სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1542 კონსტიტუციური სარჩელი.
2025 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1542 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა, რაც გულისხმობს სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე ბრალდებულის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის მისი ნების საწინააღმდეგოდ მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობას, არ ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, ოპერატიული გამოკითხვის დროს, რომელიც მართალია ნებაყოფლობითია, პირს არ განუმარტავენ უფლებებს, ისევე, როგორც არ აწვდიან ინფორმაციას, გასაუბრების ფარული აუდიო-ვიდეო გადაღების შესახებ. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, არსებითი განხილვის სხდომაზე, ამგვარად მოპოვებული ინფორმაციის, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მტკიცებულებად გამოყენება, არღვევს თვითინკრიმინაციის იძულებისგან დაცვის კონსტიტუციურ უფლებას.
მოპასუხე მხარის განმარტებით, თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგია პირს იცავს იძულებით ან რაიმე სახის ზეწოლის გზით, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისაგან, რასაც ადგილი არ აქვს სადავო წესის საფუძველზე ადრესატისგან ინფორმაციის მოპოვების ისევე, როგორც ამ პროცესის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღების დროს. გარდა ამისა, მოპასუხის მითითებით, თვითგანთქმისგან დაცვის უფლებრივი სფერო არ მოიცავს ნებაყოფლობით გაცემული და საკუთარი თავის დამადანაშაულებელი ჩვენების გადათქმის შესაძლებლობას.
დამატებით, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ საქმეზე სადავოდ გამხდარი მოწესრიგება ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს და არის ამავე მიზნების მიღწევის პროპორციული საშუალება. არსებული ნორმატიული წესრიგი, მართალია, სადავო მექანიზმის საფუძველზე, უშვებს შესაძლებლობას პირისგან მიღებული იყოს მაინკრიმინირებელი ჩვენება, თუმცა, ასევე ითვალისწინებს შესაბამის მატერიალურ და პროცედურულ გარანტიებს, რომ დაცული იყოს ზღვარი თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლების გამართლებულ შეზღუდვასა და დარღვევას შორის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლებრივი სფეროს განმარტებისა და საქმეზე შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირების შემდეგ, იმსჯელა სადავო მოწესრიგებით თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლებაში შესაძლო ჩარევის საკითხზე. სასამართლომ განმარტა, რომ თვითმამხილებელი ჩვენების გაცემის ვალდებულებისგან დაცვა გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იძულებითი მეთოდების/ღონისძიების გამოყენების აკრძალვას. ამავდროულად, სასამართლომ იძულების კომპონენტი, რაც არსებითი და მსაზღვრელია თვითინკრიმინაციის იძულებისგან დაცვის უფლებაში ჩარევის დასადასტურებლად, ერთი მხრივ დაუკავშირა ფიზიკურ ან/და ფსიქოლოგიურ ხოლო, მეორე მხრივ, სამართლებრივი იძულების შემთხვევებს. სასამართლომ მიუთითა, რომ სწორედ ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან/და შესაძლო სამართლებრივ იძულების დროს, რაც იწვევს ინდივიდის ნების დათრგუნვას, შეიძლება აქტუალური იყოს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტი.
ვინაიდან სადავო ნორმით დადგენილი წესი გულისხმობს პირის მიერ ოპერატიული გამოკითხვის დროს სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის ინფორმაციის გაცნობიერებულად და ნებაყოფლობით მიწოდებას და, ამავდროულად, ინფორმაციის მიწოდების პროცესის სადავო ღონისძიების ადრესატის მიერ დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას, საკონსტიტუციო სასამართლომ არ დაადგინა თვითინკრიმაციის იძულებისგან დაცვის უფლებრივ სფეროში ჩარევა. დამატებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ნებაყოფლობითი გასაუბრების მიზეზებსა და მოტივებში შეცდომის ფაქტი, რაც შეიძლება არსებობდეს სადავო ღონისძიების ადრესატის მხარეს, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიზნებისთვის ირელევანტურია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტს.
გადაწყვეტილებას თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტთან მიმართებით.