მოსარჩელე ალექსანდრე ბროკიშვილი და მოქალაქეთა ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/3/217 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 13 თებერვალი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია
საქმის დასახელება: მოსარჩელე ალექსანდრე ბროკიშვილი და მოქალაქეთა ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს პრეზიდენტის 1991 წლის 26 აგვისტოს ბრძანებულების “საქართველოს კომუნისტური პარტიის შესახებ” და საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 26 აგვისტოს დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და 26-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: ადვოკატები ალექსანდრე ბროკიშვილი და ხათუნა სალუქვაძე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 13 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №217) მომართა მოსარჩელელ ალექსანდრე ბროკიშვილმა და მოქალაქეთა ჯგუფმა. თავმჯდომარის რეზოლუციით კოლეგიას საქმე გადმოეცა 20 იანვარს.
სარჩელის თანახმად დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 1991 წლის 26 აგვისტოს ბრძანებულების “საქართველოს კომუნისტური პარტიის შესახებ” და საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 26 აგვისტოს დადგენილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და 26-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
მოსარჩელეები მოითხოვენ ზემოაღნიშნული სადავო აქტები ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ე” პუნქტი, 31-ე მუხლი, 33-ე მუხლის პირველი პუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ 1991 წლის 26 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს კომუნისტური პარტიის საქმიანობა შეჩერებული იქნა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, იმ მოტივით, რომ მისი არსებობა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ორგანულ კანონს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ”.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო აქტები შეეხო არამარტო საქართველოს კომუნისტურ პარტიას, არამედ საქართველოს ახალგაზრდა კომუნისტურ კავშირსაც, რითაც უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მათი აზრით, შეილახა –კომუნისტებისა და კომკავშირლები საზოგადოებრივ გაერთიანებათა შექმნისა და მათი გაერთიანების, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებები, პატივი და ღირსება, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლითა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით, ასევე სხვა საერთაშორისო აქტებით. ამის გარდა სადავო ნორმატიულმა აქტებმა უხეშად დაარღვია 1991 წლის 10 აგვისტოს საქართველოს ორგანული კანონი “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ”.
მოსარჩელეები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ კომუნისტური პარტიისა და კომკავშირის პირველადი რაიონული, საქალაქო, საოლქო და ცენტრალური კომიტეტის უძრავ-მოძრავი ქონება აშენებულია და შეძენილია საქართველოს კომუნისტური პარტიის და კომკავშირის წევრების საწევრო ანარიცხებით, საგამომცემლო და სხვა საქმიანობიდან შემოსული თანხებით.
საქართველოს ბანკებში არსებული ფულადი სახსრებიც ამავე გზით იქნა დაგროვილი, რაც დადასტურებულია საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის 1990 წლის ბიუჯეტით. ამის გამო მათი ნაციონალიზაცია და სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადება მოსარჩელეთა აზრით, უკანონო და ანტიკოსნტიტუციურია, ვინაიდან კომუნისტური პარტიისა და კომკავშირის მრავალათასიანმა კოლექტივმა დიდი მატერიალური და მორალური ზიანი განიცადა.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორებს, ასევე არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ, საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 26 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე, საქართველოს უზენაეს საბჭოში ხალხის მიერ არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატთა 1,3-ის 70-მდე კომუნისტ-დეპუტატების უფლებამოსილების შეჩერება და შემდგომ შეწყვეტა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ, სარჩელში წარმოდგენილი სადავო აქტების არაკონსტიტუციურად ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ, სამის განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელისა და მასზე თანდართული დოკუმენტების, ასევე სათანადო გარემოებების გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია შემდეგი გარემოებანი:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 28/01/2003 წლის №01/23/12/399 წერილიდან ირკვევა, რომ იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებულია სამი კომუნისტური პარტია. მათ შორის დღესაც მოქმედებს “საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია” რომლის წევრებსაც მოსარჩელეები წარმოადგენენ.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს “საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა პოლიტიკური გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უშუალოდ არ დარღვევია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება.
2. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხს იხილავს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული სუბიექტების სარჩელის საფუძველზე. კერძოდ, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: “მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს”.
მოსარჩელეებს კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილი აქვთ, როგორც მოქალაქეებს, (ფიზიკურ პირებს) და ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნის შესაბამისად, მათ ამისი უფლებამოსილება, არ გააჩნიათ.
“საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად: “კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ:
ბ) შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ”.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია კანონის მოთხოვნათა დაუცველად, რადგანაც ის შემოტანილი არ არის უფლებამოსილი პირის, (სუბიექტის) მიერ.
3. მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებენ, რომ სადავო აქტებით შეილახა კომუნისტებისა და კომკავშირლებისა საზოგადოებრივ გაერთიანებათა საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებები. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეებმა ვერც კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტებით და ვერც -0განმწესრიგებელ სხდომაზე, ვერ შესძლეს იმის დასაბუთება, თუ როგორ იქნა დარღვეული სადავო აქტებით, მათთვის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებული საკუთრების უფლება.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ მაშინ აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება, როდესაც დარღვეულია ან უშუალოდ შესაძლებელია დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. ეს ნორმა გამორიცხავს პირის უფლებას, იდავოს სხვა პირის უფლების დარღვევის შემთხვევაში.
4. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ 1997 წლის 3 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას მიღებული ავქს №1/17/34 განჩინება, სადაც დავის საგანს წარმოადგენდა ის ნორმატიული აქტები, როლებიც ამ სარჩელში არის წარმოდგენილი. აღნიშნული განჩინებით სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო საქმე, რადგან კანონის სხვა მოთხოვნებთან ერთად დარღვეული იყო სუბიექტის უფლებამოსილების საკითხი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიუღებლობა გამორიცხავს იმავე საგანზე იმავე საფუძვლით განმეორებით ან სხვა კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებას.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ შეიძლება მიღებულ იქნეს, რადგანაც არ აკმაყოფილებს მისი მიღებისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 035-ე მუხლის პირველი პუნქტით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-5, მე-8 და მე-9 პუნქტებით, “საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, მე-18 მუხლის “ბ” ქვეპუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოსარჩელეების, ალექსანდრე ბროკიშვილისა და მოქალაქეთა ჯგუფის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 26 აგვისტოს ბრძანებულების “საქართველოს კომუნისტური პარტიის შესახებ” და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 26 აგვისტოს დადგენილების “1991 წლის 19-21 აგვისტოს სსრ კავშირში მიმდინარე მოვლენების დროს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის კპ საოლქო კომიტეტისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა გაუქმებული საბჭოს თვითმარქვია აღმასრულებელი კომიტეტის მოქმედებათა შესახებ” კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 26-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ოთარ ბენიძე
2. ლამარა ჩორგოლაშვილი
3. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა