ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
| ნომერი | N2/11/1833 |
| კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე, |
| თარიღი | 25 დეკემბერი 2025 |
| გამოქვეყნების თარიღი | 25 დეკემბერი 2025 18:33 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი მოდებაძე – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 625-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელეები – ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე; მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – კახა კუკავა; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – ლევან ღავთაძე; საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები – საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი მხარდაჭერის განყოფილების უფროსი თამარ გიორგობიანი, ამავე განყოფილების სპეციალისტი დავით ტეფნაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი და საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტის საცალო საკრედიტო რისკების განყოფილების უფროსი გიორგი ცერცვაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 31 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1833) მომართეს ალექსანდრე კოხიამ და კახაბერ გოგოძემ. №1833 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2024 წლის პირველ აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის №2/19/1833 საოქმო ჩანაწერით, №1833 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. №1833 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2025 წლის 28 მაისს და ამავე წლის 11 ივნისს.
2. №1833 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. სადავო ნორმები, ერთი მხრივ, შეეხება ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გირავნობის საგნის და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მეშვეობით, გამსესხებლის/კრედიტის გამცემის უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხს, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებისთვის, ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვრის გამოთვლის წესი და, შესაბამისად, მისი დაცვის პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის (საგნების) ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით ან გირავნობითა და იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი“. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, „თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე“.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება.
6. №1833 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეებს სესხის გამცემ სხვადასხვა სუბიექტთან დადებული ჰქონდათ სესხის ხელშეკრულებები, რომელთაგან ერთ-ერთი ითვალისწინებდა შეუსაბამოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთს, ხოლო, მეორე შემთხვევაში, მოსარჩელეს, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით უზრუნველყოფილი საგნის რეალიზაციის შემდგომ, კვლავაც შეუნარჩუნდა სესხის ხელშეკრულებიდან მომდინარე დარჩენილი მოთხოვნის შესრულების ვალდებულება.
7. მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებისთვის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვარს, ემსახურება, სესხის გამცემი პირების მხრიდან, თვითნებობის აღკვეთას, თუმცა ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, კანონმდებელი აღნიშნულ შემზღუდველ წესს არ ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ კონკრეტულ სუბიექტებზე. შედეგად, ამ სუბიექტებს უფლება აქვთ, თავად დაადგინონ იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის შეუსაბამოდ მაღალი ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთები.
8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები სადავოდ ხდიან აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას. სადავო ნორმის თანახმად, კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება მაშინაც კი, თუ გირავნობის საგნისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის მოთხოვნის დასაფარად. ამავდროულად, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია, აღნიშნულისაგან განსხვავებული წესი დაუდგინოს მის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მსგავსი რეგულირების პირობებში, აღნიშნულ სუბიექტებს შესაძლებლობა ეძლევათ, მსესხებელს გაუყიდონ, მათ შორის, დაუტვირთავი ქონება მანამ, სანამ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნა ბოლომდე არ დაკმაყოფილდება.
9. №1833 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმების ამგვარი ფორმულირება ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას, ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაქვემდებარებულ სუბიექტებს, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა გამსესხებლებს/კრედიტის გამცემ პირებს შორის.
10. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, დიფერენცირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან და, შესაბამისად, შესადარებელ სუბიექტებს წარმოადგენენ არა ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირები და სხვა პოტენციური კრედიტორები, არამედ მათი კლიენტები, მომხმარებლები. კერძოდ, ერთი მხრივ, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლები, ხოლო, მეორე მხრივ, კერძო პირთა, ე. წ. „მევახშეთა“ მოვალეები.
11. შესადარებელ სუბიექტებზე მსჯელობისას, მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობისთვის, როგორც კერძო პირები, ისე ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტები წარმოადგენენ გამსესხებლებს. შესაბამისად, ორივე შემთხვევაში, საჭიროა, როგორც ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის რეგულირება, ასევე იმის გარანტირება, რომ მსესხებლისთვის ქონების ჩამორთმევა არ მოხდეს უსამართლო წესით. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო, ყველა პოტენციურ კრედიტორთან მიმართებით, თანაბრად უნდა ცდილობდეს მოწყვლადი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს ავალდებულებს, დაიცვას მსესხებლები კაბალურ ფინანსურ პირობებში მოხვედრისგან, სადავო ნორმების მოქმედება კი, პირიქით, ხელს უწყობს მსესხებლების ამგვარ პირობებში მოხვედრას.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში, ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას, რომლის აღმოსაფხვრელად, ეროვნულ ბანკს დაქვემდებარებულ სუბიექტებს, განსახილველ სამართალურთიერთობასთან მიმართებით, სხვა კერძო კრედიტორების მსგავსი შეზღუდვები უნდა დაუწესდეს.
13. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, აგრეთვე საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობაზე.
14. მოპასუხე მხარის პოზიციით, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტები და სხვა სესხის გამცემი პირები, რომლებიც არ ექვემდებარებიან ეროვნული ბანკის ზედამხედველობას, კარდინალურად განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, შესაბამისად, მათ მიმართ კანონმდებლის მიდგომაც განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მხარის მოსაზრებით, მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული შესადარებელი ჯგუფები არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის და მათ მიმართ ადგილი არ აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას.
15. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების მითითებით, საქართველოს ეროვნული ბანკი არის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში ფასების სტაბილურობასა და ფინანსური სექტორის გამართულ ფუნქციონირებაზე. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული ბანკი, მისი რეგულირების სფეროში მყოფ სუბიექტებს მკაცრ მოთხოვნებს უწესებს და, ამგვარად, აყალიბებს მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე ორიენტირებულ წესრიგს. მაგალითად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ინსტიტუტის შემოღებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს იმ რისკების დაზღვევას, რომლებიც გამოიწვევს მომხმარებლებში ჭარბვალიანობის დაგროვებას. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ისეთი პრაქტიკული და ქმედითი კონტროლის მექანიზმები, როგორებიცაა მის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტების მიმართ დამატებითი რეგულაციების დაწესება, ფინანსური სანქციები, ჯარიმა, ლიცენზიის შეჩერება და სხვა.
16. მოპასუხე მხარის განმარტებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტები რეგულირების მიღმა დარჩენილი ე. წ. „მევახშეებისაგან“ მნიშვნელოვნად განსხვავდებიან იმით, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული მოვალის განზრახ მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებით და, ამ გზით, მათი ქონების დაპატრონებით. შესაბამისად, კანონმდებელმაც იმიტომ დააწესა სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვები ე.წ. „მევახშეების“ მიმართ, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა და მოსახლეობის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩაყენება, მათ შორის, მაღალი საპროცენტო განაკვეთების მეშვეობით, სწორედ მსგავსი პირებისგან აღებულ სესხებს უკავშირდებოდა.
17. მოპასუხის მტკიცებით, სახელმწიფო, ზედამხედველობის მიღმა არ ტოვებს არც ერთ სასესხო ურთიერთობას, თუმცა შესაძლოა, განსხვავებული იყოს ზედამხედველობის მეთოდი. უფრო კონკრეტულად, კერძო გამსესხებლები, რომლებსაც არ ჰყავთ რეგულატორი, სახელმწიფომ მოაქცია ბლანკეტურ საკანონმდებლო ჩარჩოებში, რათა, მათი მხრიდან, არ მოხდეს მსესხებლის კაბალურ პირობებში ჩაყენება, ხოლო, იმ სუბიექტების რეგულირება, რომლებზეც სახელმწიფო ისედაც ახდენს კონტროლის განხორციელებას საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, მინდობილი აქვს სწორედ აღნიშნულ ორგანოს. მაშასადამე, საქართველოს ეროვნული ბანკის გავლით, სახელმწიფო ზედამხედველობს საბანკო სექტორის მიერ სესხების გაცემის პირობებს და არ ტოვებს დაუცველს იმ მომხმარებლებს, რომლებიც სესხს იღებენ ამ უკანასკნელის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტებისგან.
18. მოპასუხის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტებისთვის დადგენილი რეგულაციები და ამ სუბიექტებს შორის არსებული ჯანსაღი კონკურენცია, თავისთავად, განაპირობებს უზრუნველყოფილი სესხის ისეთ პირობებში და მხოლოდ იმ სუბიექტებზე გაცემას, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც მომხმარებელთა, ისე საბანკო სექტორისა და მეანაბრეთა ინტერესები. საბოლოოდ, ეს ყოველივე უზრუნველყოფს ქვეყანაში ფინანსურ სტაბილურობას, სესხებზე ხელმისაწვდომობას და სესხის გადაუხდელობის (და, შესაბამისად, მოვალის ქონების რეალიზაციის) შემთხვევების მაქსიმალურ შემცირებას.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე არ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ე. წ. საბანკო სექტორის მომხმარებლები, სხვა კერძო კრედიტორთა მოვალეებთან შედარებით, კაბალურ პირობებში იმყოფებიან. ამასთანავე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ, თუ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებზე გავრცელდება სადავო რეგულაციები, ზემოთ ჩამოთვლილ კერძო და საჯარო ინტერესებს სერიოზული საფრთხე შეექმნება.
20. მოპასუხე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლებრივ პრაქტიკაზე.
21. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეული საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილის პოზიციით, კომერციული ბანკის მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის/კრედიტის შემთხვევაში, გირავნობისა და იპოთეკის საგნით მოთხოვნის უზრუნველყოფა წარმოადგენს დაზღვევისა და საკრედიტო დისციპლინის მექანიზმს და არა სესხის გადახდის ძირითად საშუალებას. ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ისეა აგებული, რომ იგი ორიენტირებულია მსესხებლის შემოსავლის შესწავლაზე. სესხის გაცემამდე, დოკუმენტალურად უნდა დადასტურდეს, რომ მსესხებელს აქვს საკმარისი და სტაბილური შემოსავალი, რომლის საფუძველზეც, დაბრკოლების გარეშე შეძლებს სასესხო ვალდებულების შესრულებას. ეს ყოველივე მაქსიმალურად გამორიცხავს ისეთი შემთხვევების დადგომის ალბათობას, როდესაც წარმოიშობა უზრუნველყოფილი საგნის რეალიზაციის საჭიროება. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის განმარტებით, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საბანკო სექტორიდან აღებული იპოთეკური სესხების მხოლოდ 1 პროცენტი არის ისეთი, რომელზეც მსესხებლებს სესხის გადახდაზე აქვთ მნიშვნელოვანი ვადაგადაცილება.
22. აღნიშნულის მიუხედავად, არსებობს იშვიათი შემთხვევები, როდესაც კლიენტი ვერ იხდის სესხის თანხას და ბანკი იძულებულია, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს გირავნობითა და იპოთეკით დატვირთული საგნის რეალიზაციით. მსგავს სიტუაციაში, თუ ბანკს არ ექნება უფლება, მისი მოთხოვნები მიმართოს მსესხებლის სხვა აქტივებზე და, ამავდროულად, აღმოჩნდება, რომ გირავნობის/იპოთეკის საგნის რეალიზაცია ვერ ფარავს სესხის თანხას, ბანკს ექნება დანაკარგი. შედეგად, ბანკი და მის უკან მდგომი მეანაბრეები აღმოჩნდებიან დაუცველ მდგომარეობაში. აღნიშნული რისკების არსებობა განაპირობებს დღევანდელ საკანონმდებლო მოწესრიგებას, რომლის თანახმად, სტრატეგიული დეფოლტის ან სხვა შემთხვევაში, ბანკს აქვს უფლება, საკუთარი მოთხოვნა მიმართოს არა მხოლოდ გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე, არამედ მსესხებლის სხვა შემოსავალსა თუ აქტივებზეც.
23. აღნიშნულის პარალელურად, გასათვალისწინებელია, რომ, ამ მიმართულებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრად აკონტროლებს მისი რეგულირების ქვეშ მყოფ სუბიექტებს. კერძოდ, ეროვნული ბანკი აწარმოებს ყოველთვიურ ანგარიშგებას, რომლის ფარგლებშიც, კომერციული ბანკები ეროვნულ ბანკს თითოეულ სესხზე უგზავნიან ამომწურავ ინფორმაციას. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი, ეჭვის საფუძველზე ან მის გარეშეც, შერჩევითობის პრინციპით, რეგულარულად ამოწმებს ინფორმაციას სესხის შესახებ. ეროვნულ ბანკს, აგრეთვე ჰყავს მომხმარებლის უფლებების დაცვის ჯგუფი, რომელიც რეგულარულად აკონტროლებს ბანკის მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ საპროცენტო განაკვეთებს. ეროვნული ბანკი აკონტროლებს იმასაც, რომ საბანკო სექტორში რეგულირებადმა სუბიექტმა არ შექმნას რაიმე მანიპულაციური პროდუქტი, რომელიც გამოიწვევს მომხმარებელთა მძიმე პირობებში ჩაყენებას და მათ ჭარბვალიანობას.
24. საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის განცხადებით, თუ ბანკს არ ექნება შესაძლებლობა, რომ მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მსესხებლის სხვა აქტივებიდან, მაშინ იგი, მეანაბრეების დაცვის მოტივით, იძულებული გახდება, სესხად გასცეს არა, მაგალითად, იპოთეკით დასატვირთი ბინის ღირებულების 90 პროცენტი, რაც ამ მოცემულობით შესაძლებელია, არამედ მხოლოდ 50 პროცენტი. ამ შემთხვევაში, კლიენტს დაევალება დარჩენილი 50 პროცენტისთვის თანხა თავად მოიძიოს ან იპოთეკით დატვირთოს სხვა უძრავი ქონება, ამის საშუალება კი მსესხებლების უმეტეს ნაწილს არ გააჩნია. შესაბამისად, მოხდება ნაკლები სესხის გაცემა, ბანკი კი მეტად ორიენტირდება უზრუნველყოფილ ქონებაზე. შედეგად, ფინანსური სისტემა თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს − ვერ მოიზიდავს ანაბრებს და ვერ გასცემს ხელმისაწვდომ სესხებს. ამასთანავე, თუ ბანკი შეამცირებს ხელმისაწვდომი სესხების გაცემას, მომხმარებლები კვლავ კერძო „მევახშეებს“ მიმართავენ სესხის ასაღებად, სადაც მათ დახვდებათ კაბალური, გაუმჭვირვალე პირობები. შედეგად, ქვეყანაში ისევ გაიზრდება ჭარბვალიანობა. ამიტომაც, უფრო მეტად გონივრული და დაბალანსებულია არსებული მოწესრიგება, რომელიც, ერთი მხრივ, იცავს მომხმარებელთა უფლებებს, სამართლიანი პირობებით აძლევს მათ უზრუნველყოფილი სესხის აღების მარტივ შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, იცავს ბანკისა და მეანაბრეების ინტერესებს იმ რისკებისაგან, რომლებიც შესაძლოა, იშვიათ შემთხვევაში, მაინც წარმოიშვას.
25. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის განმარტებით, არსებული მოწესრიგების პირობებში, ფიზიკურ პირს აქვს არჩევანი, აიღოს სესხი ბანკისგან ან ისესხოს ფული არარეგულირებად ბაზარზე. ბანკის არჩევის შემთხვევაში, პირი არის უფრო დაცული, ვინაიდან საქმეს იჭერს რეგულირებად სუბიექტთან, გამჭვირვალე პირობებით. ბანკი მას აძლევს სესხს მხოლოდ მისი ფინანსური მდგომარეობისა და შემოსავლების შესწავლის შედეგად. ამასთანავე, ბანკი გასცემს სესხის შედარებით უფრო დიდ ოდენობას, გაცილებით დაბალი პროცენტით, რაც განპირობებულია სწორედ იმით, რომ სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, ბანკი მეტადაა დაცული. გარდა ამისა, ფორმალურ ბაზარზე, სადაც მოქმედებენ რეგულირებადი სუბიექტები, მუშაობს კონკურენციის პრინციპებიც. ცხადია, სადავო ნორმის საფუძველზე, ბანკისგან აღებული სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირი უფრო მძიმე პირობებში აღმოჩნდება, თუმცა ამ მოცემულობას აბალანსებს ის, რომ თავად სესხის გადახდისუუნარობამდე მისვლის შანსი გაცილებით ნაკლებია. წარმომადგენლის მოსაზრებით, განსახილველი საკითხის ამგვარად მოწესრიგების ერთ-ერთ მთავარ მიზანს, სწორედ მომხმარებლის რეგულირებად, განჭვრეტად ბაზარზე გადასვლა წარმოადგენდა, რადგან ქვეყანაში ჭარბვალიანობის წარმოშობა, დიდწილად, სწორედ დაურეგულირებელი სუბიექტებისგან სესხების ხშირი აღებით იყო განპირობებული.
26. №1833 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, ა(ა)იპ „საქართველოს საბანკო ასოციაციამ“, „სს თიბისი ბანკმა“ და სანდრო-გიორგი სარუხანიშვილმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 214 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოუდგინეს სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებები.
27. ა(ა)იპ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ განმარტებით, არ შეიძლება, არსებითად თანასწორ პირებად განიხილებოდეს, ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული სუბიექტი და, მეორე მხრივ, ნებისმიერი სხვა სესხის გამცემი პირი, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტებისთვის კანონმდებლობა და თავად ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციები განსაზღვრავს სამართლებრივად აბსოლუტურად განსხვავებულ ჩარჩოს, ამ სუბიექტებს აქვთ განსხვავებული პასუხისმგებლობა, ბაზარზე ზემოქმედების მასშტაბი და განსხვავებული როლი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში. საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტები ფუნქციონირებენ თვისობრივად განსხვავებულ სამართლებრივ გარემოში, ატარებენ სისტემურ სტაბილურობაზე ორიენტირებულ საჯარო ტვირთს და ემორჩილებიან საგრძნობლად მაღალ საბაზრო და ადმინისტრაციულ სტანდარტებს. რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტების მიღმა დატოვებულ პირებთან მიმართებით კი, კანონმდებლობა განსაზღვრავს მხოლოდ ფიზიკურ პირებზე გირავნობით და იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის ფარგლებში, კრედიტორის დაკმაყოფილების ფარგლებს და არ განსაზღვრავს დაკრედიტების პროცესში სუბიექტთა ვალდებულებებს, მათ შორის, არ ადგენს გამსესხებელი პირისათვის მსესხებლის გადახდისუნარიანობის და შემოსავლების შეფასების ვალდებულებას ან/და მხარის თავისუფალი ნების საფუძველზე, აღნიშნული პირობების მოდიფიცირების შესაძლებლობას.
28. სასამართლოს მეგობარი მიიჩნევს, რომ დასახელებული გარემოებების მხედველობაში მიუღებლად, რეგულირებადი სუბიექტის მიერ შეთავაზებული პროდუქტისა და არარეგულირებადი (ან ნაკლებად რეგულირებადი) სუბიექტის მიერ შეთავაზებული პროდუქტების ფასის/პირობის თანასწორობაზე საუბარი არ არის გონივრული და აცდენილია ბაზრის სამართლიანობის პრინციპს.
29. „სს თიბისი ბანკი“ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მიუთითებს, რომ ფიზიკურ პირზე სესხის/კრედიტის გამცემი საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტები, რომელთა მიმართ დაწესებულია უამრავი რეგულატორული ფილტრი და ყველა სხვა სესხის გამცემი პირი, რომელიც არ ექვემდებარება რეგულატორის ზედამხედველობას, არ წარმოადგენს არსებითად თანასწორ სუბიექტს სასესხო ურთიერთობებში. შესადარებელი პირების არსებითად თანასწორ სუბიექტებად მიჩნევის შემთხვევაში კი, საბანკო სექტორის მიმართ, სადავო ნორმებით დაწესებული გამონაკლისები გამართლებულია, შეესაბამება ევროკავშირის, საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობას და ემსახურება მნიშვნელოვან საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს.
30. საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტების მნიშვნელობისა და ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ქვეყანაში ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და ეფექტურობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არსებობდეს იმ ტიპის გამონაკლისები, რომლებიც სადავო ნორმებით არის დადგენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებითად გართულდება დაკრედიტების პროცესი, შეირყევა ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გაძვირდება კრედიტის საპროცენტო განაკვეთი, დაზარალდება მეწარმეობა, ვაჭრობა, საბაზრო ეკონომიკა, მომხმარებლისათვის გართულდება კრედიტით სარგებლობა, გაიზრდება ყოველთვიური გადასახადი და ქვეყანაში ჭარბვალიანობის დაგროვების რისკი. საფინანსო სექტორი უზრუნველყოფილი სესხის გაცემისას, მსესხებლის შემოსავლის შესწავლის ნაცვლად, ორიენტირდება უზრუნველყოფილი საგნის ღირებულებაზე. შესაბამისად, მსესხებელი იძულებული იქნება, წარმოადგინოს საკმარისი ღირებულების უზრუნველყოფა, რაც გაართულებს სესხის გაცემის პროცესს.
31. სასამართლოს მეგობრის პოზიციით, განვითარებულ ქვეყნებში ბანკები რეგულირდება არა სესხების ფასით, არამედ მომხმარებელთა უფლებების დაცვის, გამჭვირვალობის, კონკურენციის და სისტემური რისკების კონტროლის მექანიზმებით. საპროცენტო განაკვეთებზე ხელოვნური ზღვრის დაწესება მნიშვნელოვნად დააბრკოლებს ბანკებს, როგორც მონეტარული პოლიტიკის ტრანსმისიის მექანიზმს, შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სადეპოზიტო-საკრედიტო შუამავლის ფუნქცია. იგი, ასევე შეამცირებს ეროვნული ბანკის შესაძლებლობას, ეფექტიანად მართოს ქვეყანაში ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, განსაკუთრებით, კრიზისულ პერიოდებში. ხისტი საპროცენტო ზღვრების დაწესება ხელს შეუშლის ბანკებს, განახორციელოს რისკის სწორი შეფასება და ფასწარმოქმნა. მსგავსი მიდგომა უარყოფითად აისახება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზეც. კერძოდ, საბანკო სექტორი იძულებული იქნება, გამოიყენოს არასაპროცენტო კრიტერიუმები (მაგ., უფრო მაღალი საკომისიოები, უფრო მკაცრი უზრუნველყოფის მოთხოვნები) კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად. ყველაფერი ეს, საბოლოოდ, დააზარალებს მომხმარებელს და ქვეყნის ეკონომიკას.
32. სანდრო-გიორგი სარუხანიშვილმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარმოადგინა სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილთან მიმართებით, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
33. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტები, ფიზიკურ პირებზე უზრუნველყოფილი სესხის გაცემისას, უძრავ ქონებას, რომელიც უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენს, აფასებენ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად. ამ ფორმით, ერთი მხრივ, დაცულია ფიზიკური პირი, რადგან მისთვის არ ხდება ისეთი კრედიტის მიცემა, რომელსაც უზრუნველყოფის საგანი ვერ მოემსახურება, ხოლო, მეორე მხრივ, გათვალისწინებულია თავად კომერციული ბანკის ინტერესი, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა უზრუნველყოფილი საგნის რეალიზებით, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ვერ შეძლებს სესხის გადახდას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, სადავო ნორმით დადგენილი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ ინსტიტუტებს უფლება აქვთ, უზრუნველყოფის ობიექტის რეალიზაციის შედეგად მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მსესხებელს მოსთხოვონ სხვა ქონების რეალიზაცია, ფორმალურ ხასიათს ატარებს, რის გამოც, ამგვარი დიფერენცირების დამდგენი მექანიზმის არსებობის საჭიროება საერთოდ არ არსებობს. შესაბამისად, სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი მექანიზმი, რეალურად, არ ემსახურება მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ან სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. სადავო ნორმების შინაარსი და შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება
1. განსახილველი საქმის ფარგლებში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 625-ე მუხლის მე-4 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის (საგნების) ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით ან გირავნობითა და იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი“. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე“. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ „იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან“.
3. ამდენად, სადავო ნორმები არეგულირებს უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისა და უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით, გამსესხებლის/კრედიტის გამცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების გარკვეულ წესებსა და პირობებს, ისევე, როგორც ამ წესების კონკრეტულ სუბიექტებზე გავრცელების/არგავრცელების საკითხებს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, განსახილველი საქმის ფარგლებში, დისკრიმინაციულ მოპყრობას წარმოშობს ის გარემოება, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, კანონმდებლის მიერ კერძო გამსესხებლების მიმართ ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთთან და უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან გამომდინარე, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სუბიექტებზე. კერძოდ, მათზე არ ვრცელდება მაქსიმალური ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის დამდგენი წესი და უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის მიღმა, მოვალის სხვა აქტივებზე მოთხოვნის მიქცევის დაუშვებლობასთან დაკავშირებული შეზღუდვა.
4. ამავდროულად, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარის მიერ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, სადავო ნორმების არსებული მოწესრიგების პირობებში, დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილი აქვს და, შესაბამისად, შესადარებელ სუბიექტებს წარმოადგენენ არა ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული პირები და სხვა კერძო კრედიტორები, არამედ მათი კლიენტები, მსესხებლები. კერძოდ, ერთი მხრივ, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლები, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა კერძო გამსესხებელთა მოვალეები.
5. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ რეალურად, არსებული მოწესრიგების ფარგლებში, ბანკისა და ლომბარდის კლიენტებთან შედარებით, სხვა კერძო გამსესხებელთა მოვალეები, უფრო მეტად არიან დაცულები, ვინაიდან მათზე ვრცელდება სადავო ნორმებით დაწესებული სამართლიანი რეგულაციები, ხოლო, ბანკის მომხმარებლებზე − არა, რის გამოც, ისინი იმყოფებიან „კაბალურ პირობებში“, „პირდაპირ ძარცვის ქვეშ“.
6. ამდენად, წინამდებარე დავის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა განმარტოს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების დაცული სფერო და შეაფასოს, რამდენად იწვევს სადავო ნორმები ამ უფლების შეზღუდვას, შესადარებელ პირებთან მიმართებით. თანასწორობის უფლების შეზღუდვის ფაქტის დადგენის შემთხვევაში კი, იმსჯელოს მის კონსტიტუციურობაზე.
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო
7. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, ხდება არსებითად თანასწორ პირებს შორის უთანასწორო მოპყრობა.
8. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული უფლება, ყველა ადამიანს აღიარებს სამართლის წინაშე თანასწორად და კრძალავს დისკრიმინაციას „რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, თანასწორობის კონსტიტუციური უფლების მიზანს არ წარმოადგენს პირთა აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა ან/და მათი ხელოვნური გათანაბრება. „თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). თანასწორობის უფლების ეს ასპექტი „საკუთარ თავში მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ადამიანების მიმართ თანაბარი მოპყრობა. ამ უკანასკნელის ფუნქცია კი შედარებადი პირების მიმართ ერთნაირი მოთხოვნების დაწესებაში, თანაბარი შესაძლებლობების შექმნის ვალდებულებაში გამოიხატება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
10. მაშასადამე, სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის ზოგადი დატვირთვა ვლინდება სახელმწიფოს დავალდებულებაში, „არ განასხვაოს ადამიანები ერთმანეთისგან და ფორმალურად არ დაუდგინოს განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი, არ დააკისროს მათ განსხვავებული, არათანაბარი სამართლებრივი ტვირთი. შესაბამისად, თანასწორობის უფლების ამ ასპექტის შელახვას ადგილი ექნება მაშინ, როდესაც სახეზეა არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
11. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონის ყველას მიმართ თანაბრად გამოყენება ყოველთვის არ მეტყველებს მის სამართლიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-65). მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალური რეგულაცია ადგენს იდენტურ უფლებრივ რეჟიმს ყველასათვის, სამართლის ნორმა, მისი ზოგიერთი ადრესატისათვის, შესაძლოა, ფაქტობრივად, ქმნიდეს გაცილებით მძიმე ტვირთს, სხვა პირებთან შედარებით. „სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების არსი მნიშვნელოვნად დაკნინდება, თუ სახელმწიფოს მიეცემა შესაძლებლობა, ნეიტრალური, თვითმიზნური მოთხოვნების დადგენით, გამოიწვიოს, ამა თუ იმ ნიშნით, პირთა არაპირდაპირი დისკრიმინაცია. სხვადასხვა ურთიერთობათა მოწესრიგებისას, სახელმწიფო ხშირად დგას გარკვეული ნორმატიული მოთხოვნების, კრიტერიუმების გაწერის აუცილებლობის წინაშე, რომლებიც ნეიტრალური ხასიათის მიუხედავად, შესაძლოა, იწვევდეს პირთა განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩენას. კონსტიტუციის მე-11 მუხლის ერთადერთ ამოცანას არ წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების მიმართ ფორმალურად თანაბარი მოპყრობის დადგენა. ხსენებული უფლება მიზნად ისახავს თანასწორობის პრაქტიკული რეალიზაციის შესაძლებლობის შექმნას. ამდენად, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, დისკრიმინაციას წარმოადგენდეს ფორმით ნეიტრალური მოპყრობა, როდესაც პრაქტიკული მოქმედებით იგი დისკრიმინაციულ შედეგს აყენებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
12. აქვე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ არაპირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვას, პირდაპირისგან განსხვავებით, არ გააჩნია თანასწორობის უნივერსალური ნორმა-პრინციპის ხასიათი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ თანასწორობის უფლების დატვირთვა არ გულისხმობს პირთა ხელოვნური, მექანიკური გათანაბრებისთვის ნიადაგის შექმნას. აღნიშნულის გათვალისწინებით, „არაპირდაპირ დისკრიმინაციას შეიძლება ადგილი ჰქონდეს, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, თანასწორობის კონსტიტუციური უფლებისათვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი ნიშნით დიფერენცირებისას. თანასწორობის უფლების შეზღუდვა შესაძლოა გამოიწვიოს იმგვარმა ნეიტრალურმა ნორმამ/რეგულაციამ, რომელიც განსხვავებულ შედეგებში ტრანსფორმირდება მყარად იდენტიფიცირებადი ნიშნის ქვეშ გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფის მიმართ. ამასთან, კონკრეტული ჯგუფის შესადარებელ სუბიექტად მიჩნევისთვის, არაპირდაპირი დისკრიმინაციის დასასაბუთებლად ვერ გამოდგება, ცვლადი ფაქტობრივი გარემოებების გავლენით ჩამოყალიბებულ პირთა განსხვავებულ მდგომარეობაზე მითითება. მსგავსი დაცვა შესაძლოა შეეხოს მხოლოდ იმ ჯგუფებს, რომლებიც მკვეთრად გამოყოფილი, პიროვნებასთან მყარად დაკავშირებული ნიშნის ქვეშ ერთიანდებიან და მათი განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩენა, კონკრეტული ჯგუფის მიმართ კუთვნილება, არ წარმოადგენს ცვლადი ფაქტობრივი გარემოებებისა თუ პირთა მიერ გაკეთებული სხვადასხვა პერსონალური არჩევანის გამო ჩამოყალიბებულ მოცემულობას. სწორედ ამგვარი ჯგუფების მიმართ უარყოფითი შედეგების გამომწვევი ნორმა შესაძლოა ქმნიდეს, არაპირდაპირი დისკრიმინაციის მოტივით, მისი არაკონსტიტუციურად მიჩნევის საფუძველს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
13. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, როდესაც საუბარია არსებითად თანასწორ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობაზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, შეფასებას ექვემდებარება ორი განსხვავებული შემთხვევა: ა) სახელმწიფო არსებითად თანასწორ პირებს, ნებისმიერი ნიშნის საფუძველზე, ეპყრობა განსხვავებულად; ბ) სახელმწიფოს მიერ დადგენილი, ფორმალურად თანასწორი მოპყრობა ფაქტობრივად იწვევს პირთან მყარად დაკავშირებული, კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი ნიშნით იდენტიფიცირებადი რომელიმე ჯგუფის (არაპირდაპირ) დიფერენცირებას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
14. შესაბამისად, კონსტიტუციური დავის გადაწყვეტის შემდგომ ეტაპზე, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, რამდენად იწვევს სადავო ნორმების მოქმედება მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ შესადარებელ პირებს შორის პირდაპირ ან არაპირდაპირ დიფერენცირებას.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში ჩარევა
15. პირველ რიგში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, სადავო ნორმების საფუძველზე, აქვს თუ არა ადგილი პირდაპირ დიფერენცირებას მოსარჩელეების მიერ დასახელებულ შესადარებელ სუბიექტებს შორის. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარის განმარტებით, განსახილველი საქმის ფარგლებში, შესადარებელ პირებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტების მოვალეები (ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომხმარებლები), ხოლო, მეორე მხრივ, სხვა კერძო კრედიტორების მოვალეები.
16. პირდაპირი დიფერენცირება არის ისეთი შემთხვევა, როდესაც სადავო ნორმატიული აქტი გამოყოფს თანასწორი პირებიდან რომელიმე ჯგუფს და მათ აყენებს განსხვავებულ მდგომარეობაში. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, უნდა შეფასდეს, ადგენს თუ არა სადავო ნორმები პირთა მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, მათ კუთვნილებასთან დაკავშირებული რაიმე ნიშნით.
17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი არეგულირებს მოგირავნის დაკმაყოფილების სპეციფიკურ შემთხვევას. ამასთანავე, სადავო ნორმა განასხვავებს ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოგირავნის უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების წესს იმისდა მიხედვით, გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არის თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი. კერძოდ, სადავო ნორმის თანახმად, თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის (საგნების) ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა, საკმარისი არ არის გირავნობით ან გირავნობითა და იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. აღნიშნული ბლანკეტური შეზღუდვისაგან განსხვავებით, სადავო ნორმა საქართველოს ეროვნულ ბანკს ანიჭებს უფლებამოსილებას, მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს განსხვავებული ან/და დამატებითი წესი.
18. ანალოგიურად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილიც, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრასთან მიმართებით, აწესებს განსხვავებულ რეჟიმს სხვადასხვა ტიპის გამსესხებლებისათვის. კერძოდ, ზოგადი წესის თანახმად, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმის თანახმად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის აღნიშნული პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის მიერ დადებული სესხის ხელშეკრულებებზე.
19. სადავო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მათი რეგულირება მიემართება არა მომხმარებლებს, არამედ სესხის/კრედიტის გამცემ პირებს და სწორედ მათ მიმართ ადგენს განსხვავებულ მიდგომას, ხოლო, პოტენციური მომხმარებლების, სესხის ამღები პირების მიმართ, რომლებიც მოსარჩელე მხარემ შესადარებელ სუბიექტებად დაასახელა, სადავო ნორმები ნეიტრალური ხასიათისაა. ისინი არ უდგენს მსესხებლებს განსხვავებულ სამართლებრივ წესრიგს მათ კუთვნილებასთან დაკავშირებული რაიმე ნიშნის მიხედვით. განსხვავებულ სამართლებრივ მოწესრიგებას მოვალეები ექვემდებარებიან საკუთარი არჩევანის შემდგომ და მის შესაბამისად. ნებისმიერ პირს, რომელსაც სურს სესხის აღება, შეუძლია, თავად გადაწყვიტოს კრედიტორთა ორი განსხვავებული კატეგორიიდან, რომელთან დაამყარებს სამართლებრივ ურთიერთობას და, შესაბამისად, რა პირობებს დაექვემდებარება.
20. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფებიან ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტებისა და სხვა კერძო კრედიტორთა მოვალეები, თუმცა არ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ რეალურად, სადავო ნორმები არანაირ ბარიერს არ უდგენს ამა თუ იმ მოვალეს, თავად აირჩიოს მისთვის სასურველი კრედიტორის ტიპი და კანონით მასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო პირობების სამართლებრივი გადაწყვეტა. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სესხის გამცემი კერძო პირების მოვალეებთან შედარებით, ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მომხმარებლები იმყოფებიან უარეს მდგომარეობაში, თუმცა არ დაუსახელებია სადავო ნორმებიდან მომდინარე რაიმე საკანონმდებლო ბარიერი, რომელიც ამა თუ იმ ნიშნით გამოკვეთილ პირთა ჯგუფს, შეუზღუდავდა კერძო პირებისაგან სესხის აღების შესაძლებლობას, სადაც, მოსარჩელის აზრით, უკეთესი და უფრო სამართლიანი პირობებია დადგენილი.
21. არსებული მოწესრიგების ფარგლებში, პირს შეუძლია, სესხი აიღოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული კონკრეტული სუბიექტებისგან, რომელთა „ორგანიზაციული ხასიათი, ადამიანური, მატერიალური თუ სხვაგვარი რესურსის სიმრავლე, ეროვნული ბანკის ზედამხედველობასთან ერთად, არის იმის გარანტია, რომ, ერთი მხრივ, სათანადოდ მოხდება პირის გადახდისუნარიანობის შესწავლა და სესხის გაცემასთან დაკავშირებული კომპლექსური საკითხების სათანადო ანალიზი, ხოლო, მეორე მხრივ, დაინტერესებული პირისთვის სესხთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის სრულყოფილად და კეთილსინდისიერად მიწოდება“ (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის №1/4/1380 გადაწყვეტილება საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40). ამ შემთხვევაში, სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრა არ იქნება დამოკიდებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ პირობაზე და, ამავდროულად, თუ პირი საბოლოოდ ვერ შეძლებს სესხის გადახდას, შესაბამის სუბიექტს შეეძლება, საკუთარი მოთხოვნა მიმართოს უზრუნველყოფილი ქონების მიღმა არსებულ მსესხებლის ქონებასა თუ შემოსავალზე. მეორე მხრივ, პირს შეუძლია, უზრუნველყოფილი სესხი აიღოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობაში არმყოფი და სახელმწიფოსაგან სკრუპულოზურ რეგულირებას დაუქვემდებარებელი სუბიექტებისაგან, სადაც მას დახვდება შედარებით გაუმჭვირვალე პირობები, თუმცა, ამ შემთხვევაში, სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრა მოხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესის მიხედვით, ხოლო, პირის მიერ სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გამსესხებელი/კრედიტის გამცემი ვერ შეძლებს საკუთარი მოთხოვნის ფარგლების გავრცელებას მსესხებლის უზრუნველყოფის საგნის მიღმა არსებულ ქონებასა თუ შემოსავალზე.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი უფლებრივი რეჟიმი ნეიტრალურია მსესხებელ პირთა ნებისმიერი წრის მიმართ და არ იწვევს მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებულ პირებს შორის პირდაპირ დიფერენცირებას, მათი რაიმე კუთვნილების ნიშნით.
23. როგორც უკვე აღინიშნა, სამართლის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური უფლება შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში, ასევე დაარღვიოს ფორმით ნეიტრალურმა ნორმამ, თუ იგი არაპირდაპირ ახდენს პირთა დიფერენცირებას კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი ნიშნით. ამ მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, სადავო ნორმების პრაქტიკული რეალიზაცია ხომ არ იწვევს, რომელიმე მყარი ნიშნით გამორჩეული ჯგუფისთვის, რეალურად განსხვავებულ შედეგებს.
24. იმავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონკრეტული ჯგუფის შესადარებელ სუბიექტად მიჩნევისთვის, არაპირდაპირი დისკრიმინაციის დასასაბუთებლად ვერ გამოდგება, ცვლადი ფაქტობრივი გარემოებების გავლენით ჩამოყალიბებულ პირთა განსხვავებულ მდგომარეობაზე მითითება. მსგავსი დაცვა შესაძლოა შეეხოს მხოლოდ იმ ჯგუფებს, რომლებიც მკვეთრად გამოყოფილი, პიროვნებასთან მყარად დაკავშირებული ნიშნის ქვეშ ერთიანდებიან და მათი განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩენა, კონკრეტული ჯგუფის მიმართ კუთვნილება, არ წარმოადგენს ცვლადი ფაქტობრივი გარემოებებისა თუ პირთა მიერ გაკეთებული სხვადასხვა პერსონალური არჩევანის გამო ჩამოყალიბებულ მოცემულობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
25. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, ისევე, როგორც საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას, არ გამოკვეთილა, რომ ფორმით ნეიტრალური სადავო ნორმები, მსესხებელ პირთა მკვეთრად გამოყოფილი რომელიმე ნიშნის ქვეშ გაერთიანებულ კატეგორიას აყენებს შედეგობრივად უარეს მდგომარეობაში. მაგალითად, აიძულებს უზრუნველყოფილი სესხი/კრედიტი აიღოს არა კერძო კრედიტორებისაგან, სადაც, მოსარჩელე მხარის პოზიციით, უფრო სამართლიანი პირობებია, არამედ ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მყოფი სუბიექტებისაგან და ამით დაექვემდებაროს, როგორც მოსარჩელეები მიიჩნევენ, უსამართლო და კაბალურ პირობებს. თავისთავად, ის ფაქტი, რომ მსესხებლის მიერ კრედიტორის არჩევის შედეგად, სესხთან დაკავშირებული ცალკეული პირობები განსხვავებულია, არ იძლევა იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ მსესხებელ პირთა რომელიმე ჯგუფის მიმართ სადავო ნორმები ადგენს არაპირდაპირ დიფერენცირებას. როგორც უკვე აღინიშნა, კონკრეტული ჯგუფის შესადარებელ სუბიექტად მიჩნევისთვის, არაპირდაპირი დისკრიმინაციის დასასაბუთებლად ვერ გამოდგება, ცვლადი ფაქტობრივი გარემოებების გავლენით ან თავად პირთა მიერ გაკეთებული სხვადასხვა პერსონალური არჩევანის გამო, პირთა განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩენა.
26. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკმარისი წინაპირობები იმის დასადგენად, რომ სადავო ნორმის მოქმედება პირთა რაიმე მყარი ნიშნით გამოყოფილ კატეგორიას, ჯგუფს, ფაქტობრივად, აყენებს განსხვავებულ მდგომარეობაში სხვა თანასწორ პირებთან მიმართებით. შედეგად, სადავო ნორმების საფუძველზე, ადგილი არ აქვს პირთა არაპირდაპირ დიფერენცირებას.
27. ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, სადავო ნორმები არ იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას და, შედეგად, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ხსენებულ დანაწესს.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1833 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს №1833 კონსტიტუციური სარჩელი („ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
გიორგი მოდებაძე
თეიმურაზ ტუღუში