ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/7/1735 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 23 დეკემბერი 2022 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 დეკემბერი 2022 15:05 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება ... თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 5 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1735) მომართა ლევან ყანდორელაშვილმა. №1735 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 7 ოქტომბერს. №1735 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 23 დეკემბერს.
2. №1735 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება ... თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. ამასთანავე, დავის საგანია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომლის მიხედვით, კრიმინალიზებულია სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, რომელიც არ განხორციელებულა სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, ხელს არ უშლის/საფრთხეს არ უქმნის მართლმსაჯულების სრულყოფილ და ეფექტიან განხორციელებასა და პროცესის მიმდინარეობას.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი, ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
6. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე, ლევან ყანდორელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის გამამტყუნებელი განაჩენით, დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენის მიხედვით, ლევან ყანდორელაშვილის მიერ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა გამოიხატა 2019 წლის 4 მარტს, დაახლოებით 13:15 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს №3 სხდომის დარბაზში, ბრალდებულების ლევან ყანდორელაშვილისა და გიორგი ჭალელიშვილის ბრალდების საქმეზე მოსამართლის მიერ ამ უკანასკნელთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების პროცესში, ლევან ყანდორელაშვილის მიერ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე მხარისთვის, კერძოდ, პროკურორ ლევან ჟორჟოლაძისთვის ღირსების შეურაცხმყოფელი და უწმაწური სიტყვებითა და ხელების შესაბამისი ჟესტიკულაციით მიმართვაში.
7. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულობის სტანდარტებს. ამასთანავე, სასამართლოს „უპატივცემულობა“ წარმოადგენს ფართო ცნებას, რომლითაც კრიმინალიზებულია სასამართლოსადმი „უპატივცემულო“ ქცევის კონკრეტული ფორმა - შეურაცხყოფა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ უპატივცემულობად შესაძლოა აღიქმებოდეს, მათ შორის, სასამართლო დარბაზში შეუსაბამო ტანისამოსით გამოცხადება, ელექტრომოწყობილობების გამოყენება, სხდომის მიმდინარეობისას ხმაური, ემოციების განმჟღავნება, ტაშის დაკვრა და ა. შ., თუმცა ამგვარი ქმედებები არ წარმოადგენს სისხლის სამართლის ობიექტს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით კრიმინალიზებულია „უპატივცემულო“ ქმედებების ნუსხიდან კონკრეტული ფორმა - „შეურაცხყოფა“. შესაბამისად, განუჭვრეტელია, თუ კონკრეტულად რა ტიპის ქმედება მოიაზრება „შეურაცხყოფის“ ქვეშ. მოსარჩელის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქმედების შეურაცხყოფად აღქმა სუბიექტური გარემოებაა, არ არსებობს საფუძველი, რომლის მიხედვით, პირს შეუძლია იხელმძღვანელოს კონკრეტული ქმედების განხორციელებამდე. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გამორიცხული არ არის პროკურატურის მიერ ნორმის იმგვარი განმარტების შესაძლებლობა, რომლის თანახმად, ზემოხსენებული ქმედებები (ტაშის დაკვრა და ა. შ.), მათ შორის, პროცესის მონაწილის შეფასება ისეთი სიტყვებით, როგორიცაა „არაკომპეტენტური“ და „უცოდინარი“, დაკვალიფიცირდეს შეურაცხყოფად.
8. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვები „სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“ თავის თავში მოიაზრებს მართლმსაჯულების სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებასა და სასამართლო სხდომის ჩატარების უზრუნველყოფას. ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის საჭირო უპირველესი საფეხურები კი მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობაა. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება, რომელსაც საფრთხე ექმნება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხზე გავლენის მოხდენით. იმავდროულად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვა დასრულებული იყო და მის მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის ფაქტს ხელი არ შეუშლია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის. შესაბამისად, მისი არგუმენტაციით, ის ლეგიტიმური მიზანი, რომელსაც გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვის საფუძვლად თავად კონსტიტუცია მიუთითებს, სახეზე არ იყო და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას, მოსამართლის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას ან, ზოგადად, სასამართლოს ავტორიტეტს არ შეჰქმნია საფრთხე.
9. ამასთან დაკავშირებით, მოსარჩელე დამატებით განმარტავს, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი გახდა მის მიერ სამართალწარმოების მონაწილის კომპეტენციის შეფასება, შესაბამისად, დაკავების საფუძველი იყო არა ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლისგან თავის არიდება ან მოსამართლის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში ჩარევის პრევენცია, არამედ იმ „დამატებითი ობიექტის“ დაცვა, რომელსაც წარმოადგენს პროცესის მონაწილის (ამ შემთხვევაში პროკურორის) პატივი და ღირსება ან/და, ზოგადად, სასამართლო სისტემის ავტორიტეტის/რეპუტაციის დაცვა.
10. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასამართლოს ავტორიტეტისა და მართლმსაჯულების პროცესის დასაცავად, სასამართლო სხდომათა დარბაზში ან/და სასამართლოს შენობაში, სასამართლოსადმი უპატივცემულო (მათ შორის, შეურაცხმყოფელი) გამოხატვის შეზღუდვა, ზოგადი თვალსაზრისით, აუცილებელია, თუმცა ქმედებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრების მწვავე სოციალური საჭიროება არ არსებობს. იგი მიუთითებს, რომ ქმედება, მისგან მომდინარე საფრთხეების ინტენსივობისა და პოტენციურად დაზარალებული სამართლებრივი სიკეთეების გათვალისწინებით, არ არის ისეთი ბუნების, რომელიც საჭიროებს პირის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ამგვარ ჩარევას. მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი) და მათში ინკორპორირებული ბერკეტები, რომლებიც ადმინისტრაციულ ხასიათს ატარებს, უმრავლეს შემთხვევაში, საკმარისია არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს სასამართლოს ავტორიტეტისა და მართლმსაჯულების პროცესის ეფექტიანი მიმდინარეობის დაცვა წარმოადგენს, ზემოაღნიშნული ბერკეტების საფუძველზე, მოსამართლეს შეუძლია მყისიერად განმუხტოს სიტუაცია, განარიდოს წესრიგის დამრღვევი (სანქციის სახით შეუფარდოს, მათ შორის, ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღემდე ვადით, განმეორებით შემთხვევაში კი - 60 დღემდე ვადით) და ამით უზრუნველყოს ლეგიტიმური მიზნის დაცვა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმასთან დაკავშირებით არ არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რაც ცხადყოფს, რომ საკუთრივ, მოსამართლეების მიერ უფრო ეფექტიანად გამოყენებადი საშუალებები სწორედ საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული ბერკეტებია.
11. ამრიგად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვით, კრიმინალიზებულია სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, რომელიც არ განხორციელებულა სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, ხელს არ უშლის/საფრთხეს არ უქმნის მართლმსაჯულების სრულყოფილ და ეფექტიან განხორციელებასა და პროცესის მიმდინარეობას.
12. მოსარჩელისთვის ასევე პრობლემურია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება ... თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა აწესებს ზედმეტად მკაცრ სასჯელს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, რომლის მიხედვით, „დაუშვებელია ... არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
13. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე.
14. №1735 კონსტიტუციურ სარჩელში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების შედეგად მას ადგება მნიშვნელოვანი ზიანი. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის განაჩენით, მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. სადავო ნორმა წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმას, შესაბამისად, მისი მოქმედება პირდაპირ კავშირშია პოტენციურ შედეგთან.
15. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ნორმის მოქმედების შედეგად მისი უფლება დაირღვევა შეუქცევადად. კერძოდ, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი, მას არ ექნება შესაძლებლობა, სრულყოფილად აღიდგინოს დარღვეული უფლება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს კონსტიტუციურ სარჩელს, მოსარჩელემ შესაძლოა მაინც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი გაატაროს პატიმრობაში. ამავდროულად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო წესების მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, გახდეს პირის გათავისუფლების საფუძველი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი იქნება იმდენად მაღალი ინტენსივობის, რომ უფლების დარღვევას აქცევს შეუქცევადად. გარდა ამისა, მხოლოდ გათავისუფლება ვერ იქნება უფლებრივი მდგომარეობის აღდგენის გარანტი, ვინაიდან თავისუფლება, როგორც აუწონადი ღირებულება, რაიმე სახით ანაზღაურებას არ ექვემდებარება. ამასთანავე, მოსარჩელის მოსაზრებით, ზიანის ანაზღაურების მექანიზმი თავისუფლების უფლების დარღვევის შემთხვევაში მიემართება არა პირის უფლების აღდგენას, არამედ კომპენსაციის სახით მისთვის გარკვეული კეთილდღეობის შექმნას იმ ტანჯვისთვის, რაც თავისუფლების უფლების დარღვევას ახლდა თან. სწორედ ამიტომ კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა ვერ უზრუნველყოფს იმ ზიანის სრულყოფილად ანაზღაურებას, რაც მოსარჩელეს მიადგება თავისუფლების აღკვეთის გახანგრძლივების შედეგად. ზიანის ანაზღაურება კონკრეტული საფასურით მხოლოდ მაშინ აღადგენს პირვანდელ მდგომარეობას, როდესაც თავდაპირველი ზიანიც ეკონომიკური ხასიათის იყო.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, არსებობს მისი თავისუფლების უფლების შეუქცევადი დარღვევის რეალური საფრთხე, რაც მას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არსებობს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების კანონისმიერი საფუძვლები.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1735 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელისთვის, მათ შორის, პრობლემურია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება ... თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა აწესებს ზედმეტად მკაცრ სასჯელს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, რომლის მიხედვით, „დაუშვებელია ... არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, კანონმდებელს გააჩნია ფართო მიხედულების ფარგლები სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის განსაზღვრის და კონკრეტული ქმედებისათვის სასჯელის ზომის დადგენის თვალსაზრისით. „... სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება კანონით კონკრეტული ქმედებების რეგულირება, აკრძალვა და ასეთი საყოველთაო წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომების გამოყენება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32). სახელმწიფოს პოლიტიკის სფეროა „... რომელი ქმედების კრიმინალიზაციას მოახდენს და როგორ სასჯელს დააწესებს კონკრეტული ქმედების ჩადენისთვის, რადგან სწორედ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ეფექტური შესაძლებლობა, ებრძოლოს კონკრეტული ქმედებებიდან მომდინარე საფრთხეებს და მათი სიმძიმის, სერიოზულობის გათვალისწინებით მოახდინოს მათი კრიმინალიზაცია. ამასთან, შეარჩიოს პასუხისმგებლობის ის ზომა, რომელიც საკმარისი და ეფექტური იქნება ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებთან საბრძოლველად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33). მიუხედავად სისხლის სამართლის პოლიტიკის სფეროში სახელმწიფოს მიხედულების ფართო ფარგლებისა, კანონმდებლის უფლებამოსილება სასჯელის ზომის განსაზღვრისას არ არის აბსოლუტური და ზღვარდადებულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით. შესაბამისად, კონკრეტული უმართლობისათვის სანქციის განსაზღვრისას კანონმდებელი ვალდებულია, მოქმედებდეს პროპორციულობის კონსტიტუციური პრინციპის დაცვით. საკანონმდებლო ორგანოს მიერ განსაზღვრული სანქცია, ერთი მხრივ, უნდა წარმოადგენდეს ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ქმედით საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, არ უნდა იწვევდეს ადამიანის ძირითად უფლებებში გადამეტებულ, არაპროპორციულ ჩარევას.
4. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, კონკრეტული უმართლობისათვის განსაზღვრული სანქციის ზომა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი შესაძლებელია გახდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც სასჯელის ზომა აშკარად არაგონივრული და არაპროპორციულია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „უფლებამოსილია შეაფასოს იმ სასჯელთა კონსტიტუციურობა, რომელთა არაადეკვატურობის, არაპროპორციულობის დონე მნიშვნელოვან ხარისხს აღწევს, დისბალანსი მკაფიოდ, მკვეთრად გამოხატულია. რადგან ასეთ შემთხვევაში სასჯელი სცდება თავის მიზნებს და გაუმართლებლად ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34). აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის ზომა იმდენად არაპროპორციულია ქმედების უმართლობის ხარისხთან, პოტენციურ საფრთხეებთან და აღნიშნული ქმედებით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებთან მიმართებით, რომ ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებში გაუმართლებელ ჩარევას განაპირობებს. შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლო მხოლოდ იმას შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმით განსაზღვრული სასჯელი აშკარად არაპროპორციული იმ ხარისხით, რომ ის მიჩნეულ იქნეს ღირსების შემლახველ, არაადამიანურ ან სასტიკ სასჯელად საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის გაგებით.
5. სადავო მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ზომის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართების დასადგენად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, გარკვეულ იქნეს იმ შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი, რომლის მიღწევასაც კანონმდებელი ცდილობს ქმედების დასჯადობის დაწესებით. ამასთან, „აუცილებელია, რომ დაწესებული სანქცია არ იყოს დასახული მიზნის მიღწევის აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული ზომა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის №2/1/516 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში და ვახტანგ ხმალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
6. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დანაშაულებრივი ქმედებისთვის. კერძოდ, სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. მოსარჩელე სადავოდ ხდის ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მოცემულია სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამის თავში. დასახელებული სადავო ნორმით კრიმინალიზებული ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება შესაძლოა ემსახურებოდეს სასამართლოს ავტორიტეტის დაცვასა და მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის პრევენციას. თავის მხრივ, ზემოხსენებული საჯარო მიზნები იმ მნიშვნელოვან კონსტიტუციურ სიკეთეებს წარმოადგენს, რომლის დაცვის მოტივითაც კანონმდებელი უფლებამოსილია, განსაზღვროს შესაბამისი დანაშაულის შემადგენლობა და აღნიშნული უმართლობისათვის სასჯელის შესაბამისი ზომა. ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელი prima facie, ვერ ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულად და, ამის გამო, არაადამიანურ ან დამამცირებელ სასჯელად საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის გაგებით.
7. ამასთანავე, მოსარჩელეს კონსტიტუციურ სარჩელში არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდეს სადავო სასჯელის არაპროპორციულობაში, რის გამოც იგი მიიჩნეოდა არაადამიანურ ან დამამცირებელ სასჯელად საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის გაგებით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, №1735 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება ... თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
8. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1735 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება ... თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1735 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
10. ამასთანავე, №1735 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
11. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის გარდაუვალი საფრთხე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას. ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31-35).
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმატიულ აქტს შეუძლია თუ არა რომელიმე მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა ისევე, როგორც, თუ რას წარმოადგენს „გამოუსწორებელი შედეგი“, უნდა დადგინდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის №1/2/696 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
14. ამრიგად, განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად დასაბუთებულია მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. კერძოდ, მოსარჩელეს, სადავო ნორმათა მოქმედების პირობებში, რამდენად ადგება გამოუსწორებელი ზიანი. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმების მოქმედების შეუჩერებლობის შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთის ვადის განმავლობაში მის თავისუფლების უფლებას ადგება შეუქცევადი და გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, არ დაექვემდებარება აღდგენას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მხოლოდ გათავისუფლება ვერ იქნება უფლებრივი მდგომარეობის აღდგენის გარანტი, ვინაიდან თავისუფლება, როგორც აუწონადი ღირებულება, რაიმე სახით ანაზღაურებას არ ექვემდებარება. ამასთანავე, მოსარჩელის მოსაზრებით, ზიანის ანაზღაურების მექანიზმი თავისუფლების უფლების დარღვევის შემთხვევაში მიემართება არა პირის უფლების აღდგენას, არამედ კომპენსაციის სახით მისთვის გარკვეული კეთილდღეობის შექმნას იმ ტანჯვისთვის, რაც თავისუფლების უფლების დარღვევას ახლდა თან. სწორედ ამიტომ კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა ვერ უზრუნველყოფს იმ ზიანის სრულყოფილად ანაზღაურებას, რაც მოსარჩელეს მიადგება თავისუფლების აღკვეთის გახანგრძლივების შედეგად. ზიანის ანაზღაურება კონკრეტული საფასურით მხოლოდ მაშინ აღადგენს პირვანდელ მდგომარეობას, როდესაც თავდაპირველი ზიანიც ეკონომიკური ხასიათის იყო.
15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ... არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადახედვა, მათ შორის, დანიშნული სასჯელის ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, „მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ მოსარჩელეს შესაძლოა სასჯელის სახედ დაეკისროს თავისუფლების აღკვეთა სადავო ნორმის საფუძველზე, ვერ გამოდგება მისგან მომდინარე გამოუსწორებელი შედეგის დადგომის დასასაბუთებლად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1/17/882 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
16. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელის მიმართ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხის გარდა, მხედველობაში იღებს ნორმის მოქმედების შეჩერების შედეგად სხვათა უფლებებისა და საჯარო ინტერესების დარღვევის რისკებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 თებერვლის №2/1/1311 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი, რობერტ ხახალევი და დავით ზილფიმიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-29). განსახილველ საქმეში სადავო ნორმა დანაშაულად აცხადებს სასამართლოს უპატივცემულობას, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით. დასახელებული ნორმით კრიმინალიზებული ქმედებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება ემსახურება მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის პრევენციას. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში შეჩერდება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფაში გამოხატული სასამართლოს უპატივცემულობისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების სამართლებრივი საფუძველი და, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელებას. მართლმსაჯულების განხორციელებას დემოკრატიულ საზოგადოებაში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელების ხელშეშლამ შესაძლოა, დააზიანოს როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესები.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის სათანადოდ დასაბუთებული სადავო ნორმის მოქმედებით მოსარჩელისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე. ასევე, სადავო ნორმის შეჩერებით, იკვეთება მნიშვნელოვანი კერძო და საჯარო ინტერესების დაზიანების ალბათობა. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1735 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1735 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ისჯება ... თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე