მედეა გვაზავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1546 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | მედეა გვაზავა |
თარიღი | 2 ნოემბერი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი: „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 65 წელი. იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით“. | საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტი: „საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“. |
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი: „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“. | საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტი: „საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“. |
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები: „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 65 წელი“ და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვები „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნტი, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 311 მუხლი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებას აწესრიგებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლი, რომლის 1-ლი პუნქტი ადგენს იმ პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში ამ პირობებიდან არცერთი არ არის სახეზე და წინამდებარე სარჩელი უნდა იქნას მიღებული არსებითად განსახილველად, კერძოდ:
ა) კონსტიტუციური სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი არის უფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ, რასაც მიუთითებს და ადასტურებს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მედეა გვაზავა 1999 წლიდან დღემდე მუშაობს ნოტარიუსად თბილისში. 2020 წლის 1 ნოემბერს მას უსრულდება ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი- 65 წელი. 2020 წლის 22 სექტემბერს დესის პროგრამით მან მიიღო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 22 სექტემბრის ბრძანება N461 2020 წლის 1 ნოემბრიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, ნოტარიურირს უფლებამოსილების შეწყვეტისა და საქართველოს ნოტარიუსთა რეესტრიდან ამორიცხვის თაობაზე. აღნიშნული ბრძანება მას ასევე გაეგზავანა იუსტიციის სამინისტროს 2020 წლის 23 სექტემბრის N12781 წერილითაც. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანება გამოიცა ისე, რომ მოსარჩელეს არ მიეცა საშუალება ესარგებლა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობით, განცხადებით მიემართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის, რომ მისი უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ გაეწიათ რეკომენდაცია იუსტიციის მინისტრის წინაშე.
მას შემდეგ რაც მედეა გვაზავამ მიიღო იუსტიციის მინისტრის ბრძანება, 2020 წლის 25 სექტემბერს 155/3 განცხადებით მან მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. განცხადებით მან პალატას თხოვა, მას გაეწია რეკომენდაცია მინისტრის წინაშე უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ. პარალელურად ამავე დღეს მან მიმართა იუსტიციის მინისტრაც და სთხოვა უფლებამოსილების გაგრძელება, თუმცა უშედეგოდ.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორის 2020 წლის 12 ოქტომბრის N16/9448 აქტით მას ეცნობა, რომ 2020 წლის 09 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ განიხილა მისი მიმართვა რეკომენდაციის მოთხოვნის თაობაზე, თუმცა ვინაიდან იუსტიციის მინისტრის მიერ უკვე გამოცემულია ბრძანება მოსარჩელის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ნოტარიუსთა პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, ბრძანების გამოცემის შემდგომ რეკომენდაციით მიმართოს იუსტიციის მინისტრს.
დადგენილი პრაქტიკით (საკანონმდებლო დონეზე ჩანაწერების არ არსებობის ფონზე) ნოტარიუსთა პალატა მინისტრს როგორც წესი ერთი თვით ადრე (ან უფრო ნაკლები ვადით ადრე) მიმართავს მსგავსი რეკომენდაციით. ოფიციალური ინფორმაციით უფლებამოსილების გაგრძელების შესაძლებლობით 2017 წლის 10 მარტიდან დღემდე პალატას 23-ჯერ მიმართეს ნოტარიუსებმა, რომელთაგან დაკმაყოფილდა 14 მოთხოვნა.
მედეა გვაზავას ჯანმრთელობის მხრივ არ აქვს არანაირი პრობლემა და აქვს უნარი და სურვილი გააგრძელოს სანოტარო საქმიანობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ის წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობაზე.
გ) კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, კერძოდ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს: საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“ ;
დ) კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული არცერთი სადავო საკითხი არ არის უკვე გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ყველა სადავო საკითხი არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტით და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტით.
