დავით ბაბილოძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/1/1 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გია მეფარიშვილი, ავთანდილ აბაშიძე, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 16 ოქტომბერი 1996 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ი. მეფარიშვილი (თავმჯდომარე);
2. ავთანდილ აბაშიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი);
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: თ. გაჩეჩილაძე.
დავის საგანი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის კონსტიტუციურობის საკითხი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი და აქედან გამომდინარე მისი კონსტიტუციური უფლებების დარღვევის საკითხი.
საქმის განხილვის მონაწილენი:
მოქ: დავით ბაბილოძემ შემოიტანა კონსტიტუციური სარჩელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიმართ.
მოსარჩელე დავით ბაბილოძე თვლის, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია და აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციას რის შედეგადაც უხეშად ირღვევა მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები და მოითხოვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ნაწილობრივ (სასარჩელო განცხადების მეორე ნაწილში მითითებული მუხლები) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის მთლიანად არაკონსტიტუციურად ცნობას.
მოსარჩელე დავით ბაბილოძე ძირითადად ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტისა და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებს კანონით დადგენილი წესით“. ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნები დანიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ და არა საქართველოს პრეზიდენტმა. ამასთანავე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონი არ შეესაბამება კონსტიტუციას. ყოველივე ამით ძირითადად იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში მოცემული მისი საარჩევნო უფლებები.
სასამართლო კოლეგიამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით: „საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტების ან მათი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს და სხვა სახელმწიფოთა ფიზიკურ პირებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი“. მოსარჩელე დავით ბაბილოძე თვლის, რომ დარღვეულია მისი კონსტიტუციური უფლებანი და თავისუფლებანი. ამდენად მას კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის უფლება აქვს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში გათვალისწინებული საარჩევნო უფლებანი და თავისუფლებანი დარღვეული არ არის.
ჯერ ერთი, - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნები დაინიშნა საარჩევნო სისტემის დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით. უზენაესი საბჭოს არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო პრინციპების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. მეორე, - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თითოეული მოქალაქისათვის სრულიად უზრუნველყოფილია, როგორც აქტიური ისე პასიური საარჩევნო ხმის უფლება. მესამე, - თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს როგორც ცენტრალური, ასევე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობაში. მეოთხე, - თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს გაწიოს აგიტაცია პარტიის, საარჩევნო ბლოკის, უზენაესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატის, როგორც საწინააღმდეგოდ ისე მხარდასაჭერად. მეხუთე, - თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა არჩევნების კანონიერად ჩატარებასა (მეთვალყურე) და შედეგების განსაზღვრაში.
რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის კონსტიტუციურობის საკითხს, სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ ჯერ ერთი, - საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტით პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებს, მაგრამ აუცილებლად კონონით დადგენილი წესით. ე.ი. უნდა იყოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს პრეზიდენტის მიერ პარლამენტის და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების დანიშვნის წესს. ასეთი კანონი ჯერჯერობით არა გვაქვს. მეორე, - საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში, სადაც ჩამოთვლილია მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებით გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები, არაფერია ნათქვამი პარლამენტის და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების დანიშვნის უფლებაზე. ამიტომ კოლეგიას მიაჩნია, რომ ეს უფლება მიეკუთვნება საქართველოს და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი ერთეულის (ამ შემთხვევაში აჭარის ერთობლივ გამგებლობას. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით ერთობლივ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები ცალკე განისაზღვრება. ჯერჯერობით ეს საკითხებიც არ არის განსაზღვრული. მესამე, - არჩევნების დანიშვნის კონსტიტუციურობის საკითხზე კონსტიტუციური სარჩელი უნდა შემოიტანოს არა მოქალაქემ, არამედ საქართველოს პრეზიდენტმა ან საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთმა მეხუთედმა.
მოსარჩელე დავით ბაბილოძის დანარჩენი მოთხოვნები შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილით: საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, პრეზიდენტის, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებამდე შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ერთ მეხუთედს. ე.ი. ასეთ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს არა მოქალაქეს (ფიზიკურ პირს), არამედ საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს.
საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე იხელმძღვანელა რა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით, სასამართლო კოლეგიამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მოსარჩელე დავით ბაბილოძის კონსტიტუციური სარჩელი არ იქნეს მიღებული კოლეგიაში არსებითად განსახილველად და სამართალწარმოება საქმეზე შეწყდეს;
2. კოლეგიის განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. გ მეფარიშვილი
2. ა. აბაშიძე
3. ლ. ჩორგოლაშვილი
4. ზ. ჯინჯოლავა