სიახლეები
ვენეციის კომისიის კონსტიტუციური მართლმსაჯულების გაერთიანებული საბჭოს სხდომა
2024 წლის 14-15 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნოს მთავარმა მრჩეველმა ეკატერინე მჟავანაძემ მონაწილეობა მიიღო კონსტიტუციური მართლმსაჯულების გაერთიანებული საბჭოს (JCCJ) 21-ე სხდომაში, რომელიც ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის სამდივნოსა და სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თანაორგანიზებით, ქ. ერევანში გაიმართა.
ვენეციის კომისიის სამდივნომ საბჭოს წევრების წინაშე წარადგინა ინფორმაცია კონსტიტუციური მართლმსაჯულების მიმართულებით ვენეციის კომისიის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა კონფერენცია თემაზე: „საკონსტიტუციო სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულება“.
კონსტიტუციური მართლმსაჯულების გაერთიანებული საბჭო ვენეციის კომისიის წევრებსა და წევრი საკონსტიტუციო სასამართლოების (და რელევანტური ინსტიტუტების) მიერ დანიშნულ მეკავშირე ოფიცრებს აერთიანებს, რომლის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოებსა და ვენეციის კომისიას შორის თანამშრომლობის წარმართვა. საბჭო, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ იკრიბება, ერთ-ერთი წევრი სასამართლოს მიწვევით.