ვ) წინამდებარე სარჩელისათვის (ამ სარჩელის, დავის ტიპისათვის) არ არის დადგენილი კანონით მისი შეტანის ვადა და ამიტომ შეტანის ვადის დარღვევა არარელევანტურია;
ზ) სარჩელით გასაჩივრებულია და სადავოდ არის ქცეული ნორმატიული აქტების იერარქიაში ყველაზე მაღლა მდგომი აქტი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოცემულ სარჩელში საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიმართ სადავო ნორმებია „ნოტარიატის შესახებ“ საქართელოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი „3. ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 65 წელი. იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით.“ და ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი „ბ) ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“
დამატებით საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლ პუნქტთან მიმართებით სადავო ნორმებია: „ნოტარიატის შესახებ“ საქართელოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 65 წელი“ და ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვები „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა“.
ამდენად, გასაჩივრებული ნორმები ადგენს 65 წელს მიღეწული ნოტარიუსის გათავისუფლების საფუძველს მისი ასაკის გამო. კანონი აწესებს მხოლოდ ერთ ბუნდოვან გამონაკლისს აღნიშნული წესისგან, როდესაც შესაძლებელია რომ არაუმეტეს ხუთი წლით გაგრძელდეს ნოტარიუსის უფლებამოსილება ნოტარიუსთა პალატის რეკომენდაციით და იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით.
I. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის 1-ლ პუნქტთან მიმართებით
1) 25-ე მუხლით დაცული სფერო
სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რომლის თანახმადაც, “საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.”
აღსანიშნავია, რომ 25-ე მუხლით დაცული სფერო მოიცავს არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან პირის საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისათვის გონივრული, არადისკრიმინაციურლი რეგულაციების დადგენის ვალდებულებას, არამედ საჯარო მოსამსახურეების უფლებას, დაცული იყვნენ სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისაგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1998 წლის 3 ნოემბრის # 2/80-9 გადაწყვეტილება საქმეზე ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
ამრიგად, „კონსტიტუციის 29-ე მუხლი [მოქმედი 25-ე] სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში, განახორციელეოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.)
ნოტარიუსი ცალსახად წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკისა და იმ სტანდარტების გათვალისწინებით რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა „სახელმწიფო თანამდებობის“ განსამარტად 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაში. მათ შორის ამაზე მიუთითებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, „ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. შესაბამისად სახელმწიფოს აკისრია კონსტიტუციური ვალდებულება დაადგინოს ნოტარიუსის გათავისუფლების გონივრული საფუძვლები. ამ შემთხვევაში ზედა ასაკობრივი ზღვარის დაწესება არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას.
2) შეზღუდვის შეფასების კრიტერიუმები და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „მიუხედავად იმისა, საქართველოს კონსტიტუციით პირდაპირ არის თუ არა განსაზღვრული პირის მიერ სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის განხორციელების კონკრეტული ვადა, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კანონმდებელმა უნდა დაასაბუთოს ის საჯარო ინტერესი, რომელიც უფლების შეზღუდვის აუცილებლობას განაპირობებს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება II. პ.29)
„უფლებამოსილების ვადის ბოლომდე თანამდებობაზე ყოფნას განსაკუთრებული კონსტიტუციურ-სამართლებრივი მნიშვნელობა ენიჭება.“ სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო თანამდებობის პირის განთავისუფლება კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე მკაცრი კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტით უნდა შემოწმდეს კონსტიტუციის იმ ნორმებთან კავშირში, რომლებიც უფლებამოსილების ვადას და ფარგლებს განსაზღვრავს.“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება II. პ.31)
გასათვალისწინებელია, რომ სანოტარო საქმიანობის განხორციელებისათვის არ არის დადგენილი კონკრეტული უფლებამოსილების ვადა. კანონში მითითებულია მხოლოდ ის, რომ „ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე -11 მუხლის პირველი ან მე -2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გაივლის კონკურსს...“ (მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი)
აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის შესაბამისად სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება დაასაბუთოს ამ შეზღუდვის ლეგიტიმურობა შესაბამისი საჯარო ინტერესის წარმოჩენით, რომელიც უნდა იყოს საკმარისად წონადი იმისათვის, რომ გაამართლოს დაწესებული შეზღუდვა.
თუმცა, ნებისმიერი შემთხვევაში, თუნდაც არსებობდეს ლეგიტიმური საჯარო ინტერესი, აუცილებელია სადავო ნორმა აკმაყოფილებდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებსაც, ანუ იყოს, გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული (ყველაზე ნაკლებად მზღუდავი) საშუალება ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II.პ.60).
ა) ლეგიტიმური მიზანი
გაურკვეველია სახელმწიფოს მიერ ნოტარიუსებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვის მიზნობრიობა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად, საჯარო მოხელეებთან მიმართებაში საპენსიო ასაკი აღარ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. (შესაბამისი ცვლილება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 20 მარტს მიიღეს. გათავისუფლების მსგავს საფუძველს არ ითვალისწინებს არც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებული ვერსია). მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ნოტარიუსთა პალატაზე არ ვრცელდება, ხოლო „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე, საჯარო მოხელეებთან მიმართებაში რეგულაციების შეცვლა მიუთითებს სახელმწფიოს ზოგად ნებაზე, არ დაუშვას ასაკის გამო პირთა საჯარო სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლების შესაძლებლობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის 2017 წლის 10 მარტამდე მოქმედი რედაქცია, მითითებას სწორედ „საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკზე“ აკეთებდა, შესაბამისად ამ თვალსაზრისით ის უთანაბრებდა ნოტარიუსებს საჯარო მოხელეებს. 2017 წლის 10 მარტს შესული ცვლილებებით კი კანონმა დამოუკიდებლად განსაზღვრა ნოტარიული საქმიანობის განხორციელების ზღვრული ასაკი- 65 წელი, მაშინ როდესაც ასეთი ჩანაწერი აღარ მოიპოვება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. აქვე აღსანიშნავია, რომ საპენსიო ასაკი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს არ წარმოადგენს არც კერძო ხასიათის შრომით ურთიერთობებში.
გასათვალისწინებელია, რომ 2017 წლის 10 მარტს მიღებული ცვლილების განმარტებითი ბარათი არ მიუთითებს რაიმე არგუმენტაციას იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა კანონმდებელმა ზღვრული ასაკის დადგენა და კონკრეტულას რატომ შეარჩია 65 წელი.
მიგვაჩნია, რომ შეუძლებელია სახელმწიფოს მხრიდან იმაზე აპელირება, რომ 65 წელს ასაკს მიღწეული ნებისმიერი ნოტარიუსი აპრიორი ვეღარ შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალეობების სათანადოდ შესრულებას, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მომეტებული პრობლემები ანდა სხვა ისეთი პრობლემები, რომელიც მას ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებაში. ასაკი არ უნდა იყოს განმსაზღვრელი ფაქტორი ამის შეფასებისათვის.
ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი არ იკვეთება.
ბ) თანაზომიერება
ამ ნაწილში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ რამდენად აუცილებელ და ნაკლებად მზღუდავ საშუალებას წარმოადგენს ზღვრული ასაკის დადგენა და რამდენად ბლანკეტურია ის.
აღსანიშნავია, რომ კანონი ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისს, როდესაც თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის მიუხედავად, ნოტარიუს შეუძლია განაგრძოს საქმიანობა. კერძოდ, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია ნოტარიუსის განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე გაუგრძელოს მას უფლებამოსილების ვადა არაუმეტეს 5 წლით.“
აღნიშნული არ შეიძლება განხილულ იქნეს ყველაზე ნაკლებად მზღუდავ გამონაკლისად, ვინაიდან იგი არ ითვალისწინებს საკმარის გარანტიას და კრიტერიუმებს, რომელზე დაყრდნობითაც იუსტიციის მინისტრი და ნოტარიუსთა პალატა, ვალდებულნი იქნებიან შეამოწმონ თითოეული ნოტარიუსის ინდივიდუალური მდგომარეობა და ყურადღება მიაქციონ არა მაგალითად მის პოლიტიკურ გემოვნებას ან საქმიანობის სტაჟს, არამედ მის ფიზიკურ მდგომარეობას და საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას.
ამის საწინააღმდეგოდ, მედეა გვაზავასთვის ნოტარიუსთა პალატის მიერ მიწერილ პასუხში იკვეთება, რომ რეკომენდაციების გაცემისას ნოტარიუსთა პალატა ხელმძღვანელოს ნოტარიუსის სამუშაო სტაჟის, პროფესიული გამოცდილებისა და სხვა კრიტერიუმებით. აღნიშნულ კრიტერიუმებს არაფერი აქვთ საერთო იმასთან, თუ რატომ არ შეიძლება პირმა განაგრძოს უფლებამოსილების განხორციელება 65 წლის შემდეგაც. კანონი არაფერს ამბობს იმაზეც, თუ რა შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს იუსტიციის მინისტრმა პალატის რეკომენდაცია და რა შემთხვევაში არა. მას არ აქვს საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება და მეტიც, აღნიშნული მექანიზმი მას არ უზღუდავს იმასაც, რომ თუნდაც ნოტარიუსთა პალატის მიერ საკითხის განხილვისა და რეკომენდაციის შემუშავებამდე, მინისტრმა მიიღოს გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მედეას გვაზავას მიმართ. გასათვალისწინებელია, რომ კანონში არ არის გაწერილი არც კონკრეტული ვადები, რომელთა პერიოდშიც უნდა ხდებოდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
ამდენად, კანონმდებელი აღმასრულებელ ხელისუფლებას არ განუსაზღვრავს მოქმედების ფარგლების ჩარჩოს და კონკრეტულ კრიტერიუმებს, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ჰქონდეს ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. მეტიც იგი აჩენს კორუფციის რისკებსაც. შედეგად, ამგვარი გამონაკლისის დაწესება არღვევს დელეგირების კონსტიტუციურ მოთხოვნებს და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ტიპის გამონაკლისად, რომელიც გაამართლებდა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვას.
მეტიც, მიგვაჩნია, რომ უფლებამოსილების გაგრძელება 65 წლის შემდეგ უნდა წარმოადგენდეს ზოგად წესს და არა გამონაკლისს. მოქმედი ნორმა, ამ თვალსაზრისით არ იცავს ბალანს შეპირისპირებულ ინტერესებს შორის და ამდენად არაპროპორციულია. ამ მხრივ საინტერესოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.“
ამ საქმეში სასამართლომ იმსჯელა, სწორედ იმაზე, თუ რამდენად ხდებოდა სადავო ნორმით შეპირისპირებულ ინტერესებს (სასამართლოს გადაწყვეტილებების საჯაროობა და პერსონალური მონაცემების დაცვა) შორის ბალანსის მიღწევა და დაადგინა რომ აღნიშნული მოთხოვნა არ სრულდებოდა. სასამართლომ აღნიშნა:
„არსებობს პირის აღმატებული ინტერესი ნებისმიერი სასამართლო გადაწყვტილების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. კონსტიტუციით დადგენილი ღირებულებათა წესრიგის ფარგლებში, სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს ღია, თუ არ არის მისი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის დასაბუთებული საჭიროება. სადავო ნორმებით დადგენილი ბალანსი კი აღნიშნულის საპირისპიროა, რადგან სასამართლოს აქტებში მოცემული პერსონალური მონაცემები, როგორც წესი, დახურულია, თუ დაინტერესებული პირი არ დაასაბუთებს, რომ არსებობს აქტის ღიაობის მომეტებული ინტერესი.“ (პ.64)
მოცემულ შემთხვევაში პრობლემაა არათუ შეპირისპირებულ ინტერესებს შორის დისბალანსი, არამედ საერთოდ ის, თუ რა სიკეთე დგას სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების შეზღუდვის საპირწონედ. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, იმ სტანდარტიდან გამომდინარე, რაც სასამართლომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში დაადგინა, ბალანსი ამ შემთხვევაში სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების მხარეს უნდა გადმოიხაროს და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიზღუდოს, როდესაც დგას სხვა ინტერესების დაზიანების რეალური საშიშროება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში.
II. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებაში
1) თანასწორუფლებიანობის მნიშვნელობა და დიფერენცირებული მოპყრობა ასაკის გამო
სახელმწიფოში თანასწორობის უფლების დაცვა ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინდიკატორია, რომელიც განაპირობებს დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას და ყველასთვის თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფა სწორედ ის ფუნდამენტია, რომელზეც უნდა აშენდეს ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფოს მომავალი. სწორედ ამიტომ სახელმწიფოს უპირველეს ვალდებულებას წარმოადგენს არ შექმნას ისეთი საკანონმდებლო სისტემა, რომელიც თავისი არსით იქნება დისკრიმინაციული და შესაბამისად არათანასწორ პირობებში ჩააყენებს არსებითად თანასწორ პირებს. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმით სახელმწიფომ დაარღვია სწორედ ეს ნეგატიური ვალდებულება და შექმნა დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძველი იმ ნოტარიუსებთან მიმართებაში, რომლებსაც უსრულდებათ 65 წელი და შესაბამისად ამ საფუძვლით ხდება მათი თანამდებობიდან გათავისუფლება.
გასათვალისწინებელია, რომ თანასწორუფლებიანობის ფუნდამენტური დებულება იმთავითვე ვრცელდება კონსტიტუციის 25-ე მუხლის შინაარსზე. მოქალაქეებს უფლება აქვთ, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე დაიკავონ ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა საქართველოს საჯარო სისტემაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 4 ნოემბრის #2/33/1 განჩინება საქმეზე ნინო იოსელიანი სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის და საქართველოს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ;)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ დადგინდეს დიფერენცირებული მოპყრობა, აუცილებელია სახეზე იყვნენ შესადარებელი კატეგორიები/პირები, რომელთა მიმართაც ხდება განსხვავებული მოპრობა, ამასთან სახეზე უნდა იყოს დისკრიმინაციის რაიმე ნიშანი. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სასამართლო ე.წ. მკაცრი შეფასების ან რაციონალური დიფერენციაციის ტესტის გამოყენებით აფასებს კონკრეტული სადავო ნორმის კონსტიტუციურობას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.5-6;)
2) შესადარებელი კატეგორიები და დისკრიმინაციის ნიშანი
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა. კერძოდ არათანასწორ მდგომარეობაში არიან ერთმანეთის მიმართ ერთი მხრივ ის ნოტარიუსები, რომელთა გათავისუფლება ხდება 65 წელს ასაკს მიღწევის გამო, ხოლო მეორე მხრივ ის ნოტარიუსები , რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 65 წელი და ამდენად შეუძლიათ საქმიანობის განხორციელება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულია კანონის წინაშე თანასწორობის უფლება და შესაბამისად დისკრიმინაციული მოპყრობის აკრძალვა ნებისმიერი ნიშნით, მიუხედავად იმისა, მითითებულია თუ არა ეს ნიშანი კონსტიტუციის მე-11 მუხლში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის #2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II.პ.1-2;). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ასაკის გამო დისკრიმინაცია ასევე დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციით.
ამგვარად, ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ასაკის ნიშნით განსხვავებული მოპყრობა, რომელიც არ წარმოადგენს ე.წ. კლასიკური დისკრიმინაციის ნიშანს (იგი არაა მითითებული საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის ჩამონათვალში), თუმცა მოცემულ შემთხვევაში დიფერენცირებული მოპყრობა მაღალი ხარისხისაა, ვინაიდან ასაკის გამო არსებითად თანასწორი პირები-ნოტარიუსები, საგრძნობლად სცილდებიან თანაბარი შესაძლებლობებისადმი ხელმისაწვდომობას (სადავო ნორმა „მკვეთრად აცილებს შესადარებელ ჯგუფებს საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან“) და ექცევიან აბსოლუტურად განსხვავებულ პირობებში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები – მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II.პ.53) . ერთ შემთხვევაში 65 წელს ასაკს მიუღწეველი პირი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ასრულებს საკუთარი საქმიანობას, მეორე შემთხვევაში კი 65 წელს ასაკს მიწეული პირი თავისუფლდება თანამდებობიდან და შესაბამისად ერთმევა ასეთი შესაძლებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე სადავო ნორმა უნდა შეფასდეს მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებით და სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს დაუძლეველი ინტერესის არსებობა და ჩარევის თანაზომიერება დაწესებული დისკრიმინაციული შეზღუდვის გამართლებისათვის.
25-ე მუხლზე მსჯელობისას ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც სადავო ნორმებს აქვს ლეგიტიმური მიზნის და თანაზომიერების თვალსაზრისით. შეუძლებელია, ნორმა რომელიც არღვევს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციურ უფლებას, ამართლედეს განსხვავებულ მოპყრობას. ამდენად, ზემოთ განვითარებული არგუმენტაცია მიუთითებს არამხოლოდ კონსტიტუციის 25-ე, არამედ მე-11 მუხლის დარღვევაზეც.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა