სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1592 კონსტიტუციური სარჩელი
2025 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1592 კონსტიტუციური სარჩელი („იბრაჰიმ მუხტაროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
დავის საგანს წარმოადგენდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა განიხილოს საექსტრადიციო დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 1 თვისა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მას უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვაზე და მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმით დადგენილი ერთთვიანი ვადა არღვევდა მის უფლებას საქმის სამართლიან განხილვაზე, რადგან პატიმრობის პირობებში შეუძლებელი იყო ერთი თვის ვადაში წარმოშობის ქვეყნიდან შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება. აგრეთვე, მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული ვადა დისკრიმინაციული იყო მის მიმართ, სხვა თავშესაფრის მაძიებლებთან შედარებით, რომელთა განცხადებების განხილვისთვის კანონმდებლობა 6 თვიან (და შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, უფრო ხანგრძლივ) ვადას ითვალისწინებს.
მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებული და სხვა თავშესაფრის მაძიებლები არ წარმოადგენდნენ არსებითად თანასწორ პირებს. თუმცა, განსხვავებული მოპყრობა რომც დადგენილიყო, იგი ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს, ექსტრადიციის პროცედურის ეფექტიანად განხორციელებას. საქმეზე მოწვეულმა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო დაცვის პროცედურის საკანონმდებლო რეფორმამდე, თავშესაფრის მინიჭების ხანგრძლივობის გამო, საექსტრადიციო პატიმრობის 9 თვიანი ვადა ხშირად იწურებოდა, რის გამოც სახელმწიფო იძულებული ხდებოდა, გაეთავისუფლებინა მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირები, რომელთა უმრავლესობა მართლმსაჯულებას მიემალა. შესაბამისად, ერთთვიანი ვადა უზრუნველყოფდა თავშესაფრის პროცედურის საექსტრადიციო პატიმრობის ვადაში დასრულებას. ასევე, საერთაშორისო დაცვის განცხადების განხილვის ერთ თვიანი და 6 თვიანი პროცედურა იდენტური იყო და კანონმდებლობა არ ანიჭებდა გადამწყვეტ მნიშვნელობას პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტურ მტკიცებულებებს და უპირატესობა ენიჭებოდა განმცხადებლის მონათხრობის სანდოობასა და დამაჯერებლობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქმის სამართლიან განხილვის უფლებასთან დაკავშირებით გაიზიარა მოპასუხე მხარისა და საქმეზე გამოკითხული სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლების პოზიციები და დაადგინა, რომ ერთთვიანი ვადა არ ზღუდავდა მოსარჩელის პროცედურულ გარანტიებს და ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, ჩაეტარებინა კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურა, მათ შორის, ანკეტირება და სიღრმისეული გასაუბრება. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო დაცვის პროცედურა ითვალისწინებს „ეჭვის განმცხადებლის სასარგებლოდ გადაწყვეტის“ პრინციპს, რაც მიუთითებს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა დოკუმენტურ მტკიცებულებებს, არამედ თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანამიმდევრულობას, სანდოობასა და დამაჯერებლობას.
თანასწორობის უფლებასთან მიმართებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული და სხვა თავშესაფრის მაძიებლები არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ, რადგან მათ აერთიანებთ თანაბარი ინტერესი, რომ მათი განცხადება განხილულ იქნეს ობიექტურად და სათანადო ვადაში. თუმცა, სასამართლომ დაადგინა, რომ მათ მიმართ განსხვავებული მოპყრობა ემყარება ობიექტურ და გონივრულ მიზეზებს. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, რომ ექსტრადიციის პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს. დადგინდა, რომ სადავო ნორმის შემოღებამდე არსებული პრაქტიკა, როდესაც თავშესაფრის პროცედურა საექსტრადიციო პატიმრობის 9 თვიან ვადას აღემატებოდა, იწვევდა ძებნილი პირების მიმალვას და სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობას. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ერთთვიანი ვადა წარმოადგენს რაციონალურ საშუალებას აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-18 მუხლის მე-4 პუნქტს და კონსტიტუციური სარჩელი არ დააკმაყოფილა.
