სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

2022 წლის 6 და 7 დეკემბერს 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ (№1606 კონსტიტუციური სარჩელი).

მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის ის წესი, რომელიც კრძალავს განსაზღვრული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემას საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის.

კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განიხილა შემთხვევა, რომელიც შეეხებოდა საბერძნეთის მოქალაქის მოთხოვნას- ანდერძისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე მოეპოვებინა საკუთრების უფლება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართობზე (ბინა), რომელსაც კანონიერად ფლობდნენ მისი მშობლები და გადაეცათ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწეული სამსახურის გამო. განმცხადებელმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან მოითხოვა ცნობის გაცემა, რომელიც ბინის საკუთრებაში უსასყიდლოდ რეგისტრაციის წინაპირობას წარმოადგენდა. აღნიშნული დოკუმენტის გაცემაზე მას უარი ეთქვა, ხოლო, უარის საფუძვლად დასახელდა ის გარემოება, რომ განმცხადებელი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირია.

სახალხო დამცველის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს და საქართველოს მოქალაქეებს გააჩნიათ თანაბარი ეკონომიკური ინტერესი უძრავი ქონების მემკვიდრეობით მიღების მიმართ. სადავო ნორმით განსაზღვრული განსხვავებული მოპყრობა გამართლებულია რუსეთის სამხედრო ძალებში მოსამსახურე ან ამ სამსახურებთან დაკავშირებული პირების მიმართ. ასევე, სხვადასხვა ფიზიკური პირის კავშირები, შეიძლება საფრთხის შემცველად იქნეს აღიარებული საქართველოს სახელმწიფოსთვის და აღნიშნულ შემთხვევებში, სახელმწიფომ უნდა შეზღუდოს ამგვარი პირების წვდომა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართებზე, თუმცა მოქალაქეობის არმქონე ნებისმიერი პირის იმავე სამართლებრივ რეჟიმში ჩაყენება და აღნიშნულ ფართებთან დაკავშირებით მათი მემკვიდრეობის უფლების ფაქტობრივად გაუქმება, წარმოადგენს მათი უფლების ბლანკეტურ შეზღუდვას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია

დავის საგანი: „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 ივლისის №445 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.