სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1602 და №1603 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)

2025 წლის 7 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1602 და №1603 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

მოსარჩელისთვის პრობლემური იყო ბრალდებულის ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლებით სარგებლობისგან გამორიცხვის კონსტიტუციურობა. ამასთანავე, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა განსხვავებით დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულებისგან, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულების ვიდეო პაემნის უფლებისგან გამორიცხვის კონსტიტუციურობას. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ამგვარი საკანონმდებლო რეგულაციები არაპროპორციულად ზღუდავდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებებს.

საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა პოზიციით, ბრალდებული და მსჯავრდებული პირები არ იმყოფებოდნენ არსებითად ერთგვაროვან ვითარებაში, რადგან ხანგრძლივი პაემანი, როგორც ოჯახთან კავშირის ერთ-ერთი საშუალება, არის არა პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებული პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების შემადგენელი უფლებრივი კომპონენტი, არამედ მხოლოდ გარკვეული კატეგორიის დაწესებულებაში მოთავსებულ პირთათვის ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც, სათანადო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაბამისი რისკისა და ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შედეგად, ენიჭება მსჯავრდებულს. რაც შეეხება ვიდეო პაემანს, მოპასუხის მოსაზრებით, იგი ასევე არ წარმოადგენს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის ერთ-ერთ უფლებრივ კომპონენტს, რის გამოც გამოირიცხება ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულის კონტაქტი ოჯახსა და ახლობლებთან ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლების გამორიცხვით იზღუდება იმის გამო, რომ არსებობს ბრალდებულის მიერ გამოძიების ინტერესებისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის რეალური საფრთხე, რაც წარმოშობს სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საჭიროებას. კერძოდ, ბრალდებულისთვის, მისი ოჯახის წევრებთან დაწესებულების წარმომადგენლების მეთვალყურეობის გარეშე პირდაპირი და უშუალო კონტაქტის - ხანგრძლივი პაემნის გზით - შესაძლებლობის მინიჭებით, შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნას გამოძიების ინტერესებს და, ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელებას. ასეთი კონტაქტისას, შესაძლოა, გაიზარდოს საქმეზე სინამდვილის დადგენის შეუძლებლობა, ამასთანავე, არსებობს შედარებით მცირე, მაგრამ გასათვალისწინებელი რისკი იმისა, რომ პატიმრობის დაწესებულებაში მოხვდეს აკრძალული ნივთები, ოჯახის წევრებთან კონტაქტის მეშვეობით, დამყარდეს (ან გაადვილდეს) კომუნიკაცია კრიმინალურ დაჯგუფებებთან ან მათთან ინფორმაციის გაცვლა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ვიდეო პაემნის, როგორც ოჯახთან კავშირის შენარჩუნების დამატებითი საშუალებით სარგებლობისას, უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნებისთვის საფრთხის შექმნის რისკების არსებობის ფაქტზეც. მართალია, მოსარჩელის აზრით, ამგვარი რისკები შესაძლოა არსებობდეს სატელეფონო საუბრის დროსაც ინფორმაციის გაცვლის სახით, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით,  ვიდეო პაემნის გამართვის პროცესში მნიშვნელოვანია ის გარემოება, თუ რამდენად მარტივად არის შესაძლებელი თუნდაც სხეულის ენით გამოძიების ინტერესების დაზიანება, რაც, თავისთავად, ხელს შეუშლის მართლმსაჯულების ეფექტიანად აღსრულებას. გარდა ამისა, ვიდეო პაემანი ხორციელდება პენიტენციური დაწესებულებისა და სააგენტოს წარმომადგენლების მიერ ვიდეოპაემნის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ვინაიდან სახელმწიფო მოკლებულია შესაძლებლობას, ვიდეო პაემნის მიმდინარეობისას, განახორციელოს აუდიო კონტროლი ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე, ცალსახად იზრდება ლეგიტიმური მიზნებისთვის საფრთხის შექმნის ალბათობაც.

სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებასთან მიმართებით კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, ბრალდებული და მსჯავრდებული პირები სრულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან არა მხოლოდ მათი საპროცესოსამართლებრივი სტატუსის მიხედვით, არამედ ხანგრძლივი/ვიდეო პაემნების დროს ბრალდებულისა და მისი ოჯახის წევრებთან უშუალო შეხვედრების მიმდინარეობისას არსებული იმ რეალური და ხელშესახები საფრთხეების არსებობით, რომლებიც ხელს უშლის გამოძიების ინტერესებსა და, ზოგადად, მართლმსაჯულების ეფექტიანად აღსრულებას. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფომ განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი დააწესა განსხვავებულ ვითარებაში მყოფ სუბიექტებთან მიმართებით.

განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთათვის ვიდეო პაემნის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საკითხი ეხება ვიდეოპაემანს, რომლის დროსაც, მართალია, სახეზე არ არის ოჯახის ან კანონმდებლობით დაშვებულ პირებთან პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი (ფიზიკური კონტაქტის მნიშვნელობის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით (მაგალითად, პირისპირ შეხვდეს მსჯავრდებული ოჯახის წევრს, რომელთანაც უფრო გულწრფელ, ახლო, ემოციურ კავშირს დაამყარებს, ვიდრე, მაგალითად, ვიდეოზარის მეშვეობით)), თუმცა მსჯავრდებულს, მათ შორის, გააჩნია სატელეფონო კონტაქტის, მიმოწერის საშუალება და ა. შ.. იმავდროულად, განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებას წინ უსწრებს თითოეული მსჯავრდებულის მხრიდან მომდინარე საშიშროების რისკების ინდივიდუალური შეფასებაც. გარდა ამისა, საშიშროების რისკების ინდივიდუალური შეფასება და მსჯავრდებულის ყოფნა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არ გრძელდება ამ უკანასკნელის მიერ სასჯელის მოხდის მთელი პერიოდის განმავლობაში, არამედ ექვემდებარება პერიოდულ გადამოწმებას და, აღნიშნულთან დაკავშირებით, უფლებამოსილი კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილება შესაძლებელია გადაიხედოს სასამართლო წესით.

ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ  პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით სარგებლობასთან მიმართებით თეორიულად თანაბარი ინტერესის მიუხედავად, დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები ვერ იქნებიან მიჩნეულნი როგორც არსებითად თანასწორები, რომელთა მიმართაც ერთგვაროვანი მოპყრობა უფრო გამართლებული იქნებოდა, ვიდრე გაუმართლებელი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ საფრთხეებზე, რომლებიც უკავშირდება განსაკუთრებული რისკის მსჯავრდებულის ოჯახის წევრებთან თუ სხვა პირებთან კომუნიკაციას ვიდეო პაემნის მეშვეობით, მათ შორის, ისაუბრა იმის ალბათობაზე, რომ ვიდეო პაემანი მათი მხრიდან შეიძლება გამოყენებულ იქნას არალეგიტიმური მიზნით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არც დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოთავსებული მსჯავრდებულები არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მიზნებისათვის.

დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-10 ნაწილისა (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და 171 მუხლის პირველი ნაწილის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.