სიახლეები
არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „„შპს ჯეორჯიან ფორესთრი ინდუსტრიალ კომპანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
2026 წლის 15 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „„შპს ჯეორჯიან ფორესთრი ინდუსტრიალ კომპანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1816).
განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა აწესრიგებს ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადების საკითხს. კერძოდ, სადავო ნორმის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ავტომატურად იწვევს მის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობას, მიუხედავად კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებისა. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული რეგულირება არღვევს საჯარო რეესტრის მონაცემების სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციას, რომელსაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც რეგისტრაციის უზუსტობის ტვირთი აწევს შემძენს, ქონების შეძენით დაინტერესებული პირი იძულებულია, შეამოწმოს საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორე და რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ ნივთის გასხვისების მართლზომიერება, რაც, თავის მხრივ, გარიგებების მთელი ჯაჭვისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოძიებისა და ანალიზის საჭიროებას აჩენს. ამასთან, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ხარვეზის სრულყოფილი იდენტიფიცირება შესაძლოა, ვერც მოხდეს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში, კეთილსინდისიერი შემძენი დგას უძრავი ნივთის არასწორი რეგისტრაციისა და შემდგომში, საკუთრების უფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე, რის გამოც სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების უფლებას.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
დავის საგანი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.