სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1532 კონსტიტუციური სარჩელი
2025 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1532 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი გოცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
დავის საგანს წარმოადგენდა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმა, ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად, საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი სტაჟის მოთხოვნის ფარგლებში, გამორიცხავდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირის (სსიპ) ფორმით მოქმედ უწყებაში სპეციალობით მუშაობის გამოცდილებას. შესაბამისად, პირს, რომელსაც აქვს საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, შესაძლებლობა ეძლევა, ნოტარიუსის თანამდებობა დაიკავოს სავალდებულო სტაჟირების გავლის გარეშე.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, მას გააჩნია უმაღლესი იურიდიული განათლება, ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და სსიპ-ში სპეციალობით მუშაობის 5 წელზე მეტი ხნის გამოცდილება. აღნიშნულის მიუხედავად, მას უარი ეთქვა ნოტარიუსის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობაზე, რადგან სსიპ-ში მუშაობის გამოცდილება არ ჩაეთვალა საჯარო სამსახურის სტაჟად. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციული იყო, რადგან არსებითად თანასწორ პირებს (იურისტებს, რომლებსაც აქვთ იდენტური პროფესიული გამოცდილება) უთანასწორო მდგომარეობაში აყენებდა მხოლოდ დამსაქმებელი უწყების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის გამო.
მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, დიფერენცირება ობიექტური გარემოებებით იყო განპირობებული და საჯარო სამსახურის ერთიანი სისტემის ეტაპობრივი რეფორმირების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა. მოპასუხემ განმარტა, რომ 2015 წელს მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის სრულფასოვნად ასამოქმედებლად და სსიპ-ების სისტემაში ინტეგრაციისთვის საჭირო გახდა „გარდამავალი პერიოდის“ დაწესება, რომლის მიზანიც სსიპ-ების ფუნქციური ანალიზი და კატეგორიზაცია იყო. შესაბამისად, ვიდრე აღნიშნული კომპლექსური პროცესი არ დასრულდებოდა, არსებული დროებითი დიფერენცირება გამართლებულად უნდა ჩათვლილიყო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა ახდენდა პირთა დიფერენცირებას დასაქმების ადგილის ნიშნით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო რეგულირების მიზნებისათვის, როგორც სახელმწიფო უწყებაში, ისე სსიპ-ში დასაქმებული იურისტები არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენდნენ, ვინაიდან ორივე ჯგუფის საქმიანობა საჯარო ინტერესს ემსახურება და საჯარო-სამართლებრივ ხასიათს ატარებს. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანია იმ პირთა გამოვლენა, რომელთაც უკვე დაგროვილი აქვთ სანოტარო საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. თუმცა, ნორმა ამ მიზანს აღწევდა არა კანდიდატის გამოცდილების შინაარსობრივი შეფასებით, არამედ დამსაქმებლის ფორმალური სტატუსის მიხედვით. სასამართლოს შეფასებით, სსიპ-ების სისტემური კატეგორიზაციის დასრულებამდეც არის შესაძლებელი პირის გამოცდილების ინდივიდუალურად შეფასება და მისი რელევანტურობის დადგენა სანოტარო საქმიანობასთან მიმართებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით დადგენილი უთანასწორობა არ ემყარებოდა ობიექტურ და გონივრულ მიზეზებს, მოკლებული იყო რაციონალურ კავშირს ლეგიტიმურ მიზანთან და, შესაბამისად, დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებდა.
სამართლებრივი ბუნდოვანების თავიდან აცილების მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლომ კანონმდებელს მისცა დრო შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად და არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობა 2026 წლის 1 ივლისამდე გადაავადა.
