სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაკმაყოფილა №1475 კონსტიტუციური სარჩელი

2020 წლის 12 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №1475 კონსტიტუციური სარჩელი („შპს „ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისათვის სანქციის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებდა სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციას.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისათვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, განესაზღვრა სამართალდარღვევის ჩასადენად გამოყენებული იარაღის − ტრაქტორის კონფისკაცია. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ითვალისწინებდა სამართალდარღვევის იარაღის უპირობო კონფიკაციას და საქმის განმხილველ მოსამართლეს არ აძლევდა შესაძლებლობას, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კერძო და საჯარო ინტერესების ადეკვატური დაბალანსების გზით, განესაზღვრა სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის აუცილებლობა, რაც გაუმართლებლად ზღუდავდა საკუთრების უფლებას.

მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ სადავო რეგულირება ემსახურებოდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურად სარგებლობის ლეგიტიმურ მიზანს. ამასთან, მოპასუხის მითითებით, მსგავსი შეზღუდვის დაწესება სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღის მოპოვების პრაქტიკაში არსებული გახშირებული შემთხვევებითა და მხოლოდ ფინანსური სანქციების არაეფექტურობით იყო განპირობებული.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, სამართალდარღვევის იარაღის სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა ზღუდავს საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას. სასამართლოს მიერ ბუნებრივი გარემო და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფა კონსტიტუციურ დონეზე დაცულ საჯარო სიკეთედ იქნა მიჩნეული. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სადავო რეგულირებით გათვალისწინებულ შეზღუდვას თავისთავად გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შემაკავებელი ეფექტი და იგი ლოგიკურ კავშირშია საჯარო ლეგიტიმურ მიზანთან.

შეზღუდვის აუცილებლობის ეტაპზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად, პირის საკუთრებაში არსებული ქონების იძულებით უსასყიდლოდ ჩამორთმევა წარმოადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვის ყველაზე მძიმე ფორმას. ამდენად, სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევისას, განსაკუთრებულად იზრდება საზოგადოებრივი საჭიროების უპირატესობის დასაბუთებისა და შეპირისპირებულ ინტერესთა შორის სამართლიანი და თანაზომიერი ბალანსის დადგენის აუცილებლობა. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სიმძიმე, გარემოსათვის მიყენებული ზიანის მასშტაბი და სხვა ინდივიდუალური მახასიათებლები, რომელთა ერთობლიობა შესაძლოა განაპირობებდეს სადავო რეგულირებით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას ან სასამართლოს მიერ მის გამოყენებაზე უარის თქმას.

ამრიგად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, შეპირისპირებული ინტერესების აწონ-დაწონვის გარეშე შეუძლებელი იქნება იმის დადგენა, რამდენად აუცილებელი და გამართლებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საგნის ჩამორთმევა სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობის სამართალდარღვევის ყველა შესაძლო შემთხვევასთან მიმართებით. კანონმდებლობის განმარტების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო ნორმა არ ითვალისწინებს სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას და იმაზე მეტად ზღუდავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იარაღის მესაკუთრის საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას, ვიდრე ეს ობიექტურად აუცილებელია ბუნებრივი გარემოსა და რესურსებით რაციონალური სარგებლობის ინტერესების დასაცავად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის − წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობისათვის, სანქციის სახით, ითვალისწინებს სამართალდარღვევის იარაღის სავალდებულო კონფისკაციას და გამორიცხავს საქმის განმხილველი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ ამავე სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის სიტყვების „სამართალდარღვევის იარაღისა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.