• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 4 ივნისის №1/9/1856 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „ჯაბა კრედიტის დაზარალებულ კრედიტორთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

ა(ა)იპ „ჯაბა კრედიტის დაზარალებულ კრედიტორთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N1/9/1856
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი,
თარიღი 4 ივნისი 2025
გამოქვეყნების თარიღი 9 ივნისი 2025 12:57

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ევა გოცირიძე - წევრი;

გიორგი თევდორაშვილი - წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: ა(ა)იპ „ჯაბა კრედიტის დაზარალებულ კრედიტორთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილისა და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 34-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1856) მომართა ა(ა)იპ „ჯაბა კრედიტის დაზარალებულთა ასოციაციამ“. №1856 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 28 მარტს. №1856 კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 4 ივნისს.

2. №1856 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. ამავე კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული გარჩევა უფრო მიზანშეწონილია.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ „კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე“.

5. №1856 კონსტიტუციური სარჩელში აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ - „ჯაბა კრედიტის დაზარალებულ კრედიტორთა ასოციაცია“ არის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი არაკომერციული იურიდიული პირი, რომლის საწესდებო მიზანია შპს „ჯაბა კრედიტის“ და მასთან დაკავშირებული სხვა იურიდიული და ფიზიკური პირების საქმიანობის შედეგად დაზარალებული პირების მიერ განცდილი მატერიალური ზარალის შესაბამისი კომპენსაციის მიღების ხელშეწყობა. კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების თანახმად, 2015-2019 წლებში გარკვეულმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა შპს „ჯაბა კრედიტში“ და შპს „გრანდ ფინანსში“ შეიტანეს დიდი ოდენობით ფულადი თანხა, რომელიც შპს „ჯაბა კრედიტის“ დამფუძნებლებმა და ხელმძღვანელებმა უკანონოდ მიითვისეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით. ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმისწარმოება, რომელიც დასრულდა შპს „ჯაბა კრედიტის“ დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელების მსჯავრდებით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მითითებით, დაზარალებულად ცნობილი მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალი არავის აუნაზღაურებია და დავა უნდა გაგრძელდეს სასამართლოში სამოქალაქო წესით. დაზარალებულმა მოქალაქეებმა და იურიდიულმა პირებმა თავიანთი მოთხოვნები დაუთმეს კონსტიტუციური სარჩელის ავტორს, ა(ა)იპ - „ჯაბა კრედიტის დაზარალებულ კრედიტორთა ასოციაციას“, რომელსაც გააჩნია ფულადი მოთხოვნა შპს „ჯაბა კრედიტის“, შპს „გრანდ ფინანსის“, ბაქარ ბოლოთაშვილის, ზანდა გოგოლაძისა და სხვათა მიმართ, რომელთაც მიითვისეს მოქალაქეთა კუთვნილი თანხები.

6. კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელისთვის პრობლემურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც, ერთი მხრივ, მოსამართლეს აძლევს შესაძლებლობას, მოსთხოვოს მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურზე მეტი ოდენობით, ხოლო, მეორე მხრივ, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოსამართლეს აძლევს შესაძლებლობას, გაერთიანებული მოთხოვნებიდან ერთი ან რამდენიმე მოთხოვნის ცალკე წარმოებად გამოყოფისას, მოსთხოვოს მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა ყველა განცალკევებულ მოთხოვნაზე ინდივიდუალურად, როცა სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება, სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია და გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.

7. კონსტიტუციური სარჩელითა და თანდართული მასალების მიხედვით, დგინდება, რომ სასარჩელო მოთხოვნა წარმოიშვა 78 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებიდან. მოსარჩელის განმარტებით, იგი დღეს წარმოადგენს ერთიან/გაერთიანებულ 1 მოთხოვნას და თანხების დაკისრებაც მოთხოვნილი იყო სოლიდარულად, ჯამური სახით. აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელე მხარის მითითებით, სარჩელის წარმოებაში მიღების მიზნით, სასამართლომ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის დაანგარიშება თითოეული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მაშინ, როდესაც ეს მოთხოვნები ცალ-ცალკე არ ყოფილა სასარჩელო მოთხოვნებად წარდგენილი. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის საკითხი გადაულახავ ბარიერად იქცა მათთვის საერთო სასამართლოებში სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას. მისი არგუმენტაციით, მოსარჩელეს იმავე სასამართლოს განსჯადი რამდენიმე მოთხოვნის გაერთიანების უფლება აქვს ერთ სარჩელში ერთი და იმავე მოპასუხის მიმართ, ხოლო ბაჟის გამოთვლის მიზნით, შემდეგ ეს მოთხოვნები ჯამდება. ბაჟის მაქსიმალური ოდენობა იურიდიული პირისთვის განისაზღვრება 5000 ლარით, რომლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარიც ერთვოდა სამოქალაქო სარჩელს. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ასეთ ვითარებაში სასამართლოს მოთხოვნა 78 დამოუკიდებელ სხვადასხვა შემთხვევაზე ინდივიდუალური ბაჟის გადახდის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილისა და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნორმატიული შინაარსის შეუსაბამობით შეიძლება აიხსნას.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას და პროცედურულ გარანტიებს. სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, სადავო ნორმები ასევე წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველ პუნქტთან, თუმცა კონსტიტუციური სარჩელის ავტორი დეტალურ მსჯელობას ამასთან დაკავშირებით არ ავითარებს.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1856 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც მოსამართლეს აძლევს შესაძლებლობას, მოსთხოვოს მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ბაჟზე მეტი ოდენობით.

