სიახლეები
2025 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №1462 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
სადავო ნორმები აწესრიგებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს და უზრუნველყოფის ღონისძიების ერთ-ერთ სახედ განსაზღვრავს მოპასუხისთვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვას. ასევე, ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების მოპასუხისთვის შეუტყობინებლად გადაწყვეტის წესს.
მოსარჩელე მხარე, ერთი მხრივ, განმარტავს, რომ გაფიცვის უფლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების საფუძველზე აკრძალვა ვერ პასუხობს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფორმალურ მოთხოვნებს, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია სადავო ნორმების საფუძველზე, გაფიცვის კანონიერების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის გაფიცვის უფლების აკრძალვა. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გაფიცვის აკრძალვის შესახებ განცხადება უნდა განიხილებოდეს ზეპირი მოსმენით, ვინაიდან საკითხი მოითხოვს მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას და, შედეგად, ხდება პირის უფლებაში ინტენსიური ჩარევა.
მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეების მიერ გაფიცვის უფლებით სარგებლობა, ფაქტობრივად, იწვევს მეტროს სრულ პარალიზებას, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ტრანსპორტის მოძრაობას და ხელს უშლის როგორც პირთა ჩვეულ რეჟიმში, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების ოპერატიულად გადაადგილებას. ამდენად, სადავო ნორმების საფუძველზე, მეტროპოლიტენის ფუნქციონირების შენარჩუნება მიზნად ისახავს საზოგადოების უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფას, რომელთა საპირწონედაც დასაშვებია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გაფიცვის უფლების შეზღუდვა. მოპასუხის განმარტებით, გაფიცვის უფლების აკრძალვის შესახებ განცხადების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა ემსახურება სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვის თავიდან აცილებას და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსრულებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება, ერთი მხრივ, მიზნად ისახავდა გაფიცვის უფლების ორგანული კანონით დადგენილი წესითა და პირობებით განხორციელების უზრუნველყოფას, ხოლო, მეორე მხრივ, არ მომხდარა გაფიცვის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით რაიმე ახალი წესის ან პირობის შემოღება, რასაც არ ითვალისწინებდა საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“. შესაბამისად, სადავო ნორმების საფუძველზე, არ დარღვეულა გაფიცვის უფლების შეზღუდვის კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმალური მოთხოვნები.
საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში მისი შეფასების საგანს არ წარმოადგენდა მეტროპოლიტენის მემანქანეების მიერ მატერიალური კანონმდებლობით გათვალისწინებული გაფიცვის უფლებით სარგებლობის მასშტაბის კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტა, არამედ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, უნდა გადაეწყვიტა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, შესაძლო უკანონო გაფიცვით სარგებლობის დროებით აკრძალვის კონსტიტუციურობის საკითხი.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო საპროცესო ღონისძიება მიზნად ისახავდა შესაძლო არაკანონიერი გაფიცვის შედეგად დამდგარი ზიანის თავიდან არიდებას. იმავდროულად, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში, უზრუნველყოფის საპროცესო წესრიგი მოსამართლეს ავალდებულებდა, ეხელმძღვანელა აუცილებლობის მოთხოვნით, შეეფასებინა უზრუნველყოფის ღონისძიების თანაზომიერება და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეყენებინა იგი, თუ ივარაუდებდა, რომ სარჩელი დაკმაყოფილდებოდა და დაცული ინტერესი აღემატებოდა უფლების შეზღუდვის შედეგად დამდგარ ზიანს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, გაფიცვის უფლების დროებით (გაფიცვის კანონიერების შესახებ სამართალწარმოების დასრულებამდე) აკრძალვა არ არღვევდა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე შეაფასა გაფიცვის უფლების აკრძალვის შესახებ განცხადების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის საკითხის კონსტიტუციურობა. სასამართლოს განმარტებით, მართალია, აღნიშნული განცხადების მეტროპოლიტენის მემანქანეების შეუტყობინებლად განხილვა განპირობებულია საკითხის დაყოვნების გარეშე გადაწყვეტის აუცილებლობით, თუმცა, აღნიშნული ინტერესი არ იარსებებს ყველა შემთხვევაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლი ბლანკეტურად ადგენდა მოპასუხის მოწვევით განცხადების განხილვის აკრძალვას, მაშინ როდესაც, არსებობს საკმარისი დრო საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისთვის და საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რის გამოც იგი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
დავის საგანი: ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 193-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
