იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/9/1333 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 27 დეკემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 იანვარი 2025 18:47 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქრთველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 32-ე და 42-ე მუხლებთან და 46-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1333) მომართა საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილმა. №1333 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2018 წლის 16 ივლისს. №1333 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 27 დეკემბერს.
2. №1333 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი; ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
3. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის მიმართ.
4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი ადგენდა კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს, 30-ე მუხლის პირველი პუნქტი შრომის თავისუფლების უფლებას განამტკიცებდა. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის თანახმად, „სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით“. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი განსაზღვრავდა ადამიანის საპროცესო უფლებებს, ხოლო კონსტიტუციის 46-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენდა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს კონსტიტუციურ უფლებათა შეზღუდვის საფუძველს.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი. შრომის თავისუფლების უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით“. საპროცესო უფლებებს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, ხოლო საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს კონსტიტუციურ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლებს ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტი.
6. №1333 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აკრძალვა არ ემსახურება სისხლის სამართლის კანონისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მიზნებს ან, ზოგადად, კონკრეტული სიკეთის დაცვასა თუ მართლწესრიგის განმტკიცებას. სადავო ნორმები არის დისკრიმინაციული და იწვევს მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას. მოსარჩელე ვერ სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით იმ პირობებში, როცა მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა იმ სადავო ნორმის საფუძველზე, რომელიც არც სისხლის სამართლის კანონს წარმოადგენს და არც სისხლის სამართლის კოდექსითაა გათვალისწინებული. სადავო ნორმა პირის მიმართ იმაზე უფრო მკაცრ სასჯელს განსაზღვრავს, ვიდრე ეს სისხლის სამართლის კანონითაა განსაზღვრული.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, 30-ე მუხლის პირველ პუნქტს, 32-ე მუხლს, 42-ე მუხლს და 46-ე მუხლის პირველი პუნქტის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მოთხოვნებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 32-ე მუხლთან, 42-ე მუხლთან და 46-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების დასაშვებობის საკითხს შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი აქვს.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი ადგენდა კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს, 30-ე მუხლის პირველი პუნქტი შრომის თავისუფლების უფლებას განამტკიცებდა. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის თანახმად, „სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით“. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი განსაზღვრავდა ადამიანის საპროცესო უფლებებს, ხოლო კონსტიტუციის 46-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენდა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს კონსტიტუციურ უფლებათა შეზღუდვის საფუძველს.
3. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მსგავსად, კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი. შრომის თავისუფლება უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობასა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით“. საპროცესო უფლებებს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, ხოლო საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს კონსტიტუციურ უფლებათა შეზღუდვის საფუძვლებს ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტი.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1333 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო დებულებების მიმართებას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლთან, 31-ე მუხლთან და 71-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
5. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
6. მოსარჩელე სადავოდ ხდის, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე და 31-ე მუხლებთან მიმართებით. სადავო ნორმა ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის მიმართ.
7. №1333 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აკრძალვა არ ემსახურება სისხლის სამართლის კანონისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მიზნებისა თუ მართლწესრიგის განმტკიცებას. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პირს გაცილებით მკაცრი სასჯელი ენიშნება, ვიდრე ეს სისხლის სამართლის კანონით არის გათვალისწინებული.
8. აღსანიშნავია, რომ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლთან მიმართებით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), შეფასებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის №2/1/702 გადაწყვეტილებში, საქმეზე „კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
9. საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 14 ივნისის №2/1/702 გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა სასჯელის მომწესრიგებელი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების სპეციფიკურობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლში მოცემული სასჯელის კონსტიტუციურობის სტანდარტების განსაზღვრისა და შეფარდებისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სახელმწიფოს ლეგიტიმურ უფლებამოსილებას, სათანადო სასჯელი დააწესოს საზოგადოებრივად საშიში ქმედებებისათვის და განსაზღვრავს ამ ურთიერთობის შესატყვის მოთხოვნებს სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებით. იმ პირობებში, როდესაც კონსტიტუციის ამ კონკრეტული დებულებით არის განსაზღვრული სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებული მოთხოვნები, არასწორი იქნებოდა სასჯელის ზომის პროპორციულობის შეფასება კონსტიტუციის სხვა დებულებებთან მიმართებით. თითოეული კონსტიტუციური დებულებით დაცული სფეროს სათანადოდ განმარტებისა და განსახილველი სამართალურთიერთობის შესატყვისი კონსტიტუციური სტანდარტებით შეფასებისათვის აუცილებელია, სასჯელების პროპორციულობა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით“.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმ შემთხვევაში, როდესაც სასჯელი იწვევს ცალკეული კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, მისი სიმკაცრე (პროპორციულობა) უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით დადგენილ სტანდარტებთან მიმართებით და მხედველობაში იქნეს მიღებული სასჯელის კონსტიტუციურობის შეფასების ის განსხვავებული სტანდარტები, რომელსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იყენებს სასჯელების კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას. სხვა შემთხვევაში, უფლების შეზღუდვა შეფასდება შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით, რომლებიც ადგენს ძირითადი უფლების ფარგლებს და ქმნის მისი შეზღუდვის კონსტიტუციურობის შეფასების მასშტაბს“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
11. №1333 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება მხოლოდ სასჯელის პროპორციულობის საკითხს, რაც, როგორც აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეფასებას ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით დადგენილ სტანდარტებთან მიმართებით. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი რაიმე დამატებითი არგუმენტი, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა სადავო ნორმებით გათვალისწინებული სადამსჯელო ღონისძიებების კავშირს კონსტიტუციური დებულებებით აღიარებულ ისეთ სტანდარტებთან, რომლებიც არ უკავშირდება სასჯელის პროპორციულობას. შესაბამისად, არგუმენტაციის არარსებობის გამო, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული სადავო ნორმების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე და 31-ე მუხლებთან მიმართებით.
12. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე და 31-ე მუხლებთან მიმართებით, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
13. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია რომ, სადავო ნორმის საფუძველზე ხდება დისკრიმინაციური დევნა.
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციით განმტკიცებული სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება კრძალავს არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას და – პირიქით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლება „არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან სადავო ნორმის მიმართების წარმოსაჩენად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, ადგილი აქვს არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირებას ან პირიქით, დიფერენცირება ხდება არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობით.
15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მოყვანილი შესაბამისი არგუმენტაცია, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს სადავო რეგულაციის კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან შინაარსობრივი მიმართების არსებობაში. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე საერთოდ არ გამოყოფს შესადარებელ პირთა ჯგუფს და არც, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, მათ შორის დიფერენცირებას ასაბუთებს. მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია შემოიფარგლება იმაზე მითითებით, რომ სადავო ნორმის საფუძველზე დისკრიმინაციური დევნა ხდება. მხოლოდ აღნიშნული მითითება ვერ გამოდგება თანასწორობის უფლების შეზღუდვის დასასაბუთებლად თვითკმარ არგუმენტად.
16. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო ვრცელდება პირთა შორის განხორციელებული დიფერენცირებისა და, შესაბამისად, დისკრიმინაციის შემთხვევებზე და არა აკრძალულ ქმედებათა კატეგორიებს შორის იდენტური სამართლებრივი წესების დადგენაზე (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/3/1295 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საბა ქუთელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).
17. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული უფლების ჩამორთმევა ხორციელდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული კონკრეტული ნარკოტიკული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმები ნეიტრალური შინაარსის არის და თანაბრად ვრცელდება ყველა პირზე, არ გამოყოფს რომელიმე პირს ან პირთა ჯგუფს. კერძოდ, ნებისმიერი პირი, რომელიც დამნაშავედ იქნება ცნობილი ზემოაღნიშნული ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის, შესაძლებელია, დაექვემდებაროს სადავო რეგულაციით დადგენილი უფლების ჩამორთმევას. სადავო ნორმა რომელიმე პირთა ჯგუფს არ უდგენს უკეთეს უფლებრივ მდგომარეობას და, საერთოდ, არ აქვს შემხებლობა პირთა შორის განსხვავებული მოპყრობის დადგენასთან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის №1/13/733 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმას პირთა მიმართ ნეიტრალური ხასიათი გააჩნია და, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არსებობს არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
18. №1333 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ მითითებულია ფიზიკური პირი, რომელიც სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან და 71-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
19. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნიათ, როდესაც ითხოვენ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მოსარჩელე მხარე ითხოვდეს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ დებულებებთან მიმართებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის №2/7/1465 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის №3/7/831 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის განჩინება №1/4/644 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება №1/2/541 საქმეზე „მაია ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
20. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი და 71-ე მუხლის მე-4 პუნქტი არ არის მოქცეული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში. ამგვარად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი რომ მოითხოვოს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნულ დებულებებთან მიმართებით. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან და 71-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, №1333 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, №1333 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1333 კონსტიტუციური სარჩელი („იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში