თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის, 57-ე მუხლის პირველი პუნქტის და 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N3/13/1715 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 4 ნოემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 16 ნოემბერი 2022 21:27 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის, 57-ე მუხლის პირველი პუნქტის და 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის, 57-ე მუხლის პირველი პუნქტის და 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 11 ივლისს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1715) მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე - შოთა გეწაძე). №1715 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 13 ივლისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 4 ნოემბერს.
2. №1715 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მერი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს. ამავე კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ მერის პირველ მოადგილეს და მოადგილეს (მოადგილეებს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს უფლებამოსილებები უწყდებათ, მათ შორის, მერის მიერ მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში.
4. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია საჯარო თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება, ისევე, როგორც თანამდებობიდან უსაფუძვლოდ/დაუსაბუთებლად გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიები.
5. №1715 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია საქმე, რომლის თანახმად, სადავო ნორმების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მერის ბრძანებით, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ისე, რომ ბრძანებაში გათავისუფლების რაიმე კონკრეტული მიზეზის არსებობის შესახებ მითითებული არ ყოფილა.
6. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის განმარტებით, მართალია, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მერის მოადგილის თანამდებობა ითვლება პოლიტიკურ თანამდებობად, თუმცა ისიც ფაქტია, რომ აღნიშნული თანამდებობის დაკავება ხდება არა არჩევით, არამედ დანიშვნით. შესაბამისად, აქვს თუ არა მერის მოადგილის თანამდებობას წმინდად პოლიტიკური ხასიათი, უნდა დადგინდეს მის მიერ განსახორციელებელი ფუნქციების გაანალიზების ფონზე.
7. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების ანალიზის საფუძველზე, წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ მერის მოადგილის თანამდებობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური ფუნქციების მატარებელი. მას გააჩნია ადგილობრივ, მუნიციპალურ დონეზე საჭირო ისეთი ფუნქციებიც, რომლებიც უახლოვდება პროფესიულ, ტექნიკურ, ორგანიზაციულ ფუნქციებს და მოითხოვს პროფესიულ კომპეტენციას და სტაბილურობას. წარდგინების ავტორის აზრით, ამგვარი ფუნქციების შემსრულებელი პირი არ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირად. შესაბამისად, იგი დაკავებული თანამდებობიდან ვადაზე ადრე არ უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი დასაბუთებისა და საფუძვლის გარეშე და მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტში მოაზრებული გარანტიები.
8. წარდგინების ავტორის განმარტებით, მართალია, მერს ამა თუ იმ პირის საკუთარ მოადგილედ დანიშვნისას არ მოეთხოვება რაიმეს დასაბუთება და სარგებლობს სრული დისკრეციით, თუმცა ამ შემთხვევაში ხდება პირის უფლებით აღჭურვა. აღნიშნულის საპირისპიროდ, მერის მოადგილის დაკავებული თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება წარმოადგენს უფლებაში ნეგატიურ ჩარევას, რის გამოც, ამგვარი ღონისძიება საჭიროებს უფრო მკაცრ შეფასებას და კონტროლს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგინების ავტორი ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან იმ ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებას, რომლის თანახმად, მერს შეუძლია საკუთარი მოადგილეების ვადაზე ადრე გათავისუფლება ყოველგვარი დასაბუთებისა და რაიმე კონკრეტულ საფუძველზე მითითების გარეშე.
10. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური წარდგინება არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. „წარდგინების ავტორმა უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც, წარდგინების შემტანი სასამართლოს აზრით, ადასტურებენ კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას. ამასთანავე, კონსტიტუციურ წარდგინებაში გამოკვეთილი უნდა იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებას შორის, რომელთან დაკავშირებითაც წარდგინების ავტორი ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის №3/3/1341 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-4). აღნიშნული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კონსტიტუციური წარდგინება მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1715 კონსტიტუციური წარდგინებით, წარდგინების ავტორი სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტისა და 57-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მერი „თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს“. ამავე კოდექსის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, „მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი“. შესაბამისად, სადავო ნორმები არეგულირებენ მერიის თანამდებობის პირების/მერის მოადგილის, როგორც თანამდებობაზე დანიშვნის, ისე თანამდებობიდან გათავისუფლების წესს.
4. №1715 კონსტიტუციურ წარდგინებაში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, წარდგინების ავტორი ითხოვს მერის მოადგილის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების კონსტიტუციურობის შემოწმებას. წარდგინების ავტორი არ დავობს მერიის თანამდებობის პირების, მათ შორის, მერის მოადგილის დანიშვნის წესზე, შესაბამისად, ამ მიმართულებით კონსტიტუციურ წარდგინებაში მსჯელობა არ არის წარმოდგენილი.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1715 კონსტიტუციური წარდგინება, მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის სიტყვების „თანამდებობაზე ნიშნავს ... მერიის თანამდებობის პირებს;“ და ამავე კოდექსის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს ... მერი“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 311 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
6. №1715 კონსტიტუციური წარდგინებით, წარდგინების ავტორი სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც შეეხება მერის მოადგილის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას, ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).
8. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეში მიუთითა, რომ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით დაცულია საჯარო თანამდებობაზე წვდომის სხვადასხვა უფლებრივი კომპონენტები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის №1/1/1673 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ლონდა თოლორაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9-22; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის №1/2/1681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29-32). კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკით, საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, ხოლო საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლებას ამავე პუნქტის მე-2 წინადადება. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება მოიცავს საჯარო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12,13).
9. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი ითხოვს სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის შემოწმებას, რომლის თანახმად, მერის მოადგილის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება ხდება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. შესაბამისად, წინამდებარე წარდგინების ფარგლებში, სადავოდ არ არის გამხდარი მერის მოადგილის დანიშვნის წესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები უნდა შეფასდეს არა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, რომელიც საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას განამტკიცებს, არამედ ამავე ნორმის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, რომელიც იცავს საჯარო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლებას და განსაზღვრავს საჯარო სამსახურიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1715 კონსტიტუციური წარდგინება, სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1715 კონსტიტუციური წარდგინება, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს №1715 კონსტიტუციური წარდგინება მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის სიტყვების „... და თანამდებობიდან ათავისუფლებს ...“, 57-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „... და თანამდებობიდან ათავისუფლებს ...“ და 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს №1715 კონსტიტუციური წარდგინება მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის სიტყვების „თანამდებობაზე ნიშნავს ... მერიის თანამდებობის პირებს;“, 57-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს ... მერი“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის სიტყვების „... და თანამდებობიდან ათავისუფლებს ...“, 57-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „... და თანამდებობიდან ათავისუფლებს ...“ და 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, საქართველოს პარლამენტს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში