სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1823 კონსტიტუციური სარჩელი („მ.ხ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)

2025 წლის 28 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1823 კონსტიტუციური სარჩელი („მ.ხ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმების თანახმად, სავარაუდო ოჯახური ძალადობის ფაქტზე შემაკავებელ ორდერს გამოსცემდა/ელექტრონულ ზედამხედველობას აწესებდა მხოლოდ პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი. მოსარჩელის პოზიციით, არაკონსტიტუციური იყო გასაჩივრებული რეგულაციებით დადგენილი წესი, რომლის თანახმადაც, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი, მსხვერპლის დაცვითი ღონისძიებების სავალდებულოდ გამოყენების მიღმა, მიზანშეწონილობის კრიტერიუმზე დაყრდნობით წყვეტდა შემაკავებელი ორდერის გამოცემის/ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების საკითხს სავარაუდო მოძალადედ იდენტიფიცირებული პოლიციელის (შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლის) მიმართ. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით, ასეთ დროს, წარმოიშობოდა კოლეგიალური (კორპორაციული) დაინტერესების საფუძველზე გადაწყვეტილების მიკერძოებულად მიღების მომეტებული რისკი. იმავდროულად, მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ სადავო ნორმები არ იყო ეფექტიანი დაცვითი ღონისძიებების გამოყენების მყისიერების თვალსაზრისითაც, რაც გულისხმობდა იმას, რომ, როდესაც სავარაუდო ოჯახური ძალადობის საქმეს იძიებდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, შემაკავებელი ორდერის გამოცემისთვის/ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებისთვის აუცილებელი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვა. მოსარჩელის არგუმენტაციით, მიმართვისთვის აუცილებელი იყო გარკვეული პროცედურების დაცვა, რაც დამატებით დროით რესურსს მოითხოვდა, შესაბამისად აყოვნებდა მსხვერპლის უფლებების დროულ დაცვას. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, კონსტიტუციური სარჩელის ავტორს მიაჩნდა, რომ ირღვეოდა სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და პირადი/ოჯახური ცხოვრების უფლებები სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების კონტექსტში.

მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, მართალია, შემაკავებელ ორდერს გამოსცემდა/ელექტრონულ ზედამხედველობას აწესებდა მხოლოდ პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი და მაშინაც, როდესაც ოჯახური ძალადობის საქმეზე სავარაუდო მოძალადედ იდენტიფიცირებული იყო პოლიციელი (შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომელი), თუმცა ეს არ განაპირობებდა კორპორაციული მიკერძოების საფუძველზე, კოლეგის მიმართ ლოიალური გადაწყვეტილების მიღებას. მოპასუხის განმარტებით, ასეთი დაშვების შემთხვევაშიც კი, მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების რისკები სათანადო იყო დაზღვეული მოქმედი კანონმდებლობის პირობებში. მყისიერების ნაწილში, მოპასუხემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სწორედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ის ორგანო, რომელსაც ადამიანური თუ ლოჯისტიკური რესურსის გათვალისწინებით, შეეძლო დროულად დაეცვა ოჯახური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის უფლებები.

საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის, მოსარჩელის მოთხოვნის/სასამართლოს მიერ შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირების, ისევე როგორც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სფეროში საერთაშორისო/რეგიონული მიდგომების გაანალიზების შემდეგ ერთმანეთისგან გამიჯნა და დამოუკიდებლად შეაფასა ერთი მხრივ, სადავო ნორმების საფუძველზე მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლო რისკები მის დამზღვევ მექანიზმებთან ერთობლიობაში, ხოლო, მეორე მხრივ, სავარაუდო ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დაცვითი ღონისძიებების მყისიერად განხორციელების საკითხი.

მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლო რისკებთან და მის დამზღვევ მექანიზმებთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, რომ უფლებამოსილი პოლიციის თანამშრომლის მიერ მისივე კოლეგის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლის) მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის/ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების საკითხის გადაწყვეტა საფუძველშივე არ გულისხმობდა კორპორაციული დაინტერესებიდან გამომდინარე, ლოიალური გადაწყვეტილების მიღებას. იმავდროულად, სასამართლომ არც ის გამორიცხა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, ყალბად გაგებულ კორპორაციულ ინტერესს ზემოხსენებული რისკი ფაქტობრივად წარმოეშვა, თუმცა მისი რეალიზაცია გადაზღვეული იყო არაერთი პრაქტიკული თუ საკანონმდებლო მექანიზმებით, რაც გულისხმობდა შემაკავებელი ორდერის გამოცემას სხვა და არა იმ პოლიციის დანაყოფის თანამშრომლის მიერ, სადაც საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებდა სავარაუდო მოძალადედ იდენტიფიცირებული პოლიციელი; შიდა (უწყებრივი) და გარე (სასამართლო) კონტროლის ეფექტიან მექანიზმებს, ისევე როგორც კანონმდებლობით დადგენილი ალტერნატიული მექანიზმების არსებობას უშუალოდ სასამართლოსთვის მიმართვის გზით მსხვერპლს მოეთხოვა საკუთარი უფლებების დაცვა.

მყისირების ნაწილში სასამართლომ გააანალიზა, არსებული კანონმდებლობა, ისევე როგორც, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულ მოწმეთა/საჯარო დაწესებულების წარმომადგენელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაადგინა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით მიმართვა, სავარაუდო ოჯახური ძალადობის მსხვერპლის მიმართ დაცვითი ღონისძიების გატარების თაობაზე არ მოითხოვდა იმ დროით რესურსს, რაც შემაკავებელ ორდერს/ელექტრონულ ზედამხედველობას დაუკარგავდა ოპერატიულ ბუნებას და ვერ უზრუნველყოფდა მსხვერპლის უფლებების დროულ დაცვას. საკუთრივ, მიმართვა შესაბამისი საპოლიციო დანაყოფისადმი ხორციელდებოდა სავარაუდო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რაც სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ დროულად და მყისიერად განხორციელებულიყო არსებული საფრთხეების აღკვეთა. ამასთანავე, არსებული პრაქტიკის საფუძველზე, რაც სასამართლოს მიაწოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა, მიმართვაზე რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყოველთვის ხორციელდებოდა შემჭიდროებულ ვადებში და არ გამოვლენილა შემთხვევა, რომ დაგვიანების შედეგად პრაქტიკაში ვერ განხორციელებულიყო მსხვერპლის უფლებების დაცვა.

ყოველივე ზემოხსენებული გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული ნორმები არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების (სიცოცხლის უფლების დაცულობა), მე-2 პუნქტისა (ფიზიკური ხელშეუხებლობის დაცულობა) და მე-15 მუხლის პირველი პუნქტის (პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცულობა) მოთხოვნებს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების კონტექსტში.

დავის საგანი: „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადებისა და 101 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.