონ მშვიდ და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, შეუფერხებლად ისარგებლონ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით, ჰქონდეთ დასვენებისა და სხვადასხვა საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების შესაძლებლობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ორივე მხარეს მდგომი ღირებულებები ერთმნიშვნელოვნად დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე დემოკრატიულ საზოგადოებაში საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი დოკუმენტებით.
67. სახელმწიფოს მხრიდან თითოეული ადამიანის საცხოვრებლის დაცვა გარეშე პირთა ამა თუ იმ ფორმითა და საშუალებით შემოჭრისაგან, ამ სახლში მყოფი პირების სიმშვიდისა და პირადი სივრცის გარანტირება დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს. სახლი არის ადგილი, სადაც ადამიანები, მათი სტატუსის მიუხედავად, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ბრუნდებიან იმისთვის, რათა დაისვენონ, განიტვირთონ, დისტანცირდნენ გარე საზრუნავისაგან და დაიმუხტონ ახალი ენერგიით. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანებს აქვთ მოლოდინი, რომ დამოუკიდებლად თუ ოჯახის წევრებთან ერთად, დროს მშვიდ და წყნარ გარემო-პირობებში გაატარებენ. ამასთანავე, სახლში, როგორც წესი, ცხოვრობენ იმ პირის ოჯახის წევრები, ვის წინააღმდეგაც მიმართულია პროტესტი და მანიფესტაცია. სახლში შესაძლოა, იმყოფებოდნენ ბავშვები, რომლებიც თამაშობენ, მეცადინეობენ, თავიანთ თანატოლ მეზობლებთან ერთად მისდევენ სხვადასხვა სოციალურ აქტივობებს. ადამიანისათვის სახლი არ წარმოადგენს მხოლოდ ფიზიკურ თავშესაფარს. საცხოვრებლის კონცეფცია მრავალი სხვადასხვა კომპონენტისაგან შედგება და ამ კომპონენტების უმეტესობა არამატერიალური ხასიათისაა. ცხადია, საცხოვრებლის მიმდებარედ, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებით სახლში მყოფი პირისკენ მიზანმიმართული პროტესტის გამართვა, ნეგატიურ გავლენას ახდენს სახლში მყოფი ადამიანების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, არღვევს ოჯახური სიმშვიდისა და პრივატულობის განცდას, რომელიც პირს, რა სტატუსისა და პროფესიისაც არ უნდა იყოს იგი, ყველაზე მეტად საცხოვრებელ სახლში აქვს/უნდა ჰქონდეს. ადამიანს და განსაკუთრებით პოლიტიკოსს, შესაძლოა, მოუხდეს და ვალდებულიც იყოს აიტანოს კრიტიკული, არასასიამოვნო და მისთვის მიუღებელი საუბარი სხვადასხვა სივრცეში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის და მისი ოჯახი ვალდებულია, საკუთარი სახლის კედლებში გახდეს გარეშე პირთა შემაწუხებელი ქმედების მუდმივი ტყვე. პირიქით, დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში პირს, სწორედ საცხოვრებელი სახლი უნდა მიაჩნდეს ისეთ ადგილად, სადაც თავს შეაფარებს და გარკვეულწილად მაინც, განერიდება მისკენ მიმართულ აგრესიას და დისკომფორტს. ამდენად, საცხოვრებელ ადგილას პირის პირადი სივრცის დაცვა გარე ფაქტორების ზემოქმედებისაგან, მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების გარანტირება, რომ აღარაფერი ითქვას მისი ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე, სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს. შესაბამისად, შეკრება-მანიფესტაცია, რომელიც ამ ინტერესებს უქმნის საფრთხეს, აშკარაა, რომ ვერ იქნება მუდმივად პრივილეგირებულ მდგომარეობაში.
68. ზემოთ დასახელებული ინტერესების შეზღუდვის ინტენსივობას ერთიორად ზრდის შემთხვევები, როდესაც შეკრებიდან მომდინარე გადაჭარბებული ხმაური საცხოვრებელ სახლში ფიქსირდება არა მხოლოდ დღისით, არამედ ღამის საათებშიც, რასაც წინამდებარე საქმის ფარგლებში ჰქონდა ადგილი. ინტერესთა დაბალანსების კონტექსტში საყურადღებოა, აგრეთვე შეკრების უფლების შეზღუდვის დროულობა. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსის პირობებში, შეკრების კონკრეტული ფორმით შეზღუდვა არ მომხდარა მყისიერად. საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ შემაწუხებელი ხმაური დღისით და ღამით, დროის სხვადასხვა ინტერვალში მიმდინარეობდა, დაახლოებით ერთი თვის მანძილზე. თავის გადაწყვეტილებაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაჭარბებული ხმაური იყო, მოსარჩელეთა მხრიდან, წინასწარ დაგეგმილი და მიზანმიმართული, მრავალჯერადი ხასიათის ქმედება. შესაბამისად, ივარაუდება, რომ, როგორც პროტესტის ადრესატი, ისე დასახლებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საზოგადოება, გარკვეული დროის მანძილზე ითმენდა შეკრების უფლების ფარგლებში, გადაჭარბებული ხმაურისგან გამოწვეულ დისკომფორტს და პირიქით, შეკრების მონაწილეებს, გონივრული დროით, ჰქონდათ პროტესტის მათთვის ყველაზე მისაღები, მათი აზრით, ყველაზე ეფექტიანი ფორმით დაფიქსირების შესაძლებლობა. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ სადავო ნორმის საფუძველზე შეზღუდვა მიმართულია შეკრების კონკრეტული ფორმის და არა მისი შინაარსისაკენ. შესაბამისად, სადავო ნორმატიული შინაარსით შეკრების უფლების შეზღუდვის შემთხვევაში, შეკრების მონაწილეების განკარგულებაში კვლავაც რჩება კომუნიკაციისა და საკუთარი პროტესტის სამიზნე აუდიტორიამდე მიტანის ალტერნატიული საშუალებები.
69. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, კიდევ ერთხელ, უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ ისეთი შეკრება, რომელიც მიზანმიმართულია საჯარო-პოლიტიკური თანამდებობის პირის კერძო საკუთრების, მათ შორის, საცხოვრებლისაკენ და მიმდინარეობს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებით, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით. მეტიც, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში დამოუკიდებლად უნდა შეფასდეს, შესაძლოა, მსგავსი ფორმით გამოხატული შეკრებით დაცული ინტერესები პრევალირებდეს კიდეც შეზღუდულ ინტერესებზე და მოითხოვდეს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან თმენის ვალდებულების გამოჩენას. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელი მოცემულობის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეკრების უფლებით დაცული ინტერესები ვერ გადაწონის ამ უფლების განხორციელების შედეგად შეზღუდულ ინტერესებს. შეკრების ამ ფორმით გამოხატვა, მისი მასშტაბისა და ინტენსივობის მხედველობაში მიღებით, მნიშვნელოვნად იჭრება ადამიანთა უფლებებში და სცდება, საზოგადოების მხრიდან, ტოლერანტობის გამოჩენის იმ გონივრულ ზღვარს, რომლის დაცვის ვალდებულებაც მას დემოკრატიულ და პლურალისტულ სახელმწიფოში გააჩნია.
70. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, განსახილველი ღირებულებითი კონფლიქტის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით, სამართლიანად და გონივრულად მიაჩნია სადავო ნორმისთვის ისეთი შინაარსის მინიჭება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს საჯარო სივრცეში, დასახლებული ტერიტორიის მიმდებარედ გამართული, არასპონტანური და წინასწარ დაგეგმილი შეკრების ფარგლებში, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების მრავალჯერადად გადამეტებას, მათ შორის, ღამის საათებში, როდესაც ეს შეკრება მიზანმიმართულია საცხოვრებელ სახლში მყოფი პირის/პირების შეწუხებისა და ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევისაკენ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პროტესტის დროის, ადგილისა და ფორმის მხედველობაში მიღებითა და შედეგად გამოწვეული შემხვედრი უფლებების შეზღუდვის ინტენსივობის გათვალისწინებით, არ იქნება სამართლიანი, თუკი კერძო საცხოვრებელში მყოფ პირებს, მათი სტატუსის მიუხედავად, კვლავაც დაეკისრებათ, პროტესტის შედეგად, საკუთარი უფლებების შეზღუდვის თმენის გაგრძელების ვალდებულება.
71. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმისთვის მინიჭებული ნორმატიული შინაარსით დადგენილი შეზღუდვა აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის ვიწრო პროპორციულობის მოთხოვნას, იგი არ არღვევს სამართლიან ბალანსს შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის და შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაწესებულ სტანდარტებთან.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს №1511 კონსტიტუციური სარჩელი („ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი და ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
გიორგი მოდებაძე
თეიმურაზ ტუღუში