მიხეილ ქარელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/1/1683 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 5 მარტი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 14 მარტი 2025 11:12 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: მიხეილ ქარელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 310-ე მუხლის, 3321 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1683) მომართა მიხეილ ქარელმა. №1683 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 18 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 5 მარტს.
2. №1683 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლი განსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრების წესს. აღნიშნული მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით მოწესრიგებულია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლები. სადავო ნორმის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: (ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; (ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; (გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული; (დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; (ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; (ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება; (ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო; (ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო; (ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო; (თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3321 მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის დამატებითი საფუძვლები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ პირთა მიმართ, რომლებიც „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად არიან მიჩნეული, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოს 2018 წლის 1 ივლისამდე წარედგინება.
6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სასამართლოსადმი მიმართვისა და სასამართლოში საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება.
7. №1683 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე, გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განაჩენით, დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რიგი დანაშაულების ჩადენაში, მათ შორის, ქრთამის აღების მცდელობაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლასა და უკანონო მონაწილეობაში. მოსარჩელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, გამოყენებულ იქნა გირაო, რომელიც, პირობების დარღვევის გამო, შეიცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. თავის მხრივ, გირაოს სახით მოსარჩელის მიერ შეტანილი ფულადი თანხა – 10 000 ლარის ოდენობით, გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული ქონება კი – ქალაქ გორში მდებარე ეკატერინე ქარელის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, გორის რაიონის სოფელ ტყვიავში მდებარე გაიოზ ქარელისა და ზინა გოდერძიშვილის საცხოვრებელი სახლი და გაიოზ ქარელის კუთვნილი შპს „კომპლექტ გორის ბაზის“ ქონება სახელმწიფოს გადაეცა.
8. მოგვიანებით, „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით, მოსარჩელე მიხეილ ქარელი საქართველოს პარლამენტის მიერ აღიარებულ იქნა პოლიტიკურ დევნილად. საბოლოოდ კი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 23 მარტის განაჩენით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით, მოსარჩელე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში.
9. 2021 წლის 23 აპრილს, მოსარჩელე მხარემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 23 მარტის განაჩენში ცვლილებების შეტანის, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ ცნობისა და თანმდევი სამართლებრივი შედეგების გაუქმების – სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნების მოთხოვნით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, მოსარჩელის განცხადება დარჩა განუხილველი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე და 3321 მუხლებზე მითითებით, განმარტა, რომ ორივე ხსენებული მუხლი ამომწურავად და მკაფიოდ განსაზღვრავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლოს აქტების გადასინჯვის როგორც საფუძვლებს, ასევე გადასასინჯი სასამართლო აქტების სახეს. კერძოდ, აღნიშნული მუხლები, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითვალისწინებს მხოლოდ სასამართლოს განაჩენის და არა სხვა საპროცესო დოკუმენტის (მათ შორის, ბრძანების, განჩინების) გადასინჯვის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით, აღკვეთის ღონისძიების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანების გადასინჯვა სცდებოდა საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო უფლებამოსილი არის, ახლად გამოვლენილი გარემოების გამო, იმსჯელოს მხოლოდ განაჩენის კანონიერებასთან დაკავშირებით, თუმცა მოკლებულია კომპეტენციას, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, გადასინჯოს და ხელახლა შეაფასოს ისეთი შუალედური აქტის კანონიერება და დასაბუთებულობა, როგორიცაა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების/შეცვლის შესახებ განჩინება. მოსარჩელის მოსაზრებით, საერთო სასამართლოების იურისდიქციის ამგვარად შეზღუდვა არაეფექტიანს ხდის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. მოსარჩელე ხაზგასმით მიუთითებს, რომ მის მოთხოვნას არ წარმოადგენს, გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, გირაოს ავტომატური დაბრუნება, არამედ სათანადო პროცედურული გარანტიების არსებობა, რითაც მიეცემა გირაოს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის კანონიერების საკითხის გადასინჯვის საშუალება.
11. მოსარჩელის არგუმენტაციით, ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, პირს გააჩნია არა მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის, არამედ იმ ნებისმიერი საპროცესო აქტის, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების, გადასინჯვის კანონიერი ინტერესი, რომელიც ზღუდავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, საკუთრების უფლებას. ამდენად, მოსარჩელის მოსაზრებით, ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით მიმდინარე სამართალწარმოების შედეგად გამართლებულ პირს უნდა გააჩნდეს არა მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის, არამედ მის წინააღმდეგ მიმდინარე მთლიანი სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესის შედეგად დამდგარი უარყოფითი შედეგების გამოსწორების, აღმოფხვრის – მათ შორის, საკუთრების დაბრუნების შესაძლებლობა.
12. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოქმედ საკანონმდებლო სივრცეში, საპროცესო შუალედური აქტის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საშუალება ერთადერთი მექანიზმია, ამავე აქტის საფუძველზე დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი, რომელიც შეეხება უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, რომელიც აწესრიგებს პასუხისმგებლობას სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის, არ ითვალისწინებს აღკვეთის ღონისძიების სახით ჩამორთმეული გირაოს ანაზღაურების შესაძლებლობას. მოსარჩელის განმარტებით, ამ მხრივ, გამოირიცხება, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე–229-ე მუხლებით დადგენილი რეაბილიტაციისა და ზიანის ანაზღაურების მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობაც. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული კანონიერი ბრძანება, მოსარჩელეს არ აქვს შესაძლებლობა, სამოქალაქო/ადმინისტრაციული წესით, აინაზღაუროს გირაოს სახით ჩამორთმეული ქონება.
13. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა, წარმოადგენდეს სისხლის სამართლის საქმეზე დროული და ეფექტიანი გამოძიების განხორციელება, განაჩენის აღსრულება, ისევე, როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების მიმართ უტყუარობისა და სანდოობის უზრუნველყოფა. მიუხედავად ამისა, მისივე პოზიციით, როდესაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით მიმდინარე სამართალწარმოების შედეგად, პირის გამამტყუნებელი განაჩენი იცვლება გამამართლებელი განაჩენით, კანონიერი საფუძველი ეცლება აღკვეთის ღონისძიების, მათ შორის, გირაოს შეფარდების ფაქტობრივ საფუძველს – კერძოდ კი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დანაშაულის ჩადენის ფაქტის არსებობას. ამრიგად, დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა უნდა იწვევდეს ყველა იმ საპროცესო ღონისძიების გადასინჯვას, რომელიც მიღებულ იქნა პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ვარაუდის არსებობის გამო. სწორედ ამიტომ, საერთო სასამართლოებს უნდა გააჩნდეს შუალედური აქტის გადასინჯვის კომპეტენცია, ხოლო გამართლებულ პირს – მტკიცებულების წარდგენისა და ახსნა-განმარტების გაკეთების საშუალება შუალედური აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების პირობის დარღვევასთან დაკავშირებით.
14. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სახელმწიფო არ არის უფლებამოსილი, პირს მოსთხოვოს იმგვარი სასამართლო აქტის პატივისცემა, რომელიც მიღებულია უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგად ან მის ფარგლებში. პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძვლები შესაძლოა, იყოს მოსამართლის ან პროკურორის მიერ არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია ან თანამდებობის პირების უკანონო ქმედებები. იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს შეცდომის ან განზრახი დანაშაულის ფაქტის გამო დგება პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, სახელმწიფოს ინტერესი, აღკვეთის ღონისძიების შესახებ განჩინების ძალაში დატოვების გზით, შეინარჩუნოს უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგად მიღებული ქონებრივი სარგებელი, არის არალეგიტიმური და ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მოთხოვნებს. ამავე დროს, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის უმნიშვნელოვანეს ასპექტს სახელმწიფოს მხრიდან კანონის დარღვევით გამოწვეული ზიანის გამოსწორების/პირის უფლებაში აღდგენის შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაც არათუ გადაწონის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, გაგრძელების ან შეცვლის განჩინების საბოლოობის ინტერესს, არამედ ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას, სახელმწიფოს მხრიდან უკანონო ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების, უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის უფლების თაობაზე.
15. ამრიგად, მოსარჩელის მოსაზრებით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის განჩინების გადასინჯვის უფლებაზე დაწესებული შეზღუდვა უვარგისი საშუალებაა ისეთი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა დანაშაულის ჩადენაში დასაბუთებული ვარაუდის, განაჩენის აღსრულებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიმართ სანდოობის უზრუნველყოფა.
16. ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულების განადგურებისა და ბრალდებულის მიმალვის თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო შეზღუდვას გააჩნია ბლანკეტური ხასიათი და აღკვეთის ღონისძიების შესახებ მიღებული შუალედური აქტის გადასინჯვის შესაძლებლობას გამორიცხავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების/შეცვლის ნებისმიერ საფუძველთან მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, იმ შემთხვევაში, როდესაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ხდება ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების გამო, რაც, თავის მხრივ, იწვევს პირის მსჯავრდებას აღნიშნული ქმედებების ჩადენისათვის, აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება შეიძლება გამართლებული იყოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირი უდანაშაულოდ იქნება ცნობილი იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლის გამოც თავდაპირველად გახდა საჭირო აღკვეთის ღონისძიების გამოყენება. მეორე მხრივ, ბრალდებულის მიმალვა, ცალკეულ შემთხვევებში, იმაზე უარესად არ აზიანებს საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარების ინტერესს, ვიდრე მაშინ, როდესაც არ ტოვებს ქვეყანას, თუმცა იყენებს დუმილის კონსტიტუციურ უფლებას, არ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან, არ მონაწილეობს სასამართლო განხილვაში. მსგავს შემთხვევაში, გამოძიება/სამართალწარმოება სისხლის სამართლის საქმეზე სრული მოცულობით გრძელდება და პოტენციური ზიანის ერთადერთი მატარებელი თავად ბრალდებულია, რომელიც მოკლებული ხდება შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში. ამგვარ პირობებში, როდესაც დგინდება წარდგენილ ყველა ბრალდებაში პირის უდანაშაულობა, რომლის თავდაპირველი ბრალდების მიზეზი სახელმწიფო მოხელის უკანონო ქმედება შეიძლება იყოს, დაუშვებელია გამართლებული, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების/შეცვლის თაობაზე განჩინების გადასინჯვის აკრძალვის გზით, გაკიცხული იყოს მის მიმართ მიმდინარე უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნისაგან გაქცევის გამო.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამართლებულ პირს არ აძლევს შესაძლებლობას, ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე მოითხოვოს განაჩენისგან განსხვავებული საპროცესო დოკუმენტების გადასინჯვა, მაშინ, როდესაც აღნიშნული საპროცესო დოკუმენტით იზღუდება გამართლებული პირის უფლებები, ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების ტესტის მოთხოვნებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
18. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები − შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1683 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-7 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით მიმდინარე სამართალწარმოების შედეგად გამართლებულ პირს უნდა გააჩნდეს არა მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის, არამედ მის წინააღმდეგ მიმდინარე მთლიანი უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგად დამდგარი უარყოფითი შედეგების გამოსწორების, აღმოფხვრის – მათ შორის, საკუთრების დაბრუნების შესაძლებლობა. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს სწორედ ის გარემოება, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ უშვებს, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს დარღვევის გამო, აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და გირაოს თანხის/გირაოს უზრუნველსაყოფად გამოყენებული ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით გადასინჯვის შესაძლებლობას.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლი განსაზღვრავს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრების წესს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრება დასაშვებია, ერთჯერადად, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. ამასთანავე, განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-7 ნაწილი ადგენს, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების გასაჩივრების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. მაშასადამე, ნათელია, რომ სადავო ნორმის შინაარსი ამოიწურება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი პროცედურული ასპექტის მოწესრიგებით და არ არეგულირებს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს დარღვევის გამო, აღკვეთის ღონისძიების შეცვლისა და გირაოს თანხის/გირაოს უზრუნველსაყოფად გამოყენებული ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით გადასინჯვის საკითხს.
5. ამავე დროს, №1683 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინებიდან ნათლად იკვეთება, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და მოსარჩელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის ბრძანების, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, გადასინჯვაზე უარი, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააფუძნა არა სადავო ნორმას, არამედ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე და 3321 მუხლებს (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის განჩინება, საქმეზე №3761-2, პარ. 10-11). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა სადავო ნორმიდან არ გამომდინარეობს.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-7 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1683 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1683 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1683 კონსტიტუციური სარჩელი („მიხეილ ქარელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლისა და 3322 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1683 კონსტიტუციური სარჩელი („მიხეილ ქარელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლის მე-7 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე