სიახლეები
არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „მ. ხ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1822)
2026 წლის 13 და 14 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „მ. ხ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1822).
განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციის მიხედვით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს არაუგვიანეს 4 თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო თუ სამართალდარღვევა დენადია − არაუგვიანეს 4 თვისა მისი გამოვლენის დღიდან.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა, ოთხთვიანი ვადის ათვლის მიზნებისთვის, არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, თუ როდის გაიგო მონაცემთა სუბიექტმა მისი პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავების შესახებ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ თუ მონაცემთა სუბიექტი ოთხთვიანი ვადის გასვლის შემდგომ შეიტყობს მისი პერსონალური მონაცემების კანონის დარღვევით დამუშავების თაობაზე, შესაბამის ორგანოს, არ შეუძლია, იმსჯელოს ასეთი დარღვევის არსებობის შესახებ. ამასთანავე, თუ სუბიექტმა დადგენილ ვადებში მიმართა სამსახურს, არასაკმარისი დროის გამო, შესაძლოა ობიექტურად ვერ მოხდეს საქმის საფუძვლიანად შესწავლა ან არასამართლიანად გაჭიანურდეს საქმის გადაწყვეტა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა აბრკოლებს პირს მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, გააჩნდეს საკუთარი პერსონალური მონაცემების დაცვის ქმედითი მექანიზმი და ისარგებლოს ადმინისტრაციული საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებით.
მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ მიმართებით.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
დავის საგანი: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.