სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1511 კონსტიტუციური სარჩელი

2025 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1511 კონსტიტუციური სარჩელი („ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი და ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

სადავო ნორმის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არის გამოცხადებული დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება.

სადავო ნორმის საფუძველზე, მოსარჩელე პირებს დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მათ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოიხატებოდა იმაში, რომ პოლიტიკოსის საცხოვრებელი სახლისკენ მიმართული დემონსტრაციის ფარგლებში, ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობების გამოყენებით, აჭარბებდნენ აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ფარგლებს.

მოსარჩელეთა განცხადებით, ხშირად შეკრების ეფექტიანობისთვის გადამწყვეტია შეკრების ფორმა და მანერა. მოცემულ შემთხვევაში, ეფექტიანი პროტესტის ფორმას წარმოადგენდა პოლიტიკოსის კერძო საკუთრების/საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ შეკრება და ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობების გამოყენებით ხმაურის გამოწვევა მისთვის დისკომფორტის შექმნის მიზნით. შესაბამისად, დემონსტრანტების ქმედება ექცეოდა შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში და არ წარმოადგენდა სამართალდარღვევას. მოსარჩელეთა პოზიციით, მსგავს სიტუაციებში, მიუხედავად სხვა უფლებებთან შესაძლო წინააღმდეგობისა, უპირატესობა სწორედ შეკრების თავისუფლებას უნდა მინიჭებოდა, საერთო სასამართლოებმა კი პირიქით, სადავო ნორმას შესძინეს ისეთი ნორმატიული შინაარსი, რომელიც უპირატესობას ბლანკეტურად ანიჭებს იმ ინტერესებს, რომელთა დაცვასაც კერძო საკუთრებაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადაჭარბება ემსახურება.

მოპასუხე მხარის განცხადებით, სადავო ნორმის რეალური შინაარსის დასადგენად, მისი განმარტება უნდა მოხდეს ამავე ნორმის შენიშვნასთან ერთობლიობაში. შენიშვნა ადგენს, რომ გასაჩივრებული ნორმით დადგენილი აკრძალვა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული უფლების ფარგლებში. მაშასადამე, პირები, რომელთა ქმედების ინტენსივობა, ფორმა და ხასიათი არ სცდება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დასაშვებ ფარგლებს, საერთოდ არ ექცევიან სადავო ნორმის მოქმედების ქვეშ. აქედან გამომდინარე, მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმა შეკრების თავისუფლებაში ჩარევას არ იწვევს.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში, შესაფასებელი იყო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს კერძო საკუთრების მიმდებარედ, საჯარო სივრცეში, არასპონტანური და განგრძობითი ხასიათის შეკრებას, რომლის ფარგლებშიც, შეკრების მონაწილეები, ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობების გამოყენებით, დაახლოებით, ერთი თვის მანძილზე, დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში, მათ შორის, ღამის საათებში, მიზანმიმართულად იწვევენ ძლიერ ხმაურს და აჭარბებენ აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმებს, რათა დისკომფორტი შეუქმნან კერძო საცხოვრებელში მყოფ პოლიტიკოსს და ამ ფორმით მიაწვდინონ მას პოლიტიკური ხასიათის საპროტესტო შეტყობინება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ შეკრების უფლება მოიცავს შეკრების შინაარსის, დროის, ადგილისა და ფორმის არჩევის თავისუფლებას, თუმცა, როდესაც შეკრების უფლება სხვა კონსტიტუციურ უფლებებთან და ღირებულებებთან მოდის კონკურენციაში, იგი შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის შეზღუდვას დაექვემდებაროს.

მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ამგვარ ღირებულებით კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ერთმანეთს უპირისპირდებოდა, ერთი მხრივ, მოსარჩელეთა უფლება, შეკრებილიყვნენ და პოლიტიკური ხასიათის პროტესტი გამოეხატათ მათთვის ყველაზე მისაღები ფორმით, კერძოდ, პოლიტიკოსის სახლისკენ მიზანმიმართული ხმაურის გადაჭარბებით, ხოლო, მეორე მხრივ, პროტესტის არეალში დასახლებულ ტერიტორიაზე მყოფი პირების ინტერესები, ეცხოვრათ მშვიდ და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, შეუფერხებლად ესარგებლათ პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით, ჰქონოდათ დასვენებისა და სხვადასხვა საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების შესაძლებლობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, განსახილველი ღირებულებითი კონფლიქტის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით, სამართლიანად და გონივრულად მიაჩნია სადავო ნორმისთვის ისეთი შინაარსის მინიჭება, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს საჯარო სივრცეში, დასახლებული ტერიტორიის მიმდებარედ გამართული, არასპონტანური და წინასწარ დაგეგმილი შეკრების ფარგლებში, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების მრავალჯერადად გადამეტებას, მათ შორის, ღამის საათებში, როდესაც ეს შეკრება მიზანმიმართულია საცხოვრებელ სახლში მყოფი პირის/პირების შეწუხებისა და ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევისაკენ.

პირის საცხოვრებლის დაცვის მნიშვნელობისა და მასთან დაკავშირებული უფლებრივი კომპონენტების გაანალიზების კვალდაკვალ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, პროტესტის დროის, ადგილისა და ფორმის მხედველობაში მიღებითა და შედეგად გამოწვეული შემხვედრი უფლებების შეზღუდვის ინტენსივობის გათვალისწინებით, არ იქნებოდა სამართლიანი, თუკი კერძო საცხოვრებელში მყოფ პირებს, მათი სტატუსის მიუხედავად, კვლავაც დაეკისრებოდათ, პროტესტის შედეგად, საკუთარი უფლებების შეზღუდვის თმენის გაგრძელების ვალდებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი აკმაყოფილებდა თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და შესაბამისობაში იყო საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაწესებულ სტანდარტებთან. შედეგად, №1511 კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 მუხლის პირველი ნაწილის (2023 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.