საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
| ნომერი | N1/7/1485 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
| თარიღი | 29 აპრილი 2026 |
| გამოქვეყნების თარიღი | 1 მაისი 2026 11:47 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით: (ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლებისთვის სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობის აუცილებლობას ადგენს, იმ შემთხვევებშიც, როდესაც გამოძიების შედეგად მოპოვებულია საკმარისი მტკიცებულებები, თუმცა სისხლის სამართლის პროცესი ვერ გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლში მითითებული გარემოებების და არა მტკიცებულებათა უკმარისობის გამო; (ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გამოთვლისას, არ ითვალისწინებს ამავე კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობის განხორციელების/შესრულების ვადებს; (გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის (2025 წლის 11 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გამოთვლისას, არ ითვალისწინებს ამავე კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობის განხორციელების/შესრულების ვადებს.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1485) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1485 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2020 წლის 24 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 29 აპრილს.
2. №1485 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განისაზღვრება, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ (ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; (ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; (გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება. საქართველოს სახალხო დამცველი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლებისთვის სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობის აუცილებლობას ადგენს, იმ შემთხვევებშიც, როდესაც გამოძიების შედეგად, მოპოვებულია საკმარისი მტკიცებულებები, თუმცა სისხლის სამართლის პროცესი ვერ გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლში მითითებული გარემოებების და არა მტკიცებულებების უკმარისობის გამო. იმავდროულად, №1485 კონსტიტუციურ სარჩელში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის გასაჩივრებული რეგულირებით დადგენილი დათქმის კონსტიტუციურობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტთან მიმართებით, რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაში, კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების შეფასება და პირის დამნაშავედ ცნობა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებით (განაჩენით) არის შესაძლებელი.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოსარჩელე მხარის პოზიციით, არაკონსტიტუციურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გამოთვლისას, არ ითვალისწინებს ამავე კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობის განხორციელების/შესრულების ვადებს.
5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სასამართლოში სამართლიანი და დროული განხილვის კონსტიტუციური უფლებები.
6. №1485 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის განცხადების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობდა გამოძიება, რომელიც პროკურორის 2018 წლის 16 აპრილის დადგენილებით, შეწყდა საქმეზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. მიუხედავად საქმეზე გამოძიების შეწყვეტის ფაქტისა, მოსარჩელე მხარის მითითებით, გამოძიების შედეგად დადგინდა მტკიცებულების ფალსიფიკაციის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მიზნებისთვის დოკუმენტის სიყალბის) ფაქტი. თავის მხრივ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის გასვლის საფუძვლით, გამოძიების შეწყვეტის გამო, საქმეზე არ დადგა სასამართლოს განაჩენი, რის გამოც, დაზარალებულ პირს შეეზღუდა საქმის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით გადასინჯვის მოთხოვნის შესაძლებლობა.
7. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. აღნიშნული პირობის დაუკმაყოფილებლობა გამორიცხავს დაინტერესებული პირის შესაძლებლობას, მოითხოვოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის წარმოების განახლება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ პროკურორი მიიღებს გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით განსაზღვრული გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძვლით. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე, გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებით, შესაძლოა, დადგინდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით საქმის წარმოების განახლებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებები, როგორებიცაა, მაგალითად, დოკუმენტის სიყალბე, მოწმის ცრუ ჩვენება, ექსპერტის ყალბი დასკვნა, არასწორი თარგმანის ფაქტი, თუმცა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა საფუძვლით თავად გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გამო, შეუძლებელი გახდეს ამავე ფაქტების დამადასტურებელი სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის არსებობა. ამგვარად, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხსენებულ საფუძვლებთან მიმართებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება შემოსაზღვრული არ უნდა იყოს a priori სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობით.
8. საქართველოს სახალხო დამცველის მითითებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა ლეგიტიმური და გამართლებული შეიძლება ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს არ ექნებოდა საპროცესოსამართლებრივი შესაძლებლობა, თავად შეეფასებინა ამგვარ მტკიცებულებათა ნამდვილობა − მაგალითად, მტკიცებულებად წარდგენილი დოკუმენტის სიყალბის ფაქტი. მოსარჩელის განმარტებით, თუ კონკრეტული საქმის განმხილველი მოსამართლე მივა დასკვნამდე, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია, მას აქვს შესაძლებლობა, გამორიცხოს იგი მტკიცებულებათა ნუსხიდან. ამასთანავე, მოსარჩელე მხარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლზე დაყრდნობით, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს დასკვნებს, ამა თუ იმ დოკუმენტის სიყალბის თაობაზე, არ აქვს პრეიუდიციული ძალა სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოსათვის და vice versa სამოქალაქო საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლება არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დადგენილი ფაქტებისთვის პრეიუდიციული ძალის მინიჭებას. ამდენად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სამოქალაქო საქმის წარმოების განახლებისათვის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკმარისია შესაბამისი ფაქტობრივი გარემოების ან მტკიცებულების არსებობა და არა ამ გარემოების საბოლოო სისხლისსამართლებრივი შეფასება. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, სამოქალაქო და სისხლის სამართალწარმოებებში განსხვავებული მტკიცებულებითი სტანდარტების არსებობაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი a priori არ გულისხმობს სამოქალაქო საქმეზე განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას.
9. მოსარჩელე მხარის მითითებით, პოტენციური ლეგიტიმური მიზნის ნაკლებად მზღუდავ საშუალებად შესაძლოა განხილულ იქნეს მოწესრიგება, რომელიც სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს მისცემს საშუალებას, ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე, თავად შეაფასოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებები და მიიღოს გადაწყვეტილება საქმის წარმოების განახლების შესახებ, როდესაც სისხლის სამართლის პროცესი ვერ მიმდინარეობს ზემოაღნიშნული საპროცესო საფუძვლების გამო. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დათქმა არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლების შეზღუდვის ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
10. განცალკევებით, №1485 კონსტიტუციური სარჩელით, საქართველოს სახალხო დამცველი სადავოდ ხდის, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ 5-წლიან ხანდაზმულობის ვადას, რომლის ამოწურვის შემდგომ, დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანა. მოსარჩელე მხარე, ზოგადად, აღიარებს სადავო ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის ლეგიტიმურ მიზნებს, თუმცა პრობლემურად მიიჩნევს აღნიშნულ რეგულირებას იმ შემთხვევებში, როდესაც საქმის წარმოების განახლების საფუძველი წარმოიშობა ან მისი არსებობა იკვეთება სწორედ დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ.
11. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადები, რიგ შემთხვევებში, მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ 5-წლიან ვადას. შესაბამისად, სადავო ნორმა არ ითვალისწინებს იმ ობიექტურ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ხანგრძლივობა, სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის პროცესის სპეციფიკის გათვალისწინებით, ხშირად, 5 წელს აღემატება და სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის დადგომა შესაძლოა, სწორედ ხსენებული ვადის გასვლის შემდეგ მოხდეს. ამასთანავე, მოსარჩელე მხარის პოზიციით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადების დინების თავისებურებებიც. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ხანდაზმულობის ვადას არ განიხილავს როგორც სტატიკურ და მკაცრად წინასწარგანსაზღვრულ პერიოდს და იგი შეიძლება შეჩერდეს ან განახლდეს ობიექტური გარემოებების გამო, მათ შორის, როდესაც პირი ემალება გამოძიებას ან თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას. ამდენად, სისხლის სამართლის საქმის დასრულების დრო, ხშირად, წინასწარ პროგნოზირებადი არ არის. ასეთ პირობებში, სადავო ნორმით დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის ავტომატური და უპირობო გამოყენება მოწყვეტილია სისხლისსამართლებრივი პროცესის რეალურ დინამიკას და არ ითვალისწინებს იმ ობიექტურ გარემოებას, რომ საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი საფუძველი შესაძლოა, საბოლოოდ წარმოიქმნას სწორედ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ. ასეთ ვითარებაში, დაინტერესებული პირი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, სრულად კარგავს შესაძლებლობას, ისარგებლოს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლებითა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული შესაძლებლობით და მოითხოვოს მისი ინტერესების საზიანოდ გამოტანილი უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილების გადახედვა. შედეგად, ხანდაზმულობის ვადა აღარ ასრულებს უფლების კეთილსინდისიერი რეალიზაციისათვის გონივრული დროის უზრუნველყოფის ფუნქციას და, ფაქტობრივად, უფლების შინაარსობრივ არაეფექტიანობას იწვევს.
12. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირება წარმოშობს ისეთ სამართლებრივ რეალობას, რომლის ფარგლებში, პირი, საკუთარი ბრალის გარეშე კარგავს შესაძლებლობას, ისარგებლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მექანიზმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გადაწყვეტილების სისწორის ეჭვქვეშ დაყენების ობიექტური საფუძვლები. სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო მოწესრიგება არღვევს შეპირისპირებულ ინტერესთა შორის სამართლიან ბალანსს, რამდენადაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოობის უზრუნველყოფის ინტერესს ანიჭებს უპირობო უპირატესობას, დაინტერესებული პირის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებასთან მიმართებით. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
13. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება არსებითად განსახილველად, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. №1485 კონსტიტუციური სარჩელით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, მათ შორის, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ (2025 წლის 11 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გამოთვლისას, არ ითვალისწინებს ამავე კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობის განხორციელების/შესრულების ვადებს.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით მოწესრიგებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების მექანიზმი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს საამისოდ გათვალისწინებული საფუძვლების ჩამონათვალს, რომლის მიხედვითაც, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ: (ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; (ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; (გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი საფუძვლებით კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრება და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
4. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დგინდება, მათ შორის, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სასამართლოში წარდგენის ხანდაზმულობის ზოგადი ვადა. კერძოდ, ამგვარი მოთხოვნით სასამართლოში განცხადების შეტანა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამავე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.
5. საქართველოს სახალხო დამცველის არგუმენტაციით, სადავო მოწესრიგება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ხანდაზმულობის ვადების დადგენისას, არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების, სასამართლოში განხილვის და, ზოგადად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადების სპეციფიკის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის დადგომა შესაძლოა, 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოხდეს. ასეთ ვითარებაში, დაინტერესებული პირი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, სრულად კარგავს შესაძლებლობას, მოითხოვოს მისი ინტერესების საზიანოდ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა, რის გამოც, სადავო ნორმით განსაზღვრული მოწესრიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
6. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმით დადგენილ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურობას ასაჩივრებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამი სხვადასხვა საფუძვლის კონტექსტში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, №1485 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, პირველ რიგში, იმსჯელებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლის ჭრილში.
7. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2025 წლის 11 დეკემბრის №3/11/1689 გადაწყვეტილებაში, საქმეზე „ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პირის მიერ დასრულებული საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, როდესაც გამოძიება დაიწყო დასრულებული საქმის წარმოების განახლებისათვის დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის პერიოდში, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 5-წლიანი აღმკვეთი ვადის ამოწურვის შემდეგ.
8. მოცემულ საქმეზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, სადავო ნორმით დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურობის შემოწმებისას, ყურადღება გაამახვილა დროის სვლასთან ერთად, განახლებული სამართალწარმოების ფარგლებში, ფაქტების დადგენის სირთულეებზე და, ამ ჭრილში, ერთმანეთისგან გამიჯნა შემთხვევათა ორი ტიპი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განსხვავებული სტანდარტებით შეაფასა: ერთი მხრივ, შემთხვევა, როდესაც მხარის, მისი წარმომადგენლის ან მოსამართლის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება დაიწყო, შესაბამის საქმეზე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადაში, მაგრამ განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა ამ ვადის ამოწურვის შემდეგ და, მეორე მხრივ, შემთხვევა, როდესაც მხარის, მისი წარმომადგენლის ან მოსამართლის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების დაწყებაც და გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლაც უკავშირდება საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის 5-წლიანი ვადის შემდგომ პერიოდს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლებისათვის დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის პერიოდში, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 5-წლიანი აღმკვეთი ვადის ამოწურვის შემდეგ, იმ ინდივიდის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, რომლის საქმეზეც მართლმსაჯულება გამრუდდა საქმის მეორე მხარის, მისი წარმომადგენლის ან მოსამართლის მხრიდან სისხლისსამართლებრივად აკრძალული ქმედების/დანაშაულის ჩადენის შედეგად, გადაწონიდა სამართლებრივი უსაფრთხოების, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის უზრუნველყოფის მიზნით, დროითი შეზღუდვის დაწესების ლეგიტიმურ ინტერესს. აღნიშნულისგან განსხვავებით, შემთხვევათა მეორე კატეგორიასთან მიმართებით სადავო ნორმით დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან თავსებადად იქნა მიჩნეული (იხ., №3/11/1689 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 28-ე−31-ე პარაგრაფები).
9. მაშასადამე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის №3/11/1689 გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა აღარ მოქმედებს იმ შემთხვევებთან მიმართებით, როდესაც საქმეზე მხარის, მისი წარმომადგენლის ან/და მოსამართლის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი გამოძიება ამავე ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის მიმდინარეობისას დაიწყო, თუმცა კანონიერ ძალაში ამავე ვადის ამოწურვის შემდეგ შევიდა. აღნიშნული, ბუნებრივად, გულისხმობს იმას, რომ მსგავს შემთხვევებში, საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სასამართლოში განცხადების წარდგენის ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გამოთვლისას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველთან მიმართებით, საბოლოოდ, გათვალისწინებას ექვემდებარება სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დრო, როგორც საქმის წარმოების განახლების წინაპირობის განხორციელების მომენტი. ხსენებული გადაწყვეტილებით დადგინდა ისიც, რომ სადავო ნორმა, სხვა ნაწილში, ადგენდა კონსტიტუციურად სამართლიან ბალანსს შეპირისპირებულ ინტერესებს შორის.
10. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის ჭრილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფუძველთან მიმართებით, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, 2025 წლის 11 დეკემბრის №3/11/1689 გადაწყვეტილებით. კერძოდ, მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემის − რაც გულისხმობს გასაჩივრებული ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გამოთვლის პროცესში, დასრულებულ სამოქალაქო საქმეზე მხარის, მისი წარმომადგენლის ან/და მოსამართლის მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის დადგომის ვადის გაუთვალისწინებლობას, ნაწილი ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით, ნაწილი კი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებთან თავსებადად იქნა მიჩნეული.
11. იმავდროულად, განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, დამატებით, არ იკვეთება რაიმე პრობლემური საკითხი და მოთხოვნა, რომლის კონსტიტუციურობის თაობაზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 11 დეკემბრის №3/11/1689 გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის გამოყენების საჭიროება.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის (2025 წლის 11 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გამოთვლისას, არ ითვალისწინებს ამავე კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობის განხორციელების/შესრულების ვადებს, №1485 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდაშეწყდეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
13. იმავდროულად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
14. №1485 კონსტიტუციური სარჩელით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით გასაჩივრებულია, აგრეთვე, ერთი მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლებისთვის სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობის აუცილებლობას ადგენს, იმ შემთხვევებშიც, როდესაც გამოძიების შედეგად მოპოვებულია საკმარისი მტკიცებულებები, თუმცა სისხლის სამართლის პროცესი ვერ გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლში მითითებული გარემოებების და არა მტკიცებულებათა უკმარისობის გამო, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გამოთვლისას, არ ითვალისწინებს ამავე კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობის განხორციელების/შესრულების ვადებს.
15. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების განხორციელების წინაპირობად სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის განსაზღვრა დაუსაბუთებლად ზღუდავს პირის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რამდენადაც დოკუმენტის სიყალბის, მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენების, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნის ან/და შეგნებულად არასწორი თარგმანის ფაქტის არსებობის დადგენა შესაძლებელია იმისგან დამოუკიდებლად, მიღებულია თუ არა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პირების სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება იქნებოდა ისეთი მოწესრიგება, რომელიც სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს მისცემდა, ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით, საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას მაშინ, როდესაც დაინტერესებული პირის ნებისაგან დამოუკიდებლად, შეუძლებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობის − კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების, არსებობის დადასტურება სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით. არსებითად მსგავს არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დასახელებული საფუძვლებით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით განცხადებით სასამართლოსადმი მიმართვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გამოთვლისას, უნდა გაითვალისწინებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის დადგომის ვადები.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ან დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს დასახელებული საფუძვლებით სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით, გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების ერთ-ერთ წინაპირობას − კერძოდ კი, ამავე საფუძვლების არსებობის ფაქტის დადასტურებას სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით. ამასთანავე, როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დადგენილია, რომ, მათ შორის, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილი არეგულირებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების სხვადასხვა საფუძველს, რომელთა ერთობლიობა ქმნის სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვის განსაკუთრებულ საპროცესო მექანიზმს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ფარგლებში, ხსენებული მექანიზმი ემსახურება საერთო სასამართლოებში მიმდინარე სასამართლო პროცესის სრულყოფილად და საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისი პროცედურებით წარმართვის, პირის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების და კანონიერი ინტერესების სრულყოფილი და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის, ისევე, როგორც, ზოგადად, მატერიალური სამართლიანობის მიღწევის უზრუნველყოფას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო პროცესი ჩატარდა საქართველოს კონსტიტუციის/კანონის ფორმალური ან/და მატერიალური მოთხოვნების დარღვევით ან გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამოვლინდა იმგვარი გარემოება, რომელიც ცნობილი რომ ყოფილიყო პროცესის მიმდინარეობისას, გამოიწვევდა სხვაგვარი სამართლებრივი შედეგის დადგომას და ამ დარღვევათა/ახალ გარემოებათა გამო მიღებული გადაწყვეტილება ვერ აკმაყოფილებს სამართლიანობის მოთხოვნას, ამგვარი გადაწყვეტილების ბათილობის ან საქმის წარმოების ხელახლა დაწყების მოთხოვნა წარმოადგენს პირის უფლებათა დაცვის აუცილებელ საშუალებას და სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის წინაპირობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები ‒ თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-14).
18. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილების ფარგლებში, საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
19. 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის, მათ შორის, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუკი გაუქმდა სასამართლოს ის განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელსაც პრეიუდიციული ძალა ჰქონდა და არსებითად გადაწყვიტა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში განსახილველი საკითხი.
20. ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამიჯნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული შემთხვევა. კერძოდ, ერთი მხრივ, შემთხვევა, როდესაც უქმდება ის სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელსაც პრეიუდიციის ძალა ჰქონდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას და სამოქალაქო საქმის განმხილველმა სასამართლომ ხსენებული აქტით დადგენილი გარემოებები გამოიყენა დამატებითი გამოკვლევის გარეშე, ხოლო, მეორე მხრივ, შემთხვევა, როდესაც გაუქმდა სასამართლოს ის განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას, საქმის წარმოების დაწყების საფუძვლად ან ორდინალური მტკიცებულების სახით იქნა გამოყენებული, თუმცა სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმის განმხილველმა სასამართლომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებები თავად დაადგინა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც „სასამართლო განაჩენს, გადაწყვეტილებას, განჩინებას ან სხვა ორგანოს დადგენილებას ენიჭება პრეიუდიციის ძალა, მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, სადავოდ გახადოს ამ სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო გარემოებები. [...] ის გადაწყვეტილება, რომელიც ამ ფორმით ეფუძნება სასამართლო განაჩენს, გადაწყვეტილებას, განჩინებას ან სხვა ორგანოს დადგენილებას, ფაქტობრივად, წარმოადგენს იმავე პროცესის გაგრძელებას და არა დამოუკიდებელ პროცესს, რომელზეც ხდება წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევა და მათი შეფასების გზით მიიღება გადაწყვეტილება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-61). ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების მოთხოვნას წარმოადგენს, რომ პრეიუდიციის ძალის მქონე სასამართლო განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინების ან სხვა ორგანოს დადგენილების გაუქმებას, ასევე მოჰყვეს ამ აქტის პირდაპირი სამართლებრივი შედეგების გაუქმებაც. კერძოდ, გაუქმებული აქტის საფუძველზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება „პრეიუდიციის ძალის მქონე აქტების ბუნებიდან და მათთან დაკავშირებული საპროცესო წესრიგიდან გამომდინარე, ნაკლებად შეიძლება იქნეს განხილული ახალი სასამართლო პროცესის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებად, რამდენადაც იგი ეფუძნება სხვა აქტის მიღებისას გამოკვლეულ და დადგენილ გარემოებებს და მისგან დამოუკიდებლად არ იძლევა რაიმე განსხვავებულ შეფასებას, არ იწვევს რაიმე განსხვავებულ შედეგს და არ ადგენს ახალ გარემოებებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-63).
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმგვარი სამართლებრივი ბალანსის დადგენა, რომლის ფარგლებში, პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება, მაშინაც კი, თუკი გაუქმებულ განაჩენს პრეიუდიციის ძალა ჰქონდა მის წინააღმდეგ გამოტანილ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღებისას და სწორედ მას ეფუძნებოდა იგი, „ვერ ჩაითვლება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, რამდენადაც პირს არც თავდაპირველად მისცემია შესაძლებლობა, გადაწყვეტილების მიღებისას, ეჭვქვეშ დაეყენებინა კონკრეტული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოებები, სასამართლოს შეფასებები და, ამგვარი აქტის გაუქმების შემდგომაც, ფაქტობრივად, ერთმევა შესაძლებლობა, გამოასწოროს მდგომარეობა და აღკვეთოს გაუქმებული აქტით განპირობებული ნეგატიური სამართლებრივი შედეგები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-64).
23. აღნიშნულისგან განსხვავებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის წარმოების განახლებისათვის დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის დაწესება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან თავსებადად მიიჩნია, მაშინ, როდესაც სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება დამოუკიდებლად და თვითკმარად არ ხდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველი, არამედ წარმოადგენს სასარჩელო წარმოების დაწყების საფუძველს ან/და გადაწყვეტილების მიღებისას აქვს ორდინალური მტკიცებულების ძალა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმ პირობებში, როდესაც მხარეს უკვე ჰქონდა საპროცესო შესაძლებლობა, ედავა სხვა აქტში მითითებული გარემოებების სისწორესა და სანდოობაზე, გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო დაერწმუნებინა საპირისპირო პოზიციაში, მაგრამ ეს ვერ შეძლო ან როდესაც სასამართლო განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინების ან სხვა ორგანოს დადგენილების საფუძველზე ხდება სამართალწარმოების ინიციირება, ხოლო, უშუალოდ პროცესის მიმდინარეობისას ფასდება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი შეფასების შედეგად მიიღება გადაწყვეტილება, 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელება ამგვარ შემთხვევებზე ვერ ჩაითვლება არასამართლიანი ბალანსის დამდგენ რეგულაციად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-67).
24. დამატებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის კონტექსტში, სადავო ნორმით დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურობის შემოწმებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახელებული საფუძველი მოქმედებს იმ ვითარებაში, როდესაც საქმის მხარეებს ერთხელ უკვე ჰქონდათ შესაძლებლობა, ესარგებლათ მათთვის მინიჭებული ყველა საპროცესო საშუალებით, მონაწილეობა მიეღოთ საქმის განხილვაში, წარედგინათ საკუთარი და გამოეკვლიათ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებები და, ამ გზით, გავლენა მოეხდინათ საქმის სამართლებრივ შედეგებზე, რის გამოც, იგი განსხვავდება იმ შემთხვევებისაგან, როდესაც მხარე საერთოდ არ ყოფილა მოწვეული საქმის განხილვაზე ან/და არ შეეძლო, სადავოდ გაეხადა კონკრეტული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი მოცემულობა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-49). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლება უკავშირდება იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს არსებობდა მნიშვნელოვანი მტკიცებულება ან გარემოება, რომელიც გავლენას მოახდენდა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე, თუმცა მხარემ ვერ წარადგინა. ამავე დროს, საქმის სწორად გადაწყვეტის მიზნის მნიშვნელობის დადასტურების პარალელურად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულება ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და ადგენს რელატიურ ჭეშმარიტებას, რის გამოც, სამართლებრივი სისტემა, თავისთავად, უშვებს რისკს, რომ მხარეებმა შესაძლოა, ვერ წარმოადგინონ ყველა მტკიცებულება საკუთარი უნარების, მომზადების ან სხვა მიზეზების გამო. შესაბამისად, თუ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, სრულად ესარგებლა საპროცესო უფლებებით, მაგრამ ვერ მოახერხა ამგვარი შესაძლებლობის ეფექტიანად გამოყენება, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური სამართლიანობა ეჭვქვეშ არ დგება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-49-50).
25. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
26. 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილების ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, იკვეთება დასრულებული, res judicata საქმის ხელახლა გახსნის შესაძლებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ზოგადი კონსტიტუციური სტანდარტი, რომელიც, ორივე შემთხვევაში − როგორც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, აგრეთვე „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის ჭრილში, ეფუძნებოდა არსებითად მსგავს კრიტერიუმს − კერძოდ, იმას, ჰქონდა თუ არა პირს თავდაპირველი სამართალწარმოების ფარგლებში რეალური და ეფექტიანი შესაძლებლობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა, გამოეკვლია საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. ამდენად, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების კონტექსტში, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ის გარემოება, ჰქონდა თუ არა პირს თავდაპირველი სამართალწარმოების ფარგლებში რეალური შესაძლებლობა, სადავოდ გაეხადა საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო პროცესში, წარედგინა საკუთარი პოზიციის გამამყარებელი და მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გამაბათილებელი მტკიცებულებები ან/და არგუმენტები და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია მტკიცებულებების დამოუკიდებელი შეფასების საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საბოლოობის დაცვის მიზნით, საქმის ხელახლა გახსნის დროითი შეზღუდვა, როგორც წესი, კონსტიტუციურად დასაშვებ რეგულაციად მიიჩნევა. საპირისპიროდ, იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია, დასრულებული საქმის გახსნის აკრძალვა, მათ შორის, დროითი შეზღუდვების დაწესების გზით, ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების მოთხოვნებს.
27. ამდენად, ნათელია, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობის შეზღუდვა, თავისთავად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის საწინააღმდეგო არ არის და ემსახურება ისეთი ღირებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორებიცაა სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოობის გარანტირების გზით, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და განსაზღვრულობის პრინციპების, მოწესრიგებული და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა და სხვ. (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები ‒ თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-27; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის №1/3/161 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ასეთ ვითარებაში, კონსტიტუციური სარჩელის ან სათანადო სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განსახილველად მისაღებად, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც გარკვეული დოზით მაინც წარმოაჩენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების ხანდაზმულობის ვადის ან/და ცალკეული საპროცესო წინა პირობის არაკონსტიტუციურობას, უშუალოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული საფუძვლის ჭრილში.
28. №1485 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი, როგორც აღინიშნა, სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წინა პირობის, აგრეთვე აღნიშნული კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის კონსტიტუციურობას, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების ჭრილში. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო რეგულაციები წარმოშობს ისეთ ვითარებას, რომლის ფარგლებში, დაინტერესებული პირი ობიექტურად მოკლებულია, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას, რამდენადაც სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, შესაძლოა, სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით, არ დადგეს ან დადგეს მხოლოდ იმ დროისთვის, როდესაც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან უკვე გასულია ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადა.
29. ამ კონტექსტში, განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარე ზოგადად მიუთითებს საკანონმდებლო ორგანოს მიერ დადგენილი საპროცესო წინა პირობისა და დროითი შეზღუდვისაგან მომდინარე სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების არაგონივრულ შეზღუდვაზე. №1485 კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენს უშუალოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების კონტექსტში სადავო მოწესრიგებების არაკონსტიტუციურობას. უფრო კონკრეტულად, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ წარმოაჩენს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები, თავიანთი სპეციფიკის გათვალისწინებით, წარმოშობს საჭიროებას, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება გადასინჯულ იქნეს სადავო ნორმებით გათვალისწინებული წინა პირობისაგან დამოუკიდებლად ან/და დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის მიღმა. მოსარჩელე მხარე არ ასაბუთებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილ საფუძვლებს გააჩნია ისეთი მახასიათებლები, რომლებიც პირს, თავდაპირველი სამართალწარმოების ფარგლებში, უზღუდავს შესაძლებლობას, ეჭვქვეშ დააყენოს ან/და გამოიკვლიოს გარემოებები, რომელთა არსებობასაც მოგვიანებით უკავშირებს საქმის წარმოების განახლების საჭიროებას. მოსარჩელე მხარე არ ასაბუთებს, რომ თავდაპირველი საქმის განხილვის ეტაპზე, პირს არ ჰქონდა შესაძლებლობა, სადავოდ გაეხადა იმ დოკუმენტის სანდოობა, რომელსაც ეფუძნებოდა სასამართლოს გადაწყვეტილება, მოეთხოვა მისი ნამდვილობის შემოწმება, დაენიშნა ექსპერტიზა, წარმოედგინა ალტერნატიული ექსპერტული დასკვნა, დაეკითხა მოწმეები ან დაეყენებინა კითხვის ნიშნის ქვეშ თარჯიმნის მიერ შესრულებული თარგმანის სისწორე.
30. ბუნებრივია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ ცალკეულ ინდივიდუალურ შემთხვევებში წარმოიშვას ისეთი ვითარება, რომლის ფარგლებშიც, საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობის სადავო ნორმებით გათვალისწინებული საპროცესო წინა პირობა ან დროითი შეზღუდვა კონკრეტულ სიტუაციაში ან/და პირთა გარკვეული ჯგუფის მიმართ მართლაც უსამართლო შედეგს წარმოშობდეს, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე არ გამოყოფს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს ან პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებიც დაადასტურებდა, რომ სადავო ნორმების მოქმედებამ რეალურად გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს პირის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების არაპროპორციული შეზღუდვა. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მსჯელობა, ძირითადად, შემოიფარგლება სადავო ნორმებით დადგენილი საპროცესო წინა პირობისა და ხანდაზმულობის ვადის არაგონივრულობის მტკიცებით, მხოლოდ ზოგადაბსტრაქტული თვალსაზრისით და არ შეიცავს კონკრეტულ გარემოებებზე დაფუძნებულ არგუმენტაციას, რომელიც დაასაბუთებდა სადავო მოწესრიგებების არაკონსტიტუციურობას უშუალოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების ჭრილში. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიუთითებს, რომ სადავო რეგულაციები კონკრეტულად იმ ვითარებაში ზღუდავს პირის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას, როდესაც პირს თავდაპირველი სამართალწარმოების ფარგლებში არ ჰქონდა რეალური და ეფექტიანი შესაძლებლობა, გამოეკვლია და დაეყენებინა კითხვის ნიშნის ქვეშ საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სწორედ ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ზემოხსენებულ ნაწილში, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არ არის სათანადოდ დასაბუთებული.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ერთი მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლებისთვის სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობის აუცილებლობას ადგენს, იმ შემთხვევებშიც, როდესაც გამოძიების შედეგად მოპოვებულია საკმარისი მტკიცებულებები, თუმცა სისხლის სამართლის პროცესი ვერ გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლში მითითებული გარემოებების და არა მტკიცებულებათა უკმარისობის გამო, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გამოთვლისას, არ ითვალისწინებს ამავე კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობის განხორციელების/შესრულების ვადებს, №1485 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის და 47-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1485 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:
(ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლებისთვის სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობის აუცილებლობას ადგენს, იმ შემთხვევებშიც, როდესაც გამოძიების შედეგად მოპოვებულია საკმარისი მტკიცებულებები, თუმცა სისხლის სამართლის პროცესი ვერ გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლში მითითებული გარემოებების და არა მტკიცებულებათა უკმარისობის გამო;
(ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გამოთვლისას, არ ითვალისწინებს ამავე კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობის განხორციელების/შესრულების ვადებს.
2. შეწყდეს საქმე №1485 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის (2025 წლის 11 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გამოთვლისას, არ ითვალისწინებს ამავე კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობის განხორციელების/შესრულების ვადებს.
3. განჩინებას დაერთოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 29 აპრილის №1/7/1485 განჩინებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2026 წლის 29 აპრილის №1/7/1485 განჩინებასთან (შემდგომში − №1/7/1485 განჩინება) დაკავშირებით.
2. №1/7/1485 განჩინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეწყვიტა საქმე №1485 კონსტიტუციურ სარჩელზე მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის (2025 წლის 11 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გამოთვლისას, არ ითვალისწინებს ამავე კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობის განხორციელების/შესრულების ვადებს.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სასამართლოში წარდგენის ხანდაზმულობის ზოგად ვადას. სადავო ნორმის შესაბამისად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. სადავო ნორმის ხანდაზმულობის ვადის მოქმედება ვრცელდება, მათ შორის, იმ res judicata საქმეზე, რომელზეც დადგენილია მხარეების, მათი წარმომადგენლების ან/და მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება.
4. №1485 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიუთითებდა, რომ სადავო მოწესრიგება, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ხანდაზმულობის ვადების დადგენისას, მხედველობის მიღმა ტოვებს იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების, სასამართლოში განხილვის და, ზოგადად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადების სპეციფიკის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის დადგომა შესაძლოა, 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოხდეს. ასეთ ვითარებაში, დაინტერესებული პირი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, სრულად კარგავს შესაძლებლობას, მოითხოვოს მისი ინტერესების საზიანოდ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა (იხ., №1/7/1485 განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-5 პარაგრაფი).
5. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მსგავსი სამართლებრივი პრობლემის კონსტიტუციურობა შეაფასა 2025 წლის 11 დეკემბრის №3/11/1689 გადაწყვეტილებით საქმეზე „ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (შემდგომში − №3/11/1689 გადაწყვეტილება), რომლის ფარგლებში შემოთავაზებულ გადაწყვეტას არ დავეთანხმე და, შესაბამისად, გამოვთქვი განსხვავებული აზრი.[1] განსხვავებული აზრი დეტალურად მიმოიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის აღმკვეთი ვადების კონსტიტუციურ სტანდარტებს და ასაბუთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის არაკონსტიტუციურობას იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია მართლმსაჯულების გამრუდების შედეგად. განსხვავებული აზრის არგუმენტაციის ხაზი ნათლად წარმოაჩენს იმასაც, რომ ფორმალურ დროით კრიტერიუმზე დაყრდნობით ინდივიდის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების რეალიზების შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ გარანტიებს. მივიჩნევ, რომ №1485 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის შეწყვეტამ სასარჩელო მოთხოვნის მოცემულ ნაწილში გამორიცხა საკითხის საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად გადაწყვეტის შესაძლებლობა.
6. №3/11/1689 გადაწყვეტილების ფარგლებში, ერთმანეთისგან გამიჯნული და განსხვავებული სტანდარტებით შეფასებულია შემთხვევათა ორი ტიპი. კერძოდ, ერთი მხრივ, შემთხვევა, როდესაც მხარის, მისი წარმომადგენლის ან მოსამართლის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიება დაიწყო, შესაბამის სამოქალაქო საქმეზე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადაში, მაგრამ განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა ამ ვადის ამოწურვის შემდეგ; და, მეორე მხრივ, შემთხვევა, როდესაც მხარის, მისი წარმომადგენლის ან მოსამართლის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების დაწყებაც და გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლაც უკავშირდება სამოქალაქო საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანის 5-წლიანი ვადის შემდგომ პერიოდს. №3/11/1689 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სადავო ნორმით გათვალისწინებული 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა პირველ შემთხვევასთან მიმართებით, რამდენადაც დადგინდა, რომ ინდივიდის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება გადაწონიდა სამართლებრივი უსაფრთხოების, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის უზრუნველყოფის მიზნით დროითი შეზღუდვის დაწესების ინტერესს. შემთხვევათა მეორე კატეგორიასთან მიმართებით სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან თავსებადად იქნა მიჩნეული (იხ., №3/11/1689 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 28-ე−31-ე პარაგრაფები).
7. №1/7/1485განჩინებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა №3/11/1689 გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ №1485 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მომენტისათვის, საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სასამართლოში განცხადების წარდგენის ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გამოთვლისას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფუძველთან მიმართებით, გაითვალისწინება სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დრო, როგორც საქმის წარმოების განახლების წინაპირობის განხორციელების მომენტი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოჩენილი პრობლემა, რაც გულისხმობდა გასაჩივრებული ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გამოთვლის პროცესში, დასრულებულ სამოქალაქო საქმეზე მხარის, მისი წარმომადგენლის ან/და მოსამართლის მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის დადგომის ვადის გაუთვალისწინებლობას, გადაწყვეტილი არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, №3/11/1689 გადაწყვეტილებით. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ №1485 კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებული არ იყო რაიმე დამატებითი პრობლემური საკითხი და მოთხოვნა, რომლის კონსტიტუციურობის თაობაზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №3/11/1689 გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია.
8. ვეთანხმები ჩემი კოლეგების არგუმენტაციას, რომ №1485 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულ ამ კონკრეტულ მოწესრიგებასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ყველა არსებითი საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №3/11/1689 გადაწყვეტილებით, თუმცა არ ვიზიარებ სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილებით შემოთავაზებულ განმარტებებსა და სადავო ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე დადგენილ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ, ვრჩები №3/11/1689 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოთქმულ განსხვავებულ აზრში დაფიქსირებული პოზიციების ერთგული და კვლავაც მივიჩნევ, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძვლით გასაჩივრებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობის ფორმალურად დაკავშირება სავარაუდო დანაშაულზე გამოძიების დაწყების კალენდარულ მომენტთან, იმ პირობებში, როდესაც საქმეზე მხარის, მისი წარმომადგენლის ან/და მოსამართლის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, შინაარსობრივად ასუსტებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით პირისათვის შეთავაზებული დაცვის გარანტიებს. ამგვარი მიდგომა, შინაარსობრივი შეფასების, მათ შორის, იმის დადგენის ნაცვლად, წარმოადგენს თუ არა კანონიერ ძალაში შესული კონკრეტული გადაწყვეტილება გამრუდებული მართლმსაჯულების შედეგს, გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს ფორმალურ დროით კრიტერიუმს და ინდივიდის უფლებების რეალიზებას დამოკიდებულს ხდის მის კონტროლს მიღმა არსებულ გარემოებებზე, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ სისხლისსამართლებრივი რეაგირების დროულობაზე. ამასთანავე, მსგავსი საკანონმდებლო გადაწყვეტა უგულებელყოფს იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი თავისთავად აყენებს ეჭვქვეშ შესაბამისი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობას და, შედეგად, რეალურად შეუძლებელს ხდის დანაშაულის შედეგად გამრუდებული მართლმსაჯულების გამოსწორებას. ამგვარი რეგულირება პრიორიტეტს ანიჭებს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ინტერესებს იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ინტერესები თავად დანაშაულით არის შელახული და ქმნის რეალურ რისკს, რომ ხანდაზმულობის ვადა გარდაიქმნას დანაშაულის გზით მიღებული სარგებლის დაცვის ინსტრუმენტად, რაც არ შეესაბამება სამართლიანობის მინიმალურ სტანდარტებს და ეწინააღმდეგება როგორც სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, ისე სამართლის უზენაესობის პრინციპს.
9. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაშიც, მივიჩნევ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადა არაკონსტიტუციურია, ზოგადად, იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული დანაშაული, თავისი ხასიათისა და ბუნების, კონკრეტული საქმის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესთან კავშირისა და გადაწყვეტილების შედეგზე გავლენის მასშტაბის გათვალისწინებით, იწვევს მართლმსაჯულების გამრუდებას, განურჩევლად შესაბამის დანაშაულზე გამოძიების დაწყების დროისა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე
გიორგი კვერენჩხილაძე
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2025 წლის 11 დეკემბრის №3/11/1689 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.