სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1585 და №1590 კონსტიტუციური სარჩელები („დავით ღონიაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“)
2025 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1585 და №1590 კონსტიტუციური სარჩელები („დავით ღონიაშვილი საქართველოს პარლამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“).
განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციების ნაწილი შეეხება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის რიგ ნორმებს, რომელთა თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის უფლებამოსილებას განეკუთვნება პოლიციაში სამსახურის გავლის წესის, პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცება. სადავოდ გამხდარი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით კი დადგენილია სამინისტროს მოსამსახურის ვალდებულებები და დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევა ნარკოტიკული საშუალების (მათ, შორის, მარიხუანას) მოხმარების შემოწმებაზე თავის არიდება, სახდელის სახით კი, გათვალისწინებულია მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა.
მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს არ გააჩნდა ნარკოტიკული საშუალების (მათ, შორის, მარიხუანას) მოხმარების შემოწმებაზე თავის არიდების დისციპლინურ გადაცდომად განსაზღვრისა და ამისათვის შესაბამისი სახდელის დადგენის უფლებამოსილება, რამდენადაც არ არსებობდა საკანონმდებლო აქტი, რომელიც საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილებას აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაანდობდა ან ამგვარი დელეგირების ფარგლებსა და ჩარჩოს განსაზღვრავდა. ამდენად, მოსარჩელის პოზიციით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი სადავო რეგულაცია ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს.
მოპასუხე მხარე განმარტავდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ნარკოტიკული საშუალების (მათ, შორის, მარიხუანას) მოხმარების შემოწმებაზე თავის არიდების დისციპლინურ გადაცდომად განსაზღვრის უფლებამოსილება გამომდინარეობდა როგორც „პოლიციის შესახებ“, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებისაგან. მოპასუხეთა მოსაზრებით, საკანონმდებლო დონეზე შეუძლებელია ისეთი ცნებების შინაარსის ამომწურავად განმარტება, როგორიც, მაგალითად, მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედებაა, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. ამ მხრივ, მოპასუხე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო რეგულაციები აკმაყოფილებდა უფლებამოსილების დელეგირების კონსტიტუციურ სტანდარტებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, მოცემულ საქმეზე, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, განსაზღვრა შესაფასებელი მოცემულობა და მხედველობაში მიიღო გადაწყვეტილების გამოტანისას მოქმედი კანონმდებლობა. ამ მხრივ, სასამართლომ, სადავო ნორმების შინაარსის განსაზღვრისას, გაითვალისწინა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული ნორმატიული რეალობა და სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი სწორედ ამ მოცემულობის ფარგლებში გადაწყვიტა.
საკონსტიტუციო სასამართლომ, დელეგირების კონსტიტუციური სტანდარტების მიხედვით, შეაფასა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობა და განმარტა, რომ, მოქმედ ნორმატიულ რეალობაში, კანონის რიგი ნორმები აკონკრეტებს სადავო უფლებამოსილების ფარგლებს და შინაარსს, აგრეთვე განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების სახეებსა და შესაბამისი სახდელების ვარიაციებს. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, აღნიშნული კანონი, აგრეთვე ადგენს იმ სახელმძღვანელო კრიტერიუმებს, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის, პოლიციის ეთიკის კოდექსის და სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების რეგულირებისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შებოჭავს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ პოტენციურად არაკონსტიტუციურად მიჩნეული საკითხები, მოქმედ საკანონმდებლო რეალობაში, უკვე გადაჭრილი იყო.
იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რელევანტურად არ მიიჩნია იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი სადავო წესების ფორმალური კონსტიტუციურობის შემოწმება, რომლებიც ნარკოტიკული ნივთიერების (მათ შორის, მარიხუანას) მოხმარების დადგენის მიზნით, შემოწმებისთვის თავის არიდებას ადგენდნენ დისციპლინურ გადაცდომად, რამდენადაც, კონსტიტუციური დავის გადაწყვეტის მომენტისათვის, მოქმედ რეალობაში, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი სახელდებით იმეორებს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტით დადგენილ სადავო წესს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმები აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების ფორმალური კონსტიტუციურობის მოთხოვნას.
წინამდებარე გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.
დავის საგანი: ა) №1585 კონსტიტუციურ სარჩელზე: „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტების და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის ზოგიერთი ქმედების აკრძალვის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 15 თებერვლის №MIA 4 18 00001/73 ბრძანების მე-3 პუნქტის (2024 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) №1590 კონსტიტუციურ სარჩელზე: „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის (2024 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „მინისტრის ან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მითითებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით“, „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული კოდექსის მე-8 თავის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.