საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი - გამოცემა 2 (2023)

საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი - გამოცემა 2 (2023)


გამოცემის თარიღი: 2023 წლის 29 სექტემბერი


მერაბ ტურავა: წინასიტყვაობა


ავტორი: კლაუს კრესი

აბსტრაქტი 

რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ძალის უკანონო გამოყენება, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, 2022 წლის 24 თებერვლიდან განახლდა აგრესიული ომით. რუსეთის ქმედებები წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს უკრაინისა და მისი ხალხისთვის. გარდა ამისა, ეს გულისხმობს სერიოზულ რისკს, რომ ძალის გამოყენების აკრძალვის უფლებას შეიძლება ძირი გამოეთხაროს. წინამდებარე კვლევა, რომელიც ეფუძნება კარლსრუეში წაკითხულ ლექციას, სადაც გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო და ფედერალური უზენაესი სასამართლო მდებარეობს, აყალიბებს საერთაშორისო სამართლებრივ ფარგლებს უკრაინის, მესამე სახელმწიფოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ამჟამინდელ და შესაძლო სამომავლო რეაქციებზე რუსეთის ფუნდამენტური გამოწვევის საპასუხოდ, რასაც მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ „გაეროს წესდების ქვაკუთხედი“ უწოდა.

კვლევის დიდი ნაწილი დოქტრინული ხასიათისაა. თუმცა, ის ასევე ნათელს ჰფენს თემის ისტორიულ განზომილებასა და სამართლის პრინციპების ზოგიერთ ასპექტს. დასასრულს, გამოკვლეულია ძალის გამოყენების აკრძალვის წარსული გამოძახილები და გამამხნევებელი ფაქტი, რომ შესაძლო „პაციენტი“ ყოველთვის გადარჩება. ამ კუთხით, წინამდებარე სტატია ამტკიცებს, რომ თუ უკრაინის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა იქნება მკაფიოდ გამოკვეთილი და ურყევი, არ არსებობს მიზეზი, რომ უკრაინა, მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების დაცვასა და ძალის გამოყენების უნივერსალურ აკრძალვაში, სასიკვდილოდ იყოს განწირული.

ნაშრომი: უკრაინის ომი და ძალის გამოყენების აკრძალვა საერთაშორისო სამართალში

გვერდები: 11-39

-----------------------------

ავტორი: გიორგი ხაზალია, ნინო ჩოჩია

აბსტრაქტი

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეალურ res judicata ბუნებასა და მბოჭავ ძალას მის აღსრულებაში ავლენს. სასამართლოს გადაწყვეტილებათა ნაწილი თვითაღსრულებადია, ზოგიერთ შემთხვევაში კი აღსრულება მოითხოვს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მხრიდან აქტიური ქმედებების განხორციელებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა იცნობს არაერთ გადაწყვეტილებას, რომელთა აღსრულება არ მოხდა, აღსრულდა დაგვიანებით ან არასრულყოფილად. გადაწყვეტილებების ეფექტიანი იმპლემენტაცია, გარდა სახელმწიფო დაწესებულებებს შორის ნდობისა, ეფუძნება სათანადო მექანიზმების არსებობას. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა მეტად ორიენტირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე ინდივიდუალური პირების უფლებაში აღდგენის ინსტრუმენტებზე და ზოგადი ხასიათის ისეთ ღონისძიებას, როგორიცაა, ახალი კანონმდებლობის მიღება, პოლიტიკურ პროცესს მიანდობს. წინამდებარე სტატიაში შეფასდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ქართული მოდელის ეფექტიანობა, გაანალიზდება საუკეთესო საერთაშორისო/სხვა სახელმწიფოთა პრაქტიკა და გაიცემა რეკომენდაციები იმ ინსტრუმენტების დანერგვაზე, რომლებიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებების სათანადო აღსრულების სტიმულირებას.

ნაშრომი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ქართული მოდელის გაუმჯობესების შესაძლებლობა

გვერდები: 41-68

-----------------

ავტორი: გია მარკოიძე

აბსტრაქტი

პარალელი რომ გავავლოთ ბიბლიურ სწავლებასთან, დანაშაულის პროვოკაცია სათავეს ადამისა და ევას ისტორიიდან იღებს. სამოთხის ბაღში ევა გველმა აცდუნა - პირველმა ქალმა ღვთისგან აკრძალული ხილი სწორედ სხვისი წაქეზებით შეჭამა.

ცდუნება სოციალური ფენომენი და, საზოგადოების განვითარებასთან ერთად, ადამიანებს შორის ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია. სამართალი კი სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში აღწევს. ამ მხრივ არც ცდუნების ელემენტი ყოფილა გამონაკლისი - მის გამო სამართლებრივ სივრცეში ცალკე იურიდიული დოქტრინა განვითარდა. სისხლის სამართლის პროცესში ცდუნების ინსტიტუტი დანაშაულის პროვოკაციის სახელით აისახა და ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენელი პირს, მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, დანაშაულის ჩადენისათვის აცდუნებს.

სისხლის სამართლის პროცესი, ერთი მხრივ, სახელმწიფოს დანაშაულზე რეაგირების ქმედით ბერკეტს განუსაზღვრავს, თუმცა, მეორე მხრივ, საპროცესო გარანტიებით იცავს პროცესის მონაწილეთა ფუნდამენტურ უფლებებს. სამართლიანი სასამართლოს უფლება უმნიშვნელოვანესი გარანტიაა, რომელშიც პირის დანაშაულის პროვოკაციისგან დაცვას ერთ-ერთი საყურადღებო ადგილი უკავია. იურიდიულ დოქტრინაში ფარული საგამოძიებო მოქმედებების/ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების დროს პროვოკაციული ელემენტების დასაშვები ბალანსის დადგენას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. წინამდებარე სტატია სწორედ ამ ბალანსს იკვლევს და შესაბამისი მეთოდებით კანონმდებლობის განმარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრების ავტორისეულ ხედვებს გვთავაზობს.

ნაშრომი: დანაშაულის პროვოკაციის დასაშვები ფარგლები ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს

გვერდები: 69-110

------------------

ავტორი: ნინო რუხაძე

აბსტრაქტი

ადგილობრივი თვითმმართველობები სულ უფრო მკაფიოდ ცდილობენ წარმოჩნდნენ საერთაშორისო სისტემაში და თავს იმკვიდრებენ, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების აქტიური მონაწილეები. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ადგილობრივი თვითმმართველობების დაწინაურება მზარდ ტენდენციას წარმოადგენს. აღნიშნული განვითარების ფონზე იბადება კითხვა - რა სტატუსი გააჩნიათ ადგილობრივ თვითმმართველობებს საერთაშორისო სამართალში და ხომ არ საჭიროებს საერთაშორისო ურთიერთობებში ადგილობრივი თვითმმართველობების გააქტიურება მათ სტატუსთან დაკავშირებით არსებული კონსტიტუციურ-სამართლებრივი ჩარჩოს გადახედვას.

სტატიაში განხილული იქნება საერთაშორისო ურთიერთობებში ადგილობრივი თვითმმართველობების გააქტიურების ბოლოდროინდელი ტენდეციები და წარმოჩნდება მუნიციპალიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების საერთაშორისო და კონსტიტუციურსამართლებრივი განზომილების ახლებური გააზრების აუცილებლობა.

ნაშრომი: ადგილობრივი თვითმმართველობები საერთაშორისო სისტემაში - არსებობს თუ არა ახალი საერთაშორისო და კონსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების საჭიროება?

გვერდები: 111-125

----------------

ავტორი: მალხაზ ბეგიაშვილი

აბსტრაქტი

ხელისუფლების დანაწილება არის „ელასტიკური კონცეფცია“. ბევრი ავტორი აღიარებს სამართალმცოდნეების მუდმივ ინტერესს ხელისუფლების დანაწილების მიმართ, მაგრამ, ასევე, მისი გაგების სირთულეს. ბოლო წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სულ უფრო ხშირად იყენებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს მისთვის გადაცემული საქმეების კონსტიტუციურობის განხილვისას.

ეს კვლევა გვთავაზობს, განსხვავებული პერსპექტივიდან მივუდგეთ ხელისუფლების დანაწილებას. მიზანი არ არის ხელისუფლების დანაწილების, როგორც თეორიის, განხილვა, არამედ მისადმი მიდგომა პოზიტიური სამართლის ფონზე და, უფრო კონკრეტულად, როგორც სტანდარტის, რომელიც გამოიყენება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თავის სასამართლო პრაქტიკაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სადაც ნათქვამია, რომ „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“. შესაბამისად, კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერის არსებობა ხელისუფლების დანაწილების პრინციპს პოზიტიურ კონსტიტუციურ ნორმად აქცევს.

ახლა, როცა ხელისუფლების დანაწილების პრინციპი კონსტიტუციურ ნორმად იქცა, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ განხილული ნორმატიული დებულებების შესაბამისობა მასთან. ამისათვის მას მოუწევს ხელისუფლების დანაწილების საკუთარი კონცეფციის შემუშავება, რომელიც თანდათან გამოვლინდება ამ პრინციპის სასამართლო პრაქტიკაში განხილვისას.

საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკის შესწავლა გვიჩვენებს, რომ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო დგას საკანონმდებლო დებულების წინაშე, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ხელისუფლების ფუნქციურ დანაწილებაზე, სასამართლო მიდრეკილია ხელისუფლების დანაწილების სეპარატისტული დოგმის დაცვისკენ. ამავდროულად, ის უზრუნველყოფს, რომ არც ერთმა ხელისუფლებამ არ შელახოს სხვა ხელისუფლების ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციები. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც სასამართლო არ იყენებს სეპარატისტულ დოგმას იმიტომ, რომ კონსტიტუცია პირდაპირ ითვალისწინებს ხელისუფლების დანაწილების შეღწევადობას, რომლის უგულებელყოფაც სასამართლოს არ შეუძლია.

ნაშრომი: ხელისუფლების დანაწილება საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში

გვერდები: 127-148

------------------

ავტორები: მარიამ ჭიკაძე, ირაკლი ჯოჯუა

აბსტრაქტი

საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დადგენისას არაერთგვაროვანია. თუკი, უახლოეს წარსულამდე, პირის დამნაშავედ ცნობისათვის, სულ ცოტა, ორი პირდაპირი მტკიცებულება იყო საჭირო, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებში აღნიშნული მიდგომა გარკვეულწილად შეცვალა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა არაპირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზეც შესაძლებელი გახადა.

ფაქტობრივად, შეიქმნა იმგვარი მოცემულობა, რომ პირის დამნაშავედ ცნობა შესაძლებელი ხდება არაპირდაპირი მტკიცებულებების გამოყენებითაც, რაც შეიძლება პრობლემური აღმოჩნდეს, მათ შორის, კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 ერთ-ერთი პრეცედენტული გადაწყვეტილებით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ირიბი ჩვენების (ხშირ შემთხვევაში არაპირდაპირი მტკიცებულების ერთ-ერთი სახის) საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას ითვალისწინებდა.

სტატიაში განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა, განსაკუთრებით კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი განმარტებები, მათი პოტენციური გავლენა სისხლის სამართლის პროცესის მხარეებზე და შესაბამისობა როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაცულ სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებასთან და უდანაშაულობის პრეზუმფციასთან მიმართებით. საკითხები გაანალიზდება ეროვნული სასამართლოების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკისა და დოქტრინის ჭრილში.

ნაშრომი: არაპირდაპირი მტკიცებულებები - გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი?!

გვერდები: 149-176

--------------

ნაშრომი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა

გვერდები: 177-192

--------------

მთლიანი გამოცემა