სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა №1494 კონსტიტუციური სარჩელი
2026 წლის 23 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1494 კონსტიტუციური სარჩელი („ლენა სვანიძე და ზურაბ ინაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
№1494 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად, სახელმწიფო პასუხს არ აგებს ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანისათვის.
მოსარჩელე მხარის პოზიციით, ნოტარიუსი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებას, უნდა განიხილებოდეს ადმინისტრაციულ ორგანოდ, ხოლო მის მიერ მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სახელმწიფოს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ნოტარიუსის მიერ მიყენებულ ზიანთან მიმართებით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებულ საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებას.
მოპასუხე მხარის განმარტებით, კანონმდებლობის შესაბამისად, ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე ან სახელმწიფო მოსამსახურე. ნოტარიუსის საქმიანობა წარმოადგენს თავისუფალ პროფესიას, რომლისთვისაც დამახასიათებელია დამოუკიდებლობა, საქმიანობის თვითდაფინანსება და შეუზღუდავი პირადი ქონებრივი პასუხისმგებლობა. მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა და ნოტარიუსის მიერ მიყენებულ ზიანზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დაწესება შექმნის არაპროგნოზირებად, მძიმე ტვირთს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ისევე, როგორც შეამცირებს ნოტარიუსთა მოტივაციას, იმოქმედონ მაქსიმალური სიფრთხილით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ნოტარიუსის მიერ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურების უფლებამოსილება არ წარმოადგენს მმართველობით სფეროში განხორციელებულ ღონისძიებას. ნოტარიუსის, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი სუბიექტის, ფუნქციური დანიშნულება ფუნდამენტურად განსხვავდება ადმინისტრაციული ორგანოების ფუნქციებისგან. ნოტარიუსის როლი, პირველ რიგში, მიმართულია კერძო პირებს შორის არსებული სამოქალაქო ურთიერთობების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის უზრუნველყოფისკენ. ნოტარიუსი მოქმედებს მხარეთა ნების, კერძო ავტონომიისა და შეთანხმების ფარგლებში, უზრუნველყოფს მათი განზრახვის იურიდიულად კორექტულ დაფიქსირებას და, შედეგად, იცავს ურთიერთობების სტაბილურობას. ამ პროცესში ნოტარიუსი მოქმედებს, არა როგორც სახელმწიფოს ცალმხრივი, ვერტიკალური ნების გამომხატველი, არამედ როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პირი, რომელიც, თავისი არსით, ემსახურება კერძო პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობების გამჭვირვალედ, სანდოდ და სამართლებრივად დაცულად წარმართვას.
ამავდროულად, ნოტარიუსის საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმების ანალიზის შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ნოტარიუსის თანამდებობის ბუნება განსხვავდება ტიპური სახელმწიფო მოსამსახურის/საჯარო მოხელის კონცეფციისაგან, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, ლოგიკურად ახსნადს ხდის სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების უშუალოდ ნოტარიუსისათვის დაკისრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, კანონმდებლობის შესაბამისად, ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე, ამასთან, მისი საქმიანობა არ წარმოადგენს მეწარმეობას. ნოტარიუსი არ იღებს შრომის ანაზღაურებას ან სხვა სახის სარგებელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო მოქმედების შესრულებისას არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. მართალია, ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, თუმცა მისი როლი შემოიფარგლება კანონით დადგენილი ზედამხედველობით და არ გააჩნია უფლებამოსილება, შეაფასოს, შეცვალოს ან გააუქმოს ნოტარიუსის მიერ შესრულებული სანოტარო აქტი. დამატებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნოტარიუსის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო ქმნის თავისუფალი პროფესიის ჰიბრიდულ სამართლებრივ სტატუსს, რომლის ფარგლებშიც, პროფესიული თავისუფლება განაპირობებს ნოტარიუსის პერსონალურ პასუხისმგებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნოტარიუსის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხის რეგულირებისას, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამორიცხვა და ნოტარიუსის კერძო, პირადი პასუხისმგებლობის დაწესება არ არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1494 კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილებას თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.
დავის საგანი: „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.