საქართველოს მოქალაქე მაკა გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2-3/5/712 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 18 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 18 ნოემბერი 2016 11:14 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მაკა გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 32-ე მუხლთან, 35-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №712) მომართა საქართველოს მოქალაქე მაკა გველესიანმა. №712 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2016 წლის 15 იანვარს.
2. №712 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტი ადგენს, რომ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს, ხოლო ხუთ წელზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი − ბაკალავრის დიპლომს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მოსამართლეობის კანდიდატი. ერთ-ერთი ასეთი წინა პირობის თანახმად, აღნიშნულ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“. 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია მოქალაქის უფლება, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს. 32-ე მუხლის მიხედვით, „სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშვრის სტატუსი განისაზღვრება კანონით“. 35-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლებას. 39-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“. 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ „არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.
5. კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა 1991-1995 წლებში უმაღლესი განათლება მიიღო სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებულ „სამართლის და ეკონომიკის ინსტიტუტში“, რომლის დამთავრების შემდეგაც მიენიჭა იურისტისა და ეკონომისტის დიპლომი. მოსარჩელემ 2005 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. 2006 წლის 20 თებრვლიდან დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ, ხოლო 2013 წლის თებერვლიდან გადაყვანილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ, სადაც უფლებამოსილების ვადა ეწურება 2016 წლის 20 თებერვალს.
6. მოსარჩელის განცხადებით, სადავო ნორმები მას შესაძლებლობას ართმევს, ხელახლა წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსზე. გასაჩივრებული რეგულაციების მიხედვით, მოსამართლედ არ შეიძლება აირჩეს ისეთი პირი, რომელსაც არ აქვს იურიდიული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი. მოსარჩელემ უმაღლეს სასწავლებელში გაიარა ოთხწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა, რის გამოც მისთვის მინიჭებული დიპლომი უთანაბრდება ბაკალავრის დიპლომს. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის კანდიდატისთვის დადგენილ ზემოაღნიშნულ მოთხოვნას.
7. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმები ბლანკეტური ხასიათისაა, რადგან მხედველობაში იღებს არა პირის მიერ უმაღლეს სასწავლებელში გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობას, არამედ აღნიშნული პროგრამის გასავლელად განსაზღვრული სასწავლო წლების ოდენობას. მოსარჩელემ ისარგებლა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული განათლების ფორმის თავისუფლად არჩევის უფლებით და უმაღლესი განათლება მიიღო სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებულ ისეთ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ინტენსიური სასწავლო კურსის ხარჯზე, შეძლო იმ საგანმანათლებლო პროგრამის ოთხ წელიწადში გავლა, რომლის დასაძლევადაც სხვა სასწავლებლებში გათვალისწინებული იყო ხუთი სასწავლო წელი.
8. მოსარჩელის განცხადებით, მან მის ხელთ არსებული დიპლომის საფუძველზე 2005 წელს მონაწილეობა მიიღო მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაში, ხოლო 2006 წლიდან განწესდა მოსამართლედ, რამაც კიდევ უფრო გაამყარა აღნიშნული დიპლომის მიმართ კანონიერი ნდობის ხარისხი. სადავო ნორმებით გამოწვეულმა ცვლილებებმა კი ეჭვქვეშ დააყენა მისი, როგორც მოსამართლის კომპეტენტურობა და პროფესიული რეპუტაცია. აღნიშნულის გამო, მიიჩნევს, რომ შეელახა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცული ღირსების უფლება.
9. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმები დისკრიმინაციულია, რადგან არსებითად თანასწორ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ ადგენს უთანასწორო მოპყრობას. იმ პირთა დიპლომი, რომლებმაც აითვისეს არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა, უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს, მაშინ როდესაც იმ პირთა დიპლომი, რომლებმაც ანალოგიური მოცულობის საგანმანათლებლო პროგრამა გაიარეს ოთხწლიანი საგანმანათლებლო კურსის ფარგლებში, გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან.
10. მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე და მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნული გამოცდის შედეგები ცხადყოფს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ესა თუ ის კანდიდატი მოსამართლისთვის საჭირო კომპეტენციის კრირეტიუმს. მისი აზრით, სახელმწიფო თანამდებობის დასაკავებლად მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დაწესება წარმოადგენს პირთა დასაქმების დამაბრკოლებელ გარემოებას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 32-ე მუხლით განმტკიცებულ უფლებებს.
11. მოსარჩელის განცხადებით, სადავო ნორმით განხორციელებული ცვლილება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ვეღარ ახერხებს მოსამართლეთა შესარჩევ კონსკურსში მონაწილეობის მიღებას, თავისი არსით, უტოლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის ისეთ სახეს, როგორიცაა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. შესაბამისად, ხდება მსჯავრდების დაკისრება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის დანაწესს.
12. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე იშველიებს საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
13. მოსარჩელე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება, რადგან სადავო ნორმების მოქმედების პირობებში მოსარჩელე და მის მსგავს სიტუაციაში მყოფი პირები ვერ შეძლებენ, მონაწილეობა მიიღონ მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში. ამგვარად, შესაძლოა, სადავო ნორმამ შეუქცევადად დაარღვიოს მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.
14. მოსარჩელე ასევე ითხოვს საქმის არსებითად განხილვას ზეპირი მოსმენის გარეშე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ №712 კონსტიტუციური სარჩელის განაწილების დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხსენებული სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის კომპეტენციას. შესაბამისად, №712 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას ჰქონდა გადაცემული.
2. 2016 წლის 3 ივნისის „„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (№5161-რს; 03/06/2016, ვებგვერდი, 04/06/2016) საფუძველზე, შეიცვალა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი და აღნიშნული ნორმის ამჟამად მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, მათ შორის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ნორმების კონსტიტუციურობა, №712 კონსტიტუციური სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კომპეტენციას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №712 („საქართველოს მოქალაქე მაკა გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) განსახილველად გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი