შპს „სანაპირო-საინვესტიციო ჯგუფი“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/4/1766 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 1 მარტი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 15 მარტი 2024 16:04 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: „შპს სანაპირო-საინვესტიციო ჯგუფი“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ.
დავის საგანი: „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების №2 დანართით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის (2023 წლის 22 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის პირველ თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1766) მომართა „შპს სანაპირო-საინვესტიციო ჯგუფმა“. №1766 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2023 წლის 3 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის პირველ მარტს.
2. №1766 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების №2 დანართით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის (2023 წლის 22 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, „თემატურ რუკაზე მონიშნულ „A1“ ტერიტორიაზე განვითარება დასაშვებია ერთიანი ხედვის ფარგლებში დამუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მე-19 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და უზრუნველყოფილია საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება.
5. №1766 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის საკუთრებაშია ქალაქ თბილისში, ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, რომლებსაც აქტიურად იყენებს ეკონომიკური საქმიანობისთვის. მოსარჩელე მხარის მითითებით, აღნიშნული საკუთრება საჭიროებს ინფრასტრუქტურის განახლებას და იერსახის მიცემას, რაც შესაძლებელს გახდის მისი კუთვნილი ბიზნესობიექტის ეკონომიკურ განვითარებას. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმით დადგენილი სპეციალური პირობა, კერძოდ კი – „A1“ ტერიტორიაზე „ერთიანი ხედვის ფარგლებში დამუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად“ სამშენებლო განვითარების მოთხოვნა, მას ართმევს შესაძლებლობას, ინფრასტრუქტურულად განაახლოს თავის კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები.
6. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კანონმდებლობით, არ არის განმარტებული, რას გულისხმობს სადავო ნორმაში გამოყენებული ტერმინი „ერთიანი ხედვა“, რომლის ფარგლებში დამუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად, შესაძლოა, მოხდეს ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის განვითარება. მეტიც, აღნიშნული ტერმინი იმდენად ბუნდოვანია, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდანაც ვერ ხდება მისი განმარტება. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, სწორედ „ერთიანი ხედვის“ პრაქტიკაში არარსებობა და მისი ბუნდოვანი ხასიათი განაპირობებს იმ მოცემულობას, რომ მას არ ეძლევა საკუთრებაში არსებული ობიექტის ინფრასტრუქტურული განვითარების შესაძლებლობა.
7. მოსარჩელის განმარტებით, ერთიანი ხედვის ფარგლებში შემუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმა, ერთი მხრივ, შესაძლოა, იყოს ელიავას ბაზრობის ტერიტორიის არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებთან შეთანხმებული გეგმის პროექტი, რომლის შემუშავებაც პრაქტიკულად შეუძლებელია თავად მესაკუთრეთა სიმრავლისა და ბიზნესობიექტების არაერთგვაროვნების გათვალისწინებით, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული ტერმინი შესაძლოა, გულისხმობდეს რომელიმე სახელმწიფო უწყების მიერ, ერთპიროვნულად, მოსარჩელის მონაწილეობის გარეშე შემუშავებულ ერთიან კონცეფციას, რომელიც მესაკუთრეს უზღუდავს მის პირად საკუთრებაში არსებული ობიექტის საკუთარი შეხედულებით განვითარების უფლებას.
8. დამატებით, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მის საკუთრებაში არსებული ტერიტორია არ ეკუთვნის ე.წ. „ელიავას ბაზრობას“ და წარმოადგენს თვისობრივად განსხვავებული იერსახის ობიექტებისაგან შემდგარ კომპლექსს. მისი ინიციატივით განხორციელებული საექსპერტო კვლევების თანახმად კი, ამ ტერიტორიის მოქცევა განაშენიანების რეგულირების გეგმის „A1“ არეალში მიზანშეუწონელია, როგორც ქალაქგეგმარებითი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით.
9. მოსარჩელის განცხადებით, არსებული სადავო მოწესრიგების პირობებში, მას არა მხოლოდ ერთმევა საკუთარი ობიექტების ინფრასტრუქტურული განვითარების შესაძლებლობა, არამედ ამ ობიექტების ეკონომიკური ღირებულება ყოველდღიურად დრამატულად მცირდება და უფასურდება, რითაც ეს შემთხვევა ემსგავსება ექსპროპრიაციას სამართლიანი ანაზღაურების გარეშე, იმ განსხვავებით, რომ გაუფასურებული ქონება კვლავაც რჩება მის საკუთრებაში.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით და მე-19 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №1766 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების №2 დანართით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის (2023 წლის 22 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით და მე-19 მუხლის პირველ პუნქტით დადგენილ უფლებებთან მიმართებით.
3. „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების №2 დანართით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის (2023 წლის 22 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებისათვის დადგენილია სპეციალური პირობა. კერძოდ, სადავო ნორმის თანახმად, თემატურ რუკაზე მონიშნულ „A1“ ტერიტორიაზე განვითარება დასაშვებია ერთიანი ხედვის ფარგლებში დამუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ბუნდოვანია, რას გულისხმობს სადავო ნორმაში გამოყენებული ტერმინი „ერთიანი ხედვა“, რის გამოც იგი მოკლებულია შესაძლებლობას, მოიპოვოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განვითარებისთვის შესაბამისი ნებართვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისაგან. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული მოწესრიგება წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებითა და მე-19 მუხლის პირველ პუნქტით დადგენილ უფლებებთან.
4. №1766 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილება. „„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 ნოემბრის №32-88 დადგენილების პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სადავო რეგულაცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ, განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სადავო ნორმა, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 22 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) დადგენილი წესი, რომელიც თემატურ რუკაზე მონიშნულ „A1“ ტერიტორიაზე განვითარებას დასაშვებად მიიჩნევდა ერთიანი ხედვის ფარგლებში დამუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად, გაუქმდა. ამჟამად მოქმედი 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „თემატურ რუკაზე მონიშნულ „A“ არეალზე განვითარება დასაშვებია მხოლოდ განაშენიანების რეგულირების გეგმების შესაბამისად, გზათა ქსელის გათვალისწინებით; ასევე, დასაშვებია დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში დემონტაჟის განხორციელების პირობით“.
5. მაშასადამე, გასაჩივრებული ნორმის დღეს მოქმედი რედაქცია აღარ ითვალისწინებს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ სადავო ნორმატიულ მოწესრიგებას და მის მიერ ბუნდოვნად მიჩნეულ ტერმინს, რომლის თანახმადაც, თემატურ რუკაზე მონიშნულ „A1“ ტერიტორიაზე განვითარება დასაშვები იყო მხოლოდ „ერთიანი ხედვის ფარგლებში“ დამუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად. ამგვარად, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სადავო ნორმა ძალადაკარგულია. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ სადავო ნორმამ ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში №1766 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, კონსტიტუციური სარჩელის „არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის გაუქმება a priori არ უნდა იწვევდეს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე„ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10). ამდენად, სადავო ნორმის ძალადაკარგულობის პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სამართალწარმოებას გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არსებობს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოსარჩელე მხარის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი მოქმედი ნორმა, რაც განაპირობებს მის ინტერესს სამართალწარმოების გაგრძელებაზე. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, ერთი მხრივ, რამდენად არსებობს მოქმედ კანონმდებლობაში მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი და შემდგომში ძალადაკარგული ნორმის არსებითად მსგავსი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც იწვევს მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებებით გარანტირებული ძირითადი უფლებების შეზღუდვას, ხოლო, მეორე მხრივ, ის საკანონმდებლო სივრცე, რომელშიც მოქმედი ნორმები განაგრძობენ არსებობას.
7. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელის პრობლემა მდგომარეობდა სადავო ნორმით განმტკიცებულ, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებისთვის დადგენილ წინაპირობაში, რომლის თანახმადაც, თემატურ რუკაზე მონიშნულ „A1“ ტერიტორიაზე განვითარება დასაშვები იყო ერთიანი ხედვის ფარგლებში დამუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ბუნდოვანი ტერმინით დადგენილი მოწესრიგება წარმოადგენდა მესაკუთრის ბარიერს საკუთარი უძრავი ქონების განვითარებისთვის დედაქალაქის მერიისგან ნებართვის მისაღებად. გასათვალისწინებელია, რომ სადავო ნორმა და შესაბამის სექტორში დღეს მოქმედი კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებისთვის იმ წინაპირობას, რომლითაც განაშენიანების რეგულირების გეგმა ერთიანი ხედვის ფარგლებში უნდა ყოფილიყო შემუშავებული. ამასთან საყურადღებოა, რომ მოსარჩელე მხარე განსახილველ საქმეზე მხოლოდ ტერმინ „ერთიანი ხედვის“ ბუნდოვანებაზე მიუთითებდა და „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის (2023 წლის 22 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) სხვა რაიმე ნორმატიულ შინაარსს არ ხდიდა სადავოდ.
8. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ №1766 კონსტიტუციური სარჩელში იდენტიფიცირებული სადავო ნორმა, ერთი მხრივ, ძალადაკარგულია საქმის არსებითად განსახილველად მიღებამდე, ხოლო, მეორე მხრივ, გასაჩივრებული ნორმის მოქმედი რედაქცია აღარ ითვალისწინებს იმ სადავო ნორმატიულ დანაწესს, რომელზეც მოსარჩელე აფუძნებდა საკუთარ პრობლემას და არგუმენტაციას. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს სადავო ნორმის ის მოქმედი რედაქცია, რომელიც გაიმეორებს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავს შინაარსს, რაც განაპირობებდა მოსარჩელის ინტერესს სამართალწარმოების გაგრძელებაზე. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით ინტერესის დაფიქსირება რელევანტური არ არის, რაც ერთმნიშვნელოვნად იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ №1766 კონსტიტუციურ სარჩელზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1766 კონსტიტუციური სარჩელზე („„შპს სანაპირო-საინვესტიციო ჯგუფი“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში