სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება №1239, №1642 და №1674 კონსტიტუციურ წარდგინებებზე

2022 წლის 21 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება ბოლნისის რაიონული სასამართლოს №1239, №1642 და №1674 კონსტიტუციურ წარდგინებებზე.

საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა ნარკოტიკული საშუალება – გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის, 6,7 გრამის და 9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის სასჯელის სახედ განსაზღვრავდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

კონსტიტუციური წარდგინებების ავტორები აპელირებდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვის გამო. ისინი მიუთითებდნენ, რომ სანქციის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ისეთი ქმედებისთვის, როგორიცაა – ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის, 6,7 გრამის და 9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანა, შესაძლოა ასევე მოსულიყო წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენდა ჯანმრთელობის დაცვა (როგორც უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ასევე მთლიანად საზოგადოების), საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლა საერთაშორისო მასშტაბით, რაც ასევე ემსახურებოდა სხვა სახელმწიფოთა ინტერესებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მარიხუანის მოხმარება, პოტენციურად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა, გაუმართლებელია პირის დასჯა თავისუფლების აღკვეთით მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი გამომშრალი მარიხუანის ოდენობები (6,4 გრამი, 6,7 გრამი და 9,68 გრამი) აპრიორი ვერ ჩაითვლებოდა იმ ოდენობად, რომელიც ავტომატურად ქმნიდა მისი გავრცელების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა საკუთარ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც უკვე შეფასებული ჰქონდა მარიხუანის მოხმარებით გამოწვეული რისკები და აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება, როგორც წესი, არ იწვევს მასზე დამოკიდებულების სწრაფად ჩამოყალიბებასა და აგრესიული, ანტისაზოგადოებრივი ქმედებების განხორციელებას. შესაბამისად, გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი სანქციის სახე – თავისუფლების აღკვეთა ვერ იქნებოდა გამართლებული ვერც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნით.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები საზღვრის ეფექტური კონტროლის კუთხით, შედის არა მარტო ამ სახელმწიფოს, არამედ სხვა სახელმწიფოთა ინტერესებშიც, რათა მათ გაუმარტივდეთ საკუთარ ტერიტორიაზე ნარკოტიკული დანაშაულებების გამოვლენა. ამასთან, სასამართლომ ხაზი გაუსვა მარიხუანასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ლიბერალიზაციის იმ მზარდ საერთაშორისო ტენდენციას, რომელიც ბოლო პერიოდში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეიმჩნევა და მიუთითა, რომ თანამედროვე რეალობაში არაგონივრულია საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს ჰქონოდათ იმის მოლოდინი, რომ სადავოდ გამხდარი ოდენობის მარიხუანის საქართველოში შემოტანისთვის პირი დაისჯებოდა სასჯელის ისეთი მკაცრი ფორმით როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სანქცია – თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენდა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და არღვევდა არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციურ დანაწესს.

დავის საგანი: ა) №1239 კონსტიტუციურ წარდგინებაზე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულ ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის (6,7 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

ბ) №1642 კონსტიტუციურ წარდგინებაზე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულ ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის (9,68 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;

გ) №1674 კონსტიტუციურ წარდგინებაზე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრულ ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის (6,4 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, საქართველოში უკანონოდ შემოტანის გამო, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;