ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №3/11/1563 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 4 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 16 ნოემბერი 2022 20:21 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით“ (2020 წლის 23 მაისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1563) მომართა ზაური შერმაზანაშვილმა. №1563 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2021 წლის 8 თებერვალს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 4 ნოემბერს.
2. №1563 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. სადავო ნორმა ადგენს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვის ვალდებულებას, რომლის ფიზიკურ პირთა მიერ დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით 3 000 ლარის ოდენობით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი დაუშვებლად აცხადებს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობასა და არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის, კერძოდ, იგი დაჯარიმებულ იქნა ავტომობილით მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევისათვის. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ჯარიმა გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში და, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად სადავო ნორმატიული აქტი ძალადაკარგულია, მას შესაძლოა, მაინც დაეკისროს პასუხისმგებლობა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი.
6. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმის საფუძველზე, განსაზღვრულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ერთგვაროვანი ზომა ერთმანეთისგან განსხვავებული ქმედებებისათვის, მაგალითისთვის, სადავო რეგულირების საფუძველზე, იდენტურად ისჯება, ერთი მხრივ, კოვიდინფიცირებულის მიერ იზოლაციის წესების დარღვევა, მეორე მხრივ, ავტომანქანით მგზავრთა გადაყვანის წესების დაუცველობა. დასახელებული შემთხვევები ერთმანეთისგან განსხვავებული საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი ქმედებებია, თუმცა ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახე იდენტურია - ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, პასუხისმგებლობის ბლანკეტურად განსაზღვრა გამორიცხავს სასჯელის ინდივიდუალიზაციისა თუ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას. ამდენად, შეუძლებელია, კონკრეტული ქმედებიდან მომდინარე საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალიზება.
7. მოსარჩელის პოზიციით, იმ შემთხვევაში, როდესაც მძღოლს ავტომობილით გადაჰყავს მგზავრები და ყველა მათგანი ატარებს პირბადეს ან როდესაც ავტომობილში მყოფი პირები არიან ოჯახის წევრები ან ნათესავები/ახლობლები, მსგავს შემთხვევებში მათი დაჯარიმება 3 000 ლარის ოდენობით, უნდა ჩაითვალოს არაპროპორციულ სასჯელად. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე ასახელებს ხსენებული სადავო ნორმის 22 განსხვავებულ ნორმატიულ შინაარსს, რომლებიდანაც ყველა მათგანი უკავშირდება ავტომობილით მგზავრთა გადაყვანის დროს მძღოლისა და მგზავრების განსხვავებულ განლაგებას ავტომობილში, ისევე, როგორც მათ პირბადით ან პირბადის გარეშე ავტომობილში ყოფნის განსხვავებულ ვარიაციებს და ცალ-ცალკე ასაჩივრებს მათ. მოსარჩელის პოზიციით, ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის მისაღწევადაც იქნა შემოღებული სადავო შეზღუდვა, უზრუნველყოფილია სხვა არაერთი ღონისძიებით, როგორებიც არის გადაადგილების შეზღუდვა, პირბადის ტარების ვალდებულება და სხვა. შესაბამისად, მისი აზრით, ამგვარ პირობებში კერძო პირის ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის პირის დაჯარიმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს და იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1563 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ზაური შერმაზანაშვილი. 2022 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1563 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1563 კონსტიტუციურ სარჩელზე („ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში