¹ 3/7/588 ბათუმი, 2014 წლის 24 დეკემბერი
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
კონსტანტინე ვარძელაშვილი - წევრი;
ზაზა თავაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი (მომხსენებელი მოსამართლე);
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 167-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „პარტია/საარჩევნო ბლოკი“, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „წარმდგენი პარტია/საარჩევნო ბლოკი“, ამავე ქვეპუნქტის მეორე წინადადების სიტყვების „პარტიის/საარჩევნო ბლოკის“, ამავე კანონის 167-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პარტიების/საარჩევნო ბლოკების“ და ამავე კანონის 1692 მუხლის მეოთხე პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 28-ე, 29-ე მუხლებთან და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 28 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N588) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა - სალომე ქინქლაძემ, ნინო კვეტენაძემ, ნინო ოდიშარიამ, დაჩი ჯანელიძემ, თამარ ხითარიშვილმა და სალომე სებისკვერაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2014 წლის 28 აპრილს.
2. N588 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 25 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიჩნია, რომ სახეზეა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი და 2014 წლის 25 ივლისის N2/3/588 განჩინებით საქმე განსახილველად გადასცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2014 წლის 8 აგვისტოს საოქმო ჩანაწერით მიიღო საქმე პლენუმზე განსახილველად.
3. N588 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები არიან ქალაქ თბილისში მცხოვრები აქტიური და პასიური საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. მოსარჩელეების განმარტებით, სადავო ნორმებიდან გამომდინარე, ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, იყვნენ ხუთკაციანი საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, დაასახელონ ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი. ამავდროულად, მოსარჩელეები არ არიან არც ერთი პარტიის წევრები და არცერთი რეგისტრირებული პოლიტიკური გაერთიანება არ გეგმავს მათ დასახელებას ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად. მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ სადავო ნორმებმა შესაძლოა უშუალოდ შელახოს მათი კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები და, შესაბამისად, უფლებამოსილი არიან, იდავონ გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობაზე.
5. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 30 დღისა ქალაქ თბილისის და თვითმმართველი ქალაქის მერობის, ასევე თემის გამგებლობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ პარტიებს ან/და საარჩევნო ბლოკებს. აღნიშნული სადავო ნორმა, მოსარჩელეების აზრით, ართმევს უფლებას საინიციატივო ჯგუფს, წარადგინოს თბილისის ან თვითმმართველი ქალაქის მერობის და თემის გამგებლობის კანდიდატი. ამავე კანონის 167-ე მუხლის მეოთხე პუნქტი განსაზღვრავს, თუ როგორ ხდება მერობის/გამგებლობის კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაცია. მოსარჩელეების განმარტებით, აღნიშნული პუნქტის პირველ წინადადებაში მითითებულია, რომ მერობის/გამგებლობის კანდიდატს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენს პარტია ან/და საარჩევნო ბლოკი. ხოლო თბილისში პარტია და საარჩევნო ბლოკი წარუდგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თბილისის მერობის კანდიდატს, რაც გამორიცხავს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის/გამგებლობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის შესაძლებლობას.
6. საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის მეოთხე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ეხება კანდიდატის წარმდგენი პარტიისა და საარჩევნო ბლოკისათვის საარჩევნო დოკუმენტაციის დაბრუნების საკითხს, თუ აღნიშნული დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული ნორმით პარტიას/საარჩევნო ბლოკს ეძლევა ორდღიანი ვადა საარჩევნო დოკუმენტების სრულყოფისათვის. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ, თუკი ზემოთ ხსენებული ნორმები არაკონსტიტუციურად იქნება ცნობილი და საინიციატივო ჯგუფს მიეცემა კანდიდატის რეგისტრაციის შესაძლებლობა, მაშინ დოკუმენტის სრულყოფისათვის საჭირო ორდღიანი ვადა უნდა გავრცელდეს საინიციატივო ჯგუფის კანდიდატთან მიმართებითაც. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვენ, აღნიშნულ ნორმაში სიტყვების „პარტიის/საარჩევნო ბლოკის“ არაკონსტიტუციურად ცნობას.
7. საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი კანდიდატის რეგისტრაციაში გატარების სავალდებულო წინა პირობად მიიჩნევს კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას, რაც დამოწმებული უნდა იყოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერით. მოსარჩელეების განმარტებით, ამგვარი ხელმოწერით ვერ იქნება დადასტურებული საინიციატივო ჯგუფის კანდიდატის წარსადგენად საჭირო განცხადება, შესაბამისად, მოსარჩელეების აზრით, აღნიშნული ნორმაც კრძალავს საინიციატივო ჯგუფების მიერ მერობის/გამგებლობის კანდიდატის დასახელებას და, შესაბამისად, ითხოვენ აღნიშნულ ნორმაში სიტყვების „პარტიის/საარჩევნო ბლოკის“ არაკონსტიტუციურად ცნობას.
8. საარჩევნო კოდექსის 1692 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია/საარჩევნო ბლოკი, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ პარტიას განცხადების მიღებისთანავე ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად. მოასარჩელეების აზრით, აღნიშნული ნორმის ანალიზიდან ნათელი ხდება, რომ რიგგარეშე არჩევნებზე გამგებლობის/მერობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს პარტიას/საარჩევნო ბლოკს და საინიციატივო ჯგუფი კვლავ გამორიცხულია ამ სუბიექტთა სიიდან.
9. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
10. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, ორგანული კანონის შესაბამისად, შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა პოლიტიკური გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.
11. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული.
12. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
13. მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში განმარტავენ, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები არ არიან ასოცირებული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენა არის პარტიული ცხოვრების ალტერნატივა, რაც ამომრჩეველს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ არჩევით თანამდებობაზე იყოლიოს პირი, რომელიც თავისუფალი იქნება პარტიული ვალდებულებებისა და დისციპლინისაგან. მოსარჩელე მხარის აზრით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის კონტექსტში, სადაც არჩევითი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობა უფრო მეტად სამეურნეოა, ვიდრე პოლიტიკური ხასიათის, შესაბამისად, არჩეული პირი უფრო მეტად უნდა იყოს ფოკუსირებული ამომრჩეველთა სპეციფიკური კომუნალური ხასიათის მოთხოვნებზე, ვიდრე პარტიულ ინტერესებზე.
14. მოსარჩელეების აზრით, მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებთან მიმართებაში პარტიის/საარჩევნო ბლოკისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები არსებითად თანასწორი პირები არიან. შესაბამისად, სადავო ნორმები, რომლებიც კრძალავენ საინიციატივო ჯგუფის მიერ მერობის/გამგებლობის კანდიდატის წარდგენას, წინააღმდეგობაში მოდიან საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ თანასწორობის უფლებასთან. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს მკაცრი შეფასების ტესტი, ვინაიდან დიფერენციაციის ხარისხი არის ძალიან მაღალი. კერძოდ, სადავო ნორმებით, ყველა შემთხვევაში გამოირიცხება საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის მონაწილეობა მერის/გამგებლის არჩევნებზე.
15. მოსარჩელის აზრით, თუ სადავო ნორმების ლეგიტიმური მიზანი არის მერის/გამგებლის არჩევნებში კონკურენტუნარიანი, საარჩევნო პროცესის მიმართ სერიოზული კანდიდატის მონაწილეობის უზრუნველყოფა, ამ მიზნის მისაღწევად პარლამენტს შეეძლო, დაეწესებინა ნაკლებად შემზღუდველი მოთხოვნები. კერძოდ, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოს საპრეზიდენტო, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში წარდგენილი კანდიდატის მონაწილეობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენა. მოსარჩელეთა აზრით, ეს უკანასკნელი სათანადო პირობა იქნებოდა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის კონკურენტუნარიანობის შესამოწმებლად. მოსარჩელეების აზრით, ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზანი ასევე მიიღწეოდა, თუ კანონმდებელი როგორც პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის, ასევე საინიციატივო ჯგუფებისათვის დაადგენდა გონივრული ოდენობის თანხის დეპოზიტზე შეტანის ვალდებულებას.
16. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმები ასევე წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებასთან, ვინაიდან ის მერობის/გამგებლობის კანდიდატს ართმევს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას საინიციატივო ჯგუფის წარდგენის საშუალებით. ამით კი, მოსარჩელეების აზრით, პირი იძულებული ხდება, მერობის/გამგებლობის კანდიდატად წარდგენილი იყოს იმ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ, რომლის იდეოლოგიასაც პასიური საარჩევნო უფლების სუბიექტი შესაძლოა არ იზიარებდეს. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი მოიცავს გაერთიანების თავისუფლების ნეგატიურ ასპექტს, რომელიც იცავს პირს იძულებისაგან, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მეშვეობით მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფი, მოსარჩელეების აზრით, არის ის ალტერნატივა, რითაც ადამიანი პარტიასთან იძულებითი ასოცირების გარეშე ახორციელებს თავის პასიურ საარჩევნო უფლებას.
17. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში პირდაპირ არ წერია ტერმინი ,,პასიური საარჩევნო უფლება", კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულია, რომ, საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არ გაიზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პასიური საარჩევნო უფლება დაცულია კონსტიტუციის 28-ე მუხლით, მაშინ სადავო ნორმების შეფასება უნდა მოხდეს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებით.
18. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პარტიასთან აფილირების გარეშე არჩევითი თანამდებობის დაკავების უფლება არ არის აბსოლუტური, თუმცა დადგენილი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული.
19. მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საკონსტიტუციო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს გასაჩივრებული ნორმების მოქმედება. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 15 ივნისს დანიშნულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოსარჩელეები მიუთითებენ, თუკი სადავო ნორმები არ იქნა შეჩერებული, მერის/გამგებლის არჩევნები უახლოეს მომავალში ჩატარდება გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე, შესაბამისად, შესაძლოა ისე ჩატარდეს კენჭისყრა და გამოვლინდეს გამარჯვებული პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ დასახელებული კანდიდატებიდან, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებულ კანდიდატს არ მიეცეს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამით კი საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებულ კანდიდატს, მოსარჩელეების აზრით, მიადგება გამოუსწორებელი ზიანი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად ჩაითვლება, თუ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ უკავშირდება გასაჩივრებულ ნორმებს. „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება N2/3/412 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9)
2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები ითხოვენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 167-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „პარტია-საარჩევნო ბლოკი“, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის“ და ამავე ქვეპუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების „პარტიის/საარჩევნო ბლოკის“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, 28-ე და 29-ე მუხლებთან მიმართებით.
3. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმების თანახმად, მერის/გამგებლის არჩევნებში კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს დადგენილი წესით რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს და არა ე.წ. „მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს“.
4. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 167-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ პარტია/საარჩევნო ბლოკი მერობის/გამგებლობის კანდიდატის საბუთებს წარუდგენს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების მიხედვით კი - მერობის/გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა, წერილობით აცნობებს კანდიდატის წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, ხოლო ამავე ქვეპუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, ასეთ შემთხვევაში პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს 2 დღე ეძლევა საბუთების სრულყოფისთვის. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოყვანილი დებულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ მითითებული სადავო ნორმები ადგენენ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მერის/გამგებლის არჩევნებში კანდიდატის წარდგენის, მისი რეგისტრაციის პროცედურულ საკითხებს. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი მერობის/გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაციის პროცედურის მომწესრიგებელი ნორმები თავის თავში არ მოიცავს სხვა სუბიექტების მიერ მერობის/გამგებლობის საარჩევნო კანდიდატის წარდგენის უფლების შეზღუდვას. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ემყარება მოსარჩელე მხარის მიერ ამ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას. ამდენად, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია არ შეეხება სადავო ნორმების რეალურ შინაარსს.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი N588 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 167-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „პარტია-საარჩევნო ბლოკი“, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის“ და ამავე ქვეპუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების „პარტიის/საარჩევნო ბლოკის“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, 28-ე და 29-ე მუხლებთან მიმართებით დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
6. მოსარჩელეები ასევე სადავოდ ხდიან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 167-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პარტიების/საარჩევნო ბლოკების“ და ამავე კანონის 1692 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
7. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრული რეგულირება, რომელიც ითვალისწინებს, რომ მერობის/გამგებლობის კანდიდატის წარდგენის უფლება გააჩნიათ მხოლოდ დადგენილი წესით რეგისტრირებულ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, მათივე მტკიცებით, აიძულებს მათ, შექმნან პოლიტიკური პარტია, ზღუდავს მათ პოლიტიკური გაერთიანების შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას და წარმოადგენს ჩარევას კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში.
8. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის ამგვარად დაყენება უკავშირდება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას. სადავო ნორმებით არ ხდება პირების მიერ პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნებისა და მასში მონაწილეობის უფლების, როგორც პოზიტიური ისე ნეგატიური ასპექტების მოწესრიგება და ამ უფლების შეზღუდვა. სადავო ნორმები აწესრიგებს პასიური საარჩევნო უფლების განხორციელების საკითხებს, არ ადგენს პირების მიერ პოლიტიკური გაერთიანების შექმნის ვალდებულებას და არც რაიმე ფორმით ზღუდავს მათი მოქმედების თავისუფლებას, პირადი შეხედულებისამებრ დააფუძნონ ან არ დააფუძნონ პოლიტიკური გაერთიანებები და სურვილისამებრ მიიღონ მასში მონაწილეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორია მოსარჩელეთა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ნორმა ადგენს პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნების ვალდებულებას და ამგვარად ზღუდავს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებას.
9. როგორც არაერთხელ აღინიშნა, იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოდგენილი არგუმენტაცია შინაარსობრივად არ უკავშირდება სადავო ნორმას, კონსტიტუციური სარჩელი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი N588 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 167-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პარტიების/საარჩევნო ბლოკების“ და ამავე კანონის 1692 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
10. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების კიდევ ერთი წინაპირობაა, რომ მოსარჩელემ სასამართლოს დაანახვოს ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და შესაბამის კონსტიტუციურ უფლებას შორის. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1), წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
11. მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 167-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პარტიების/საარჩევნო ბლოკების“ და ამავე კანონის 1692 მუხლის მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
12. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, სადავო ნორმებით დადგენილი წესი, რომლის თანახმადაც, მერის/გამგებლის არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც წარდგენილნი არიან პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ და არა ის მოქალაქეები, რომლებიც შესაძლოა წარდგენილნი იყვნენ ე.წ. „საინიციატივო ჯგუფების“ მიერ, დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლის მოთხოვნებს.
13. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად აუცილებელია, მოსარჩელემ დაანახვოს სასამართლოს, რომ ნორმა ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას, კერძოდ, არსებითად თანასწორ სუბიექტებს ეპყრობა უთანასწოროდ ან პირიქით.
14. განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი ნორმებით მოწესრიგებულია საარჩევნო პროცესი, კერძოდ, დადგენილია მერის/გამგებლის არჩევნებზე კანდიდატთა წარდგენის წესი. სადავო ნორმები, ადგენს მერობის/გამგებლობის კანდიდატად რეგისტრაციისა და ამ გზით პასიური საარჩევნო უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას მხოლოდ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენის შემთხვევაში. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სადავო ნორმა ამ ბარიერს უწესებს პასიური საარჩევნო უფლების მქონე ყველა მოქალაქეს. კერძოდ, ყველა მოქალაქე პასიური საარჩევნო უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას იძენს მხოლოდ პარტიის/ საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენის შემთხვევაში. ეს არის მერის/გამგებლის არჩევნებში მონაწილეობის კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული ერთადერთი ფორმა. რეგულაცია არ ადგენს რომელიმე პირთა ჯგუფის მიმართ პრივილეგიას. დადგენილი რეჟიმი არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ყველა მოქალაქისათვის თანაბარ ვალდებულებას აწესებს, რომ წარდგენილი იყვნენ მხოლოდ დადგენილი წესით რეგისტრირებული პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები არ გამოყოფს პირთა ჯგუფებს და, ამდენად, თანაბარ ტვირთს აკისრებს საარჩევნო უფლების განხორციელების მსურველ სუბიექტებს. ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმები ნეიტრალური შინაარსის არის და არ ადგენს განსხვავებულ მოთხოვნებს განსხვავებული სუბიექტების მიმართ. აქედან გამომდინარე, დგინდება, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს, რომ სადავო ნორმები იწვევს დიფერენცირებულ მოპყრობას და არსებობს შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კონსტიტუციური სარჩელი N588 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 167-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პარტიების/საარჩევნო ბლოკების“ და ამავე კანონის 1692 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
16. მოსარჩელე მხარე ასევე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 167-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პარტიების/საარჩევნო ბლოკების“ და ამავე კანონის 1692 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტთან მიმართებით.
17. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
18. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმები შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატთა რეგისტრაციას და არ უკავშირდება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების საკითხებს. აქედან გამომდინარე, არ იკვეთება შემხებლობა სადავო ნორმებსა და კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტს შორის.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კონსტიტუციური სარჩელი N588 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 167-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პარტიების/საარჩევნო ბლოკების“ და ამავე კანონის 1692 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
20. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ N588 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
21. მოსარჩელეები ასევე ითხოვენ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.
22. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ–ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. სასამართლოს განმარტებით, ეს არის „... საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საკონსტიტუციო სასამართლოს N1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის N1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
23. მოსარჩელე მხარის ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ცხადად და დამაჯერებლად არ დასტურდება, რომ სადავო ნორმის მოქმედება იწვევს მოსარჩელეთა უფლების შეუქცევადი დარღვევის საფრთხეს, რომლის გამოსწორება შეუძლებელი იქნებოდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. შესაბამისად, მოსარჩელის ეს შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ არსებობს სადავო აქტის შეჩერების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 211 მუხლის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 და მე–18 მუხლების, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის და 22–ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30–ე და 31–ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად N588 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 167-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პარტიების/საარჩევნო ბლოკების“ და ამავე კანონის 1692 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად N588 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 167-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „პარტია-საარჩევნო ბლოკი“, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის“ და ამავე ქვეპუნქტის მე-2 წინადადების სიტყვების „პარტიის/საარჩევნო ბლოკის“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
ბ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 167-ე მუხლის მეორე პუნქტის, ამავე მუხლის მეოთხე პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „პარტია/საარჩევნო ბლოკი“, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების სიტყვების „წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის“, ამავე ქვეპუნქტის მეორე წინადადების სიტყვების „პარტიის/საარჩევნო ბლოკის“, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „პარტიების/საარჩევნო ბლოკების“ და ამავე კანონის 1692 მუხლის მეოთხე პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 26-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 29-ე მუხლის 11 პუნქტთან მიმართებით.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი