სიახლეები

ვიზიტი კორეის რესპუბლიკაში

2024 წლის 13-22 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის თანამშრომლებმა: სასამართლოს სამდივნოს უფროსმა გიორგი ლომთაძემ, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსმა სამართლებრივმა მრჩეველმა ნიკა პირველაშვილმა და ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ვაჟა სამნიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს „ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ციფრული ადმინისტრირების“ პროგრამაში, რომელიც კორეის რესპუბლიკაში, ქ. სეულში გაიმართა. ღონისძიება კორეის რესპუბლიკის მეცნიერებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

პროგრამის შინაარსობრივი ნაწილი დაეთმო ინფორმაციული ტექნოლოგიების სხვადასხვა აქტუალურ საკითხს, კერძოდ, კორეის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების ელექტრონული სისტემის, ინფორმაციული უსაფრთხოების ქსელისა და ელექტრონული მართლმსაჯულების სერვისის მიმოხილვას, ასევე, კორეის რესპუბლიკის ციფრული მმართველობის სამთავრობო სტრატეგიის, ღია მონაცემების გამოყენების, ციფრული მმართველობის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობების განხილვას. აღნიშნული საკითხები წარმოდგენილი იქნა კორეის რესპუბლიკის პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მაგალითების ფონზე. ვიზიტის პროგრამა ასევე გულისხმობდა ინსტიტუციურ ვიზიტებს კორეის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე, ქ. სეჯონის სამთავრობო კომპლექსში განთავსებულ ციფრული მმართველობის საგამოფენო სივრცესა და საპრეზიდენტო არქივში.

ვიზიტი განხორციელდა კორეის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, კორეის რესპუბლიკის ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.