ნათია ამირანაშვილი, რუსუდან დუმბაძე, თათია წოწონავა, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ და სხვები (სულ, 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/15/1841 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 20 ნოემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 ნოემბერი 2024 15:03 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ნათია ამირანაშვილი, რუსუდან დუმბაძე, თათია წოწონავა, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ და სხვები (სულ, 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ.
დავის საგანი: (ა) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით; (ბ) „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით; (გ) „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; (დ) „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-12 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 17 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1841) მომართეს ნათია ამირანაშვილმა, რუსუდან დუმბაძემ, თათია წოწონავამ, ზურაბ ჩხვირკიამ, სოფიო გოზალიშვილმა, გიგა აღდგომელაშვილმა, ნატალია ქაჯაიამ, ნინო ბალანჩივაძემ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორმა“. №1841 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2024 წლის 18 სექტემბერს. №1841 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 20 ნოემბერს.
2. №1841 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს პარლამენტში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესებს. „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესი) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია არ გაიცემა იმ მედიასაშუალების ჟურნალისტზე, რომლის საქმიანობაც არ უკავშირდება საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გაშუქებას. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მისაღებად მედიასაშუალებამ შეიძლება წარადგინოს მხოლოდ ის ჟურნალისტი, რომელიც ამ მედიასაშუალებაში ანაზღაურებად საქმიანობას ახორციელებს. ამავე წესის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ საპარლამენტო ჟურნალისტი/სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტი დაარღვევს ამ წესის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილ წესებს, მას აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეუჩერდეს აკრედიტაცია/შეეზღუდოს აკრედიტაციის გაცემა 1 თვის ვადით. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, აკრედიტებულ საპარლამენტო/სპეციალური აკრედიტაციის ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდება/შეეზღუდება აკრედიტაციის მიღება 6 თვის ვადით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დაუშვებელია, რომ ჟურნალისტი, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში აკრედიტაცია შეჩერებული აქვს, სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლდეს. სადავო წესის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს პარლამენტში გასამართი ღონისძიების სპეციფიკურობიდან ან უსაფრთხოების რეჟიმიდან გამომდინარე, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიზღუდოს აკრედიტებულ ჟურნალისტთა პარლამენტის სასახლეში დაშვება, გადაადგილება ან მათი ტექნიკის გარკვეულ ადგილებში განლაგება. რაც შეეხება აღნიშნული წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს, დადგენილია, რომ აკრედიტებულ ჟურნალისტს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში აწარმოოს ვიდეო- და ფოტოგადაღება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხდომის ვიდეო- და ფოტოგადაღება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, მის მიერ მედიასაშუალებათა წარმომადგენლებისთვის გამოყოფილი ადგილიდან. ამავე წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტების მიხედვით კი, აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ და სააკრედიტაციო მოწმობა ატაროს გამოსაჩენ ადგილზე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის ღირსების ხელშეუვალობას, ხოლო მე-2 პუნქტი დაუშვებლად აცხადებს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის კონსტიტუციური უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დადგენილია, რომ ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით ხელშეუხებლად არის გამოცხადებული ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება და განსაზღვრულია აღნიშნული უფლების შეზღუდვის საფუძვლები და წესი. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება და დაუშვებლად არის გამოცხადებული ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღიარებულია ყოველი ადამიანის უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ხოლო მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით განმტკიცებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია ზემოხსენებულ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლები და წესი. კერძოდ, აღნიშნული დებულების მიხედვით, დასახელებულ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებები.
5. №1841 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ფიზიკური პირები სარგებლობდნენ საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციით (მათ შორის, სპეციალური აკრედიტაციით), რის საფუძველზეც, ასრულებდნენ ჟურნალისტურ საქმიანობას საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება მოსარჩელე ა(ა)იპ „სტუდია მონიტორს“, კონსტიტუციურ სარჩელში განმარტებულია, რომ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მიღებამდე, მისი წარმომადგენლები მუდმივად ფლობდნენ საპარლამენტო საშვს. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ 2023 წლის 5 მარტიდან 8 აპრილამდე დროის მონაკვეთში, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა საფუძვლით, მოსარჩელეთა ნაწილს შეეზღუდა აკრედიტაცია, 1 თვის ვადით.
6. მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის გაცემას კრძალავს იმ მედიასაშუალების ჟურნალისტზე, რომლის საქმიანობაც არ უკავშირდება საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გაშუქებას, ზღუდავს მედიაორგანიზაციის ინსტიტუციურ თავისუფლებას და უფლებას, თავად მოაწესრიგოს შიდა ორგანიზაციული საკითხები. მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმის საფუძველზე, ერთი მხრივ, მედიასაშუალებას ეზღუდება შესაძლებლობა, საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, განსაზღვროს ჟურნალისტებისათვის კონკრეტული, ინდივიდუალური სამუშაო, ხოლო, მეორე მხრივ, თავად ჟურნალისტები იბოჭებიან სამუშაო პროფილის შეცვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში.
7. იმავდროულად, მოსარჩელეები მიუთითებენ, საქართველოს პარლამენტში გასამართი ღონისძიების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ჟურნალისტთა პარლამენტის სასახლეში დაშვების, გადაადგილების ან მათი ტექნიკის გარკვეულ ადგილებში განლაგების შეზღუდვისა და მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, მის მიერ მედიასაშუალებათა წარმომადგენლებისათვის გამოყოფილი ადგილიდან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხდომის ვიდეო და ფოტოგადაღების საკითხების მომწესრიგებელი ნორმების ბუნდოვანებაზე. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმაში არსებული ჩანაწერი – „საქართველოს პარლამენტში გასამართი ღონისძიების სპეციფიკურობიდან ან უსაფრთხოების რეჟიმის გათვალისწინებით“, არის ზოგადი ხასიათის და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას, შეზღუდოს ჟურნალისტთა საქმიანობა საქართველოს პარლამენტში. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია სადავო ნორმაში არსებული ჩანაწერი – „გამოყოფილი ადგილიდან“, რამდენადაც, მოცემულ შემთხვევაშიც, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ იგი საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მხრიდან ჟურნალისტთა საქმიანობის თვითნებური შეზღუდვის წინაპირობას ქმნის. დამატებით, შინაარსობრივი თვალსაზრისით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში, ჟურნალისტს უნდა შეეძლოს ინფორმაციის მიღება/ჩაწერა, ნებისმიერი ადგილიდან.
8. მოსარჩელე მხარე აპელირებს საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ინტერვიუს შეწყვეტის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების დარღვევისათვის სადავო წესის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სანქციების არაკონსტიტუციურობაზეც. მოსარჩელეთა განმარტებით, ამგვარი შემზღუდველი წესების არსებობის პირობებში, მათ ერთმევათ უფლება, დასვან მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე და ფართო დისკუსიას დაქვემდებარებულ საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრების მოსაზრებების თაობაზე. ამასთანავე, მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია ამ საფუძვლით იმ პირებისათვის აკრედიტაციის გაცემის შეზღუდვა/აკრედიტაციის შეჩერება, რომლებიც მხოლოდ ტექნიკურ სამუშაოს ასრულებენ, მაგალითად, ოპერატორები. გარდა ამისა, გასაჩივრებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტთან მიმართებით, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სააკრედიტაციო მოწმობის გამოსაჩენ ადგილზე ტარების ვალდებულის დარღვევისათვის აკრედიტაციის შეჩერება წარმოადგენს არაპროპორციულ სანქციას.
9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით, აკრედიტებული ჟურნალისტისათვის სხვადასხვა ვალდებულების დადგენის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა, წარმოადგენდეს სხვათა უფლებების დაცვა, საქართველოს პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა და საქართველოს პარლამენტში წესრიგის დაცვა. მეორე მხრივ, მოსარჩელეთა მოსაზრებით, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან საქართველოს პარლამენტში სტუმრად მყოფი პირების მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის მიუხედავად, ინტერვიუს გაგრძელების საფუძვლით აკრედიტებული ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერების ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლებისა და პარლამენტში სტუმრად მყოფი პირების დაცვა ჟურნალისტთა კითხვებისგან, რომლებზე პასუხიც მითითებული პირებისთვის არასასურველია. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი არ უშვებს პარლამენტარებისა თუ საჯარო მოხელეების არასასურველი კითხვებისგან დაცვის მიზნით ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, სადავო ნორმებით გათვალისწინებულ უფლებაშემზღუდველ ღონისძიებებს არ გააჩნია ისეთი ლეგიტიმური მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც დასაშვები იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და მე-3 პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებული უფლებების შეზღუდვა.
10. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ქართული მედიასაშუალებებისა თუ ჟურნალისტებისათვის, ყოველდღიურად, უფრო და უფრო რთულდება ინფორმაციის მიღება, ასევე პარლამენტში მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა, რაც არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს, არამედ, აგრეთვე უარყოფითად აისახება ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებზეც. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გააჩნია „მსუსხავი ეფექტი“, რის გამოც, ჟურნალისტებმა შესაძლოა, თავი შეიკავონ საქართველოს პარლამენტში პროფესიული საქმიანობის განხორციელებისაგან.
11. ყოველივე ხსენებულის გათვალისწინებით, მოსარჩელეები ითხოვენ ზემოაღნიშნული სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველი წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით.
12. გარდა ამისა, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ადგენს ანაზღაურებად და არაანაზღაურებად სტაჟიორთა შრომითი პირობებისა და სამუშაოს შესრულების შესაძლებლობასთან მიმართებით დისკრიმინაციულ წესს და რომელიც საპარლამენტო აკრედიტაციის გაცემის შესაძლებლობას მხოლოდ მედიასაშუალებაში ანაზღაურებად საქმიანობის განმახორციელებელ ჟურნალისტზე უშვებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს. მოსარჩელეების მოსაზრებით, სადავო ნორმა დამსაქმებელ მედიასაშუალებას ავალდებულებს, დისკრიმინაციულად მოეპყროს კვალიფიკაციის ასამაღლებლად, პროფესიული ცოდნის, უნარების ან პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად მომუშავე სტაჟიორებს, რომლებიც არ იღებენ ანაზღაურებას, იმ სტაჟიორებთან მიმართებით, რომლებიც ამგვარ საქმიანობაში ანაზღაურებას იღებენ.
13. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველ პუნქტს, ასევე მიიჩნევენ არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი ადმინისტრაციული განხილვის უფლებასთან მიმართებითაც. მოსარჩელეები აპელირებენ, რომ სადავო წესი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, არ ითვალისწინებს მოსარჩელეთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად ისეთ აუცილებელ პროცედურულ გარანტიებს, როგორებიცაა, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას მიღების პროცესში ჟურნალისტების პოზიციების გათვალისწინება, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის დაბალანსების საკითხის მხედველობაში მიღება, ინტერვიუს ჩაწერის ინიციატორის ვინაობა და სხვ.. მაგალითად, მოსარჩელეთა მითითებით, ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ეხება არა მხოლოდ იმ ჟურნალისტს, რომელიც, უარის თქმის შემდეგ, კვლავ განაგრძობს ინტერვიუს, არამედ სპეციალური აკრედიტაციის მქონე პირებსაც, რომლებიც ტექნიკურად უზრუნველყოფენ ინტერვიუს ჩაწერას.
14. ამავდროულად, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესი, ისევე, როგორც უფლების შეზღუდვის მიზნით გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები არ ითვალისწინებს მომჩივნებისთვის მისი გასაჩივრებისა და უფლებების დაცვის შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.
15. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, ასევე საერთაშორისო დოკუმენტებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელე მხარემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). გარდა ამისა, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. №1841 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე, მათ შორის, სადავოდ ხდის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით.
3. მითითებული სადავო ნორმები განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს პარლამენტში პრესკონფერენციის გამართვისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესების დადგენის უფლებამოსილებას, მედიასაშუალების მიერ საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მისაღებად მხოლოდ იმ ჟურნალისტის წარდგენის ვალდებულებას, რომელიც ამ მედიასაშუალებაში ანაზღაურებად საქმიანობას ახორციელებს, აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ სააკრედიტაციო მოწმობის გამოსაჩენ ადგილზე ტარების ვალდებულებასა და აკრედიტაციაშეჩერებული ჟურნალისტის სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლების აკრძალვას. აღსანიშნავია, რომ №1841 კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ზემოხსენებული სადავო ნორმებიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით, მოსარჩელეთათვის შესაძლო პრობლემის გამოკვეთის შესაძლებლობას მისცემდა. ამდენად, ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1841 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. №1841 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, მედიასაშუალებას უფლება აქვს საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მისაღებად წარადგინოს მხოლოდ ის ჟურნალისტი, რომელიც ამ მედიასაშუალებაში ანაზღაურებად საქმიანობას ახორციელებს. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო რეგულაცია იწვევს გაუმართლებელ დიფერენცირებას იმ სტაჟიორთა მიმართ, რომლებიც ანაზღაურების გარეშე ახორციელებენ საქმიანობას მედიაორგანიზაციაში. ამავდროულად, მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, სადავო დანაწესი მედიაორგანიზაციას აიძულებს, დისკრიმინაციულად მოეპყროს სტაჟიორს, რომელიც არ იღებს ანაზღაურებას, განსხვავებით იმ სტაჟიორისგან, რომელიც კონკრეტულ მედიასაშუალებაში ანაზღაურებად საქმიანობას ახორციელებს.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, იმისთვის, რათა „მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
7. №1841 კონსტიტუციური სარჩელიდან იკვეთება, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელეთა ნაწილს წარმოადგენენ ფიზიკური პირები – ჟურნალისტები, რომლებსაც გააჩნდათ საქართველოს პარლამენტში საქმიანობის აკრედიტაცია (მათ შორის, სპეციალური აკრედიტაცია), ხოლო ერთ-ერთი მოსარჩელე კი იურიდიული პირია. ამ კონტექსტში, ცალსახაა, რომ, გასაჩივრებული რეგულირების მოქმედების პირობებში, მოსარჩელე ფიზიკური პირების მიერ საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი აკრედიტაციის ფლობის ფაქტი, №1841 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მომენტისათვის, იმთავითვე, გამორიცხავს სადავო წესის ადრესატებად და აღნიშნული წესის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვაზე უფლებამოსილ სუბიექტად მათი მიჩნევის შესაძლებლობას. იმავდროულად, მოსარჩელე ა(ა)იპ „სტუდია მონიტორის“ მიერ გასაჩივრებული წესის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სადავო ნორმა აიძულებს, დისკრიმინაციულად მოეპყროს სტაჟიორს, რომელიც ანაზღაურების გარეშე ახორციელებს საქმიანობას მედიაორგანიზაციაში, ისე, რომ არ წარმოაჩენს რა თვალსაზრისით შეიძლება ზღუდავდეს იგი, თუნდაც, ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი სტაჟიორების მიმართ პოტენციურად განსხვავებული მოპყრობის დადგენის გზით, უშუალოდ მედიაორგანიზაციის უფლებებსა და თავისუფლებებს. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად ფორმულირების პირობებში, აშკარაა, რომ №1841 კონსტიტუციური სარჩელით არ არის დასაბუთებული, სადავო ნორმა, რა თვალსაზრისით იწვევს უშუალოდ მოსარჩელე მედიასაშუალების მიმართ განსხვავებულ/დისკრიმინაციულ მოპყრობას.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1841 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არ არის შემოტანილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. კონსტიტუციური სარჩელით, მათ შორის, სადავოდაა გამხდარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით.
10. გასაჩივრებული ნორმის თანახმად, იმ მედიასაშუალების ჟურნალისტზე, რომლის საქმიანობაც არ უკავშირდება საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გაშუქებას, საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია არ გაიცემა. მოსარჩელეთა მტკიცებით, აღნიშნული ნორმით ჟურნალისტები იზღუდებიან, რომ შეიცვალონ სამუშაო პროფილი, აგრეთვე სადავო რეგულაცია მედიასაშუალებებს ზღუდავს თავად განსაზღვრონ ისეთი შიდა ორგანიზაციული საკითხი, როგორიცაა ამა თუ იმ ჟურნალისტზე კონკრეტული სახის დავალებების გაცემა.
11. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში გაიცემა ორი სახის აკრედიტაცია – საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია და სპეციალური აკრედიტაცია, რაც, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის სასახლეში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების საფუძველია. აღსანიშნავია, რომ განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი რეგულაციის შინაარსი ამოიწურება მარტოოდენ იმ ჟურნალისტზე საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის გაცემის შეზღუდვით, რომლის საქმიანობა არ უკავშირდება საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გაშუქებას. ამ მხრივ, არც სადავო ნორმა და არც გასაჩივრებული წესის რომელიმე სხვა დებულება არ გამორიცხავს ჟურნალისტის მიერ, სპეციალური აკრედიტაციის მეშვეობით, საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებას. იმ პირობებში, როდესაც სადავო წესის ფარგლებში, კვლავაც არსებობს, სხვა ფორმით, საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გაშუქების შესაძლებლობა, მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია ის გარემოება a priori რატომ არის აუცილებელი საპარლამენტო აკრედიტაციის ფლობა საქართველოს პარლამენტში საქმიანობის განსახორციელებლად. იმავდროულად, რამდენადაც სადავო ნორმა არის საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის გაცემის წესისა და პირობების ნაწილი, რომლითაც განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტში, როგორც უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში, ჟურნალისტთა დაშვების საკითხები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ ხედავს აღნიშნული რეგულაციის პირდაპირ შემხებლობას მედიასაშუალებების ინსტიტუციურ-ორგანიზაციული მოწყობის ფორმასთან, მათ შორის, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ისეთი საკითხების მოწესრიგებასთან, როგორებიცაა მედიასაშუალების მიერ ჟურნალისტისათვის დავალების თავისუფლად გაცემა ან ჟურნალისტის მიერ საქმიანობის პროფილის შეცვლა. საპირისპიროდ, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის არგუმენტი, რომელიც ამგვარი კავშირის არსებობას წარმოაჩენდა.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1841 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
13. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარე ითხოვს, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, თუ საპარლამენტო ჟურნალისტმა დაარღვია გასაჩივრებული წესის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილი წესები, მას, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება შეუჩერდეს აკრედიტაცია 1 თვის, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში – 6 თვის ვადით. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა არ ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ, აკრედიტებული ჟურნალისტისათვის აკრედიტაციის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საქმის სათანადოდ გამოკვლევის ვალდებულებას.
14. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმით განსაზღვრულია ჟურნალისტისათვის აკრედიტაციის შეჩერების საფუძველი და ხანგრძლივობა. ხსენებულის მიღმა, სადავო ნორმას არ გააჩნია რესურსი, მოაწესრიგოს იმგვარი პროცედურული საკითხები, როგორებიცაა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და ადმინისტრაციული წარმოების ნიუანსები, მათ შორის, აკრედიტებული ჟურნალისტისათვის აკრედიტაციის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჟურნალისტების პოზიციების გათვალისწინების, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის დაბალანსების მხედველობაში მიღების საკითხები და სხვ.. კონსტიტუციური სარჩელის ავტორებს კი, ამის საპირისპიროდ, არ წარმოუდგენიათ რაიმე სახის არგუმენტაცია, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმის მოსარჩელეთა მითითებული ნორმატიული შინაარსით წაკითხვის შესაძლებლობას დაანახებდა.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1841 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
16. კონსტიტუციურ სარჩელში, სადავოდაა გამხდარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-12 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
17. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტის მიერ ამ წესის მე-14 ან მე-15 მუხლით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიზღუდოს მასზე აკრედიტაციის გაცემა 1 თვის, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში – 6 თვის ვადით. მოსარჩელეების განმარტებით, აღნიშნული წესი არ ითვალისწინებს ჟურნალისტისათვის აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას.
18. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-12 მუხლთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით წინააღმდეგობის წარმოსაჩენად, საერთოდ არ წარმოადგენს რაიმე სახის არგუმენტაციას/დასაბუთებას. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციური სარჩელი, მოთხოვნის ამ ნაწილში, დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
19. რაც შეეხება სადავო ნორმის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მსჯელობა ამოიწურება მარტოოდენ იმაზე მითითებით, რომ სადავო ნორმა ზღუდავს პირის უფლებას, გაასაჩივროს ჟურნალისტისათვის აკრედიტაციის გაცემის შეზღუდვის ან აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოში. როგორც აღინიშნა, გასაჩივრებული ნორმა არეგულირებს აკრედიტებული ჟურნალისტისათვის გასაჩივრებული წესით დადგენილი ვალდებულებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომებს. ამ მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ბუნდოვანია, რა სახით აწესრიგებს სადავო ნორმა სასამართლოსადმი მიმართვის საკითხებს და, მით უფრო, რა ფორმით ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებას. იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ თავად ნორმის ტექსტიდან ამგვარი წესები და, მით უმეტეს, შეზღუდვა არ გამომდინარეობს, და მოსარჩელეებს, ამის საპირისპიროდ, არ წარმოუდგენიათ რაიმე სახის არგუმენტაცია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა, ამ ნაწილშიც, დაუსაბუთებელია.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1841 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-12 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
21. მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
22. სადავო ნორმის თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ფარგლებში აწარმოოს ვიდეო- და ფოტოგადაღება. ამავდროულად, სადავო ნორმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხდომის ვიდეო- და ფოტოგადაღების უფლებას იძლევა მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, მის მიერ მედიასაშუალებათა წარმომადგენლებისათვის გამოყოფილი ადგილიდან. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, ვიდეო და ფოტოს გადაღება არ უნდა იზღუდებოდეს გარკვეული ადგილმდებარეობით, ხოლო ჩანაწერი „გამოყოფილი ადგილიდან“ არის მეტისმეტად ბუნდოვანი, რაც ჟურნალისტთა პარლამენტში საქმიანობის თვითნებური შეზღუდვის წინაპირობას ქმნის.
23. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტი კი თითოეულ ადამიანს ანიჭებს ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, რომ გამოხატვის თავისუფლება ადამიანის არსებობის თანმდევი, განუყოფელი ელემენტია და წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების საყრდენს, თითოეული ინდივიდისა და სრულიად საზოგადოების პროგრესული განვითარების საფუძველს, რომლის სულისკვეთება ისეთი იდეებისა თუ შეხედულებების გავრცელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომელიც, არსებითად, დაკავშირებულია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეხედულებათა მრავალფეროვნებასთან, აზრთა ჭიდილთან და საჯარო და ინფორმირებული დებატების წახალისებასთან (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).
24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ინფორმაციის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სასიცოცხლო დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის პროცესის უზრუნველყოფა. აზრის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია, რომ მოპოვებულ იქნეს ინფორმაცია, ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება კი უზრუნველყოფს, რომ აზრი მივიდეს ავტორიდან ადრესატამდე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
25. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით და მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლებები, მიუხედავად მათი განსაკუთრებული კონსტიტუციური მნიშვნელობისა, არ არის აბსოლუტური ხასიათის. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს აღნიშნული კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ამდენად, გარკვეულ შემთხვევებში, აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უფლებების შეზღუდვა შესაძლოა, სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლების პირობებში, იყოს აუცილებელი და რაციონალური. შესაბამისად, აღნიშნული კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა, თავისთავად, არაკონსტიტუციური არ არის. იმ პირობებში, როდესაც სადავო ნორმას გააჩნია ცხადი ლეგიტიმური მიზნები, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გარანტირებული უფლების ფარგლებში, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მოსარჩელე მხარეს, უფლების შეზღუდვის მტკიცებასთან ერთად, გარკვეული დოზით, მოეთხოვება თავად მოპყრობის არაგონივრულობის, არაკონსტიტუციურობის წარმოჩენა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის №1/9/1800 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვასილ ჟიჟიაშვილი და მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ“, II-7).
26. როგორც აღინიშნა, სადავო წესის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი პარლამენტის სხდომების გადაღებას უკავშირებს პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვას და გადაღების პროცესში ჟურნალისტისთვის ადგენს გარკვეულ ვალდებულებებს. ამავდროულად, სადავო ნორმით დადგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხდომის ვიდეო- და ფოტოგადაღების შესაძლებლობა წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, ხსენებული რეგულაცია მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის სასახლეში სიმშვიდისა და წესრიგის დაცვას და საქართველოს პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფას, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. კერძოდ, საქართველოს პარლამენტში სხდომათა მიმდინარეობის პერიოდში, ჟურნალისტების მიერ ნებისმიერი ადგილიდან ვიდეო და ფოტოგადაღება, რაც, თავისთავად, ასევე მოიცავს შესაბამისი ტექნიკის განთავსებას, ადგილმდებარეობის შეცვლას და სხვა პრაქტიკულ დეტალებს, შესაძლოა, იყოს საფრთხის შემცველი სხდომის შეუფერხებლად მიმდინარეობისათვის.
27. მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან პარლამენტის სხდომების გადაღების შემოღების წესის ლეგიტიმური მიზანი, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, მოიყვანოს არგუმენტაცია, რატომ მიიჩნევს, რომ სადავო წესი მიზნის მიღწევის არაპროპორციულ საშუალებას და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურ რეგულირებას წარმოადგენს. აღნიშნულის საპირისპიროდ, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითებს სადავო ნორმის აზრისა და მისი გამოხატვის, ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების კონსტიტუციურ უფლებასთან შეუსაბამობაზე. ამგვარი ზოგადი არგუმენტაცია კი ვერ გამოდგება კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1841 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
29. კონსტიტუციურ სარჩელში, მათ შორის, სადავოდაა გამხდარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
30. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, „დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო“. მითითებულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის არგუმენტაცია, რომელიც სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის ხსენებულ დებულებას შორის მიმართებას წარმოაჩენდა. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
31. მოსარჩელე მხარე, როგორც აღინიშნა, ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ საპარლამენტო ჟურნალისტის ან სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტისათვის აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც აკრედიტებული ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისას არ შეწყვეტს ინტერვიუს. მათთვის პრობლემურია, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხდომის ვიდეო- და ფოტოგადაღების შესაძლებლობა სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, მის მიერ მედიასაშუალებათა წარმომადგენლებისათვის გამოყოფილი ადგილიდან, ისევე, როგორც ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს პარლამენტში გასამართი ღონისძიების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, აკრედიტებულ ჟურნალისტთა პარლამენტის სასახლეში დაშვების, გადაადგილების ან მათი ტექნიკის გარკვეულ ადგილებში განლაგების აკრძალვის შესაძლებლობა.
32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). აუცილებელია, რომ, საქართველოს კონსტიტუციის განმარტების პროცესში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თითოეული კონსტიტუციური უფლების შინაარსის განსაზღვრა მათი მიზანმიმართულებისა და ღირებულებების გათვალისწინებით უზრუნველყოს. ამავდროულად, „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა, კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა, კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
33. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „ადგენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების კონსტიტუციურსამართლებრივ გარანტიას. ... მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებაში მოიაზრება მათი ინსტიტუციური და ორგანიზაციული დამოუკიდებლობა, სახელმწიფოსაგან მათი თავისუფლება იმ მნიშვნელოვანი როლის განხორციელებისას, რომელიც მედიას ეკისრება ყოველ დემოკრატიულ სახელმწიფოში. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება იცავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ძირითად უფლებასა და შესაძლებლობას, იფუნქციონირონ მთავრობის კონტროლის, შეზღუდვებისა და ცენზურის გარეშე, დროულად მოიძიონ და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია და იდეები საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე სახელმწიფო ორგანოებისა თუ თანამდებობის პირების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული ნორმა ადგენს წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რათა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა კონსტიტუციური საჯარო წესრიგით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეასრულონ თავიანთი ფუნქცია საჯარო კომუნიკაციის პროცესში – განახორციელონ „საზოგადოებრივი დარაჯის როლი“, ხელი შეუწყონ განსხვავებული იდეების ცირკულაციას, საზოგადოებრივი პრობლემების სააშკარაოზე გამოტანას და მათზე საჯარო დისკუსიებს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლება, უწინარესად, გულისხმობს სწორედ მათ ინსტიტუციურ-ორგანიზაციულ თავისუფლებას, მათ შესაძლებლობას, გარე ჩარევისაგან დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები ყველა შესაბამის საკითხზე, რაც კი მათ საქმიანობას შეეხება, დაწყებული მასმედიის საშუალების დაფუძნებიდან და მისი შიდა ორგანიზაციული საკითხებიდან, თვითრეგულაციის ჩათვლით, დამთავრებული ინფორმაციის მოპოვებითა და გავრცელებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/7/1483 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს საინფორმაციო ქსელების ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).
34. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საკუთრივ შინაარსის გამო, კონკრეტული ხასიათის ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასება სცდება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების მიზანმიმართულებას და აღნიშნული დებულებით დაცული უფლებრივი სფეროს ფარგლებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც საკითხი შეეხება კონკრეტული შინაარსის ინფორმაციის და არა ინფორმაციის გავრცელების საშუალების შეზღუდვას, სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიების კონსტიტუციურობა არ არის შეფასებადი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. იმავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის სისტემაში, გამოხატვის/ინფორმაციის თავისუფლება, შესაბამისი აზრებისა და ინფორმაციის შინაარსის, ისევე, როგორც მათი გავრცელების საშუალებისა თუ სხვა ფაქტორების მიუხედავად, დაცულია აღნიშნული მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით. შესაბამისი შეზღუდვების გამართლებულობა კი შეფასებადია საქართველოს მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, რომელიც, ერთი მხრივ, ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრავს აღნიშნული უფლებისა თუ მისი ცალკეული უფლებრივი კომპონენტების შეზღუდვის საფუძვლებსა და წესს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/7/1483 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს საინფორმაციო ქსელების ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
35. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი სადავო ნორმები ადგენს საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტის მიერ ინტერვიუს შეწყვეტის ვალდებულებას საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან საქართველოს პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხოლო აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზომებს, საპარლამენტო/სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერებას/აკრედიტაციის გაცემის შეზღუდვას 1 თვის, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში – 6 თვის ვადით. სადავო ნორმები, აგრეთვე განსაზღვრავს, ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს პარლამენტში გასამართი ღონისძიების სპეციფიკურობიდან ან უსაფრთხოების რეჟიმიდან გამომდინარე აპარატის უფროსის მიერ აკრედიტებულ ჟურნალისტთა პარლამენტის სასახლეში დაშვების, გადაადგილების ან მათი ტექნიკის გარკვეულ ადგილებში განლაგების შეზღუდვას, ისევე, როგორც აწესრიგებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სხდომის ვიდეო- და ფოტოგადაღების შესაძლებლობას სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, მის მიერ მედიასაშუალებათა წარმომადგენლებისათვის გამოყოფილი ადგილიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის სასახლეში ჟურნალისტური საქმიანობა შეიძლება განახორციელოს მხოლოდ ამ წესის საფუძველზე აკრედიტებულმა ჟურნალისტმა. ამდენად, აკრედიტაცია წარმოადგენს საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების საქმიანობის წინაპირობას, რომლის გარეშეც ჟურნალისტები მოკლებული იქნებიან შესაძლებლობას, გააშუქონ საქართველოს პარლამენტის საქმიანობა საქართველოს პარლამენტის შენობიდან, საქართველოს პარლამენტის წევრისგან, აპარატის თანამშრომლისგან ან პარლამენტში სტუმრად მყოფი სხვა პირისაგან მიიღონ და გაავრცელონ შესაბამისი ინფორმაცია, საზოგადოების ოპერატიულად ინფორმირების მიზნით. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული ნორმები არ გულისხმობს უშუალოდ ინფორმაციის გავრცელების საშუალებებისათვის, საქართველოს პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისათვის იმგვარი ვალდებულების დაკისრებას, რომელიც გამოიწვევდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინსტიტუციურ-ორგანიზაციულ თავისუფლებაში ჩარევას და წარმოშობდა სადავო ღონისძიებების კონსტიტუციურობის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან შეფასების საჭიროებას. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ, ამ თვალსაზრისით, არ არსებობს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებას შორის.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1841 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
37. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1841 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1841 კონსტიტუციური სარჩელი („ნათია ამირანაშვილი, რუსუდან დუმბაძე, თათია წოწონავა, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ და სხვები (სულ, 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1841 კონსტიტუციური სარჩელი („ნათია ამირანაშვილი, რუსუდან დუმბაძე, თათია წოწონავა, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ და სხვები (სულ, 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
(ა) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით;
(ბ) „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-5 პუნქტთან მიმართებით;
(გ) „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
(დ) „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-12 მუხლთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან, მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
(ე) „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. №1786 და №1841 კონსტიტუციური სარჩელები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე