სიახლეები

„ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1362).

2024 წლის 29 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1362).

მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს იმ წესს, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესაძლებლობას მის მიერ კონკურსში მონაწილე კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის შესახებ წინასწარი საჯარო განცხადების გაკეთების შემთხვევაში.მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მოსამართლის კანდიდატის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების დროს იგი მოქმედებს არა პირადი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, არამედ საზოგადოებრივ ინტერესის დაცვის მიზნით – მართლმსაჯულება განახორციელონ მხოლოდ მოსამართლის თანამდებობასთან შესაფერისმა პირებმა, რომლებიც საკუთარი პროფესიული და პიროვნული მახასიათებლებით უზრუნველყოფენ დამოუკიდებელ და კვალიფიციურ მართლმსაჯულებას. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესისაგან მისი აცილების შემთხვევაში იგი ვერ ახორციელებს კონსტიტუციით მისთვის, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევისათვის, დაკისრებულ არსებით ფუნქციას, რის გამოც ეზღუდება საჯარო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.