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლი ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის ზოგად წესს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს იმ შემთხვევაზე, თუ როგორი იქნება დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესი მაშინ, როდესაც ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა. ასეთ დროს, სადავო ნორმის მიხედვით, ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. სადავო ნორმაში მოცემული ტერმინი „სხვადასხვა მოთხოვნა“ მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია სარჩელით წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა შინაარსის რამდენიმე მოთხოვნა, რომელთა შეჯამებით შესაძლებელი იქნება დავის საგნის საერთო ღირებულების გამოთვლა. რაც შეეხება დავის საგნის ფასის განსაზღვრის სპეციალურ წესს, აღნიშნული გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 41-ე მუხლით სარჩელის კონკრეტული სახისა და სადავო საკითხის შესაბამისად.

4. ამავდროულად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილი ზოგადად მიუთითებს იმაზე, რომ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილი კი ადგენს ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალურ ოდენობას სასამართლო ინსტანციების მიხედვით. აღნიშნული მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ კანონით დადგენილი წესით გამოთვლილი ბაჟი აღემატება ამავე ნორმებით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილი საერთოდ არ წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოთხოვნის საფუძველს, არამედ განსაზღვრავს იმ მაქსიმალურ ოდენობას, რომელსაც არ უნდა აღემატებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სხვა ნორმების საფუძველზე გამოთვლილი სახელმწიფო ბაჟი. ერთადერთი ზეგავლენა, რომელიც შეიძლება აღნიშნულმა ნორმებმა მოსარჩელეზე მოახდინოს, არის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, ხსენებული ნორმა კრძალავს დადგენილ ზღვარზე მეტი ოდენობის სახელმწიფო ბაჟის განსაზღვრას, მით უფრო, გადახდევინებას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ბაჟის განაკვეთები ასევე დადგენილია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით, სამოქალაქო სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობაა 100 ლარი, ხოლო მაქსიმალური სასამართლო ინსტანციებისა და პირის სტატუსის მიხედვით განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-2 ნაწილით.

5. ამდენად, კანონმდებლობის, სადავო ნორმისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის სისტემური და გონივრული განმარტება არ იძლევა სადავო ნორმიდან მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსის ამოკითხვის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან ადგილი აქვს სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. ამასთანავე, ზემოხსენებულის მიღმა, განსახილველ საქმეზე, არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის არგუმენტაცია, მტკიცებულება, საერთო სასამართლოს პრაქტიკა ან თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებები, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გასაჩივრებული ნორმის სადავო ნორმატიული შინაარსით წაკითხვის გონივრულობაში დაარწმუნებდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან სადავო ნორმის წინააღმდეგობაზე ზოგადად ამახვილებს ყურადღებას, არ ასახელებს სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელ კონკრეტულ უფლებრივ კომპონენტებს, რომელთაც შესაძლოა არღვევდეს მაქსიმალურზე მეტი ოდენობით დაკისრებული ბაჟის გადახდევინება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთანავე, მას არ წარმოუდგენია იმის მტკიცებულება, რომ საერთო სასამართლოების რომელიმე ინსტანციაში დააკისრეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ოდენობაზე მეტი სახელმწიფო ბაჟი, ხოლო თუ ეს პოტენციური შესაძლებლობაა, არ დაუსაბუთებია, რატომ იკითხება სადავო ნორმიდან ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე (ერთ დავის საგანზე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი თანხის გადახდევინების შესაძლებლობა.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1856 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

7. მოსარჩელე მხარე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით აგრეთვე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც მოსამართლეს აძლევს შესაძლებლობას, გაერთიანებული მოთხოვნებიდან ერთი ან რამდენიმე მოთხოვნის ცალკე წარმოებად გამოყოფისას, მოსთხოვოს მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა ყველა განცალკევებულ მოთხოვნაზე ინდივიდუალურად, როცა სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება, სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია და გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.

8. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმასა და კონსტიტუციურ დებულებას შორის მიმართების არსებობის გარდა, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინოს კონკრეტული არგუმენტები იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააანალიზოს და შეაფასოს, თუ რაში მდგომარეობს სადავო შემზღუდველი ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის პრობლემა, კონკრეტულად სად ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პროცედურული გარანტიები ან უშუალოდ რომელი გარანტიაა დარღვევის საფრთხის ქვეშ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული გარჩევა უფრო მიზანშეწონილია. ზემოხსენებული სადავო ნორმა წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ეტაპს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის დროსაც მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა, საქმის განხილვის მიზნიდან გამომდინარე, გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა. აღნიშნული ნორმა ხაზგასმით მიემართება მხოლოდ მოთხოვნათა განცალკევებულად გარჩევის მიზანშეწონილობას და არა სახელმწიფო ბაჟის გაანგარიშებას. სადავო ნორმის მოქმედება მთავრდება იქ, სადაც მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას გაერთიანებული მოთხოვნებიდან ერთი ან რამდენიმე მოთხოვნის ცალკე გამოყოფის თაობაზე. ამდენად, ცხადია, რომ სადავო ნორმას არაფერი აქვს საერთო სახელმწიფო ბაჟის გაანგარიშების წესთან.

9. აღსანიშნავია, რომ №1856 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარეს ზემოხსენებულ სადავო ნორმატიულ შინაარსთან დაკავშირებით არა თუ მტკიცებულებები, არამედ დასაბუთებული არგუმენტებიც არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც, თუ მოსარჩელის სამოქალაქო სარჩელი ვერ აკმაყოფილებდა დასაშვებობის წინაპირობებს სახელმწიფო ბაჟის არასწორად გადახდის გამო და საქმე შეეხებოდა 78 სხვადასხვა შემთხვევაში ინდივიდუალურ დავის საგანზე სახელმწიფო ბაჟის არაგონივრული ოდენობის გადახდას, რაც მისთვის იქნებოდა არასასურველზე მეტი ფინანსური ხარჯი, კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს საერთო სასამართლოებშიც არ წარუდგენია მტკიცებულება მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, თუნდაც იმ მიზნით, რომ გაემყარებინა არგუმენტი სახელმწიფო ბაჟის არაგონივრულ ოდენობასთან დაკავშირებით. კონსტიტუციურ სარჩელში მარტოოდენ იმის ხაზგასმა, რომ სადავო ნორმებს გააჩნია ერთმანეთთან შეუსაბამო შინაარსი და წინააღმდეგობაშია კონსტიტუციით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლების პროცედურულ გარანტიებთან, არაა საკმარისი სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისთვის. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ლოგიკურად მიდის დასკვნამდე, რომ, სადავო ნორმიდან არ მომდინარეობს სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების იმგვარი შეზღუდვა, რომელზეც მოსარჩელე მხარე აპელირებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც, სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელის მხრიდან როგორც სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას, ასევე სადავო შემზღუდველ ნორმატიულ შინაარსსა და კონსტიტუციურ დებულებას შორის მიმართების არსებობის ნაკლებად წონადი არგუმენტებით წარმოჩენას.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1856 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

11. №1856 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ შორის, ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებების გავრცელებას იურიდიულ პირებზე, მათი შინაარსის გათვალისწინებით.

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლი ადგენს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება არ განსაზღვრავს რომელიმე კონკრეტულ კონსტიტუციურ უფლებას, ცალკეული უფლების ნორმატიულ შინაარსსა თუ ფარგლებს. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლს არ გააჩნია ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დამდგენი ხასიათი, რომელთან მიმართებითაც შესაძლებელი იქნებოდა ამა თუ იმ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის განცალკევებულად შეფასება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/24/1508 განჩინება საქმეზე „დურმიშხან გურგენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის №1/2/566 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). ამგვარად, №1856 კონსტიტუციური სარჩელი, ამ თვალსაზრისით, დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

13. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილშიც, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილისა და 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

14. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლობის, სასარჩელო მოთხოვნის არასწორად დაყენების ან კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმა არ გამორიცხავს მოსარჩელის შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის და ფორმალური ხარვეზების გასწორების, სადავო აქტისა თუ მისი შემზღუდველი ნორმატიული შინაარსის სწორად იდენტიფიცირების შემთხვევაში კვლავ მომართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის №2/7/812 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1856 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „ჯაბა კრედიტის დაზარალებულ კრედიტორთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