სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1395 კონსტიტუციური სარჩელი
2025 წლის 19 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1395 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ხორგუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
№1395 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, ერთი მხრივ, განსაზღვრავს კანონით მემკვიდრეების ჩამონათვალსა და რიგითობას, ხოლო, მეორე მხრივ, აწესრიგებს უმკვიდრო ქონების სახელმწიფოს, ცალკეულ შემთხვევებში კი, სხვადასხვა ტიპის მზრუნველობითი დაწესებულების საკუთრებაში გადაცემის წესს.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო რეგულაცია, რომელიც დედინაცვალთან/მამინაცვალთან მჭიდრო ოჯახური თანაცხოვრების პირობებში მყოფ გერს უზღუდავს შესაძლებლობას, კანონისმიერი მემკვიდრეობის გზით, პირველი ხუთი რიგის მემკვიდრეთა არარსებობის შემთხვევაში, მიიღოს მამკვიდრებლის ქონება, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განმტკიცებულ მემკვიდრეობის უფლებას. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე, საკუთრების უფლებასთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ნორმას, რომლის საფუძველზეც, უმკვიდრო ქონება საკუთრებაში გადაეცემა არა გერს, არამედ სახელმწიფოს.
დამატებით, მოსარჩელე მხარისათვის, თანასწორობის უფლებასთან მიმართებით, პრობლემური იყო ისეთი მოწესრიგება, რომელიც ითვალისწინებდა მამკვიდრებლის უმკვიდრო ქონების მზრუნველობითი დაწესებულებებისათვის გადაცემის შესაძლებლობას, მაშინ, როდესაც იგივე წესი არ ვრცელდებოდა ამგვარი სტატუსის არმქონე პირებზე, მათ შორის, გერზე, როდესაც ისინი ანალოგიური გულისხმიერებითა და ხარჯების გაწევით ზრუნავდნენ მამკვიდრებელზე.
მოპასუხე მხარის განმარტებით, გერი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ დადგენილ, კონსტიტუციის მოთხოვნებთან თანხვედრაში მყოფ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც, განისაზღვრება კანონით მემკვიდრეთა წრე. შესაბამისად, გერი არ არის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების სუბიექტი. თანასწორობის უფლებასთან მიმართებით, მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული შესადარებელი სუბიექტები არ არიან არსებითად თანასწორები. შესაბამისად, ადგილი არ აქვს თანასწორობის უფლების დარღვევას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონისმიერი მემკვიდრეობის ინსტიტუტის სპეციფიკიდან გამომდინარე, კანონმდებლის მიერ სახელმძღვანელოდ აღებული კრიტერიუმები, კერძოდ, მემკვიდრესთან სისხლისმიერი ნათესაობა და მამკვიდრებლის მიერ სიცოცხლეშივე გამოვლენილი ნების საფუძველზე სამართლებრივად დადასტურებადი ურთიერთობა, წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ, განჭვრეტად, პრაქტიკულ და გონივრულ კრიტერიუმებს, რომლებიც შესაძლოა, საფუძვლად დაედოს მამკვიდრებლის სავარაუდო ნების პრეზუმირებას, კანონით მემკვიდრეთა წრის დადგენის მიზნებისათვის. ხოლო, ვინაიდან გერი ვერ აკმაყოფილებს ვერც ერთ დასახელებულ კრიტერიუმს, მისი გაუთვალისწინებლობა კანონით მემკვიდრეთა წრეში, არ არღვევს კონსტიტუციით განმტკიცებულ მემკვიდრეობის უფლებას.
საკუთრების უფლებასთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ გერის მიერ უმკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელობა არ ქმნის სუბიექტის იმდენად მყარ სამართლებრივ კავშირს ქონებასთან, რომ აღნიშნული გარემოება შეფასდეს, როგორც უკვე შეძენილი საკუთრება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობით, გერი არასდროს წარმოადგენდა კანონით მემკვიდრეს, რის გამოც, მას ვერ წარმოეშობოდა უმკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების ლეგიტიმური მოლოდინი. შედეგად, ადგილი არ ჰქონდა საკუთრების კონსტიტუციური უფლების დარღვევას.
აღნიშნულის პარალელურად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, თანასწორობის უფლებასთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის გასაჩივრებული სიტყვები, რომლებიც ადგენდა მამკვიდრებლის უმკვიდრო ქონების გადასვლას სხვადასხვა ტიპის მზრუნველობითი დაწესებულების საკუთრებაში, თუმცა ანალოგიური წესს არ ავრცელებდა გერთან და იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც მზრუნველობითი დაწესებულების სტატუსის არქონის მიუხედავად, მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე მასზე აღნიშნული დაწესებულებების მსგავსად ზრუნავდნენ. სასამართლოს განმარტებით, საკითხის მსგავსი მოწესრიგება იწვევდა თანასწორ პირთა შორის უთანასწორო მოპყრობას. დიფერენცირება კი არ ექვემდებარებოდა რაიმე გონივრულ გამართლებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაავადა არაკონსტიტუციურად ცნობილი რეგულაციის ძალადაკარგულად ცნობა 2026 წლის პირველ ივლისამდე, კანონმდებლის მხრიდან, საკითხის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგების მიზნით.
