გიგა ჭელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/10/1474 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 27 დეკემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 იანვარი 2025 19:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: გიგა ჭელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე - გიგა ჭელიძე და მოსარჩელის წარმომადგენელი - ბესარიონ ბოჭორიშვილი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა და ლევან ღავთაძე; მოწმეები - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე კახაბერ სოფრომიძე; სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსი თინათინ ქვაცბაია; თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვეფხვია გრიგალაშვილი; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის ლიცენზიებისა და ნებართვების სამმართველოს უფროსი ვასილ მოდრეკელიძე; საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღების ტექნიკისა და საბრძოლო მასალების დაგეგმვის სამმართველოს საბრძოლო მასალების დაგეგმვის განყოფილების უფროსი ბესიკ ლაზარიაშვილი; შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის სამმართველოს ბალისტიკური მონაცემების აღრიცხვისა და ექსპერტიზის სამსახურის უფროსი კახაბერ როდონაია; შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს უფროსი ირაკლი ვერულაშვილი; ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს კრიმინალისტიკური ექსპერტიზის სამმართველოს ბალისტიკური მონაცემების აღრიცხვისა და ექსპერტიზის სამსახურის ბალისტიკური ექსპერტიზის განყოფილების უფროსი გიორგი ძინძიბაძე; სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი ალექსანდრე ანჯაფარიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1474) მომართა გიგა ჭელიძემ. №1474 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2019 წლის 30 დეკემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2024 წლის 18 აპრილს და 27 ივნისს.
2. №1474 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა) მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა წარმოადგენს დანაშაულს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ექვს წლამდე. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საბრძოლო მასალის შეძენის უფლება აქვთ კანონით განსაზღვრულ პირებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
5. №1474 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე გიგა ჭელიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განაჩენით, დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. კერძოდ, მოსარჩელის საცხოვრებელი ბინიდან, მის საკუთრებაში კანონიერად რეგისტრირებულ სანადირო კარაბინთან ერთად, რომელიც ისროდა 7,62 მმ კალიბრის ვაზნებს, ამოღებულ იქნა 23 ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა, რომლის შეძენისა და შენახვის უფლება, სასამართლოს პოზიციით, მოსარჩელეს არ გააჩნდა. შედეგად, მოსარჩელეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლისა და ექვსი თვის ვადით.
6. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დააყრდნო „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის არასწორ განმარტებას, რაც გამოიწვია თავად ამ ნორმის დისპოზიციის ბუნდოვანებამ. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღმოჩენილი სამხედრო დანიშნულების ვაზნები არ იყო დამზადებული და განკუთვნილი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სანადირო იარაღიდან გასროლისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ იარაღიდან, კალიბრის მსგავსების გამო, შესაძლებელი იყო მათი გასროლა.
7. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების ბუნდოვანებას იწვევს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გამოყენებული ტერმინი „განკუთვნილია“. კერძოდ, სასამართლო აღნიშნული ტერმინის არსებობის პირობებში, საბრძოლო მასალის შეძენის მხოლოდ ისეთ შემთხვევებს მიიჩნევს კანონიერად, როდესაც პირი იძენს საბრძოლო მასალას, რომელიც დამზადებულია კონკრეტულად მის კანონიერ მფლობელობაში არსებული იარაღის მოდელისათვის.
8. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ფორმულირებიდან გამომდინარე, საბრძოლო მასალის კანონიერ შეძენად შესაძლოა და უნდა ჩაითვალოს ნებისმიერი ისეთი ვაზნის შეძენა, რომელიც თავსებადი და ვარგისია პირის კანონიერ მფლობელობაში არსებული იარაღიდან გასროლისათვის. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ვაზნა არ მზადდება რომელიმე იარაღიდან გასროლისათვის, პირიქით, იარაღი მზადდება ამა თუ იმ კალიბრის ნიმუშის ვაზნის გასასროლად. შესაბამისად, ვაზნა ვერ იქნება კონკრეტული იარაღისთვის განკუთვნილი, როგორც ამას განმარტავს სასამართლო.
9. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ის ფაქტი, რომ მოსარჩელე და სასამართლო სხვადასხვაგვარად განმარტავენ სადავო ნორმას, მეტყველებს სწორედ ამ ნორმის ბუნდოვანებაზე. ნორმა და მასში გამოყენებული ტერმინები არაა მკაფიოდ ფორმულირებული, რის გამოც მოსარჩელემ ვერ შეძლო ამ ნორმაში სასამართლოს მიერ მის საქმეზე ამოკითხული შინაარსის წინასწარ განჭვრეტა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს ისეთი საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას, რომელიც, მართალია, არ არის შექმნილი მხოლოდ და მხოლოდ პირის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღის მოდელისთვის, მაგრამ მისი კალიბრის ზომიდან გამომდინარე, თავსებადია პირის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
12. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ იგივე მოდიფიკაციისა და მახასიათებლების ვაზნები, რის საფუძველზეც გიგა ჭელიძის მსჯავრდება მოხდა, არის თავისუფალ ბრუნვაში და მისი შეძენა იარაღის მაღაზიაშია შესაძლებელი. წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული ვაზნა თავადაც შეიძინა კერძო მაღაზიიდან, ხოლო თავდაცვის სამინისტროს არ გააჩნია რაიმე კატალოგი და არც ვაზნას არ მოჰყვება ინსტრუქცია, რომ აღნიშნული ვაზნა განკუთვნილია ამა და იმ იარაღიდან გასროლისთვის. კანონმდებლობაში პირდაპირი აკრძალვა გვხვდება მხოლოდ 4 ტიპის ვაზნასთან დაკავშირებით, ესენია: ტრასირებადი, ცეცხლგამჩენი, ჯავშანგამტარი, აფეთქებადი. მოსარჩელის მითითებით, კანონმდებლობა არ განასხვავებს ვაზნებს მისი საბრძოლო თუ სანადირო დანიშნულების მიხედვით და, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ დაეყრდნო მოსარჩელის მსჯავრდება იმ გარემოებას, რომ ვაზნების ექსპერტიზამ მიიჩნია საბრძოლო-სამხედრო ტიპის ვაზნებად.
13. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, საერთო სასამართლოებს აქვთ ჩამოყალიბებული თანმიმდევრული პრაქტიკა სადავო ნორმასთან დაკავშირებით და არ არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო ან არაერთგვაროვანი განმარტებები. აღნიშნულ შემთხვევაში, ასევე არ მომხდარა საერთო სასამართლოების დადგენილი პრაქტიკის შეცვლა ანდა ახლად იდენტიფიცირებული ნორმის შინაარსის გავრცელება მის განმარტებამდე ჩადენილ ქმედებებზე. აგრეთვე, სადავო ნორმის განმარტება არ მომხდარა ზედმეტად ფართოდ და მოცემულ შემთხვევაში არსებობდა დასჯადი ქმედების წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობა. მოპასუხე მხარე მიუთითებს, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 11 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომელიც კრძალავს, სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღისთვის საბრძოლო მასალის, ჭურვის და მოწყობილობის გამოყენებას, რომელთა მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს არ შეესაბამება ან/და, რომლებიც სამოქალაქო ბრუნვიდან არის ამოღებული. მოსარჩელის შემთხვევაში, ვაზნები იყო სამხედრო დანიშნულების, რაც დადასტურებულია ექპერტიზის დასკვნით და სასამართლოს გადაწყვეტილებებით. შესაბამისად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების ვაზნა იმთავითვე არ არის დაშვებული სამოქალაქო ბრუნვაში და აკრძალულია მისი თავისუფალი მიმოცვლა.
14. თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვეფხია გრიგალაშვილის განმარტების თანახმად, კანონმდებლობით აკრძალულია სამოქალაქო იარაღისა და სამხედრო სამსახურებრივი საშტატო იარაღისათვის გამოყენებულ იქნეს საბრძოლო მასალა, რომელსაც ჯავშანგამტარი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი, ტრასირებული მოქმედების ძალა აქვს, ასევე, საბრძოლო მასალა, რომელიც განკუთვნილია ისეთი იარაღისათვის, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული არ არის და საბრძოლო მასალა, რომელიც სამოქალაქო ბრუნვიდან გახლავთ ამოღებული. ის, თუ რა წარმოადგენს საბრძოლო მასალას და სამხედრო პროდუქციას, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის №394 დადგენილება „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხების დამტკიცების შესახებ“, რომლითაც განისაზღვრება სამხედრო პროდუქციის ნუსხა. მოწმის მითითებით, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ იარაღის მაღაზიაში შეძენილი ვაზნა წარმოადგენს სამოქალაქო ვაზნას, რომელიც არ განეკუთვნება სამხედრო პროდუქციის კატეგორიას.
15. სამხედრო ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის ლიცენზიებისა და ნებართვების სამმართველოს უფროსი ვასილ მოდრეკელიძის განმარტებით, კონკრეტულ პროდუქციაზე ნებართვების გაცემის შემთხვევაში, ხდება პროდუქციის დოკუმენტალურად კვლევა და შემოწმება, აღნიშნულის შემდეგ კი გაიცემა ნებართვა. ლიცენზიებისა და ნებართვების სამმართველო პროდუქტს ფიზიკურად არ ნახულობს, მოწმდება თუ მწარმოებლის მიერ აღნიშნულ პროდუქციას რა სტატუსი და კატეგორია აქვს მინიჭებული, შესაბამისად, დგინდება პროდუქცია სამოქალაქო თუ სამხედრო პროდუქციას წარმოადგენს.
16. საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღების ტექნიკისა და საბრძოლო მასალების დაგეგმვის სამმართველოს საბრძოლო მასალების დაგეგმვის განყოფილების უფროსიბესიკ ლაზარიაშვილის განმარტების მიხედვით, ფოლადის გულარიანი ტყვია ხასიათდება შედარებით მეტი გამტანობით და მეტ სიშორეზე ფრენით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნადირობის დროს უბედური შემთხვევა, ნადირისთვის აცილების ან თუნდაც ნადირის გახვრეტის შემდეგ ამგვარ ტყვიას აქვს მეტი უნარი გააგრძელოს მოძრაობა. სამხედრო დანიშნულება განისაზღვრება ვაზნის დანიშნულებით და ტექნიკური მახასიათებლებით. 1943 წლის ნიმუშის ვაზნები შეიქმნა, როგორც ვაზნების ჯგუფი, რომელშიც შედიოდა ჯავშანგამტარი, ტრასირებადი, ფოლადის გულარიანი ვაზნა, აღნიშნული ვაზნები სპეციალურად შეიქმნა სამხედრო დანიშნულების იარაღში გამოსაყენებლად და საქართველოს მთავრობის №394 დადგენილებიდან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ მას აქვს სამხედრო დანიშნულება.
17. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსის თინათინ ქვაცბაიას განმარტების მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, გარდა ტრანზიტისა და დოკუმენტების ექსპორტისა, პირი წარმოადგენს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას და განცხადებას, რომ შეიძინა სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იარაღი. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იარაღის განმარტებას კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომელიც ადგენს, რომ კონკრეტული იარაღი გამოიყენება თავდაცვის თუ სანადირო მიზნისთვის. ვაზნების შემოტანის შემთხვევაში, პირი მიუთითებს, რომ შემოაქვს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული ვაზნა და შემოტანის რაოდენობა.
18. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს იურიდიული სამმართველოს დირექტორის მოადგილის, კახაბერ სოფრომაძის განმარტების თანახმად, იარაღის ბრუნვა და ტყვია-წამლის ბრუნვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კომპეტენცია, ამ შემთხვევაში, განისაზღვრება იმ ფარგლებში, რაც გათვალისწინებული არის იარაღის შესახებ კანონით და მთავრობის №162 დადგენილების საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ლიცენზიის ნებართვების გაცემისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის წესს. კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების სააგენტოს აქვს ვალდებულება, გასცეს ნებართვა გარკვეული პროცედურების დაცვით, იარაღთან და ტყვია–წამალთან დაკავშირებით. ქვეყნის შიგნით ტყვია-წამლის ბრუნვას შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებენ შესაბამისი მაღაზიები, ამ შემთხვევაში, იარაღისა და ტყვია-წამლის შეძენა ლიმიტირებული არ არის, თუმცა მისი გადატანა არის ლიმიტირებული და 300 ცალზე ზევით ტყვიის გადატანის შემთხვევაში, შესაბამის ნებართვას გასცემს მომსახურების სააგენტო. სამხედრო დანიშნულების იარაღის თავისუფალი ფლობა აკრძალულია, ხოლო სანადირო იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნების გადატანა არის ლიმიტირებული 300 ცალამდე. ქვეყანაში ტყვია-წამლის შემოტანის შემთხვევაში, მომსახურების სააგენტო გასცემს ნებართვას იმ იარაღისთვის განკუთვნილი ტყვია-წამლისთვის, რომელიც პიროვნებას აქვს რეგისტრირებული, ამ შემთხვევაში, არა უმეტეს 1000 ცალის შემოტანის უფლება აქვს პირს. აღნიშნული ნებართვა გაიცემა ვაზნების შეძენამდე, ხოლო ვაზნების შესაბამისობა მოწმდება საბაჟო კონტროლის დროს.
19. სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა, ალექსანდრე ანჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ჩაატარა ექსპერტიზა მოსარჩელის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ ვაზნებთან დაკავშირებით და ვიზუალური გამოკვლევის შედეგად დაასკვნა, რომ ორი ვაზნა განეკუთვნებოდა სამხედრო დანიშნულების ვაზნას, ხოლო ორი ვაზნა საბრძოლო დანიშნულების ვაზნას, რომლებსაც არ გააჩნდათ ჭურვის წვერზე ე.წ. „ჩახვრეტა“, თუმცა ვაზნების კორპუსზე მოქმედებდა მაგნიტური ველი (იკრავს მაგნიტი).
20. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის მთავარი სამმართველოს უფროსის, ირაკლი ვერულაშვილის განმარტების მიხედვით, რათა განვსაზღვროთ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტი რა ტიპის ვაზნას მიეკუთვნება, საწყის ეტაპზე, ტარდება ვაზნის ვიზუალური აღწერილობა, შემდგომი ეტაპი, მათ შორის, არის მაგნიტის მიზიდულობის საკითხი, თუმცა ჩვენ გვხვდება პრაქტიკაში ისეთი სახის სანადირო დანიშნულების ვაზნები, რომელთაც აქვს მიზიდულობა მაგნიტთან, თუმცა მისი შიგთავსი, გარსის შიგნით არსებული შემადგენლობა არ შეიცავს ფოლადს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ეგრეთ წოდებული დაფარვის გარსი, ზოგიერთ ვაზნას აქვს ისეთი შემადგენლობით, რომელშიც სპილენძთან ერთად შედის მეტალი და რომელიც არის დადებითად მორეაგირე მაგნიტთან, აქედან გამომდინარე, რათა კვლევა იყოს სრულყოფილი, სავალდებულო წესით ხდება ვაზნების სრული დემონტაჟი, რომელიც უფრო ზუსტი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, ვაზნა არის სამხედრო თუ სანადირო დანიშნულების. ექსპერტის მითითებით, „განკუთვნილია“ და „თავსებადია“ არის აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული ტერმინები და ისინი შინაარსობრივადაც განსხვავდება ერთმანეთისგან. „განკუთვნილია“ ნიშნავს, როდესაც კონკრეტული ვაზნის სახეობა, მაგალითად, სანადირო დანიშნულების ვაზნა, განკუთვნილია სანადირო დანიშნულების იარაღიდან სასროლად, სამხედრო სპეციალური დანიშნულების ვაზნები განკუთვნილია შესაბამისი სამხედრო დანიშნულების იარაღიდან სასროლად. ერთი მიზნისთვის დამზადებული, მეორე სახეობის ვაზნა, რომელიც თავსებადია იარაღში, ტექნიკურად მისი გასროლა შესაძლებელია აღნიშნული იარაღიდან. მაგალითად, როდესაც პიროვნება მართლზომიერად ფლობს სანადირო დანიშნულების ცეცხლსასროლ იარაღს, მაგრამ მან მოახდინა აღნიშნული იარაღიდან სამხედრო, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების ტიპის ვაზნის გამოყენება-გასროლა. შესაბამისად, აღნიშნული ტექნიკურად შესაძლებელია, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება კანონს. ექსპერტის მითითებით, სამხედრო დანიშნულების ვაზნა, რომელსაც არ აქვს ფოლადის გულარი, პრაქტიკაში არ შეგხვედრია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც, მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, რომლის თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნას წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განსაზღვრულობა. პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმათა განსაზღვრულობის მოთხოვნის მთავარი დანიშნულებაა, კანონის ადრესატმა შეძლოს მისი შინაარსის სწორი აღქმა, აკრძალვის იდენტიფიცირება და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა. ამ მიზნის მისაღწევად კი „აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36). „პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების შემუშავებისას კანონმდებელს მოეთხოვება საკუთარი ნების, მიზნების იმგვარად ჩამოყალიბება, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მისი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შედეგად განსხვავებული სამართლებრივი შედეგების დადგომის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
4. მოსარჩელის განმარტებით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი იმგვარადაა ფორმულირებული, რომ იწვევს ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებების გაკეთების შესაძლებლობას. ამასთან, მოსარჩელე არ იზიარებს სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც მასში საერთო სასამართლომ ამოიკითხა და აცხადებს, რომ მისთვის წინასწარ შეუძლებელი იყო, სადავო ნორმაში მსგავსი შინაარსის ამოკითხვა და, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანაშაულად მიჩნეული ქმედების ჩადენისაგან თავის არიდება.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა შესაძლებელია, იძლეოდეს სასამართლოს მიერ მისი განმარტების, ინტერპრეტაციის საშუალებას და კანონის მიერ გაკეთებული დათქმის კონკრეტულ სიტუაციასთან შესაბამისობის დადგენის შესაძლებლობას. ასეთ პირობებში პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების სამართლებრივი შედეგების განჭვრეტის თვალსაზრისით, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთო სასამართლოების პრაქტიკას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36).
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ნებისმიერი ნორმატიულად დადგენილი ქცევის წესი სიცოცხლისუნარიანი ხდება სასამართლოს პრაქტიკაში და მისი საშუალებით. სასამართლო ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ორგანოთა არქიტექტურაში არის ის სახელისუფლებო შტო, რომელიც საბოლოო სიტყვას ამბობს კანონმდებლობის განმარტებისა და გამოყენების თაობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „„ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-49). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს პირის შესაძლებლობას, იცოდეს კანონმდებლობის შინაარსი, როგორ ხდება მისი პრაქტიკაში გამოყენება და რას მოითხოვს თითოეული ნორმატიული რეგულაცია მისი ადრესატებისაგან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „„ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-49).
7. ამდენად, „საერთო სასამართლოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია პასუხისმგებლობის დამდგენი ზოგადი ნორმების შინაარსის აღქმის გამარტივებისა და ბუნდოვანების აღმოფხვრის პროცესში. სასამართლოს ამ უმნიშვნელოვანესი ფუნქციის გამოვლინებაა ის ფაქტიც, რომ ამა თუ იმ ნორმის შინაარსთან დაკავშირებით, სასამართლოს ერთგვაროვანი, დროის მნიშვნელოვან პერიოდში ჩამოყალიბებული პრაქტიკის არსებობა, ამ ნორმიდან მომდინარე პასუხისმგებლობის განჭვრეტადობის საუკეთესო ინდიკატორია. იმ პირობებში, როდესაც ქმედების ჩადენამდე პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ამა თუ იმ შინაარსით გამოყენების ერთგვაროვანი პრაქტიკა არსებობს, პირი ვერ მიუთითებს, მათ შორის, ზოგადი ტერმინებით ფორმულირებულ ნორმასთან მიმართებითაც კი პასუხისმგებლობის დაკისრების განუჭვრეტელ ხასიათზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17).
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილებაში საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, დაადგინა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან შესაბამისობის შეფასების მასშტაბი და განმარტა, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ პრინციპთან შესაბამისობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება: ა. როდესაც სადავო ნორმის/მის რომელიმე ნორმატიულ შინაარსთან დაკავშირებით არსებობს საერთო სასამართლოების ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები; ბ. როდესაც ხდება საერთო სასამართლოების დადგენილი პრაქტიკის შეცვლა და სადავო ნორმის ახლად იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსის გავრცელება მის განმარტებამდე ჩადენილ ქმედებებზე; გ. როდესაც სადავოა მისი რომელიმე ნორმატიული შინაარსი, რომელიც საერთო სასამართლოს მიერ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ზედმეტად ფართო, წინასწარ განუჭვრეტადი განმარტების შედეგია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). ამდენად, იმისათვის, რათა სარჩელი დასაბუთებულად იქნეს მიჩნეული, მოსარჩელემ უნდა წარმოაჩინოს, რომ მის მიმართა მოხდა სადავო ნორმის იმ ფორმით გამოყენება, რომელიც ქმნის ზემოთ ხსენებულ რომელიმე პირობას.
9. მოსარჩელესთან დაკავშირებით მიღებულ განაჩენში საქმის განმხილველმა პირველი ინსტანციის სასამართლომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი მუხლების გაანალიზებისა და ექსპერტის დასკვნის საფუძველზე მიიჩნია, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, მოსარჩელის საკუთრებიდან ამოღებული სამხედრო დანიშნულების ვაზნები ვერ ჩაითვლებოდა მის საკუთრებაში არსებული სამოქალაქო ტიპის სანადირო იარაღიდან გასროლისთვის განკუთვნილ ვაზნებად, მიუხედავად ამ იარაღთან მათი თავსებადობისა. შესაბამისად, დაასკვნა, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამხედრო დანიშნულების ვაზნების უკანონო შეძენა-შენახვას. სასამართლომ განმარტა, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი სამოქალაქო ტიპის სანადირო იარაღის მფლობელ პირს არ აძლევდა სამხედრო დანიშნულების ვაზნების შეძენისა და შენახვის უფლებას, თუნდაც ამ იარაღიდან შესაძლებელი ყოფილიყო მათი გასროლა კალიბრის მსგავსებიდან გამომდინარე.
10. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2021 წლის 1 მარტს მიიღო №616აპ-20 განჩინება საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე. უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, მათ შორის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის განმარტებასთან დაკავშირებით. კერძოდ, უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბრძოლო მასალის შეძენის უფლება, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეს, გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც „ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის“. აღნიშნული არ გულისხმობს პირის უფლებას, საკუთრებაში (მფლობელობაში) ჰქონდეს სამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალა, რომელიც შეიძლება, ვარგისი იყოს გასროლისთვის მასზე რეგისტრირებული სამოქალაქო იარაღიდან, თუ ამ პირს არ გააჩნია სამხედრო-საბრძოლო იარაღის შეძენა/შენახვა/ტარების უფლება.
11. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება და არც საკონსტიტუციო სასამართლოსათვის არის ცნობილი, რომ საერთო სასამართლოები სადავო ნორმის ზემოთ ხსენებულ ნორმატიულ შინაარსს არაერთგვაროვნად იყენებენ. კონსტიტუციური სარჩელიდან არ იკვეთება, რომ რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე სამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალის ფლობა კანონიერად იქნა მიჩნეული, ვინაიდან შესაბამისი ვაზნების გასროლა სანადირო იარაღიდანაც არის შესაძლებელი. ასევე, არ გამოკვეთილა, რომ მოსარჩელის საქმეზე განხორციელდა სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შეცვლა და ნორმის ახლად იდენტიფიცირებული შინაარსი გავრცელდა ამგვარ განმარტებამდე ჩადენილ ქმედებაზე. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა არსებითად განსახილველად შეიძლება იქნეს მიღებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ალბათობა იმისა, რომ საერთო სასამართლოს მხრიდან სადავო ნორმების მოსარჩელის მიმართ გამოყენება წარმოადგენს მათი ზედმეტად ფართო, წინასწარ განუჭვრეტადი განმარტების შედეგს.
12. მოსარჩელის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მოსარჩელის სახლიდან ამოღებული 23 ცალი ვაზნა იყო ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის 7.62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნა, რომლებიც განკუთვნილი იყო 7.62 მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის და არა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სანადირო დანიშნულების იარაღისათვის, მიუხედავად იმისა, რომ კალიბრის შესაბამისობის გამო შესაძლებელი იყო ამ იარაღიდან ამოღებული ვაზნების გასროლა.
13. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო-საბრძოლო იარაღი არის იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავად, საბრძოლო და ოპერატიულ-სამძებრო მიზნების განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, სამხედრო-საბრძოლო იარაღი, ასევე, მოიცავს საბრძოლო მასალას (მათ შორის, ვაზნებს). სამხედრო-საბრძოლო იარაღის აღრიცხვის, გაცემის, გადაადგილების, გამოყენებისა და ამ იარაღთან მოპყრობის სხვა საკითხები მკაცრად რეგულირდება და ეს რეგულირება სრულიად განსხვავებულია სამოქალაქო დანიშნულების იარაღის, მათ შორის, სანადირო იარაღთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებისაგან. სამხედრო-საბრძოლო იარაღი, სამოქალაქო ტიპის იარაღისაგან განსხვავებით, საერთოდ არ არის ჩაშვებული სამოქალაქო ბრუნვაში და მათი კანონიერად ფლობის უფლება მხოლოდ კანონით სპეციალურად გათვალისწინებულ, ზემოაღნიშნულ სამხედრო და მათთან გათანაბრებულ მოსამსახურეებს გააჩნიათ. სწორედ განსხვავებული რეგულირების გამოძახილია, მათ შორის, ისიც, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი იცნობს სამოქალაქო იარაღის შეძენისა და შენახვის ნებართვას, თუმცა არაფერს ამბობს სამხედრო-საბრძოლო იარაღის შეძენის ნებართვის მოპოვებაზე.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის სისტემური ანალიზი გამორიცხავს ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის იმგვარ განმარტებას, რომელიც სამხედრო დანიშნულების ვაზნას (საბრძოლო მასალას) მიიჩნევდა სამოქალაქო დანიშნულების სანადირო იარაღიდან გასროლისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალად და, შესაბამისად, კანონიერად აქცევდა პირის მიერ სამხედრო დანიშნულების ვაზნის შეძენა-შენახვას მხოლოდ იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ამ პირს კანონიერ მფლობელობაში აქვს აღნიშნული კალიბრის ვაზნების გასროლისთვის გამოსადეგი სამოქალაქო ტიპის სანადირო იარაღი.
15. მაშასადამე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღმოჩნდება, რომ საერთო სასამართლოების პრაქტიკა მოსარჩელის მიერ დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩადენისას არ იყო მყარად ჩამოყალიბებული, სადავო ნორმის საერთო სასამართლოს მიერ იდენტიფიცირებული შინაარსით გამოყენება, რომელზეც აპელირებს მოსარჩელე მხარე, წარმოადგენს კანონის სისტემური განმარტების გონივრულ შედეგს. შესაბამისად, არ არსებობს გონივრული ალბათობა იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლო შესაძლოა, მივიდეს საერთო სასამართლოს მხრიდან, მოსარჩელის მიმართ, სადავო ნორმის ზედმეტად ფართო, წინასწარ განუჭვრეტადი შინაარსით გამოყენების ფაქტის დადგენამდე. ამდენად, სახეზე არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს №2/1/1289 გადაწყვეტილებით დადგენილი რომელიმე გარემოება, რომელიც სადავო ნორმების განჭვრეტადობის პრინციპთან შესაბამისობის კითხვის ნიშნებს გააჩენდა (იხ. სამოტივაციო ნაწილის მე-8 პარაგრაფი).
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ №1474 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტებისა და 47-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1474 კონსტიტუციური სარჩელი („გიგა ჭელიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინებას დაერთოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში