• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის №3/1-2/1865 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით
      • 24.06.2025
      • do3/1-2/1865
      • განსხვავებული აზრი
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 13 ივნისის №2-3/1/1865 განჩინებასთან დაკავშირებით
      • 13.06.2025
      • do2-3/1/1865
      • განსხვავებული აზრი
    • ა(ა)იპ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", ა(ა)იპ "სტუდია მონიტორი", შპს "საქართველოს ამბები", ნონა ქურდოვანიძე, გელა მთივლიშვილი და ნინო ზურიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 13.06.2025
      • N2-3/1/1865
      • განჩინება
    • ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“, „შპს საქართველოს ამბები“, ნონა ქურდოვანიძე, გელა მთივლიშვილი და ნინო ზურიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 20.05.2025
      • N1865
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის №3/1-2/1865 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“, „შპს საქართველოს ამბები“, ნონა ქურდოვანიძე, გელა მთივლიშვილი და ნინო ზურიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“, „შპს საქართველოს ამბები“, ნონა ქურდოვანიძე, გელა მთივლიშვილი და ნინო ზურიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N3/1-2/1865
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, , ,
თარიღი 24 ივნისი 2025
გამოქვეყნების თარიღი 4 ივლისი 2025 14:48

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“, „შპს საქართველოს ამბები“, ნონა ქურდოვანიძე, გელა მთივლიშვილი და ნინო ზურიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ა) საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის „გ.ა.ა“, „გ.ა.ბ“, „გ.ა.გ“ ქვეპუნქტებისა და „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტების, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ი“, „კ“, „ლ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-4 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3552 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 20 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1865) მომართეს ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორმა“, „შპს საქართველოს ამბებმა“, ნონა ქურდოვანიძემ, გელა მთივლიშვილმა და ნინო ზურიაშვილმა. №1865 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 26 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 13 ივნისს.

2. №1865 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს უცხოური პრინციპალის აგენტის ცნებას. კერძოდ, უცხოური პრინციპალის აგენტი არის (გარდა ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა): გ.ა) პირი, რომელიც მოქმედებს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტი, წარმომადგენელი, მის მიერ დასაქმებული პირი ან მის სამსახურში მყოფი პირი, ან სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით, ან იმ პირის აგენტი, წარმომადგენელი, მის მიერ დასაქმებული პირი ან მის სამსახურში მყოფი პირი, ან სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით და რომლის საქმიანობას მთლიანად ან უმეტესწილად, პირდაპირ ან არაპირდაპირ ზედამხედველობს, მართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან რომლის საქმიანობის სუბსიდირებას ახორციელებს უცხოური პრინციპალი, თუ აღნიშნული პირი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: გ.ა.ა) იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო, საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობს; გ.ა.ბ) იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო, საქართველოში მოქმედებს როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობების მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი; გ.ა.გ) იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო, საქართველოში მოიძიებს, აგროვებს, გამოყოფს ან გასცემს შემოწირულებას, სესხს, ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობას; გ.ბ) პირი, რომელიც თანხმდება, ნებას ავლენს ან უშვებს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ან სახელშეკრულებო ურთიერთობის გარეშე იმოქმედოს როგორც ამ მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა უცხოური პრინციპალის აგენტმა ან რომელიც თავს უცხოური პრინციპალის აგენტად, მოქმედად აჩვენებს ან წარმოაჩენს. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს გამონაკლისებს, თუ ვის არ მოიცავს ტერმინი „უცხოური პრინციპალის აგენტი“. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლის ცნებას. კერძოდ, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი არის პირი, რომელიც აგროვებს, ავრცელებს ან აქვეყნებს პოლიტიკური, სამრეწველო, შრომითი, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან სხვა სახის სარგებლის, ფაქტების ან პირობების შესახებ ანგარიშებს, აღწერილობებს, ინფორმაციას ან მონაცემებს ნებისმიერი ქვეყნის (გარდა საქართველოსი) თაობაზე, ან აგროვებს, ავრცელებს ან აქვეყნებს მათ რომელიმე უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ანდა პარტნიორთა ჯგუფის, ასოციაციის, კორპორაციის, ორგანიზაციის ან ფიზიკურ პირთა სხვა გაერთიანების ინტერესების შესაბამისად, რომლის საქმიანობაც მოწესრიგებულია უცხო ქვეყნის კანონით ან რომლის საქმიანობის ძირითადი ადგილი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზეა.

4. საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს რეგისტრაციის განცხადების წარდგენის წესს. კერძოდ, პირმა არ უნდა იმოქმედოს როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა, თუ მან ანტიკორუფციულ ბიუროს არ წარუდგინა ავთენტური, სრულად შევსებული რეგისტრაციის განცხადება და დამატებითი დოკუმენტები ან, თუ იგი ამ კანონით დადგენილი წესით, გათავისუფლებული არ არის რეგისტრაციის ვალდებულებისგან. გარდა შემდგომ გათვალისწინებული შემთხვევებისა, პირმა იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი გახდება, ანტიკორუფციულ ბიუროს, ფიცის ქვეშ, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს რეგისტრაციის განცხადების ასლი. უცხოური პრინციპალის აგენტზე ვალდებულება, შეავსოს რეგისტრაციის განცხადება, ვრცელდება იმ დღიდან 10 დღის გასვლის შემდეგაც, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი გახდება. უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსის შეწყვეტა პირს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, შეავსოს რეგისტრაციის განცხადება იმ პერიოდისთვის, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი იყო. ხსენებული ნორმა ასევე განსაზღვრავს იმ მონაცემებს/ინფორმაციას, რომელსაც უნდა შეიცავდეს რეგისტრაციის განცხადება.

5. საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უცხოური პრინციპალის აგენტი, რომელმაც შეავსო რეგისტრაციის განცხადება, ვალდებულია, ყოველი 6 თვის გასვლის შემდეგ, 30 დღის ვადაში, ფიცის ქვეშ, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ დადგენილი ფორმით წარუდგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს ის ინფორმაცია, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს, რომ ინფორმაცია იყოს ზუსტი, სრულყოფილი და უახლესი იმ პერიოდისთვის, რომელსაც ის აღწერს. ანტიკორუფციულ ბიუროს შეუძლია, რეგისტრაციის განცხადებისთვის დართულ დამატებით დოკუმენტებში მოითხოვოს, ყველა საკითხის ან კონკრეტული საკითხების თაობაზე ინფორმაციის უფრო ხშირად შეტანა, თუ იგი ამას ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კანონის მიზნების განსახორციელებლად საჭიროდ მიიჩნევს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების მიხედვით, რეგისტრაციის განცხადების ან დამატებითი დოკუმენტების შევსება და წარდგენა არ ნიშნავს იმას, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აუცილებლად და სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. ამასთანავე, ეს არ უნდა აღიქმებოდეს ისე, რომ ანტიკორუფციული ბიურო განმცხადებელს დამატებით დოკუმენტაციას არ მოსთხოვს.

6. საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უკანონოა საქართველოში მყოფი იმ პირის მიერ, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტია და ვალდებულია, დარეგისტრირდეს ამ კანონის შესაბამისად, უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, რაიმე საინფორმაციო მასალის საფოსტო გზავნილის სახით ან შიდა ან საერთაშორისო ვაჭრობის რომელიმე სხვა საშუალების გამოყენებით გავრცელება, თუ ამ საინფორმაციო მასალაში თვალსაჩინოდ მითითებული არ არის, რომ ეს საინფორმაციო მასალა უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ უცხოური პრინციპალის სახელით არის გავრცელებული და დამატებითი ინფორმაცია ანტიკორუფციულ ბიუროშია დაცული. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უფლებამოსილია ამ კანონის მიზნებისთვის განსაზღვროს ტერმინი „თვალსაჩინო“.

7. საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-7 მუხლი ადგენს უცხოური პრინციპალის მიერ დასაქმებული პირის პასუხისმგებლობას, კერძოდ: იმ უცხოური პრინციპალის აგენტის, რომელიც ფიზიკური პირი არ არის, თითოეული ხელმძღვანელი, მმართველი ან ხელმძღვანელის ან/და მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირი ვალდებულია, წარადგინოს უცხოური პრინციპალის აგენტის რეგისტრაციის განცხადება და დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით, ასევე, იგი ვალდებულია, შეასრულოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. თავის მხრივ, იმ ორგანიზაციის დაშლა, რომელიც მოქმედებს როგორც უცხოური პრინციპალის აგენტი, არ გამოიწვევს მისი ხელმძღვანელის, მმართველის ან ხელმძღვანელის ან/და მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირის იმ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, რომელიც გულისხმობს ამ კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის შევსებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს კანონის აღსრულების წესსა და სანქციებს. კერძოდ, პირი, რომელიც: ა) განზრახ დაარღვევს ამ კანონის რომელიმე ნორმას (მუხლს, პუნქტს ან ქვეპუნქტს); ბ) ნებისმიერ რეგისტრაციის განცხადებაში, დამატებით დოკუმენტში ან ნებისმიერ სხვა დოკუმენტში, რომელსაც ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგენს ან მიაწვდის ამ კანონის შესაბამისად, განზრახ შეიტანს არსებითი ფაქტის შესახებ მცდარ ინფორმაციას ან განზრახ გამოტოვებს ნებისმიერ ფაქტს, ან არ წარადგენს იმ დოკუმენტების ასლებს, რომლებიც მასში მითითებული უნდა იყოს, − ისჯება ჯარიმით, არა უმეტეს 10 000 ლარის ოდენობით ან/და თავისუფლების აღკვეთით, ვადით ხუთ წლამდე. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2, მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნორმის დარღვევისთვის ან ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტის დარღვევისთვის, პირი ისჯება ჯარიმით, არა უმეტეს 5 000 ლარის ოდენობით ან/და თავისუფლების აღკვეთით, ვადით არა უმეტეს ექვსი თვისა. ხოლო დასახელებული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს დაადგინოს, შეასწოროს, შეცვალოს და გააუქმოს ის წესები და რეგულაციები, რომლებსაც იგი ამ კანონის აღსასრულებლად საჭიროდ მიიჩნევს.

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3552 მუხლი ადგენს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევისათვის. კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-4 მუხლის მე-2, მე-4 ან მე-5 პუნქტით ან მე-8 მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით - არა უმეტეს 5 000 ლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ექვს თვემდე ჯარიმით, არა უმეტეს 5 000 ლარის ოდენობით ან უამისოდ. ხოლო დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ განსაზღვრული ვალდებულების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნისა) შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით, არა უმეტეს 10 000 ლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ხუთ წლამდე, ჯარიმით, არა უმეტეს 10 000 ლარის ოდენობით ან უამისოდ. მოცემული მუხლის შენიშვნის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.

9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.

10. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა.“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სადავო ნორმის ბუნდოვანების გამო, არსებობს საფრთხე, ხსენებული მუხლის სიტყვები: „სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით“ განიმარტოს იმგვარად, რომ ორგანიზაციის მხრიდან რაიმე გრანტის/დაფინანსების მიღება გახდეს ორგანიზაციის „უცხოური პრინციპალის აგენტად“ მიჩნევის საფუძველი. შედეგად, მოსარჩელეებს შესაძლოა, მოეთხოვოთ დამაკნინებელი სახელის, „უცხოური პრინციპალის აგენტის“ მიღება და ანტიკორუფციული ბიუროსათვის ამ სახელით რეგისტრაციისათვის მიმართვა. მოსარჩელე მხარის პოზიციით, დაფინანსების მიღება და გრანტის ხარჯვისათვის ფინანსური ანგარიშის დონორისათვის წარდგენა არ გულისხმობს გრანტის მიმღების, უცხოური დონორის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით მოქმედებას. გრანტის ფარგლებში, თითოეული აქტივობის განხორციელების პროცესში, ორგანიზაცია დამოუკიდებელი და თავისუფალია. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავოა ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის, ასევე, არარეგისტრირებული კავშირისათვის „უცხოური პრინციპალის აგენტის“ წოდება, როცა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უცხოური პრინციპალისაგან ორგანიზაციული და მმართველობითი დამოუკიდებლობა.

11. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პირველი მუხლის „გ.ა.“ ქვეპუნქტის სიტყვებზე: „იმ პირის აგენტი, წარმომადგენელი, მის მიერ დასაქმებული პირი ან მის სამსახურში მყოფი პირი ან სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით და რომლის საქმიანობას მთლიანად ან უმეტესწილად, პირდაპირ ან არაპირდაპირ ზედამხედველობს, მართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან რომლის საქმიანობის სუბსიდირებას ახორციელებს უცხოური პრინციპალი“. მოსარჩელეების პოზიციით, ნორმის ბუნდოვანება მდგომარეობს იმაში, რომ არ არის დაკონკრეტებული, თუ რა იგულისხმება უცხოური პრინციპალის მიერ შუალედური ორგანიზაციის მართვაში, ზედამხედველობაში, კონტროლში. მოსარჩელეების განმარტებით, სიტყვა „არაპირდაპირის“ რეგლამენტირებით, კანონი ითვალისწინებს მოსარჩელეებისათვის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებას, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მათ, საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზეც კი, არ გააჩნიათ ინფორმაცია მათთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი ფონდის, არაპირდაპირ, არაფორმალურად უცხოური პრინციპალის მხრიდან მართვის, კონტროლისა და ზედამხედველობის თაობაზე.

12. მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიუთითებს საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პირველი მუხლის „გ.ა.ა“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის შესაბამისად, პირის უცხოური პრინციპალის აგენტად მიჩნევის წინაპირობაა, უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. მოსარჩელეების პოზიციით, პოლიტიკური საქმიანობა ფართო კონცეფციაა. მაგალითად, დონორის მიერ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსება, რომელიც მუშაობს საქართველოში წამების წინააღმდეგ, შესაძლოა, გაუტოლდეს პოლიტიკურ საქმიანობას. მოსარჩელეების განმარტებით, სადავო ნორმა იმდენად ფართოა, რომ ერთმანეთისაგან ვერ მიჯნავს უცხო ქვეყნის ინტერესს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესს და იმ შემთხვევას, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესი ემთხვევა კონსტიტუციით აღიარებულ საქართველოს ინტერესს.

13. მოსარჩელე მხარე აპელირებს საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პირველი მუხლის „გ.ა.ბ“ ქვეპუნქტსა, ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, პირი უცხოური პრინციპალის აგენტად ითვლება, თუ იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო, საქართველოში მოქმედებს, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობების მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოსარჩელეები: ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“, „შპს საქართველოს ამბები“, ასევე გელა მთივლიშვილი და ნინო ზურიაშვილი შეიძლება მოექცნენ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლის ცნების ქვეშ. ამ ნორმით, ზემოაღნიშნულ სუბიექტებს, ბუნდოვანების გამო, უცხოური პრინციპალის აგენტი შეიძლება ეწოდოთ ისეთი ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების გამო, რომლის ფარგლებშიც, პოზიტიურად არის მოხსენიებული რომელიმე უცხო ქვეყანა ან საზღვარგარეთ საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია, პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან შრომით კონტექსტში.

14. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პირველი მუხლის „გ.ა.გ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ხსენებული ნორმის თანახმად, უცხოური პრინციპალის აგენტად ითვლება პირი, თუ იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო, საქართველოში მოიძიებს, აგროვებს, გამოყოფს ან გასცემს შემოწირულებას, სესხს, ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობას. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციას ავალდებულებს პირს, რომელიც შესაძლოა, ფულს აგროვებდეს სხვა ქვეყანაში ომისა და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, ზემოაღნიშნული სადავო ნორმა იმდენად ფართოა, რომ სჯის, მათ შორის, საერთაშორისო სოლიდარობას და ალტრუიზმს.

15. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც არეგულირებს, საქართველოში მყოფი იმ პირის მიერ, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტია, უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, რაიმე საინფორმაციო მასალის შიდა ან საერთაშორისო ვაჭრობის რომელიმე სხვა საშუალების გამოყენებით გავრცელებას. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ბუნდოვანია, რას ნიშნავს „შიდა ან საერთაშორისო ვაჭრობის რომელიმე სხვა საშუალება“. მოსარჩელეების მითითებით, საქართველოს კანონმდებლობა, მართალია, იცნობს ვაჭრობის ცნებას, თუმცა კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ვაჭრობის შიდა ან საერთაშორისო საშუალებების შინაარსს. მოსარჩელე მხარისათვის ბუნდოვანია, მაგალითად, არის თუ არა ვაჭრობის საშუალება ტელევიზია, რადიო, ბეჭდური საშუალებები, სოციალური ქსელები. შესაბამისად, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსით ან მომიჯნავე კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, რას გულისხმობს შიდა ან საერთაშორისო ვაჭრობის საშუალება, შეუძლებელია, არასამთავრობო ორგანიზაციამ ან მედიამ შეასრულოს ვალდებულება - თვალსაჩინო ადგილას მიუთითოს იმის თაობაზე, რომ ეს მასალა ვრცელდება უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ უცხოური პრინციპალის სახელით.

16. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, განმცხადებელს ეკისრება ვალდებულება, განცხადებაში მიუთითოს იმ უცხოური პრინციპალის და მისი ქართველი აგენტის შესახებ, რომლის ინტერესებით მოქმედადაც თავს აჩვენებს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, თავის მოჩვენება ხდება მაშინ, როცა უცხოურ პრინციპალთან ან მის აგენტთან მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციას სახელშეკრულებო ურთიერთობა არ გააჩნია. შესაბამისად, შეუძლებელია, განმცხადებელმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ, ამ პრინციპალთან კავშირის დამყარების გარეშე, რაიმე ინფორმაცია მოიძიოს. უცხოელმა პრინციპალმა და მისმა აგენტმა შესაძლოა, არც კი მოისურვოს მათ მოჩვენებით აგენტთან ურთიერთობის დამყარება ანტიკორუფციულ ბიუროში რეგისტრაციის შიშით. ამიტომ, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მოჩვენებითი აგენტობის ხსენებული მოთხოვნის შესრულება, ხშირად, შეუძლებელია. მოსარჩელეების პოზიციით, მსგავსი სამართლებრივი პრობლემა აქვს ზემოაღნიშნული მუხლის „ზ“ ქვეპუნქტს, რომლის მიხედვითაც, განმცხადებელმა ანტიკორუფციულ ბიუროს უნდა წარუდგინოს იმ უცხოური პრინციპალის შესახებ ინფორმაცია, რომლის სასარგებლოდ მოქმედადაც მან თავი მოაჩვენა. მოსარჩელეების არგუმენტაციით, ამ შემთხვევაშიც არ არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა განმცხადებელსა და უცხოური პრინციპალის ქართველ აგენტს შორის, შესაბამისად, განმცხადებელს ვერ ეცოდინება, რომელი უცხოური სახელმწიფო, პოლიტიკური პარტია ან კორპორაცია ფლობს, აკონტროლებს ან აფინანსებს მის ქართველ პარტნიორს. მოსარჩელე მხარე განმარტავს იმასაც, რომ ხსენებული ნორმა განმცხადებლისგან ითხოვს მისი პარტნიორის მაკონტროლებელ ყველა უცხოურ პრინციპალზე ინფორმაციას. თავის მხრივ, აღნიშნული მოთხოვნის შესრულება, შესაძლოა, შეუძლებელი გახდეს მაშინაც, როცა განმცხადებელსა და უცხოური პრინციპალის აგენტს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობს.

17. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ი“ ქვეპუნქტებზე და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმები განმცხადებელს ალტერნატიული ბუღალტერიის დამკვიდრებისკენ უბიძგებს. კერძოდ, ამ ნორმების მიხედვით, ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს სრული ინფორმაცია იმ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა გარემოების შესახებ, რომელსაც განმცხადებელი ახორციელებს ან რომლის განმახორციელებლადაც თავს აჩვენებს ან წარმოაჩენს. მოცემული ნორმები პირს აიძულებს, დამატებით, დააფიქსიროს და ანტიკორუფციული ბიუროსათვის აღირიცხოს ისეთი ტრანზაქციები, რომელთათვისაც წერილობითი ხელშეკრულება კანონით არ მოითხოვება.

18. მოსარჩელე მხარის პოზიციით, პირს კიდევ უფრო მძიმე ტვირთს აკისრებს საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, მოსარჩელეების პოზიციით, ხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით, ანტიკორუფციულ ბიუროს ეძლევა განუსაზღვრელი უფლებამოსილება, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო მიიჩნევს საჭიროდ. მოსარჩელეების მითითებით, ვინაიდან კანონმდებლობა არ იძლევა კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, არც ერთმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ წინასწარ არ იცის, რა დოკუმენტები უნდა შეინახოს ანტიკორუფციული ბიუროსათვის. იმავდროულად, მოსარჩელეები განმარტავენ, რომ სადავო ნორმის ბუნდოვანების გამო, ორგანიზაციაში მიმდინარე ყველა წვრილმან ოპერაციაზე საჭირო გახდება დოკუმენტის შედგენა და მისი განუსაზღვრელი ვადით შენახვა, რაც ორგანიზაციისათვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც შესაბამის სუბიექტს, ყოველ ექვს თვეში ერთხელ, აკისრებს ანტიკორუფციული ბიუროსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას. მოსარჩელეების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ექვსთვიანი ვადა ისედაც მცირე პერიოდია, ანტიკორუფციულ ბიუროს შეუძლია, აღნიშნული ექვსთვიანი ინტერვალის შემცირება და ინფორმაციის უფრო მეტი სიხშირით მოთხოვნა. სადავო კანონი არ ითვალისწინებს ნორმას, რომელიც შეზღუდავდა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ერთი და იმავე ორგანიზაციის შემოწმების ინტენსივობას. ამით ანტიკორუფციულ ბიუროს კანონი ანიჭებს განუსაზღვრელ და განუჭვრეტელ ძალაუფლებას.

19. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს სადავო კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, თუ წარდგენილი რეგისტრაციის განცხადება არ შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეუძლია, განმცხადებელს განუსაზღვროს 10 დღეზე ნაკლები ვადა. მოსარჩელეების განმარტებით, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, განმცხადებელს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. მოსარჩელეების პოზიციით, იმის გათვალისწინებით, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს წინასწარ გაუთვალისწინებელი დოკუმენტის მოთხოვნის უფლებამოსილება, რომელიც შეიძლება სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში ინახებოდეს და 10 დღეში მისი მოპოვება გახდეს შეუძლებელი, ამ ვადის გაგრძელების გარეშე ადამიანისათვის ან იურიდიული პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არის იმგვარი აუწეველი ადმინისტრაციული ტვირთი, რომელიც ეწინააღმდეგება განჭვრეტადობის პრინციპს.

20. მოსარჩელე მხარე, აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს დასახელებული კანონის მე-9 მუხლის განჭვრეტადობის პრობლემაზე. მოსარჩელეების პოზიციით, დასახელებული ნორმა განუზომლად ფართო დისკრეციას ანიჭებს ანტიკორუფციულ ბიუროს. კერძოდ, მოსარჩელეების განმარტებით, სადავო ნორმის სიტყვები - „რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს“- მიუთითებს იმაზე, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეუძლია, ნორმატიული აქტით ისე განმარტოს კანონის მოთხოვნები, რომ უცხოური პრინციპალის მიერ აგენტის კონტროლში მოიაზროს მხოლოდ მისი დაფინანსება.

21. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

22. მოსარჩელეების განმარტებით, ბუნდოვანია უცხოური პრინციპალის აგენტად მიჩნევის წინაპირობები. მათთვის უცნობია, იმ პირობებში, როცა უცხოური დონორისაგან მხოლოდ დაფინანსებას იღებენ, მაგრამ არ მოქმედებენ ამ დონორის მოთხოვნით, მითითებით, ინსტრუქციით ან კონტროლით, ინარჩუნებენ სრულ მმართველობით და ოპერაციულ დამოუკიდებლობას დონორისაგან, ევალებათ თუ არა აგენტად რეგისტრაცია. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო კანონი არ ითვალისწინებს იმგვარ მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც, ყოველი ორგანიზაციის საქმიანობის მონიტორინგის გზით, ანტიკორუფციული ბიურო, პირველ ეტაპზე, გამოავლენდა რეგისტრაციას დაქვემდებარებულ სუბიექტებს და მხოლოდ კონკრეტული ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის ინდივიდუალური გარემოებების შემოწმების შედეგად, მისცემდა მას დროს რეგისტრაციისათვის ან ამგვარი შემოწმების შემდეგ მიმართავდა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს და მისი მეშვეობით მოითხოვდა პირის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციას.

23. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ განმცხადებლისგან შეიძლება მოითხოვოს ისეთი დოკუმენტის წარდგენა, რომელიც მასთან არ ინახება, ინახება რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში ან საერთოდ არ არსებობს. ამავდროულად, ინფორმაციის წარსადგენად განმცხადებელს ეძლევა 10 დღეზე ნაკლები ვადა იმისათვის, რომ მოიძიოს, შექმნას ან საჯარო დაწესებულებიდან გამოითხოვოს ეს ინფორმაცია. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, არ არსებობს ვადის გაგრძელების შესაძლებლობა, როდესაც ამ ვადაში ობიექტური და საპატიო მიზეზების გამო, შეუძლებელია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის წარდგენა. ამგვარად, მოსარჩელეების პოზიციით, მათ ემუქრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თავისუფლების აღკვეთით, ვადით 5 წლამდე ან 6 თვით. ამდენად, მოსარჩელეთა პოზიციით, სახეზეა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების პირველი კრიტერიუმი – მყისიერი ზიანი.

24. მოსარჩელე მხარე მიუთითებს სადავო ნორმების საფუძველზე, როგორც მმართველობაზე/ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელ პირთა, აგრეთვე ორგანიზაციაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკებზე. კერძოდ, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის სახელი, ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული უნდა იყოს კორპორაციის მმართველების სახელი და გვარი, მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განმცხადებელმა უნდა მიუთითოს თანამშრომელთა სახელები და გვარები, ხოლო „დ“ ქვეპუნქტში მოცემულია ხელშეკრულებების დეტალების გასაჯაროების ვალდებულება. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ ხელშეკრულებაში აისახება აგენტად წოდებული დასაქმებულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, პირადი ნომერი, საბანკო ანგარიშის ნომერი. შედეგად, დასახელებული ნორმებით, მასტიგმატიზირებელი ტერმინით – „უცხოური პრინციპალის აგენტით“ ხდება არა მხოლოდ იურიდიული პირის სახელის იდენტიფიცირება, არამედ რეპუტაციაშემლახველ სახელს ასევე უკავშირდებიან ამ იურიდიული პირის მმართველები და რიგითი თანამშრომლები. იმავდროულად, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ზემოაღნიშნული მონაცემები გარეშე პირებს აძლევს იმის ზუსტი დადგენის შესაძლებლობას, თუ ვინ ატარებს დამაკნინებელ სახელს – „უცხოური პრინციპალის აგენტს“. აგრეთვე, სად მდებარეობს მისი საცხოვრებელი. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ამ მონაცემების ცოდნა გააადვილებს აგენტად სახელდებულ პირთან მიახლოებას და მასზე ანგარიშსწორებას. მაშასადამე, მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, კანონი ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციის რიგითი თანამშრომლის საცხოვრებელი მისამართის, პირადი ნომრის, საბანკო ანგარიშის ნომრის ანტიკორუფციული ბიუროსათვის გადაცემას და შემდგომში ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ამ მონაცემების გასაჯაროებას – საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირისათვის გადაცემით თუ ვებგვერდზე გამოქვეყნებით.

25. ამასთან, მოსარჩელეების განმარტებით, თუკი ორგანიზაცია ვალდებული იქნება ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინოს ნებისმიერი ხელშეკრულება, შესაძლოა, სადავო ნორმების საფუძველზე, ანტიკორუფციული ბიუროს ხელში აღმოჩნდეს დევნილ და ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ პირებთან დადებული ხელშეკრულებები. მოსარჩელეების პოზიციით, აღნიშნული განსაკუთრებული რისკის წინაშე აყენებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანის სიცოცხლეს. ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროსათვის ყველა ხელშეკრულების წარდგენა, მათ შორის, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებების გადაცემა, ლახავს კლიენტსა და ადვოკატს შორის კონფიდენციალურობის პრივილეგიას.

26. მოსარჩელე აგრეთვე მიუთითებს საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, არასამთავრობო ორგანიზაციამ თავის ანგარიშს, რომელიც მომზადებული და გამოცემულია უცხოური დონორის გრანტის ფარგლებში, თვალსაჩინო ადგილას უნდა მიუთითოს, რომ ეს საინფორმაციო მასალა უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ უცხოური პრინციპალის სახელით არის გავრცელებული. მოსარჩელეების განმარტებით, ეს იარლიყი აჩენს უნდობლობას და მტრულ გარემოს არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ.

27. მოსარჩელეების არგუმენტაციით, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი არასამთავრობო ორგანიზაციას უკრძალავს, მის მიერ მომზადებული ანგარიშის კომენტირებისათვის, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაგზავნას ან ანგარიშის მომზადებამდე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას. კერძოდ, მოსარჩელეების აღნიშვნით, იმისათვის, რომ შესაბამისმა სუბიექტმა სახელმწიფო დაწესებულებიდან ანგარიშისათვის რელევანტური ინფორმაციის გამოთხოვა შეძლოს, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განცხადებაში მან თავის თავს უნდა უწოდოს უცხოური პრინციპალის აგენტი. მოსარჩელეები, აგრეთვე მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, როდესაც პარლამენტის კომიტეტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე, აუარესებს მის მდგომარეობას, ორგანიზაციამ, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება მხოლოდ მაშინ უნდა გამოთქვას, როდესაც ის წარადგენს ანტიკორუფციული ბიუროდან რეგისტრაციის განცხადებას, რომლითაც დასტურდება, რომ ეს ორგანიზაცია უცხოური პრინციპალის აგენტია. მოსარჩელეები განმარტავენ იმასაც, რომ საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ანტიკორუფციულმა ბიურომ ნებისმიერ პირს უნდა გადასცეს რეგისტრირებული განაცხადის ასლი, სადაც იურიდიული პირი, მისი ხელმძღვანელები და თანამშრომლები ფიქსირდებიან შეურაცხმყოფელი იარლიყით – უცხოური პრინციპალის აგენტის სახელდებით. მოსარჩელეების პოზიციით, ამით, ფართო მასშტაბით ხდება ორგანიზაციების დისკრედიტაცია.

28. მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით, ანტიკორუფციული ბიურო აგენტის შესახებ ინფორმაციას აწვდის საგარეო საქმეთა სამინისტროს. საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ანტიკორუფციული ბიურო აგენტის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოს. მოსარჩელეები დამატებით განმარტავენ, რომ საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი უფრო ფართო, ინტერნეტ-აუდიტორიისათვის ითვალისწინებს უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული პირების და მასში დასაქმებული, აგენტთან ასოცირებული თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. მოსარჩელეთა პოზიციით, ხსენებული დებულება წარმოადგენს უცხოური პრინციპალის აგენტების ინტერნეტით ხელმისაწვდომი რეესტრის შექმნისთვის სამართლებრივ საფუძველს, რაც ემსახურება მასში რეგისტრირებული ორგანიზაციების სტიგმატიზაციას.

29. მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ ზიანზე, რომელიც სადავო რეგულირების საფუძველზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მიადგებათ. კერძოდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ხსენებული ნორმა ავალდებულებს განმცხადებელს, გაამჟღავნოს ხელშეკრულება, რომელიც შესაძლოა, ჟურნალისტურ წყაროსთან იყოს გაფორმებული. შესაბამისად, სადავო ნორმიდან გამომდინარე, არსებობს ჟურნალისტური წყაროს გამჟღავნების საფრთხე. მოსარჩელეების აღნიშვნით, როდესაც არსებობს წყაროს კონფიდენციალურობის დარღვევის საფრთხე, სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებული პირები ან ნებისმიერი სხვა პირი, არ ითანამშრომლებენ მედიასთან კორუფციის ან სხვა საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე ინფორმაციის გავრცელების მიზნით. მეტიც, ამგვარი წყაროს შესახებ მონაცემს ანტიკორუფციული ბიურო გადასცემს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე განცხადების წარმდგენ პირს და მის შესახებ ინტერნეტში არსებულ მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია პირთა ფართო წრისათვის უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, მოსარჩელეების მითითებით, მედიამ ანტიკორუფციულ ბიუროს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია, მისი დასაქმებულების მისამართების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია, თავის მხრივ, აისახება მონაცემთა ბაზაში და იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს ორგანიზებული დანაშაულის თემაზე, არ იქნება უსაფრთხოდ, თუკი მისი მისამართი ინტერნეტში ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

30. მოსარჩელეების განმარტებით, მედიის დისკრედიტაციას ამძიმებს ისიც, რომ ჟურნალისტებმა, მათი საგამოძიებო მასალის ინტერნეტში ატვირთვის და ტელევიზიაში განთავსების შემთხვევაში (თუ ინტერნეტი და ტელევიზია სავაჭრო საშუალებად ჩაითვლება), თვალსაჩინო ადგილას უნდა მიუთითონ იმაზე, რომ ინფორმაცია ვრცელდება უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ. უცხოური პრინციპალის სახელით. მოსარჩელეთა პოზიციით, ეს გარემოება უფრო მეტ უნდობლობას გააჩენს ჟურნალისტური გამოძიების მიმართ.

31. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები ჟურნალისტებს ასევე უზღუდავს სხვა ქვეყნების ან იქ მოქმედი კორპორაციების შესახებ პოზიტიური ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებას. თუკი ჟურნალისტი შესაბამის ქვეყანასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის გარეშე მოიპოვებს და გაავრცელებს ინფორმაციას ამ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ან ხსენებულ ქვეყანაში შრომითი უფლებების სათანადო დაცვის თაობაზე, ბუნდოვანი კანონმდებლობის პირობებში, მას შესაძლოა, მოსთხოვონ ამ სახელმწიფოს ან იქ დაფუძნებული კორპორაციის აგენტად – საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლად რეგისტრაცია. მოსარჩელეების არგუმენტაციით, სისხლისსამართლებრივი სასჯელი, უდავოდ, ახდენს ჟურნალისტზე მსუსხავ ეფექტს – უცხოური პრინციპალის აგენტად თავის მოჩვენებისაგან თავის არიდების მიზნით, არ გაავრცელოს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საერთაშორისო ახალი ამბები, მათ შორის, მაშინაც, როცა ეს ინფორმაცია გავლენას ახდენს საქართველოზე. დამატებით, მოსარჩელეების აღნიშვნით, საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოპოვების თავისუფლებაზე მსუსხავი ეფექტი გააჩნია სადავო კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის მიხედვითაც, სანამ ჟურნალისტი ეცდება, ინფორმაცია მოიპოვოს საჯარო დაწესებულებიდან, მან კონკრეტულ საჯარო მოხელეს თავი უნდა წარუდგინოს უცხოური პრინციპალის აგენტად. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ჟურნალისტი მოერიდება საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის მოპოვებას ან მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საჯარო დაწესებულებასთან გადამოწმებას, რათა თავიდან აიცილოს, საჯაროდ, მისი უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსზე ხაზგასმა.

32. მოსარჩელე მხარის განმარტებით, თუკი უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის გარეშე, უცხოური დონორის თანხებით საქმიანობა დანაშაულია და კანონის ძალაში შესვლიდან 10 დღის გასვლამდე მოსარჩელე ორგანიზაციები ან მათი თანამშრომლები არ რეგისტრირდებიან უცხოური პრინციპალის აგენტად, უცხოური პრინციპალის მიერ გაცემული გრანტი/დაფინანსება შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს დანაშაულის ჩადენის იარაღად. შესაბამისად, პროკურატურას, სასამართლოს განჩინებით, შეუძლია, მოითხოვოს ყადაღის გამოყენება იმ საბანკო ანგარიშებზე, რომლებზეც გრანტის/დაფინანსების თანხაა განთავსებული. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მსჯავრდების საფრთხის მიღმა, სახეზეა მოსარჩელეთა ანგარიშების დაყადაღების საფრთხეც. ამგვარად, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შიშმა ან სისხლისსამართლებრივი ღონისძიებების, მათ შორის, ყადაღის გამოყენების რეალურმა საფრთხემ შესაძლოა, აიძულოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, თუნდაც დროებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეწყვიტონ საქმიანობა. მოსარჩელეების პოზიციით, აღნიშნული გარემოება იწვევს გამოუსწორებელ ზიანს არა მარტო ამ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისათვის, არამედ მათი სერვისებით მოსარგებლე პირების/ბენეფიციარებისა და აუდიტორიისათვის.

33. მოსარჩელეთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკური გავლენის თავიდან აცილება, ზოგადად, შესაძლოა წარმოადგენდეს უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს, ავტომატურად იმის ვარაუდი, რომ ნებისმიერი უცხოური დაფინანსება, ოდენობის განურჩევლად, უცხოური გავლენის ტოლფასია, გაუმართლებელია და, თავისთავად, არასაკმარისია სამოქალაქოსაზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, ონლაინ მედიისთვის და მაუწყებლებისთვის დაწესებული შეზღუდვების გასამართლებლად. შესაბამისად, სადავო ნორმებით შეზღუდვის დაწესება ისეთ პირზე, რომელიც, მართალია, იღებს უცხოურ დახმარებას, თუმცა ინარჩუნებს დონორისაგან დამოუკიდებლობას, ხდება ლეგიტიმური მიზნის გარეშე. ამდენად, მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმების შეჩერებით, არ მოხდება მესამე პირების ან სხვა ღირებული ლეგიტიმური მიზნის დაზიანება.

34. №1865 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დაადგინა, რომ განსახილველი საქმე წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის მითითებით, წინამდებარე დავის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლოა, მოუწიოს მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხებისა და განსხვავებული მიზანმიმართულების მქონე ნორმების სისტემური ანალიზი. კოლეგიის აღნიშვნით, განსახილველ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად აკმაყოფილებს განჭვრეტადობის კონსტიტუციურ სტანდარტს „უცხოური პრინციპალის აგენტის“ ცნება, ამ მიზნით, შესაძლოა, მათ შორის, შესაფასებელი იყოს, თუ რამდენად ნათლადაა ჩამოყალიბებული სადავო ნორმებით „პოლიტიკური საქმიანობის“ და „საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლის“ ცნებები. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლოა, მოუწიოს იმ საკითხების დადგენა, თუ რამდენად მკაფიოდ არის ფორმულირებული უცხოური პრინციპალის აგენტის რიგი ვალდებულებები, მათ შორის, რამდენად ცხადად და განჭვრეტადად არის კანონმდებლობით ფორმულირებული უცხოური პრინციპალის აგენტის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები, რეგისტრაციის განცხადების წარდგენის, მასში მისათითებელი ინფორმაციისა და კანონის აღსრულების პროცესში, ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან, შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნების ფარგლების განსაზღვრის ჭრილში.

35. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიუთითა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს, უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის პროცესში, კანონის რომელიმე მუხლის განზრახ დარღვევა ან/და ნებისმიერ დოკუმენტში, რომელსაც პირი ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგენს, განზრახ არსებითი ფაქტის შესახებ მცდარი ინფორმაციის შეტანა ან განზრახ ნებისმიერი ფაქტის გამოტოვება, ან დოკუმენტაციის წარუდგენლობა. შესაბამისად, ამ კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეისწავლოს, რამდენად აკმაყოფილებს მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ ქცეული დებულებები პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ხარისხობრივ მოთხოვნებს.

36. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა, რომ სადავო რეგულირებით დადგენილი ვალდებულებები მიემართება პირთა ფართო, მათ შორის, სპეციფიკური ფუნქციური დატვირთვის მქონე სუბიექტთა სპექტრს. კერძოდ, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებისას, კანონის რეგულირების ქვეშ ექცევიან ფიზიკური პირები. იმავდროულად, სადავო რეგულირება ვრცელდება, მათ შორის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებსა და მედია ორგანიზაციებზე. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმარტებით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეფექტიანი მმართველობის ჩამოყალიბებაში, დემოკრატიის არსებითი ელემენტებისა და მახასიათებლების, პრინციპების პრაქტიკულ ქმედითობაში. ხსენებული ორგანიზაციები, ხშირ შემთხვევაში, მიზნად ისახავენ, ორიენტირებულნი არიან საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხების აქტუალიზებასა და მოგვარებაზე, ასრულებენ ერთგვარი შუამავლის როლს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის, ხოლო მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ქმნიან საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთ ცენტრალურ, ფართომასშტაბიან და ეფექტიან პლატფორმას. მაშასადამე, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

37. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიჩნია, რომ გადასაწყვეტი სამართლებრივი საკითხების კომპლექსურობის მიღმა, საქმე გამოირჩევა საზოგადოების ფართო სპექტრზე ზემოქმედების მასშტაბით. ამასთან, იდენტიფიცირებულ, მრავალფეროვან გადასაწყვეტ საკითხებთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განჭვრეტადობის კონსტიტუციური სტანდარტების მისადაგება/ჩამოყალიბება, თავისი არსით, წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების განმარტებისა და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას.

38. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2024 წლის 4 ოქტომბერს №3/3/1828,1829,1834,1837 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო საქმე „საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის ფარგლებშიც, დავის საგანს წარმოადგენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი დებულებების კონსტიტუციურობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის მითითებით, წინამდებარე საქმეში სადავოდ ქცეული საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მიზანმიმართულება, გარკვეული თვალსაზრისით, ემთხვევა №1828, №1829, №1834 და №1837 კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ ქცეული აქტის მიზნებს. კერძოდ, ორივე კანონი მიზნად ისახავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და აწესრიგებს უცხოური გავლენის მქონე პირის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს. იმავდროულად, განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე აპელირებს ტერმინის „უცხოური პრინციპალის აგენტის“ მასტიგმატიზებელ ბუნებაზე და ამგვარ არგუმენტაციას აფუძნებს რეგისტრაციას დაქვემდებარებულ პირთა წრის ბუნდოვანებასა და რიგი ორგანიზაციებისათვის რეგისტრაციის ვალდებულების დაქვემდებარების არაკონსტიტუციურობას, ისევე, როგორც აპელირებს ორგანიზაციაში დასაქმებული პირების პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკებზე. მოცემული საქმის მსგავსად, №1828, №1829, №1834 და №1837 კონსტიტუციურ სარჩელებშიც, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სახელდება – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ – მასტიგმატიზებელია და კანონის მოქმედების სფეროში მოქცეული ორგანიზაციების რეესტრში ამ სახელით შეტანა, დააზიანებს მათ რეპუტაციას ისევე, როგორც შეაფერხებს მათ საქმიანობას; მოსარჩელეები, ასევე მიიჩნევენ, რომ ანგარიშგებისა და მონიტორინგის ფარგლებში ხდება, მათ შორის, კრიტიკულად სენსიტიურ პერსონალურ ინფორმაციაზე სახელმწიფო ორგანოს წვდომა და ამ ინფორმაციის გასაჯაროება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დაადგინა, რომ ამ თვალსაზრისით, შინაარსობრივად, გარკვეულწილად, მსგავსია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაფასებელი რიგი საკითხები, რის გამოც, მიზანშეწონილად მიიჩნია, მოცემულ საქმეებთან მიმართებით, ერთიანი კონსტიტუციური სტანდარტები დაადგინოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა.

39. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ, 2025 წლის 13 ივნისის №2-3/1/1865 განჩინებით, საქმე განსახილველად გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.

40. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, №1865 კონსტიტუციური სარჩელის პლენუმზე განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 24 ივნისს.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა შეაფასა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2025 წლის 13 ივნისის №2-3/1/1865 განჩინებით გათვალისწინებული არგუმენტები და იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის მოსაზრებას, რომ განსახილველი საქმე წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. შესაბამისად, არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმის პლენუმის მიერ განხილვის საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის, 212 მუხლის მე-4 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, 52, მე-8, მე-10, მე-13 და მე-14 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. №1865 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნეს („ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“, „შპს საქართველოს ამბები“, ნონა ქურდოვანიძე, გელა მთივლიშვილი და ნინო ზურიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე განსახილველად.

2. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.

4. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის №3/1-2/1865 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით

1. გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის №3/1-2/1865 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ კოლეგიის განსჯადი საქმის პლენუმზე განსახილველად მიღების საფუძველი.

2. №1865 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული დებულებით განსაზღვრულია პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის კონსტიტუციური სტანდარტები. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ განუჭვრეტელია გასაჩივრებული კანონით განსაზღვრული მთელი რიგი საკითხები, კერძოდ, ბუნდოვანია კანონით განსაზღვრული „უცხოური პრინციპალის აგენტის“ ცნება, შესაბამისად, არ არის განჭვრეტადი, ექვემდებარებიან თუ არა რეგისტრაციის ვალდებულებას კონსტიტუციური სარჩელის ავტორები და რამდენად ითვლება მათი შემდგომი საქმიანობა უცხოური პრინციპალის მოთხოვნით, მითითებით ან კონტროლით განხორციელებულ მოქმედებად. იმავდროულად, მოსარჩელეებისათვის ბუნდოვანია, რა მოიაზრება უცხოური პრინციპალის მიერ პირის საქმიანობაზე ზედამხედველობაში, მართვაში, კონტროლის „არაპირდაპირ“ განხორციელებასა და „არაპირდაპირ“ დაფინანსებაში, ისევე, როგორც „შიდა ან საერთაშორისო ვაჭრობის საშუალებებში“. მოსარჩელე მხარისათვის, აგრეთვე განუჭვრეტელია „პოლიტიკური საქმიანობისა“ და „საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლის“ ცნებები. დამატებით, მოსარჩელე მხარე აპელირებს რეგისტრაციის განცხადებაში ასასახი მონაცემების სიმრავლეზე, მათ განუჭვრეტელობასა და სხვა საკითხებზე.

3. №3/1-2/1865 საოქმო ჩანაწერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გაიზიარა ამავე სასამართლოს მეორე კოლეგიის მოსაზრება, რომლის თანახმად, №1865 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი რეგულირება, თავისი შინაარსით, წარმოშობდა საქართველოს კონსტიტუციის განმარტების, ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას და შესაბამისად, არსებობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქმის პლენუმზე განსახილველად მიღების საფუძველი.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიჩნია, რომ, №1865 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს მრავალი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხის, მათ შორის, სადავო კანონით განსაზღვრული ცნებებისა და შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნების განჭვრეტადობის შეფასება, აგრეთვე განსხვავებული მიზანმიმართულების მქონე ნორმების სისტემური ანალიზი (იხ., №3/1-2/1865 საოქმო ჩანაწერის აღწერილობითი ნაწილის 34-ე პუნქტი). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დაეთანხმა მეორე კოლეგიის იმ არგუმენტსაც, რომ სადავო რეგულირებით დადგენილი ვალდებულებები მიემართება პირთა ფართო, მათ შორის, სპეციფიკური ფუნქციური დატვირთვის მქონე სუბიექტთა სპექტრს, კერძოდ, ფიზიკურ პირებს, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და მედია ორგანიზაციებს, რომელთა როლი და ფუნქცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფუნდამენტური მნიშვნელობისაა (იხ., №3/1-2/1865 საოქმო ჩანაწერის აღწერილობითი ნაწილის 36-37 პუნქტები). იმავდროულად, აღნიშნული საოქმო ჩანაწერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გაიზიარა 2025 წლის 13 ივნისის №2-3/1/1865 განჩინებაში წარმოდგენილი არგუმენტის რელევანტურობა იმის თაობაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, 2024 წლის 4 ოქტომბრის №3/3/1828,1829,1834,1837 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად აქვს მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი დებულებების კონსტიტუციურობის შესახებ საქმე, რომლის ფარგლებში გასაჩვრებული ნორმების მიზანმიმართულება, გარკვეულწილად, ემთხვევა №1865 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი აქტის მიზნებს და, შესაბამისად, მიზანშეწონილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ მოცემულ საქმეებზე ერთიანი კონსტიტუციური სტანდარტების დადგენა (იხ., №3/1-2/1865 საოქმო ჩანაწერის აღწერილობითი ნაწილის 38-ე პუნქტი).

5. განსხვავებული აზრის ავტორები მივიჩნევთ, რომ წარმოდგენილი არგუმენტები არც დამოუკიდებლად და არც ერთობლივად არ ქმნიდა კოლეგიის განსჯადი საქმის პლენუმზე განსახილველად მიღების კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ჩვენს კოლეგებს №1865 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა მიეღოთ პლენუმზე განსახილველად.

6. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხი, თუ რომელ საქმეებს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი და რომელს – კოლეგია, არის გამიჯნული და სრულყოფილად მოწესრიგებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი ნორმებით. კერძოდ, დასახელებული ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ადგენს საქმეთა განსჯადობის ზოგად წესს, რომელიც, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების მიხედვით, განსაზღვრავს პლენუმისა და კოლეგიების განსახილველი საქმეების ჩამონათვალს. ცხადია, ზოგადი ნორმატიული წესი ვერ გამორიცხავს გამონაკლისების არსებობას, მეტიც, საკითხის სრულყოფილად მოსაწესრიგებლად, საჭიროა საგამონაკლისო შემთხვევების მხედველობაში მიღებაც. მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს შიდა ინსტიტუციური განსჯადობის შესახებ დასახელებული ზოგადი წესისგან გამონაკლისს ითვალისწინებს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას შეუძლია, მისი განსახილველი საქმე გადასცეს პლენუმს, თუკი კოლეგიის პოზიცია განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან ან, თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 2 კვირის ვადაში წყვეტს კოლეგიის განსჯადი საქმის პლენუმზე განხილვის საკითხს, რომლის შესახებაც იღებს, შესაბამისად, საოქმო ჩანაწერს ან განჩინებას.

7. კოლეგიის განსჯადი საქმის პლენუმზე განსახილველად მიღების ინსტიტუტის არსებობის raison d'etre თავისთავად გულისხმობს, რომ პლენუმისათვის გადასაცემი საქმე, თავისი კონსტიტუციურსამართლებრივი არსით, გამორჩეული, იშვიათი და საგამონაკლისო უნდა იყოს და მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვა საქმეებისაგან, რომელთაც კოლეგია რუტინულად იხილავს/წყვეტს. პლენუმზე განსახილველად მისაღები საქმის გამორჩეულობის შეფასების მსაზღვრელს თავად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომლის თანახმადაც, საქმის გადაცემა დასაშვებია, თუ იგი, თავისი შინაარსით, წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიჩნია, რომ №1865 კონსტიტუციური სარჩელის პლენუმზე განსახილველად მიღებას განაპირობებდა სწორედ აღნიშნული კრიტერიუმის არსებობა.

8. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საოქმო ჩანაწერით, №1865 კონსტიტუციური სარჩელის პლენუმზე განსახილველად მიღების ერთ-ერთ არგუმენტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს მრავალი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხის, მათ შორის, კანონით განსაზღვრული ცნებებისა და შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნების განჭვრეტადობის შეფასება, ისევე, როგორც განსხვავებული მიზანმიმართულების მქონე ნორმების სისტემური ანალიზი.

9. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ის გარემოება, რომ კონსტიტუციური სარჩელი მოითხოვს „მრავალი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხის“ შეფასებას, რომელთა ანალიზი საჭიროებს სისტემურ მიდგომას, არ ქმნის საკმარის საფუძველს იმისთვის, რათა საქმე კოლეგიის ნაცვლად პლენუმმა განიხილოს. საქმეთა ანალიზის მსგავსი მასშტაბი და სირთულის დონე, ბუნებრივია, არ წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ე. წ. ექსკლუზიურ „ნოუ-ჰაუს“ – ვინაიდან მსგავს საკითხებთან სისტემური მიდგომა კოლეგიების ყოველდღიური, მათთვის დამახასიათებელი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ნებისმიერ საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში, საქმის განმხილველ მოსამართლეებს per se მოეთხოვებათ მრავალი საკითხის საფუძვლიანად გამოკვლევა, საკანონმდებლო სივრცის ანალიზი და სისტემური შეფასება. სხვაგვარი დასკვნის გაკეთება, ცხადია, ეჭვქვეშ დააყენებდა კოლეგიების მიერ მიღებული თუ მომავალში მისაღები გადაწყვეტილებების დასაბუთებულობას, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების პრაქტიკაში მრავლად ყოფილა/არის ისეთი საქმეები, რომელთა გადაწყვეტაც საჭიროებდა/საჭიროებს მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხების სისტემურ ანალიზსა და დეტალურ შეფასებას. კოლეგიის განსჯადი საქმის პლენუმის მიერ განსახილველად მიღების, როგორც საგამონაკლისო წესის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაციონალსა და კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს მხოლოდ იმაზე მითითება, რომ კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საკითხები კომპლექსურია ან მათი გადაწყვეტა მოითხოვს მრავალმხრივ ანალიზს. ასეთი უზოგადესი კრიტერიუმებით, შესაძლებელია იმ სარჩელთა აბსოლუტური უმრავლესობის დახასიათება, რომლებზეც დამთავრებულია ან, ჯერ კიდევ, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სამართალწარმოება კოლეგიების ფარგლებში.

10. მივიჩნევთ, რომ კოლეგიის განსჯადი საქმის პლენუმის მიერ განსახილველად მიღების დროს მსგავსი ზოგადი კრიტერიუმით ხელმძღვანელობა არღვევს მექანიზმის საგამონაკლისო ხასიათს, რომელიც კანონმდებელმა იმთავითვე იგულისხმა/განსაზღვრა. შედეგად, გადაცემის ინსტიტუტი საგამონაკლისო მექანიზმიდან იქცევა ფორმალურ ინსტრუმენტად, რომლის გამოყენების სისწორე/მცდარობა ვერ იქნება ობიექტურად გადამოწმებადი, რადგან, როგორც აღინიშნა, ნებისმიერ საქმეზე მიმდინარე საკონსტიტუციო სამართალწარმოება, იმთავითვე, მოითხოვს მრავალმხრივ ანალიზს და, შესაბამისად, თითოეულ საქმეზე, შესაძლოა, ანალოგიური დასაბუთებით, კოლეგიის განსჯადი საქმის პლენუმის მიერ განსახილველად მიღება. განსხვავებული აზრის ავტორებს მიგვაჩნია, რომ სარჩელის ფარგლებში შესაფასებელი საკითხების მრავალფეროვნება ავტომატურად არ მიუთითებს მის კონსტიტუციურსამართლებრივ სირთულეზე ან/და განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. ასეთი ზოგადი დასაბუთების/კრიტერიუმის პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა სიმრავლიდან რომელიმეს (არ)გამორჩევამ შეიძლება გააჩინოს თვითნებური/სუბიექტური შეფასების განცდა და რისკი, რომ პლენუმის ფორმატში საქმის განხილვა გახდეს კოლეგიის ფარგლებში მოსამართლეთა შორის განსხვავებული შეხედულებების დაპირისპირების დამოუკიდებელი, კვაზი-ინსტანციური ფორმატი. სასამართლოს პლენუმსა და კოლეგიებს შორის მსგავსმა არათანმიმდევრულმა ფუნქციურმა დელიმიტაციამ კი შესაძლოა, გამოიწვიოს სასამართლოს ინსტიტუციური არქიტექტურის რღვევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ კოლეგიის განსჯადი საქმის პლენუმის მიერ განსახილველად მიღების საფუძვლად არ გამოდგება არგუმენტი, რომელიც მიუთითებს, რომ №1865 კონსტიტუციური სარჩელის სრულყოფილად გადასაწყვეტად, ბევრი საკითხია შესაფასებელი, რაც საჭიროებს სისტემურ ანალიზს.

11. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, №3/1-2/1865 საოქმო ჩანაწერით, დასაბუთებულად მიიჩნია მეორე კოლეგიის არგუმენტი, რომლის თანახმად სადავო რეგულირებით დადგენილი ვალდებულებები მიემართება პირთა ფართო, მათ შორის, სპეციფიკური ფუნქციური დატვირთვის მქონე სუბიექტთა სპექტრს, კერძოდ კი, ფიზიკურ, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და მედია ორგანიზაციებს, რომელთა როლი და ფუნქცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.

12. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავთან შესაბამისობის დადგენის კომპეტენციის ფარგლებში, მიმდინარე სამართალწარმოების ერთ-ერთი ფუნდამენტური მახასიათებელი გადაწყვეტილებების ე. წ. erga omnes ეფექტია, რაც გულისხმობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც წესი, წარმოშობს სავალდებულო იურიდიულ შედეგებს არა მხოლოდ კონკრეტული დავის მხარეებისათვის (inter partes), არამედ გააჩნია ზოგადი მოქმედების ძალა, იკავებს ნორმატიული სისტემის იერარქიულად უმაღლეს საფეხურს და ვრცელდება ყველა იმ სუბიექტზე, ვინც შესაძლოა, მოექცეს განსახილველი ნორმის მოქმედების სფეროში. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, იმთავითვე, ვრცელდება პირთა ფართო წრეზე და, შესაბამისად, ეს გარემოება, თავისთავად, ვერ იქნება საკმარისი ინდიკატორი, რათა №1865 კონსტიტუციური სარჩელი მიჩნეული იქნეს სხვა სარჩელებისგან განსხვავებულად.

13. რაც შეეხება არგუმენტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც №1865 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული ნორმები ვრცელდება ისეთ სუბიექტებზე, რომელთაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფუნდამენტური როლი და ფუნქცია გააჩნიათ, აღვნიშნავთ, რომ მართალია ხსენებული სუბიექტების განსაკუთრებული მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში საყოველთაოდ ცნობილი და ფართოდ გაზიარებული შეფასებაა, თუმცა, ცხადია, მსგავსი ტრუიზმი, დამატებითი დასაბუთების გარეშე, ვერ განიხილება საქმის პლენუმის მიერ განხილვის აუცილებლობის გამამართლებელ გარემოებად. ასეთი შეხედულების გაზიარება, იმთავითვე, დაამცრობდა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების მნიშვნელობასა და როლს, საზოგადოების ცხოვრებაში ფუნდამენტური კონსტიტუციურსამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის პროცესში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედებს როგორც საკონსტიტუციო სასამართლო. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ისევეა მნიშვნელოვან განმარტებებსა და გადაწყვეტილებათა მიღებაზე უფლებამოსილი, როგორც სასამართლოს პლენუმი.

14. აღსანიშნავია, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და მედია ორგანიზაციები, აგრეთვე საჯარო სივრცეში სხვა აქტიურად მოქმედი სუბიექტები, ხშირად ხდიან სადავოდ ამა თუ იმ ნორმას. საკონსტიტუციო სამართალწარმოების ბუნებიდან გამომდინარე, ეს სრულიად ლოგიკური და მოსალოდნელია. ამ მხრივ, განსახილველი საქმე არ წარმოადგენს არც სიახლეს და არც რაიმე გამონაკლისს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების მიერ განხილულ/განსახილველ სხვა საქმეებთან შედარებით. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში მრავლად არის ისეთი საქმეები, რომელთა ფარგლებში ე.წ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები დაობდნენ ნორმებზე, რომელთა მოქმედებით, მათი აზრით, ხდებოდა საქმიანობის თავისუფლად განხორციელებაში ხელშეშლა (მაგ., იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

15. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ გარდა სპეციალურ კომპეტენციათა ფარგლებში კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოსარჩელეთა სტატუსი ან/და მათი როლი საზოგადოებაში, ავტომატურად არ განაპირობებს სარჩელის რაიმე ფორმით გამორჩეულობას/განსაკუთრებულობას, რამაც შეიძლება გაამართლოს საქმეზე სასამართლოს პლენუმის განსჯადობა. სხვაგვარი დასკვნა, ცხადია, წინააღმდეგობაში მოვიდოდა თითოეული მოსარჩელის ინტერესების თანასწორობის პრინციპთან. გარდა ამისა, ზემოთ დასახელებული საქმეები ნათელს ხდის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების პრაქტიკაში, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედია ორგანიზაციების მიმართვიანობა იშვიათობა არ არის. შესაბამისად, დასახელებული გარემოება ვერ გადააქცევს №1865 კონსტიტუციურ სარჩელს უნიკალურად და ვერ გაამართლებს საქმის პლენუმზე განსახილველად მიღების საჭიროებას.

16. განსხვავებული აზრის ავტორები მივიჩნევთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, დასახელებული კრიტერიუმის ფარგლებში, პლენუმის მიერ კოლეგიის განსჯადი საქმის განსახილველად მიღების მექანიზმი გამოიყენება მაშინ, როდესაც საქმე გამოირჩევა არა მისი რეგულირების ადრესატთა სიმრავლის ან ზოგადი კომპლექსურობის თვალსაზრისით, არამედ კონსტიტუციურსამართლებრივი სირთულით, რაზეც ორგანული კანონი expressis verbis მიუთითებს. მაგალითად, ეს შეიძლება ეხებოდეს პრეცედენტულ საქმეებს, რომლებშიც განიმარტება საქართველოს კონსტიტუციის კონკრეტული დებულება/დებულებით დაცული სფერო (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის №2/2/577 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის №1/1/466 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), ასევე მოითხოვს სხვადასხვა კონსტიტუციური ნორმისა თუ კონსტიტუციის ცალკეული დებულებებით დაცულ ინტერესებს შორის პოტენციური კონფლიქტის გადაჭრას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის №2-3/1/550 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ან/და, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა ამა თუ იმ საკითხზე ერთმნიშვნელოვანი/სრულყოფილი/ცალსახა არ არის (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 5 ივნისის №1-3/1/1400 განჩინება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 25 ივლისის №2/3/588 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის №1-3/2/531 განჩინება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი, ირმა ჯანაშვილი, ასევე საქართველოს მოქალაქეები – გიორგი წაქაძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

17. ჩვენი კოლეგების შეფასებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების განმარტებისა და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ №1865 კონსტიტუციურ კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებულ მრავალფეროვან გადასაწყვეტ საკითხებთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს განჭვრეტადობის კონსტიტუციური სტანდარტების მისადაგება/ჩამოყალიბება (იხ., №3/1-2/1865 საოქმო ჩანაწერის აღწერილობითი ნაწილის 37-ე პუნქტი).

18. განსხვავებული აზრის ავტორები ვთვლით, რომ განსახილველ საქმეში საკითხთა მრავალფეროვნება, იმთავითვე, არ გულისხმობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმის – საქმის განსაკუთრებული კონსტიტუციურსამართლებრივი მნიშვნელობის – არსებობას. ამ კუთხით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე სადავოდ ხდის ნორმების კონსტიტუციურობას პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ სტანდარტებთან მიმართებით. დასახელებულ კონსტიტუციურ სტანდარტებთან დაკავშირებით კი, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა, რომლითაც საკმარისი სიცხადითაა განმარტებული და თანმიმდევრულად შეფასებული განსახილველი საკითხები (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34-38; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). ამასთანავე, №3/1-2/1865 საოქმო ჩანაწერში დამატებით არც ერთი კონკრეტული არგუმენტი არ არის მოყვანილი/გაზიარებული იმის საილუსტრაციოდ, თუ რაში ვლინდება სადავო ნორმების განჭვრეტადობის კონსტიტუციურ სტანდარტთან მისადაგების სირთულე ან/და რა კუთხით საჭიროებს ხსენებული სტანდარტი განვრცობას/ჩამოყალიბებას და რატომ არის ამისათვის აუცილებელი საქმის პლენუმზე განსახილველად მიღება.

19. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი და კოლეგია ორივე მოქმედებს როგორც საკონსტიტუციო სასამართლო და თითოეულ მათგანს გააჩნია ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით, კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია და კვალიფიკაცია. დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომლითაც განისაზღვრა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის კონსტიტუციური სტანდარტები, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მიღებულია სწორედ კოლეგიის ფარგლებში. შემდგომში, დასახელებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სტანდარტები გაიზიარა როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, ისე პლენუმმა. ამდენად, განსახილველ საკითხებზე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა, რომელიც, თავდაპირველად, სწორედ კოლეგიის ფარგლებში სტრუქტურიზდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული სტანდარტების მისადაგების მიზნით, საქმის პლენუმზე განხილვა მოკლებულია ყოველგვარ რაციონალურ დასაბუთებას.

20. კიდევ ერთ არგუმენტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მოიშველია საქმის პლენუმისათვის გადაცემის დასასაბუთებლად და რომელიც შემდგომში პლენუმმაც გაიზიარა, წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ 2024 წლის 4 ოქტომბრის №3/3/1828,1829,1834,1837 საოქმო ჩანაწერით არსებითად განსახილველად მიღებულ საქმესთან განსახილველი საქმის შინაარსობრივი თანაკვეთა. პლენუმის პოზიციით, აღნიშნულ საქმეებში სადავო კანონების მიზანმიმართულება, გარკვეული თვალსაზრისით, ემთხვევა ერთმანეთს და, შესაბამისად, სასურველია, მათთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ დადგინდეს ერთიანი კონსტიტუციური სტანდარტები.

21. მითითებულ მსჯელობასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებულ გარემოებაზე აპელირებით, კოლეგიის განსჯადი საქმის პლენუმისთვის გადაცემის და პლენუმზე განსახილველად მიღების საფუძველს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ იცნობს. ერთადერთი მოწესრიგება, რომელიც პლენუმზე განსახილველ საქმესთან არსებითად დაკავშირებული ახალი კონსტიტუციური სარჩელის გაერთიანების შესაძლებლობას უშვებს, არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, „თუ რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმავე შინაარსისაა ან სამართლებრივად არსებითად უკავშირდება იმ საკითხს, რომელსაც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისათვის ადრე გადაცემული კონსტიტუციური სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, ეს სარჩელი ერთ წარმოებად გასაერთიანებლად, განსახილველად გადასცეს პლენუმს.“

22. განსახილველ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საჭიროდ არ ჩათვალა პლენუმისთვის ადრე გადაცემულ სარჩელებთან №1865 კონსტიტუციური სარჩელის გაერთიანება. შესაბამისად, ივარაუდება, რომ საქმეებს შორის ის თანაკვეთა/არსებითი კავშირი, რომელზეც მეორე კოლეგია მიუთითებს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ვერ დაინახა/არ ჩათვალა საკმარისად. აღნიშნულის მიღმა, კოლეგიის განსჯადი საქმის პლენუმზე განსახილველად მიღების საფუძველს, გასაჩივრებულ კანონებს შორის მიზანმიმართულების გარკვეული ანალოგიის მოტივაციით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების საკითხების მომწერსიგებელი რელევანტური კანონმდებლობა არ იცნობს. მსგავსი არგუმენტის გაზიარება, ცხადია, ახდენს საქმეთა განაწილების ფარგლებში უფლებამოსილების დუბლირებას, შედეგად კი, არღვევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და სასამართლოს კოლეგიების კომპეტენციებს შორის მიჯნას.

23. ამდენად, მიგვაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, კოლეგიის განსჯადი საქმის პლენუმის მიერ განსახილველად მიღების საფუძველს არ ითვალისწინებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების განმსაზღვრელი რელევანტური კანონმდებლობა. ამავდროულად, №1865 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში შესაფასებელია ნორმათა განჭვრეტადობის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა. შესაბამისად, განსახილველ საქმეში, გამოირიცხებოდა საქართველოს კონსტიტუციის განმარტების, ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემის არსებობა.

24. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ვერ გავიზიარებთ №1865 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის გადაცემის შესახებ სასამართლოს მეორე კოლეგიის არგუმენტაციას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არ უნდა მიეღო განსახილველად კოლეგიის განსჯადი საქმე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები

გიორგი კვერენჩხილაძე

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