გივი კაპანაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
| ნომერი | N2/10/1317 |
| კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე, |
| თარიღი | 25 დეკემბერი 2025 |
| გამოქვეყნების თარიღი | 25 დეკემბერი 2025 18:14 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი მოდებაძე – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: გივი კაპანაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელის, გივი კაპანაძის წარმომადგენელი – თამარ სამხარაძე; მოპასუხის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენლები – ბექა პატარაია, ვერა ბაზიარი და ირმა გელაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 15 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1317) მომართა გივი კაპანაძემ. №1317 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 21 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/8/1317 საოქმო ჩანაწერით, №1317 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. №1317 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 19 სექტემბერს.
2. №1317 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. „„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის/შვებულების ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე/საჯარო მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი, ხოლო ამავე წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და შესაბამისად ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო, ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას, ხოლო 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია შრომის თავისუფლება.
5. №1317 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე გივი კაპანაძემ 2014 წლის 11 აპრილს, მეორე შვილის შეძენის შემდგომ, მიმართა დამსაქმებელს ბავშვის მოვლის გამო შვებულების მოთხოვნით, რაზეც მიიღო ზეპირსიტყვიერი უარი. სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული სამსახურის 2014 წლის 13 ოქტომბრის №04/83180 წერილით, მოსარჩელეს უარი ეთქვა, აგრეთვე ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებაზე. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ აღნიშნული საქმით დაინტერესების შემდგომ, დამსაქმებელმა მოსარჩელის მოთხოვნა, ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ დამსაქმებლის თანხმობა იყო მისივე კეთილი ნების გამოვლენის შედეგი, ხოლო კანონმდებლობა არ ანიჭებს ბიოლოგიურ მამას ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის უფლებას.
6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები, რომლებიც აწესრიგებს საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე ბავშვის მოვლის გამო შვებულების გაცემის წესს, დისკრიმინაციული ხასიათისაა და ამგვარი შვებულების მიმღებ პირთა წრიდან ავტომატურად გამორიცხავს ბიოლოგიურ მამებს, გარდა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამონაკლისი შემთხვევისა, რამდენადაც საავადმყოფო ფურცელი – მშობიარობის დამადასტურებელი დოკუმენტი – გაიცემა მხოლოდ ქალზე. თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით მოსარჩელე მხარე გამოყოფს ორ შემთხვევას. იგი, ერთი მხრივ, ასაბუთებს განსხვავებულ მოპყრობას სქესის ნიშნით და მიუთითებს, რომ მხოლოდ ქალებს ეძლევათ ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს დიფერენცირებულ მოპყრობას მშობლის სტატუსიდან გამომდინარე, კერძოდ, ბიოლოგიური მამა ვერ სარგებლობს ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით მაშინ, როდესაც ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში, მშვილებელ მამას აქვს ამგვარი შვებულებით სარგებლობის უფლება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც, საავადმყოფო ფურცლისაგან განსხვავებით, სქესის ნიშნით, ნეიტრალურია. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ორივე შესადარებელ კატეგორიასთან მიმართებით, პრობლემურია როგორც ბავშვის მოვლის გამო შვებულების მატერიალური უფლებით სარგებლობის, ისე შვებულების განსაზღვრული ნაწილის ანაზღაურების უფლების შეზღუდვა.
7. მოსარჩელე მხარის მითითებით, როგორც ბიოლოგიური მშობლები, ისე მშვილებლები განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, კერძოდ, ბავშვის მოვლის ეტაპზე ნაკისრი ვალდებულებებისა და უფლებების თვალსაზრისით, არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან. ამასთანავე, თითოეულ მათგანს გააჩნია თანაბარი ინტერესი, სრულად იყოს ჩართული ბავშვის აღზრდის პროცესში და ზრუნავდეს მასზე. მოსარჩელის განმარტებით, უფლებაში ჩარევის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, ნორმის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებით. გარდა ამისა, პირველ შესადარებელ ჯგუფთან მიმართებით, დიფერენცირება ხორციელდება კლასიკური – სქესის ნიშნით. მოსარჩელის მტკიცებით, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რაც გაამართლებდა ამგვარ დიფერენცირებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას.
8. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ბავშვის მოვლის გამო შვებულება შრომის თავისუფლებით დაცული უფლებრივი კომპონენტია. კონსტიტუციით განმტკიცებული უფლება შრომის სამართლიან ანაზღაურებაზე, მიემართება, მათ შორის, პირის უფლებას, ისარგებლოს ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით. შესაბამისად, ნორმა, რომელიც ამგვარი შვებულების მიმღებ სუბიექტთაგან გამორიცხავს ბავშვის ბიოლოგიურ მამას, იწვევს მისთვის კონსტიტუციით გარანტირებული შრომის თავისუფლებისა და შრომის სამართლიანი პირობებით დაცული უფლებრივი კომპონენტების შეზღუდვას.
9. მოსარჩელე მხარე შრომის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლო ლეგიტიმურ მიზნებად ასახელებს დამსაქმებლის გამართულ ფუნქციონირებასა და ფინანსურ სტაბილურობას, ისევე, როგორც სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას. მიუხედავად ამისა, მისი აზრით, დამსაქმებლის გამართული ფუნქციონირების მიზანი მიიღწევა უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალების გამოყენებით, კერძოდ, დასაქმებულის დროებით სხვა პირის მიერ ჩანაცვლების გზით. საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მიზანთან მიმართებით კი, მოსარჩელე განმარტავს, რომ როდესაც სასწორის მეორე მხარეს დევს შრომის სამართლიანი პირობების ფარგლებში ბიოლოგიური მამის მხრიდან საკუთარ შვილზე ზრუნვის და მასთან მამა-შვილური ურთიერთობის ჩამოყალიბების ლეგიტიმური ინტერესი, უფლების შეზღუდვა არაგონივრულია და ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.
10. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიუთითა, რომ სადავოდ გამხდარი წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი გამორიცხავს მამის მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობისა და, შესაბამისად, მისი ანაზღაურების შესაძლებლობას. ამრიგად, მოსარჩელე სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, მამის, როგორც ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ისე მისი ანაზღაურების უფლების მქონე სუბიექტთა წრიდან გამორიცხვის ჭრილში. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის პოზიციით, ბავშვის მოვლის გამო შვებულების საკითხის მომწესრიგებელი საქართველოს შრომის კოდექსის ნორმის ნეიტრალური ბუნების მიუხედავად, სადავოდ გამხდარი დებულებები გამორიცხავს მამის მიერ ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსის ნეიტრალური რეგულირება, სადავო დებულებების არსებობის პირობებში, ვერ უზრუნველყოფს ხსენებული უფლების პრაქტიკულ რეალიზებას.
11. მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიუთითებს იმაზე, რომ სადავო რეგულირების საფუძველს, შესაძლოა, წარმოადგენდეს სტერეოტიპული შეხედულება ბავშვის მოვლის პროცესში დედის განსაკუთრებული როლის თაობაზე. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ბავშვზე ზრუნვის პროცესთან მიმართებით, მშობლების თანაბარი უფლებებიდან გამომდინარე, კანონმდებლობა მიმართული უნდა იყოს ამგვარი სტერეოტიპების აღმოფხვრისკენ და არა − პირიქით.
12. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, მამის ინდივიდუალური უფლება ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებად შვებულებაზე არ წარმოადგენს სახელმწიფოს კეთილი ნების გამოვლინებას. მოსარჩელე აღნიშნულს იმ მინიმალურ სტანდარტად მიიჩნევს, რომელის უზრუნველყოფაც გარანტირებული უნდა იყოს შრომითი კანონმდებლობით. მოსარჩელის მითითებით, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების უფლების რეალიზება ემსახურება, ერთი მხრივ, ბავშვის ინტერესს – გაიზარდოს ოჯახურ გარემოში ორივე მშობლის თანამონაწილეობით, მეორე მხრივ კი, მშობლების ინტერესს – თანაბრად იზრუნონ ბავშვზე. მოსარჩელე აღნიშნულ არგუმენტზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ მამისათვის ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება შრომის თავისუფლების ძირითადი უფლების ერთ-ერთი უფლებრივი კომპონენტია, რამდენადაც, საპირისპიროს დაშვების შემთხვევაში, ადამიანები ვერ შეძლებდნენ კარიერული და პირადი ცხოვრების დაბალანსებას.
13. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, მამაკაცს ინდივიდუალურად უნდა გააჩნდეს ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების უფლება. კერძოდ, მამის მიერ ხსენებული შვებულებით სარგებლობა არ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი დედისთვის განკუთვნილი შვებულების დღეებისა და მისი ანაზღაურების ხარჯზე.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
15. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკაზე.
16. მოპასუხე მხარის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენლების განმარტებით, მინისტრის ბრძანება, თავისი არსით, წარმოადგენს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომელიც გამოცემული იქნა საქართველოს შრომის კოდექსის საფუძველზე და ემსახურება მისი მიზნების რეალიზებას. შესაბამისად, მინისტრის ბრძანება არ წარმოადგენს ამა თუ იმ უფლების წარმოშობის ან შეზღუდვის მექანიზმს. მოპასუხე მხარის მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. აღნიშნულზე დაყრდნობით, იგი მიიჩნევს, რომ შრომითი უფლება უნდა იყოს ფართო სოციალური და პოლიტიკური კონსენსუსის პროდუქტი. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს მამაკაცის ბავშვის მოვლის გამო შვებულებასთან დაკავშირებულ ნიუანსებს, მათ შორის, მის მოცულობას, ფარგლებსა და ანაზღაურების საკითხს, მინისტრის ბრძანებას არ შესწევს ნორმატიული რესურსი თავად განსაზღვროს ისინი. დამატებით, მოპასუხე აღნიშნავს, რომ ქალისთვის განკუთვნილი შვებულებების დღეების რაოდენობის მამაკაცისათვის განაწილება დაუშვებელია, რადგან ამით დაზარალდება დედათა და ბავშვთა ინტერესები.
17. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, სადავო წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი წარმოადგენს აღმჭურველ ნორმას, რომლის გაუქმების შემთხვევაში, მოსარჩელის რეალური ინტერესი ვერ მიიღწევა. იმავდროულად, სადავოდ გამხდარი წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის რეგულირების ფარგლებთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მისი მოწესრიგების სფერო შემოიფარგლება ანაზღაურებადი შვებულების საკითხის რეგულირებით. შესაბამისად, იგი არ აწესრიგებს, ზოგადად, ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის საკითხს.
18. მოპასუხე მხარის განმარტებით, საქართველოს შრომის კოდექსი ადგენს მინიმალურ დაცვის სტანდარტს, რაც არ ზღუდავს მხარეების შესაძლებლობას, დასაქმებულისათვის დაადგინონ დასახელებული კოდექსით განსაზღვრულზე უკეთესი პირობები. აღნიშნულზე დაყრდნობით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ძირითად უფლებაში ჩარევა არ არის ინტენსიური ხასიათის. კლასიკური, კონსტიტუციის ტექსტში პირდაპირ მოხსენიებული ნიშნით დიფერენცირებასთან დაკავშირებით კი, მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ მკაცრი შეფასების ტესტი სქესის ნიშნით დისკრიმინაციისას გამოყენებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში მოქცეულია ქალი.
19. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი რეგულირება განპირობებულია საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით, რომლის პირობებშიც, სახელმწიფო არ ფლობს საკმარის ფინანსურ რესურსს, რათა საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის ერთობლივი ჩართულობა ბავშვის მოვლის საკითხებში. მოპასუხე მხარე აპელირებს ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის პრობლემურ ხასიათზე და განმარტავს, რომ ამ პირობებში, მინისტრის ბრძანებით დადგენილი მოწესრიგება ნაწილობრივ მაინც უზრუნველყოფს ქალის უფლებების დაცვას. მოპასუხის პოზიციით, ქალები დაცულები უნდა იყვნენ ხელფასის მიღების მოტივით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სამუშაო ადგილზე დაბრუნებისგან.
20. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ იდენტიფიცირებულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, ბიოლოგიურ მამასა და მშვილებელ მამას შორის დადგენილია დიფერენცირებული მოპყრობა. კერძოდ, მოპასუხე მხარის პოზიციით, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება მიეცემა ორივე მშობელს. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, ამგვარი მიდგომის საფუძველს წარმოადგენს თავად ორგანული კანონი – საქართველოს შრომის კოდექსის 28-ე მუხლი. ამასთანავე, ამგვარი მიდგომის ლეგიტიმურ მიზნებად მოპასუხე მხარე ასახელებს არა მხოლოდ დასაქმებულისა და ბავშვის ინტერესების დაცვას, არამედ, ასევე სახელმწიფოს პოლიტიკას, ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციასთან მიმართებით, რაც გულისხმობს ბავშვების გამოყვანას ინსტიტუციებიდან და მათი ოჯახურ გარემოში მიღების ხელშეწყობას.
21. დამატებით, მოპასუხე მხარე ყურადღებას ამახვილებს მშობლებს შორის ანაზღაურებადი შვებულების დღეების ურთიერთშეთანხმებით გაყოფის მექანიზმზე. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ ამგვარი მექანიზმის არსებობის შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება ქალის ჯანმრთელობისა და ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობის ინტერესებს, თუმცა, გადაწყვეტა, რომელიც დედის ჯანმრთელობისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდში, მშობიარობიდან 42 დღის განმავლობაში, გამორიცხავს შვებულების ანაზღაურებადი დღეების გაყოფის შესაძლებლობას, მოპასუხე მხარის პოზიციით, ქალის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. დამატებით, მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, დედების უფლებებზე აქცენტირება ეფუძნება არა სტერეოტიპულ მიდგომებს, არამედ ამგვარი მიდგომა განპირობებულია ფიზიოლოგიური მახასიათებლებით.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. სადავო ნორმების ძალადაკარგულობა
1. №1317 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის/შვებულების ანაზღაურების საფუძვლად განსაზღვრულია დასაქმებულზე/საჯარო მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი, ხოლო ამავე წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და შესაბამისად ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო, ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი“. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ სადავო მოწესრიგების პირობებში, ბავშვის ბიოლოგიური მამა ვერ სარგებლობს ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და, შესაბამისად, მისი ანაზღაურების შესაძლებლობით.
2. აღსანიშნავია, რომ №1317 კონსტიტუციურ სარჩელზე საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმდინარეობისას, „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-133/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-2 მუხლის საფუძველზე, 2021 წლის პირველი იანვრიდან, ძალადაკარგულად გამოცხადდა №1317 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანება. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის, გასაჩივრებული ნორმები ძალადაკარგულია.
3. იმავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2020 წლის 29 სექტემბრის №7177-Iს საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ (შემდგომში, საქართველოს შრომის კოდექსი) II-IV კარი. აღნიშნული ცვლილების შედეგად, საქართველოს შრომის კოდექსის მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია დასაქმებულის მიერ, თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 587 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე. თავის მხრივ, დასახელებული მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. იმავდროულად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-133/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის/შვებულების ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს: „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბავშვის დაბადების მოწმობა და შესაბამისი დაწესებულების (დამსაქმებლის) მიერ გაცემული ცნობა მეორე მშობლის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ“.
4. მაშასადამე, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-133/ნ ბრძანებით დამტკიცებული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების მოქმედი წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან ირკვევა, რომ მოქმედი ნორმატიული მოწესრიგება ითვალისწინებს ბავშვის ბიოლოგიური მამის მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და აღნიშნულის გამო დახმარების მიღების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. ამ თვალსაზრისით, იდენტიფიცირებადია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის №01-133/ნ ბრძანებით დამტკიცებული, მოქმედი წესი, ერთი მხრივ, აღარ ითვალისწინებს სადავოდ გამხდარი წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის ეკვივალენტურ შეზღუდვას, მეორე მხრივ კი, მოქმედი წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შრომის კოდექსი 37-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო დახმარების გაცემის/შვებულების ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს ბავშვის დაბადების მოწმობა და შესაბამისი დაწესებულების (დამსაქმებლის) მიერ გაცემული ცნობა მეორე მშობლის მიერ ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ.
5. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, სადავო ნორმის ძალადაკარგულობის პირობებში, გარკვეულ შემთხვევაში, არსებობს შესაძლებლობა, საკონსტიტუციო სასამართლომ გააგრძელოს სამართალწარმოება და იმსჯელოს მოდიფიცირებულ სასარჩელო მოთხოვნაზე. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელ კანონმდებლობაში არ არსებობს დებულება, რომელიც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობას, გააგრძელოს სამართალწარმოება და იმსჯელოს მოდიფიცირებულ სასარჩელო მოთხოვნაზე, თუკი სახეზეა ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, ხოლო გასაჩივრებული მოწესრიგება მოქმედებს იმავე ნორმატიული შინაარსით, რა შინაარსითაც მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მის კონსტიტუციურობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის №2/7/1547 გადაწყვეტილება საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-3). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისპრუდენციის შესაბამისად, იმ შემთხვევაში „როდესაც განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, სადავო ნორმას ემატება ახალი განსაზღვრება/მოცემულობა, თუმცა იგი შინაარსობრივად არ ცვლის მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ შინაარსს, საკონსტიტუციო სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას და აფასებს მოქმედი ნორმის კონსტიტუციურობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის №2/8/1637 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-7; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის №2/7/1547 გადაწყვეტილება საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-6).
6. განსახილველ შემთხვევაში, კანონმდებლობის ანალიზით დგინდება, რომ განხორციელებულმა ცვლილებებმა, შინაარსობრივი თვალსაზრისით, განსხვავებულად მოაწესრიგა მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სამართლებრივი საკითხი. კერძოდ, როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მის მიერ სადავოდ ქცეული რეგულირება არ ითვალისწინებს ბავშვის ბიოლოგიური მამის მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და, შესაბამისად, მისი ანაზღაურების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. აღნიშნულის საპირისპიროდ, როგორც გამოირკვა, არსებული მოწესრიგების პირობებში, ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენება მთლიანდ ან ნაწილობრივ შეუძლია ბავშვის დედას ან მამას. ამასთანვე, ბავშვის მოვლის გამო დახმარების გაცემის/შვებულების ანაზღაურების საფუძვლად განსაზღვრულია ბავშვის დაბადების მოწმობა და შესაბამისი დაწესებულების (დამსაქმებლის) მიერ გაცემული ცნობა მეორე მშობლის მიერ ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებული დღეების რაოდენობის შესახებ. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა არსებითი გავლენა მოახდინა მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ სამართლებრივ პრობლემასა და მის შინაარსზე. ამგვარ პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სამართალწარმოება გააგრძელოს მოქმედი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების გზით.
7. ამ ვითარებაში, იმის გათვალისწინებით, რომ „გასაჩივრებული ნორმის ძალადაკარგულ რედაქციაზე მსჯელობა წარმოადგენს მოსარჩელის უფლების დაცვის ეფექტურ და პრევენციულ საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს სამართალწარმოებას ძალადაკარგული სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასების გზით.
2. სადავო ნორმების შინაარსი და შესაფასებელი მოცემულობა
8. „„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი განსაზღვრავს დახმარების გაცემის/შვებულების ანაზღაურების საფუძველს. როგორც აღინიშნა, ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის/შვებულების ანაზღაურების საფუძვლად ითვალისწინებს დასაქმებულზე/საჯარო მოსამსახურეზე შევსებულ საავადმყოფო ფურცელს.
9. თავის მხრივ, „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საავადმყოფო ფურცელი წარმოადგენს დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც გაიცემა ამავე პუნქტის სხვადასხვა ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მათ შორის, დასახელებული პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო. იმავდროულად, ხსენებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო საავადმყოფო ფურცელი გაიცემა მეანგინეკოლოგის მიერ (თუ ასეთი არ არის – მკურნალი ექიმის მიერ) ერთდროულად 183 კალენდარული დღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საავადმყოფო ფურცლის გაცემა შესაძლებელია ორსულობის 26-ე კვირიდან, ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში კი, 26-ე კვირამდეც. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი კი, ექსპლიციტურად მიუთითებს მშობიარობის შემდეგ დედის სიკვდილის შემთხვევაში 183 დღით საავადმყოფო ფურცლის მამის ან ბავშვის უშუალოდ სხვა მომვლელისათვის მიცემის შესახებ, გამოყენებული დღეების გამოკლებით. ამდენად, განხილული რეგულირების ანალიზიდან იკვეთება, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული საავადმყოფო ფურცელი წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც გაიცემა დედაზე, გარდა მისი გარდაცვალების გამონაკლისი შემთხვევისა.
10. სადავოდ გამხდარი წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და, შესაბამისად, ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო, ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო რეგულირება ერთიანი სამართლებრივი კონსტრუქციის ფარგლებში, აწესრიგებს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო დახმარების გაცემის/შვებულების ანაზღაურების საკითხს. თავის მხრივ, განსახილველ საქმეზე მოსარჩელეს წარმოადგენს კაცი დასაქმებული, რომლის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა დაკავშირებულია ბავშვის ბიოლოგიური მამის მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და, შესაბამისად, მისი ანაზღაურების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობის არარსებობასთან, მაშასადამე, არსებითად, უფლებით მოსარგებელე სუბიექტთა წრიდან პირთა დასახელებული კატეგორიის გამორიცხვასთან. აღსანიშნავია, რომ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ერთიანი სამართლებრივი კონსტრუქციის ფარგლებში მოწესრიგების მიუხედავად, ერთი მხრივ, ორსულობისა და მშობიარობის, ხოლო, მეორე მხრივ, ბავშვის მოვლის გამო შვებულების, როგორც პირის ინდივიდუალური უფლების განსაზღვრას, განსხვავებული მიზნები გააჩნია და, შესაბამისად, განსხვავებულად წყდება აღნიშნული უფლების ექსკლუზიური სუბიექტის საკითხი. კერძოდ, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების მიზნების, აგრეთვე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ორსულობა და მშობიარობა უშუალოდ ქალთან იმანენტურად დაკავშირებული ბუნებრივი პროცესია, დასახელებული შვებულებით სარგებლობის უფლების ექსკლუზიურ სუბიექტს მხოლოდ ბავშვის დედა შეიძლება წარმოადგენდეს. აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის პრობლემა იმთავითვე დაკავშირებულია ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და, შესაბამისად, მისი ანაზღაურების უფლებით მოსარგებლეთა წრიდან ბავშვის ბიოლოგიური მამის გამორიცხვასთან, წინამდებარე კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა შემოფარგლული იქნება ბავშვის მოვლის გამო შვებულებაზე ბიოლოგიური მამის ხელმისაწვდომობის საკითხის შეფასებით.
12. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სადავოდ გამხდარი წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შევსებულ საავადმყოფო ფურცელს, როგორც დახმარების გაცემის/შვებულების ანაზღაურების საფუძველს, ითვალისწინებს დასაქმებულთან და საჯარო მოხელესთან მიმართებით. ამასთანავე, სადავო წესის მე-2 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დახმარება წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემ ფულად დახმარებას, ხოლო შვებულების ანაზღაურება გულისხმობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლით გათვალისწინებული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურებას. მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სამართლებრივი პრობლემიდან და წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, განსახილველი საქმის ფარგლებში, შეაფასებს ზემოაღნიშნული სადავო ნორმის მხოლოდ იმ ნორმატიულ შინაარსს, რომლის თანახმადაც, ბავშვის მოვლის გამო დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი.
13. დამატებით, სადავოდ გამხდარი წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის რეგულირების ფარგლებთან მიმართებით, №1317 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი განმარტავს, რომ სადავო ნორმა გამორიცხავს არა მხოლოდ ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების შესაძლებლობას, არამედ, ასევე, ზოგადად, დასახელებული შვებულებით სარგებლობის უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმის ტექსტიდან expressis verbis იდენტიფიცირებადია, რომ მისი რეგულირების სფერო არ შემოიფარგლება მარტოოდენ ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების საკითხის/კომპონენტის მოწესრიგებით. აღნიშნულის საპირისპიროდ, სადავო დებულება მისი რეგულირების სფეროში, მათ შორის, აქცევს, ზოგადად, დასახელებული შვებულების ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებისათვის მინიჭების საკითხს.
14. სადავო ნორმის რეგულირების სფეროს ამგვარად განმარტების შესაძლებლობასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მისი კონსტიტუციურობის შეფასების შესაძლებლობას არ გამორიცხავს ის გარემოება, რომ თავად საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლი (2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც მოქმედებდა სადავო რეგულირების პარალელურად და ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების მინიჭების საკითხს აწესრიგებდა, შეიცავდა სქესის ნიშნით ნეიტრალურ შინაარსს – იგი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლების მინიჭებისას არ აკონკრეტებდა დასაქმებულის სქესს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/4/858 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-4-9). უპირველესად, გასათვალისწინებელია, რომ კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი რეგულირება, საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი მოწესრიგების ნეიტრალური ბუნების მიუხედავად, პრაქტიკული თვალსაზრისით, წარმოადგენდა დამოუკიდებელ უფლებამზღუდველ ღონისძიებას, რომელიც აფერხებდა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი მოწესრიგების რეალიზებას.
15. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება პრინციპულად განსხვავდება კანონიერების პრობლემის გადაწყვეტისგან. „თუ საკონსტიტუციო სასამართლო ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის პრობლემას გადაწყვეტს ზემდგომი, კონსტიტუციის შესაბამისი აქტის გამოყენებით და ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის მტკიცებას საფუძვლად დაუდებს ზემდგომი, კონსტიტუციის შესაბამისი ნორმის არსებობას, ის პრაქტიკულად არ შეასრულებს თავის ფუნქციას და პირდაპირ დანიშნულებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს №1/2/434 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). მაშასადამე, „სპეციალური ან იერარქიულად მაღლა მდგომი კანონის მოქმედების შედეგად, სადავო ნორმის ამა თუ იმ ნორმატიული შინაარსის პრაქტიკაში გამოყენების გამორიცხვა მისი კონსტიტუციურობის საკითხის დამოუკიდებლად შეფასებას ვერ დააბრკოლებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამრიგად, მოცემულ შემთხვევაშიც, სადავო ნორმებით დადგენილი მოწესრიგება დამოუკიდებლად ექვემდებარება მისი კონსტიტუციურობის საკითხის შეფასებას.
16. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან და მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სამართლებრივი პრობლემიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს სადავო წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც გამორიცხავს ორსული (მშობიარე) ქალის ბავშვის ბიოლოგიური მამისათვის ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და, შესაბამისად, ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობას.
17. ამასთანავე, იმდენად, რამდენადაც მოსარჩელე მხარე სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს განსხვავებული შინაარსის კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით, №1317 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხები შეფასდება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.
3. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო და უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
18. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს შრომის თავისუფლების კონსტიტუციურ გარანტიას. ხსენებული პუნქტის შესაბამისად, „შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით“. აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი „ერთი მხრივ, კრძალავს იძულებით შრომას, ხოლო მეორე მხრივ, ავალდებულებს კანონმდებელს, შექმნას ადამიანის არჩევანის ფარგლებში შრომის თავისუფლების უზრუნველყოფის შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, შრომის თავისუფლების შემცველი კონსტიტუციური დებულება „იცავს ნებისმიერ ადამიანს იძულებითი შრომისაგან, რაც ადამიანის ღირსების ხელყოფას წარმოადგენს. კონსტიტუციით დაცულია არა მხოლოდ უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო, დაცული იყო უმუშევრობისაგან და ისეთი რეგულირებისაგან, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს ან იძლევა სამსახურიდან უსაფუძვლო, თვითნებური და უსამართლო გათავისუფლების საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/2-389 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-19).
19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით დაცული შრომის თავისუფლება, ერთი მხრივ, მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლესა და მის ღირსეულ ყოფასთან, მეორე მხრივ კი, შრომის პროცესში ადამიანის სოციალიზაციის, საკუთარი თავის, იდეებისა და შესაძლებლობების რეალიზაციის არეალის გათვალისწინებით, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს პირის დამოუკიდებლობისათვის. იმავდროულად, შრომის თავისუფლება დაცვის ღირსი სიკეთეა სახელმწიფო ინტერესების პრიზმიდანაც, რამდენადაც შრომითი საქმიანობის პროდუქტი სახელმწიფოს განვითარებაზე აისახება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-35,36). ამგვარად, შრომის თავისუფლების კონსტიტუციური გარანტია წარმოადგენს პიროვნების სოციალური ფუნქციონირების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს. იგი, შრომითი უნარების პრაქტიკული რეალიზების საფუძველზე, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ადამიანის პიროვნულ თვითრეალიზაციას, მეორე მხრივ კი, შრომითი საქმიანობის შედეგის გათვალისწინებით, განაპირობებს ადამიანის პრაქტიკულად სასარგებლო დატვირთვას საზოგადოებაში.
20. მაშასადამე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული შრომის თავისუფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას, აირჩიოს სამუშაო ადგილი, უზრუნველყოფილი იქნეს სამუშაო პროცესის ფარგლებში მისი უსაფრთხოების დაცვისა და ღირსეულ პირობებში პროფესიული საქმიანობის განხორციელების გარანტიებით და სხვა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება საქმეზე „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-68). ამ თვალსაზრისით, შრომის თავისუფლების ძირითადი უფლების „მიზანია, უზრუნველყოს ადამიანის ღირსებასთან თავსებადი, მეტწილად მისი სურვილით არჩეული შრომითი პროცესი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-98).
21. ხაზგასასმელია, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას, ზოგადად, შრომის თავისუფლების კონსტიტუციური გარანტიის, მათ შორის, შრომითი უფლებებისა და მათი დაცვის სტანდარტების ამომწურავად განმარტების საჭიროების წინაშე. კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებული პრობლემიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკითხს შეაფასებს მხოლოდ ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის უფლების ჭრილში.
22. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის უფლება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის ერთ-ერთ არსებით კომპონენტს წარმოადგენს. ამგვარი შვებულებით სარგებლობა ემსახურება დასაქმებულის მიერ პირად ცხოვრებასა და სამუშაო ვალდებულებებს შორის ბალანსის უზრუნველყოფას. რეგულირება, რომელიც დასაქმებულს არ ანიჭებს აღნიშნული შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას, ართულებს მისი ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ოჯახური ვალდებულებების შესრულებას, აფერხებს ბავშვზე ზრუნვის პროცესში მის სრულფასოვნად ჩართვას და, შესაბამისად, მასთან მჭიდრო პერსონალური კავშირის ჩამოყალიბებას. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული არ არის უზრუნველყოფილი ბავშვის მოვლის გამო შვებულებით, ის, ფაქტობრივად, იძულებულია იმუშაოს საკუთარი ოჯახური ცხოვრებისა და ახლადდაბადებულ ბავშვთან ურთიერთობის ხარჯზე ან საერთოდ უარი თქვას სამუშაო ადგილზე. ბავშვის მოვლის გამო შვებულება დასაქმებულს ანიჭებს ბავშვის მოვლის პროცესში სრულფასოვანი ჩართულობის შესაძლებლობას, ამასთან, იცავს მას ბავშვის მოვლის საჭიროების/მოტივის გამო სამსახურის დაკარგვისგან ან მასზე უარის თქმისგან და აღჭურავს გარანტიით, შვებულებისათვის განსაზღვრული დროის შემდეგ, დაბრუნდეს სამუშაო ადგილზე, განაგრძოს მისი სამსახურებრივი საქმიანობა.
23. მაშასადამე, ბავშვის მოვლის გამო შვებულება წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის მნიშვნელოვან ელემენტს, რომლის უზრუნველყოფის გარეშეც გართულდება დასაქმებულის მხრიდან ოჯახური და სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შეთავსება და კარიერული უწყვეტობის, სამუშაო ადგილის შენარჩუნების უზრუნველყოფა. თავის მხრივ, №1317 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი მოწესრიგება ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე დახმარების გაცემის საფუძვლად საავადმყოფო ფურცლის განსაზღვრით და ორსული (მშობიარე) ქალის გარდაცვალების გამონაკლისი შემთხვევის გარდა, ბავშვის მამისათვის შვებულებისა და, შესაბამისად, ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობის ექსპლიციტურად გამორიცხვით, ერთმნიშვნელოვნად ზღუდავს შრომის თავისუფლების კონსტიტუციურ გარანტიას და საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ გამართლებას.
3.2. უფლების შეზღუდვის გამართლება
24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, შრომის თავისუფლება, მისი მაღალი კონსტიტუციური მნიშვნელობის მიუხედავად, არ არის აბსოლუტური ხასიათის (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის №1/7/851 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
25. იმავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულია უფლების შეზღუდვის ფორმალური და მატერიალური საფუძვლები. „სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, შრომით უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით, უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება საქმეზე „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-68). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, განსახილველი საქმის ფარგლებში, უპირველესად, შეაფასებს რამდენად აკმაყოფილებს სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს.
3.3. სადავო ნორმების ფორმალური შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან
26. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შრომის უსაფრთხო პირობებზე უფლება და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ მიუთითებია ორგანული კანონით ამა თუ იმ საკითხის მოწესრიგების მნიშვნელოვან დატვირთვაზე. კერძოდ, „ორგანული კანონი, თავისი არსით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სამართლებრივ აქტს წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუცია ამომწურავად განსაზღვრავს საკითხთა ნუსხას, რომელიც აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს ორგანული კანონით. ხსენებულ საკითხთა განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი მიღებისათვის განსხვავებული, ჩვეულებრივ კანონთან შედარებით მაღალი ლეგიტიმაცია არის მოთხოვნილი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის №2/5/658 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25). „კონსტიტუციური მითითება, რომელიც კანონმდებელს განუსაზღვრავს გარკვეული საკითხების ორგანული კანონით მოწესრიგების ვალდებულებას, გულისხმობს მოთხოვნას, რომ ეს საკითხები სწორედ დადგენილი მაღალი კვორუმით, შესაბამისად - მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანული კანონის ფორმით უნდა იქნეს მიღებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება საქმეზე „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-70).
27. აღსანიშნავია, რომ შრომითი უფლებების ორგანული კანონით მოწესრიგების თაობაზე კონსტიტუციური დათქმა თავისთავად არ გამორიცხავს პარლამენტის შესაძლებლობას, მოახდინოს საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება. „შრომის უფლებასთან მიმართებით, საქართველოს პარლამენტს პრინციპულად არ მოეთხოვება, თავად მოახდინოს შრომის უფლებების სრულყოფილად რეალიზაციასთან დაკავშირებული უკლებლივ ყველა საკითხის რეგულირება. ამგვარად, კონსტიტუციაში იმაზე მითითება, რომ ესა თუ ის კონკრეტული საკითხი ორგანული კანონით საჭიროებს მოწესრიგებას, არ გამორიცხავს ამ სფეროს რეგულირების პროცესში პარლამენტის გარდა სხვა ორგანოების ჩართულობას. თუმცა გადაწყვეტილება უფლებამოსილების დელეგირების შესახებ მიღებულ უნდა იქნეს ისეთივე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე სამართლებრივი აქტით, როგორითაც ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი არ მოახდენდა შესაბამისი უფლებამოსილების სხვა ორგანოზე დელეგირებას და თავად გადაწყვეტდა საკითხის მოწესრიგებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება საქმეზე „პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-71).
28. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის – „„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის რიგი დებულებების კონსტიტუციურობას.
29. სადავო რეგულირების საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ფორმალურ მოთხოვნებთან თავსებადობის საკითხის შესაფასებლად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს რამდენად არის სადავო მოწესრიგება მიღებული საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე. ამისათვის, უპირველესად, უნდა დადგინდეს, კონკრეტულად, რა საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილება გადასცა საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – „სამინისტრო“).
30. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე, სამინისტროს დაევალა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის შემუშავება და დამტკიცება ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში. იმავდროულად, საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლით (2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) კანონმდებელმა თავად განსაზღვრა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებასთან დაკავშირებული კონცეპტუალური საკითხები – უფლებით მოსარგებლე სუბიექტი დასაქმებულის სახით, შვებულებისათვის გათვალისწინებული საერთო კალენდარული დღეების ოდენობა და ანაზღაურებადი კალენდარული დღეების რაოდენობა. კანონმდებელმა თავადვე დაადგინა ანაზღაურებადი შვებულების დასაქმებულის მიერ თავისი შეხედულებისამებრ ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე გადანაწილების შესაძლებლობა.
31. მაშასადამე, აშკარაა, რომ საქართველოს პარლამენტმა, ორგანული კანონის საფუძველზე, სამინისტროზე მოახდინა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის შემუშავებისა და დამტკიცების უფლებამოსილების დელეგირება. გარკვეული საკითხები კი, თავად მოაწესრიგა საქართველოს შრომის კოდექსის დებულებებით. ნათელია, რომ საქართველოს შრომის კოდექსის დასახელებული ნორმის საფუძველზე, სამინისტროზე არ მომხდარა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების უფლებით სარგებლობისა და მისი ანაზღაურების პირობების მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება. მაშასადამე, სამინისტროს გააჩნდა უფლებამოსილება, მოეწესრიგებინა მარტოოდენ მითითებული შვებულებების ანაზღაურების წესი საქართველოს შრომის კოდექსის მიერ შემოთავაზებული პირობების ფარგლებში.
32. თავის მხრივ, როგორც აღინიშნა, საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილი (2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების სუბიექტის განსაზღვრისას შემოიფარგლებოდა, ზოგადად, დასაქმებულზე მითითებით. ხსენებული ნორმის საფუძველზე, „კანონმდებელმა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება გაითვალისწინა დასაქმებულისათვის, კონკრეტულად, დასაქმებულის სქესზე მითითების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/4/858 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-5).
33. იმავდროულად, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმებით განსაზღვრულია ბავშვის მოვლის გამო შვებულებით მოსარგებლე პირთა წრის საკითხი. კერძოდ, როგორც აღინიშნა, ერთი მხრივ, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე დახმარების გაცემის საფუძვლად საავადმყოფო ფურცლის განსაზღვრით, ხოლო, მეორე მხრივ, ორსული (მშობიარე) ქალის გარდაცვალების გამონაკლისი შემთხვევის გარდა, ბავშვის მამისათვის შვებულებისა და, შესაბამისად, ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობის ექსპლიციტურად გამორიცხვით, ბავშვის ბიოლოგიური მამა რჩება ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლებით მოსარგებლე სუბიექტთა წრის მიღმა.
34. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლების მქონე სუბიექტთა წრის განსაზღვრა, მისი განვრცობა ან დავიწროვება, სცილდება ამგვარი შვებულების ანაზღაურების წესის რეგულირებას, მაშასადამე, კანონმდებლის მიერ სამინისტროსათვის გადაცემული კომპეტენციის ფარგლებს და წარმოადგენს იმ პირობების მოწესრიგებას, რომლის ფარგლებშიც უნდა იმოქმედოს ანაზღაურების ამა თუ იმ წესმა. დამატებით, იმ გარემოებას, რომ სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მოწესრიგდა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების არა მხოლოდ წესი, არამედ პირობებიც, ადასტურებს თავად სადავო წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტიც, რომლის თანახმადაც, „წინამდებარე წესი არეგულირებს დასაქმებულებისათვის (საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული პირები) და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეებისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესსა და პირობებს“.
35. მაშასადამე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლებით სარგებლობის პირობები, მათ შორის, აღნიშნული შვებულების უფლების სუბიექტი, განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის მიერ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ საფუძველზე. საქართველოს პარლამენტი შემოიფარგლა სამინისტროზე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის შემუშავებისა და დამტკიცების უფლებამოსილების დელეგირებით. თავის მხრივ, სადავო ნორმების საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დაავიწროვა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლებითა და, შესაბამისად, მისი ანაზღაურების უფლებით მოსარგებლე, საქართველოს შრომის კოდექსის მიერ განსაზღვრული პირთა წრე, რის უფლებამოსილებაც მისთვის საქართველოს შრომის კოდექსს არ მიუნიჭებია.
36. წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტს სამინისტროზე უშუალოდ სადავო საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება არ მოუხდენია. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი „„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, ბავშვის მოვლის გამო დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი და ამავე წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ორსული (მშობიარე) ქალის ბავშვის ბიოლოგიური მამისათვის ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და, შესაბამისად, ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობას.
4. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო
37. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ყველა ადამიანის სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას და აკრძალულად აცხადებს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
38. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „მიზანს წარმოადგენს არა პირთა აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა, არამედ არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-8). თავის მხრივ, „თანასწორობის უფლების ეს ასპექტი საკუთარ თავში მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ადამიანების მიმართ თანაბარი მოპყრობა. ამ უკანასკნელის ფუნქცია კი შედარებადი პირების მიმართ ერთნაირი მოთხოვნების დაწესებაში, თანაბარი შესაძლებლობების შექმნის ვალდებულებაში გამოიხატება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
39. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისათვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). თანასწორობის უფლების აღნიშნული დატვირთვა მას არსებითად განასხვავებს პირთა შედეგებში გათანაბრებისგან. „სახელმწიფოს უწინარესი ვალდებულებაა, არ განასხვაოს ადამიანები ერთმანეთისგან და ფორმალურად არ დაუდგინოს განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი, არ დააკისროს მათ განსხვავებული, არათანაბარი სამართლებრივი ტვირთი. შესაბამისად, თანასწორობის უფლების ამ ასპექტის შელახვას ადგილი ექნება მაშინ, როდესაც სახეზეა არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
40. აღსანიშნავია, რომ „არსებითად თანასწორ პირებს შორის უთანასწორო მოპყრობის აკრძალვის ნაწილში, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლება უნივერსალური თანასწორობის პრინციპის ხასიათს ატარებს. იკრძალება ნებისმიერი ფორმით განხორციელებული დაუსაბუთებელი დიფერენცირება არსებითად თანასწორ პირებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). აღნიშნულიდან გამომდინარე, პირთა პირდაპირი დიფერენცირებისას, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შეზღუდვა სახეზე იქნება იმ შემთხვევაში, თუ სადავო ნორმა არსებითად თანასწორ პირებს ფორმალურად განსხვავებულად მოეპყრობა, დაუწესებს მათ განსხვავებულ უფლება/მოვალეობებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
41. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლებით სარგებლობის კონტექსტში, სადავო ნორმები განსხვავებულ, უარეს სამართლებრივ რეჟიმს ადგენს ბავშვის ბიოლოგიური მამისათვის. კერძოდ, მოსარჩელე მხარე, ერთი მხრივ, ასაბუთებს განსხვავებულ მოპყრობას სქესის ნიშნით და მიუთითებს, რომ მხოლოდ ბიოლოგიურ დედებს ეძლევათ ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და მისი ანაზღაურების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, ბიოლოგიური მამები კი, ამგვარ უფლებებს მიღმა რჩებიან. მეორე მხრივ, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს დიფერენცირებულ მოპყრობას მშობლის სტატუსიდან გამომდინარე, კერძოდ, ბიოლოგიური მამა ვერ სარგებლობს ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლებით, როდესაც ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში, მშვილებელ მამას აღნიშნული შესაძლებლობა გააჩნია.
42. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის საჭიროა, გამოიკვეთოს შესადარებელი სუბიექტები, კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან მიმართებით, დადგინდეს მათი არსებითად თანასწორობის საკითხი, ისევე, როგორც არსებითად თანასწორ პირებთან მიმართებით დიფერენცირებული მოპყრობის ფაქტი. იმის გათვალისწინებით, რომ №1317 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს ორი განსხვავებული პირთა წრის დისკრიმინაციის კონტექსტში, პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობის ფაქტსა და შესაძლო დიფერენცირების დისკრიმინაციულობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ცალ-ცალკე იმსჯელებს.
4.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შეზღუდვის იდენტიფიცირება − შესადარებელ პირთა დიფერენცირება და არსებითად თანასწორობა
4.2.1. ბიოლოგიური დედა და ბიოლოგიური მამა
43. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის საფუძველზე, დიფერენცირების არსებობის დასაბუთებისათვის მოსარჩელე ვალდებულია, წარმოაჩინოს პირთა ორი წრე, რომელთა მიმართ დგინდება განსხვავებული უფლებრივი რეჟიმი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-9).
44. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები ადგენს განსხვავებულ უფლებრივ რეჟიმს, ერთი მხრივ, ბიოლოგიური დედების, ხოლო, მეორე მხრივ, ბიოლოგიური მამების მიმართ.
45. როგორც აღინიშნა, სადავო მოწესრიგება ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობისა და აღნიშნულის გამო დახმარების მიღების უფლებას ანიჭებს დასაქმებულ დედას, რამდენადაც, ერთი მხრივ, დახმარების მიღების საფუძვლად განსაზღვრულია საავადმყოფო ფურცელი, რომელიც ზემოთ განხილული რეგულაციებიდან გამომდინარე, სწორედ დედაზე გაიცემა (იხ., წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-9 პარაგრაფი), მეორე მხრივ კი, ექსპლიციტურად გამოირიცხება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებისათვის ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და, შესაბამისად, მისი ანაზღაურების მიცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო, ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი. ამგვარი ნორმატიული ჩარჩოს ფარგლებში, დასაქმებული ბიოლოგიური მამა რჩება ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და აღნიშნულის გამო დახმარების მიღების უფლებით მოსარგებლე პირთა წრის მიღმა.
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას და განმარტავს, რომ აშკარაა სადავო ნორმების საფუძველზე ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და აღნიშნული საფუძვლით დახმარების მიღების სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, დასაქმებულ ბიოლოგიურ დედებსა და ბიოლოგიურ მამებს შორის განსხვავებული უფლებრივი რეჟიმის დადგენის ფაქტი. შესაბამისად, სადავო ნორმების საფუძველზე ადგილი აქვს მათ შორის სქესის ნიშნით დიფერენცირებულ მოპყრობას.
47. იმავდროულად, თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისას, დიფერენცირების არსებობასთან ერთად, აუცილებელია, დადგინდეს, რამდენად წარმოადგენენ შესადარებელი ჯგუფები არსებითად თანასწორ სუბიექტებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17). ამასთან ერთად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „პირდაპირი დიფერენცირების შემთხვევაში, ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, პირები, როგორც წესი, არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ. ასეთ დროს სასამართლო ახდენს შესადარებელი პირების არსებითად თანასწორად პრეზუმირებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოკვეთილია რაიმე გარემოება, რომელიც მიუთითებს მათი განსხვავებულად განხილვის საჭიროებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
48. მოცემულ შემთხვევაში, შესადარებელ სუბიექტებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, ბიოლოგიური დედა, ხოლო, მეორე მხრივ, ბიოლოგიური მამა. ხაზგასასმელია, რომ მათი არსებითად თანასწორობის საკითხი, განსახილველ შემთხვევაში, ფასდება ბავშვის მოვლის გამო შვებულებასა და აღნიშნულის გამო დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ სამართალურთიერთობასთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებისგან განსხვავებით, რომლის ფარგლებშიც, ორსული/მშობიარე ქალის სპეციფიკური ფიზიოლოგიური საჭიროებები განაპირობებს ქალის ჯანმრთელობისა და მისი სხვა ინტერესების მომეტებულ დაცვას, ბავშვის მოვლის ურთიერთობასთან მიმართებით, დასახელებულ სუბიექტებს გააჩნიათ ბავშვზე ზრუნვისა და მისი მოვლის პროცესში სრულფასოვნად ჩართვის, შესაბამისად, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურებით სარგებლობის, თანაბარი ინტერესი. ამ მხრივ, საგულისხმოა ისიც, რომ ბავშვის მოვლის პროცესში ორივე მშობელს ეკისრება მსგავსი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რომლებიც, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ბავშვის ოჯახურ გარემოში ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისათვის, მეორე მხრივ კი, განაპირობებს ოჯახური პასუხისმგებლობების თანაბარ განაწილებას ქალსა და მამაკაცს შორის.
49. ბავშვის მოვლის ურთიერთობასთან მიმართებით დედისა და მამის არსებითად თანასწორობას განაპირობებს ის გარემოებაც, რომ, პრაქტიკული თვალსაზრისით, ორივე მშობელს გააჩნია თანაბარი შესაძლებლობა, წარამატებით განახორციელოს ბავშვის მოვლისა და მასზე ზრუნვის პროცესში შესასრულებელი ფუნქციების უდიდესი ნაწილი. იმავდროულად, ბავშვის ბუნებრივი კვების სახით, არსებობს ცალკეული ფუნქცია, რომელიც დაკავშირებულია ექსკლუზიურად ბავშვის დედის როლთან, თუმცა, ხაზგასასმელია, რომ ბავშვის მოვლის გამო შვებულება გათვალისწინებულია არა ექსკლუზიურად ბავშვის ბუნებრივი მეთოდით კვების ან რომელიმე მსგავსი, კონკრეტულად ბავშვის დედისთვის მიკუთვნებული ფუნქციის განხორციელებისათვის, არამედ, ზოგადად, ბავშვის მოვლისთვის. ამ ურთიერთობისათვის კი, როგორც აღინიშნა, დამახასიათებელია ის, რომ ბავშვზე ზრუნვის პროცესთან დაკავშირებულ ძირითად ფუნქციებთან და აქტივობებთან გამკლავება ორივე მშობელს თანაბარი წარმატებით შეუძლია. შესაბამისად, ამ კონტექსტში, ბავშვის ბიოლოგიური დედა და ბიოლოგიური მამა არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ. განსხვავებულის დაშვება და ბავშვის მოვლის, მარტოოდენ ან, ძირითადად, დედის ფუნქციურ როლად მიჩნევა მხოლოდ გააძლიერებს იმ გენდერულ სტერეოტიპებს, რომლებიც აბრკოლებს ოჯახური პასუხისმგებლობების ეფექტიან განაწილებას ქალსა და მამაკაცს შორის და ეფუძნება მათი როლებისა და შესაძლებლობების არსებითად მცდარ აღქმას.
50. ამდენად, განსახილველ სამართალურთიერთობასთან მიმართებით, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირთა კატეგორიები, ერთი მხრივ, ბიოლოგიური დედა, მეორე მხრივ, ბიოლოგიური მამა წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, დიფერენცირებული მოპყრობა დადგენილია არსებითად თანასწორ პირებს შორის და, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვა.
4.2.2. მშვილებელი მამა და ბიოლოგიური მამა
51. მოსარჩელე მხარე, №1317 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, ასევე მიუთითებს იმაზე, რომ სადავო ნორმა ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას, ერთი მხრივ, მშვილებელ მამას, ხოლო, მეორე მხრივ, ბიოლოგიურ მამას შორის. კერძოდ, ბიოლოგიური მამა ვერ სარგებლობს ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლებით მაშინ, როდესაც ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში, მშვილებელ მამას აქვს აღნიშნული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა.
52. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 28-ე მუხლის (2020 წლის 5 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, დასაქმებულს, რომელმაც იშვილა 1 წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით, საიდანაც ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. თავის მხრივ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, ხოლო ამავე წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში, დასაქმებული დამსაქმებელს წარუდგენს სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილების ფაქტს. თავის მხრივ, ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „დასაქმებულისათვის დახმარების ანაზღაურების მიზნით დამსაქმებელი ავსებს დაფინანსების განაცხადს, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასთან და დასაქმებულის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად წარადგენს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში“.
53. ზემოაღნიშნული მოწესრიგებიდან ნათელია, რომ ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში, შვებულების უფლებით სარგებლობა და აღნიშნულის გამო დახმარების გაცემა დაკავშირებული არ არის დასაქმებულის სქესთან. მოხმობილი რეგულირებიდან გამომდინარე, მათ შორის, აშკარაა, რომ ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში, დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს სქესის ნიშნით ნეიტრალური დოკუმენტი – სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. მაშასადამე, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებითა და აღნიშნულის გამო დახმარების მიღების უფლებით სარგებლობს, მათ შორის, მამა, რომელმაც 1 წლამდე ბავშვი იშვილა. აღნიშნული, ასევე დასტურდება მოპასუხე მხარის წარმომადგენლების პოზიციით, რომლის შესაბამისადაც, დასახელებული შვებულებით სარგებლობს ორივე მშობელი.
54. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო მოწესრიგება დიფერენცირებულ მოპყრობას ადგენს, ერთი მხრივ, იმ მშვილებელი მამის მიმართ, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მეორე მხრივ კი, ბიოლოგიური მამის მიმართ. კერძოდ, მამას, რომელმაც იშვილა 1 წლამდე ასაკის ბავშვი ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება და შესაბამისი დახმარება, ხოლო ბიოლოგიური მამა მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და აღნიშნულის გამო დახმარების მიღების უფლებით.
55. იმავდროულად, როგორც აღინიშნა, თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისას, დიფერენცირების არსებობასთან ერთად, აუცილებელია, დადგინდეს, რამდენად წარმოადგენენ შესადარებელი ჯგუფები არსებითად თანასწორ სუბიექტებს. ამ თვალსაზრისით, უპირველესად, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ფორმალური თვალსაზრისით, საქართველოს შრომის კოდექსის მიზნებისათვის, ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება განსხვავებულ შვებულებებს წარმოადგენენ რამდენადაც, პირველი მათგანის ფაქტობრივ საფუძველს, ბავშვის დაბადება, ხოლო, მეორე მათგანის ფაქტობრივ საფუძველს – 1 წლამდე ასაკის ბავშვის შვილება წარმოადგენს. ხაზგასასმელია, რომ მიუხედავად მათ შორის არსებული ფორმალური განსხვავებისა, დასახელებული შვებულებები მსგავსი მიზნობრივი დატვირთვის ინსტრუმენტებს წარმოადგენს. კერძოდ, ორივე შვებულების ძირითადი ფუნქცია მდგომარეობს იმის უზრუნველყოფაში, რომ დასაქმებულ მშობელს შესაძლებლობა ჰქონდეს, ბავშვის დაბადების საწყისი ეტაპიდანვე, საკმარისი დრო გაატაროს მასთან, სრულფასოვნად ჩაერთოს მასზე ზრუნვის პროცესში, მხარი დაუჭიროს ბავშვის ფიზიკური და ემოციური განვითარების პროცესს და ჩამოაყალიბოს ბავშვთან მჭიდრო პერსონალური კავშირი. მაშასადამე, ორივე დასახელებული შვებულების მიზანს წარმოადგენს ბავშვის მოვლის პროცესში მშობლის სრულფასოვნად მონაწილეობის უზრუნველყოფა.
56. თავის მხრივ, ბავშვის მოვლისა და მასზე ზრუნვის პროცესთან მიმართებით, ბავშვის ბიოლოგიურ მამასა და იმ მამას, რომელმაც 1 წლამდე ბავშვი იშვილა, არსებითად იდენტური პასუხისმგებლობები და ვალდებულებები გააჩნიათ. შესაბამისად, იდენტიფიცირებულ შესადარებელ სუბიექტებს აქვთ თანაბარი ინტერესი, უზრუნველყოფილნი იყვნენ ოჯახური და სამსახურებრივი პასუხისმგებლობის დაბალანსების იმგვარი ინსტრუმენტით, რომლის ფარგლებშიც, მათ შესაძლებლობა ექნებათ, ერთი მხრივ, შეასრულონ მშობლის ფუნქციური დატვირთვა, საკმარისი დრო გაატარონ ბავშვთან, იზრუნონ მასზე, ჩამოაყალიბონ მასთან მჭიდრო პერსონალური კავშირი, მეორე მხრივ კი, შეინარჩუნონ სამუშაო ადგილი და ჰქონდეთ კარიერული სტაბილურობის გარანტია.
57. მაშასდამე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბიოლოგიურ მამას და მამას, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, გააჩნიათ თანაბარი ინტერესი, ბავშვის მოვლის მიზნებისათვის, ისარგებლონ შვებულებისა და მასთან დაკავშირებული ანაზღაურების მიღების უფლებით. შესაბამისად, განსახილველ სამართალურთიერთობასთან მიმართებით, მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებული პირთა კატეგორიები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს.
58. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ, მოცემულ შემთხვევაშიც, დიფერენცირებული მოპყრობა დადგენილია არსებითად თანასწორ პირებს შორის, რაც იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვას.
4.3. შეზღუდვის კონსტიტუციურობა
4.3.1. შეფასების ტესტი
59. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და დემოკრატიულ სახელმწიფოში შესაძლებელია მისი შეზღუდვა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
60. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დიფერენცირებულად მოპყრობის გონივრულობის მასშტაბი განსხვავებული შეიძლება იყოს თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
61. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმების დისკრიმინაციულობის შეფასებისას, საკონსტიტუციო სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას – სასამართლო იყენებს შეფასების მკაცრ ტესტს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
62. ამასთან ერთად, „მიუხედავად იმისა, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შერჩეულ უნდა იქნეს რაციონალური დიფერენცირებისა თუ მკაცრი შეფასების ტესტი, ორივე მათგანის ფარგლებში, აუცილებელია, რომ სადავო ნორმით განსაზღვრულ შეზღუდვას გააჩნდეს ლეგიტიმური საჯარო მიზანი და შერჩეული საკანონმდებლო საშუალება იყოს დასახელებულ მიზანთან რაციონალურ და გონივრულ კავშირში. დიფერენცირებული მოპყრობის გამომწვევი ღონისძიება, რომელიც დასახელებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, ჩაითვლება თვითმიზნურად და დისკრიმინაციულად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40). შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც აშკარაა, რომ დიფერენცირება არ პასუხობს რაციონალური ტესტის მოთხოვნებს, სასამართლო სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად ცნობს დიფერენცირების ტესტის შერჩევის გარეშე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/2/767,1272 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
63. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იდენტიფიცირებულ არსებითად თანასწორ პირებს შორის დადგენილი დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურობაზე ცალ-ცალკე იმსჯელებს.
4.3.2. ბიოლოგიური დედისა და ბიოლოგიური მამის მიმართ დადგენილი დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურობა
64. ერთი მხრივ, ბიოლოგიური დედის, მეორე მხრივ, ბიოლოგიური მამის მიმართ დადგენილი განსხვავებული უფლებრივი რეჟიმის შემთხვევაში, აშკარაა, რომ დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს სქესი. თავის მხრივ, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია ექსპლიციტურად არის აკრძალული საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, იმ შემთხვევაში თუ დიფერენცირების ნიშანი არის კლასიკური (საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული), საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირების შეფასებისთვის იყენებს მკაცრ ტესტს. საკონსტიტუციო სასამართლო დიფერენცირების კონსტიტუციურობას მკაცრი ტესტის ფარგლებში აფასებს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
65. თავის მხრივ, „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
4.3.2.1. ლეგიტიმური მიზანი
66. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია დადგინდეს, ემსახურება თუ არა იგი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა ატარებს თვითნებურ ხასიათს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია ნორმის შემდგომი შემოწმების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27). წინამდებარე საქმეზე, მოპასუხე მხარემ სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზნებად დაასახელა ქალის ჯანმრთელობის დაცვა და ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობა. გარდა ამისა, მოპასუხე მხარემ მიუთითა ფინანსური რესურსის არასაკმარისობის არგუმენტზე.
67. უპირველესად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, სახელმწიფოს არ გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი, რათა საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის ერთობლივი ჩართულობა ბავშვის მოვლის საკითხებში, მათ შორის, სახელმწიფო არ ფლობს საკმარის ფინანსურ რესურსს მამაკაცის ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით უზრუნველსაყოფად. ამ პირობებში, მოპასუხე მხარის მითითებით, შერჩეული გადაწყვეტა პრიორიტეტულად უზრუნველყოფს ქალის უფლებების დაცვას.
68. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, რესურსების არასაკმარისობა არ წარმოადგენს არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირების გამართლების თვითკმარ არგუმენტს. „არსებითად თანასწორ პირთა მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვის გარანტიის დადგენით, საქართველოს კონსტიტუცია გამორიცხავს, საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის დიფერენცირების გამართლებისათვის, თვითკმარ არგუმენტად მიჩნევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 მაისის №2/1/1606 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-34). ამ მხრივ, „დიფერენცირების გამართლებისათვის უნდა დასაბუთდეს არა მხოლოდ ის, რომ რესურსი არასაკმარისია ყველასათვის, არამედ ასევე უნდა წარმოჩნდეს, თავად დიფერენცირების რაციონალურობა, რომელიმე პირთა წრის სარგებლის მიმღებთაგან გამორიცხვა უნდა ეფუძნებოდეს რაციონალურ დასაბუთებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები − გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-24). მოცემულ შემთხვევაშიც, სახელმწიფოს შეზღუდულ ფინანსურ რესურსზე აპელირება, დადგენილი დიფერენცირების აუცილებლობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე, ვერ გამოდგება ბიოლოგიური დედისა და ბიოლოგიური მამის მიმართ დადგენილი განსხვავებული უფლებრივი რეჟიმის გამართლების თვითკმარ არგუმენტად. ამ კონტექსტში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მოპასუხე მხარის მიერ იდენტიფიცირებული ლეგიტიმური მიზნების კონტექსტში, შეაფასებს რამდენად აუცილებელია ბიოლოგიური მამის გამორიცხვა ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და აღნიშნული საფუძვლით დახმარების მიღების უფლებით მოსარგებლეთა წრიდან.
69. მოპასუხე მხარე სადავო ნორმების ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზნად ასახელებს ქალის ჯანმრთელობის დაცვას. ამ კონტექსტში, აღსანიშნავია, რომ ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ქალის ორგანიზმში მიმდინარე სპეციფიკური ფიზიოლოგიური პროცესები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე. როგორც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვეთა, აღნიშნული, მათ შორის, გამოიხატება მშობიარობის შემდგომ პერიოდში, ქალის ჯანმრთელობის გაუარესების მომეტებულ საშიშროებაში, რომლის პრევენციისთვისაც, შესაბამისი პერიოდის განმავლობაში, ადეკვატური ზრუნვა და სპეციფიკური ყურადღებაა საჭირო. ამ პირობებში, ორსულობისა და მშობიარობის პროცესისათვის პოტენციურად თანმხლები/დამახასიათებელი საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალის ჯანმრთელობის დაცვა, შესაძლოა, დასახელდეს სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირების ლეგიტიმურ მიზნად.
70. მოპასუხე მხარე სადავო ნორმების კიდევ ერთ ლეგიტიმურ მიზნად ასახელებს ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობას. ამ თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ კვების ამგვარ ფორმას დადებითი ეფექტი გააჩნდეს, როგორც დედის, ისე ბავშვის ჯანმრთელობის მიმართ და აუმჯობესებდეს მათ ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესს, მათ შორის, ხელს უწყობდეს რიგი დაავადებების განვითარების პრევენციას. ბუნებრივი კვების წახალისების მნიშვნელობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს მეძუძური დედების მეთვალყურეობას, აგრეთვე მათთვის ჩვილის ძუძუთი ექსკლუზიური კვებისათვის და ბუნებრივი კვების 2 წლამდე გახანგრძლივებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ამ შემთხვევაშიც, ადგენს, რომ ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობა ნამდვილად წარმოადგენს ღირებულ საჯარო ინტერესს და მის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დადგენილი იქნეს დიფერენცირებული მოპყრობა.
4.3.2.2. გამოსადეგობა
71. ლეგიტიმური მიზნის არსებობასთან ერთად, თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნას წარმოადგენს ლოგიკური კავშირის არსებობა გამოყენებულ უფლებაშემზღუდველ ღონისძიებასა და ლეგიტიმურ საჯარო მიზანს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ შეზღუდვა არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება და უფლება შეიზღუდა უმიზნოდ, რაც მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველია. კონკრეტული ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი „დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).
4.3.2.2.1. ქალის ჯანმრთელობის დაცვა
72. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავდაპირველად შეაფასებს რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი ქალის ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმების საფუძველზე, ბიოლოგიური მამისათვის ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და აღნიშნულის გამო დახმარების მიღების უფლებებით სარგებლობის გამორიცხვის სახით დადგენილ შეზღუდვას შორის.
73. ამ კონტექსტში, უპირველესად, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი საქმისათვის რელევანტური სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, შვებულება და შესაბამისი დახმარება გათვალისწინებულია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო. საგულისხმოა, რომ მათი ერთიან სამართლებრივ კონსტრუქციად რეგლამენტირების მიუხედავად, ერთი მხრივ, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებას, ხოლო, მეორე მხრივ, ბავშვის მოვლის გამო შვებულებას სპეციფიკური შინაარსი გააჩნია და ავტონომიური მიზნების უზრუნველსაყოფად არსებობს. აღნიშნული, თავის მხრივ, განპირობებულია, ერთი მხრივ, ორსულობისა და მშობიარობის, ხოლო, მეორე მხრივ, ბავშვის მოვლის ეტაპების ურთიერთგანსხვავებული ხასიათით და თითოეული ეტაპის ფარგლებში მშობლების ინტერესების სპეციფიკური დაბალანსების საჭიროებით. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში წამოჭრილი საკითხის ადეკვატური გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს, ერთი მხრივ, ორსულობისა და მშობიარობის, ხოლო, მეორე მხრივ, ბავშვის მოვლის გამო შვებულების შინაარსი და მიზნები.
74. როგორც აღინიშნა, ორსულობა და მშობიარობა, მათი მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი თავისებურებების გათვალისწინებით, როგორც წესი, რთულ ფიზიოლოგიურ პროცესს წარმოადგენს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორსული/მშობიარე ქალის ორგანოთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. აღნიშნული მდგომარეობის ფარგლებში, ორსული/მშობიარე ქალის ორგანიზმი განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ ჰორმონალური კუთხით, რასაც შესაძლოა, თან ახლდეს განსხვავებული შინაარსისა და სიმძიმის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. იმავდროულად, როგორც საქმის არსებითი განხილვის სხდომის ფარგლებში გამოირკვა, მშობიარობის შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით იმატებს ქალის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის დადგომის ალბათობა, პოტენციური საფრთხის ხარისხი და არსებობს მასზე ზრუნვის სპეციფიკური, მომეტებული საჭიროება.
75. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების სამართლებრივი კონსტრუქციის ფარგლებში, პრიორიტეტულია სწორედ ქალის ინტერესების, მათ შორის, მისი ჯანმრთელობის დაცვა. ამგვარი შვებულება, ორსულობისა და მშობიარობის პროცესისთვის დამახასიათებელი სირთულეებისა და თანმხლები რისკების ფონზე, უზრუნველყოფს ქალის დაცვას სამსახურებრივი პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებებისაგან მისი დისტანცირებისა და საარსებო სახსრების შენარჩუნების გზით. აღნიშნული შვებულება, საბოლოო ჯამში, ემსახურება ქალის ორსულობისა და მშობიარობის თანმხლები მდგომარეობიდან რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობას, რაც, როგორც აღინიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობიარობის შემდგომი ეტაპისათვის დამახასიათებელი, მომეტებული საფრთხეების არსებობის ფონზე.
76. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებისაგან განსხვავებული მიზნობრივი დატვირთვა გააჩნია ბავშვის მოვლის გამო შვებულებას. ბავშვის მოვლის გამო შვებულება ავტონომიურად უზრუნველყოფს მშობლის მონაწილეობას ბავშვზე ზრუნვისა და მისი მოვლის საკითხებში. იმავდროულად, როგორც ზემოთ უკვე დადგინდა, ხსენებულ პროცესთან მიმართებით, ორივე მშობელს, გააჩნია მსგავსი პასუხისმგებლობა და ინტერესი. ბავშვის ბიოლოგიურ მამას ისევე წარმატებით შეუძლია გაუმკლავდეს ბავშვის მოვლის პროცესისთვის დამახასიათებელ ძირითად გამოწვევებს, როგორც ბიოლოგიურ დედას. ბავშვის მოვლის საკითხთან მიმართებით, მშობლებს შორის არ არსებობს იმგვარი ბიოლოგიური თუ ფუნქციური განსხვავება, რომელიც ზემოაღნიშნული მსჯელობის მართებულებას ეჭვქვეშ დააყენებდა. შესაბამისად, ამ ტიპის შვებულებასთან მიმართებით, მართებული ვერ იქნება ქალის ინტერესების პრიორიტეტულობაზე აპელირება, რამდენადაც ორსულობისა და მშობიარობის პროცესის ექსკლუზიურად დედის ორგანიზმში მიმდინარეობით გამოწვეული ქალის ინტერესების დაცვის მომეტებული საჭიროებისგან განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში, ქალისა და მამაკაცის ინტერესი – იზრუნონ ახლადდაბადებულ ბავშვზე, მჭიდრო პერსონალური კავშირი იქონიონ მასთან და სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ მისი მოვლის პროცესში, თანაბარ საწყისებზე დაცვას საჭიროებს.
77. მაშასადამე, ერთი მხრივ, ორსულობისა და მშობიარობის, ხოლო, მეორე მხრივ, ბავშვის მოვლის გამო შვებულებები განსხვავებული მიზნისა და დატვირთვის მატარებელი სამართლებრივი კონსტრუქციებია. იმავდროულად, მათ ფარგლებში განსხვავებულია ბიოლოგიური დედისა და ბიოლოგიური მამის ინტერესების სამართლებრივი თანაფარდობა. თუ, ერთ შემთხვევაში, ქალის ინტერესი, მისი ფიზიოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, უპირატეს დაცვას საჭიროებს, მეორე შემთხვევაში, ბიოლოგიურ დედასა და ბიოლოგიურ მამას გააჩნიათ მსგავსი ინტერესი და ფლობენ მსგავს შესაძლებლობებს, თანასწორ საწყისებზე ჩაერთონ ბავშვის მოვლის საკითხებში.
78. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესი რელევანტურია სწორედ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების სამართლებრივი კონსტრუქციის ფარგლებში. სწორედ ხსენებული ტიპის შვებულება უზრუნველყოფს ორსულობისა და მშობიარობის პროცესისათვის დამახასიათებელი ასპექტების ფონზე, ქალის ინტერესების, მათ შორის, მისი ჯანმრთელობის დაცვას. ბავშვის მოვლის გამო შვებულება კი მიმართულია არა ორსულობისა და მშობიარობის პროცესით გამოწვეული ქალის მდგომარეობის კომპენსირებისკენ, ცალკეულად, ქალის/დედის ინტერესების რეალიზებისკენ, არამედ იგი, ზოგადად, უზრუნველყოფს მშობლის კავშირს ბავშვთან და ანიჭებს მას შესაძლებლობას, იზრუნოს ბავშვზე/მონაწილეობა მიიღოს მისი მოვლის პროცესში.
79. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ბავშვის მოვლის გამო შვებულების მიზანი არ მდგომარეობს ქალის ინტერესების უპირატეს ხელშეწყობაში, ბუნდოვანია, რა გავლენას შეიძლება ახდენდეს ქალის ჯანმრთელობის დაცვის საჯარო ინტერესზე ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და აღნიშნულის გამო დახმარების მიღების უფლების მქონე სუბიექტთა წრიდან ბიოლოგიური მამის გამორიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხსენებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმების საფუძველზე დადგენილ უფლებაშემზღუდველ ღონისძიებას შორის ლოგიკური კავშირი არ იკვეთება.
4.3.2.2.2. ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობა
80. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს სადავო რეგულირებით დაწესებული შეზღუდვა ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას.
81. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმების საფუძველზე, ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და აღნიშნულის გამო დახმარების მიღების უფლებით სარგებლობა გათვალისწინებულია მხოლოდ ბავშვის დედისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო, ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი. ასეთ პირობებში, იზრდება ახალშობილის ბუნებრივი კვების შესაძლებლობა, რამდენადაც დედა სარგებლობს უფლებით, გამოიყენოს ბავშვის მოვლის გამო შვებულება და გაატაროს მისი დრო ბავშვთან სამსახურებრივი პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებებისგან დისტანცირებულად. ნათელია, რომ იმგვარ ვითარებაში, როდესაც დედას გააჩნია შესაძლებლობა მეტი დრო გაატაროს ბავშვთან და პირადად იზრუნოს მასზე, იზრდება და მარტივდება ბავშვის ბუნებრივ კვებაზე ყოფნის შესაძლებლობა. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ლოგიკური და რაციონალური კავშირი სადავო ნორმიდან მომდინარე შეზღუდვასა და მოპასუხის მიერ დასახელებულ საჯარო ლეგიტიმურ მიზანს – ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობას შორის, რის გამოც, სადავო ნორმებით გათვალისწინებული რეგულაცია აკმაყოფილებს გამოსადეგობის მოთხოვნებს.
4.3.2.3. აუცილებლობა
82. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნას წარმოადგენს ის, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება იყოს უფლების შეზღუდვის აუცილებელი, ვიწროდ მიმართული საშუალება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20). იმავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ „არ არსებობდეს ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის იმავე ეფექტურობით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის №2/5/1442 გადაწყვეტილება საქმეზე „ეკატერინე ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-50).
83. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო რეგულირების პირობებში, ბავშვის ბიოლოგიური მამა ვერ სარგებლობს ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და აღნიშნულის გამო დახმარების მიღების შესაძლებლობით, გარდა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამონაკლისი შემთხვევისა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ უფლების შეზღუდვა გამოსადეგია ბუნებრივი კვების ხელშეწყობის ლეგიტიმური მიზნის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, კონსტიტუციური დავის გადაწყვეტის მოცემულ ეტაპზე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად პასუხობს დადგენილი შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობის კომპონენტის მოთხოვნებს.
84. ამ კონტექსტში, ხაზგასასმელია, რომ ბავშვის ბუნებრივი კვების მნიშვნელოვანი დატვირთვის მიუხედავად, პრაქტიკული თვალსაზრისით, იგი არ წარმოადგენს ახალშობილის/ბავშვის კვების უალტერნატივო მეთოდს. კერძოდ, ცალკეულ შემთხვევაში, სამედიცინო ან სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლებელია ახალშობილის/ბავშვის კვების მეთოდად გამოყენებული იქნეს ხელოვნური კვების პროდუქტები. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებს მიეკუთვნება, ბავშვთა საკვები ფორმულა №1 და №2; ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ვარგისია ან შემოთავაზებულია ვარგისად 6 თვემდე ასაკის ბავშვის კვებისათვის და ბავშვთა დამატებითი საკვები. თავის მხრივ, დასახელებული მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბავშვთა საკვები ფორმულა №1 გულისხმობს საკვები ფორმულა №1-ის სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად ქარხნული წესით დამზადებულ რძეს ან/და მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტს, რომელიც გამიზნულია საკვებზე 6 თვემდე ასაკის ბავშვთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ხოლო ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბავშვთა საკვები ფორმულა №2 გულისხმობს კვების პროდუქტების საერთაშორისო სტანდარტის, „კოდექს ალიმენტარიუსის“ (Codex Alimentarius) ბავშვთა საკვები ფორმულა №2-ის სტანდარტის შესაბამისად, ქარხნული წესით დამზადებულ რძეს ან/და მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტს, რომელიც გამიზნულია საკვებზე 6 თვის და მეტი ასაკის ჩვილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
85. მაშასადამე, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა, ბავშვი არ იმყოფებოდეს ბუნებრივ კვებაზე, არამედ მის საკვებად გამოიყენებოდეს, მაგალითად, შესაბამისი სტანდარტის, ბავშვთა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად შექმნილი ქარხნული წესით დამზადებული რძე ან/და მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის სხვა პროდუქტი. შესაბამისად, ნათელია, რომ ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და აღნიშნულის გამო დახმარების მიღების უფლებით სარგებლობა თავისთავად, ყველა შემთხვევაში, დაკავშირებული არ არის ბავშვის ბუნებრივი მეთოდით კვების ხელშეწყობასთან.
86. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგულისხმოა, რომ იმ შემთხვევისთვის, როდესაც ბავშვის დედა ცოცხალია, სადავო მოწესრიგება ბლანკეტურად, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, გამორიცხავს ბავშვის ბიოლოგიური მამის მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და აღნიშნულის გამო დახმარების მიღების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. დასახელებული უფლებებით ბავშვის ბიოლოგიური მამის მიერ სარგებლობა გამორიცხულია, მათ შორის, ისეთ შემთხვევაში, როდესაც დედა არ კვებავს ბავშვს ბუნებრივი გზით, არამედ, სხვადასხვა მიზეზით, მისი გამოკვება უზრუნველყოფილია ხელოვნური კვების პროდუქტებით.
87. სადავო მოწესრიგების ბლანკეტურობაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ სადავო რეგულირების პირობებში, ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და აღნიშნულის გამო დახმარების მიღების უფლება ბავშვის ბიოლოგიურ მამას შეზღუდული აქვს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ბავშვის დედა, საკუთარი სურვილით, უარს ამბობს ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და აღნიშნულის გამო დახმარების მიღების შესაძლებლობაზე. უფრო მეტიც, პრაქტიკული თვალსაზრისით, შესაძლებელია, არსებობდეს იმგვარი შემთხვევებიც, როდესაც ბავშვის დედას გააჩნია ბავშვის ბუნებრივი გზით გამოკვებისა და სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების თანადროული სურვილი და ბავშვის კვებისა და სამსახურებრივი ფუნქციების შეთავსებას უზრუნველყოფს სხვადასხვა გზით, მაგალითად, სამუშაო ადგილზე მოწყობილი სათანადო ინფრასტრუქტურის პირობებში.
88. წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო მოწესრიგება იმაზე მეტი ინტენსივობით ზღუდავს ძირითად უფლებას, ვიდრე ეს აუცილებელია ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობის ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის. ამდენად, სადავო მოწესრიგება ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობის კრიტერიუმის მოთხოვნას.
89. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და აღნიშნულის გამო დახმარების მიღების უფლებების მხოლოდ ბიოლოგიური დედისათვის მინიჭებითა და დასახელებული უფლებებით მოსარგებლეთა წრიდან ბიოლოგიური მამების გამორიცხვით, იმ პირობებში, როდესაც ბავშვის მოვლის საკითხებში ჩართულობა, ბავშვზე ზრუნვა და მასთან მჭიდრო კავშირის ინტერესი თანაბრად რელევანტურია ორივე მშობელთან მიმართებით, იმავდროულად კი, ბავშვზე ზრუნვის პროცესში შესასრულებელ ფუნქციურ დატვირთვასთან გამკლავება ორივე მშობელს თანაბარი წარმატებით შეუძლია, სადავო ნორმებით დადგენილი ღონისძიება ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
4.3.3. მშვილებელი მამისა და ბიოლოგიური მამის მიმართ დადგენილი დიფერენცირებული მოპყრობის კონსტიტუციურობა
90. როგორც აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობის შემოწმებისას, შეფასების ტესტის განურჩევლად, აუცილებელია სადავო ნორმით განსაზღვრულ შეზღუდვას გააჩნდეს ლეგიტიმური მიზანი და შერჩეული საკანონმდებლო საშუალება დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანთან რაციონალურ და გონივრულ კავშირში იყოს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40). იმ შემთხვევაში, როდესაც იკვეთება, რომ დადგენილი „დიფერენცირება არ პასუხობს რაციონალური ტესტის მოთხოვნებს, სასამართლო სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად ცნობს დიფერენცირების ტესტის შერჩევის გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის №2/5/1545 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“, II-35).
91. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე განმარტეს, რომ იმ დასაქმებულისათვის, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებისა და შესაბამისი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ დასაქმებულისა და ბავშვის ინტერესების დაცვა, არამედ იგი, ასევე გამოხატავს სახელმწიფოს პოლიტიკას ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციასთან მიმართებით. მაშასადამე, ამ თვალსაზრისით, სადავო მოწესრიგება, აგრეთვე ემსახურება ბავშვის ინსტიტუციებიდან გამოყვანასა და ოჯახურ გარემოში ინტეგრაციის ხელშეწყობას.
92. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, განსხვავებული მოპყრობის გამართლების დასასაბუთებლად, მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს საჯარო ინტერესი, რომელიც საფუძვლად დაედო უშუალოდ დიფერენცირებას. ამისათვის, აუცილებელია, რომ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს გააჩნდეს კავშირი უშუალოდ განსხვავებულ მოპყრობასთან (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის №1/6/1320 გადაწყვეტილება საქმეზე „ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).
93. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნები – ერთი მხრივ, დასაქმებულისა და ბავშვის ინტერესების დაცვა, მეორე მხრივ კი, სახელმწიფოს დეინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკის ხელშეწყობა, შესაძლოა, წარმოადგენდეს იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა გამოც დასაქმებულ მშობლებს მიენიჭათ ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებითა და მასთან დაკავშირებული ანაზღაურების მიღების უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა, თუმცა დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს კავშირი არ აქვთ უშუალოდ მშვილებელი მამისა და ბიოლოგიური მამის მიმართ დადგენილ დიფერენცირებულ მოპყრობასთან. შესაბამისად, დასახელებული საჯარო ინტერესები ვერ ჩაითვლება იმ ღირებულ ლეგიტიმურ მიზნებად, რომელთაც დაეფუძნებოდა იდენტიფიცირებულ პირთა წრის მიმართ დადგენილი დიფერენცირებული უფლებრივი რეჟიმი.
94. შესაბამისად, დიფერენცირებული მოპყრობა ბიოლოგიური მამისა და იმ მამის მიმართ, რომელმაც 1 წლამდე ბავშვი იშვილა დისკრიმინაციული ბუნებისაა. მაშასადამე, სადავო ნორმები, ამ თვალსაზრისითაც, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
95. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, ბავშვის მოვლის გამო დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი და მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ორსული (მშობიარე) ქალის ბავშვის ბიოლოგიური მამისათვის ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და, შესაბამისად, ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობას ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს №1317 კონსტიტუციური სარჩელი („გივი კაპანაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“) და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, ბავშვის მოვლის გამო დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი და მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ორსული (მშობიარე) ქალის ბავშვის ბიოლოგიური მამისათვის ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და, შესაბამისად, ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობას.
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
გიორგი მოდებაძე
თეიმურაზ ტუღუში