• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 მაისის №2/5/1819 განჩინება საქმეზე „გიორგი ერგემლიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

გიორგი ერგემლიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N2/5/1819
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე,
თარიღი 28 მაისი 2025
გამოქვეყნების თარიღი 10 ივნისი 2025 16:22

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: გიორგი ერგემლიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.

დავის საგანი: ა) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, 79-ე მუხლის და 88-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან, მე-9 მუხლთან და მე-16 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ბ) „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველ, მე-2, მე-6 და მე-8 პუნქტებთან და მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

გ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების და 182 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან, მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით;

დ) „„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 56-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1819) მომართა გიორგი ერგემლიძემ. №1819 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2024 წლის 7 მაისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 28 მაისს.

2. №1819 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 31¹ მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები“. ამავე კანონის 79-ე მუხლი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძვლებს, ხოლო 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენის შედეგად, შესაბამისი სამოქალაქო აქტის რამდენიმე ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი ჩანაწერი ბათილად ცნოს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით“.

4. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად, „სანოტარო მოქმედება პირის თხოვნით შეიძლება შეასრულოს ნებისმიერმა ნოტარიუსმა“.

5. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტები განსაზღვრავს ფიზიკური ძალადობის, ფსიქოლოგიური ძალადობისა და ოჯახის წევრის ცნებებს. ხოლო ამავე კანონის 182 მუხლის თანახმად, „თუ მსხვერპლი არ სარგებლობს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და მას სურს დარჩეს საცხოვრებელ ადგილზე დამცავი ან შემაკავებელი ორდერით, განისაზღვრება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის დროებით გარიდების საკითხი. პოლიცია უფლებამოსილია დამცავი ან შემაკავებელი ორდერის შესაბამისად მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ადგილი მოძალადის საკუთრებაა“.

6. „„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის (შემდგომში - ინსტრუქცია) 56-ე მუხლი კი, განსაზღვრავს ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებას დაქვემდებარებულ გარიგებებს. კერძოდ, „ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებას ექვემდებარება ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესთან დაკავშირებული წერილობითი ფორმის როგორც ცალმხრივი, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი კერძოსამართლებრივი გარიგებები, გარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეობით დადებული გარიგების, მინდობილობის, უცხო ქვეყანაში გაცემული მინდობილობის საფუძველზე დადებული გარიგების, ანდერძის, სამისდღეშიო რჩენისა და საქორწინო ხელშეკრულების, აგრეთვე, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარიგებებისა, რომლებზეც მხარეთა ხელმოწერები უნდა დამოწმდეს/დადასტურდეს მხოლოდ სანოტარო წესით.“

7. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან“. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით“. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ „სახელმწიფო ზრუნავს ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაზე“. ხოლო მე-8 პუნქტის მიხედვით, „სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე“. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უფლებას, ხოლო მე-2 პუნქტი დაუშვებლად აცხადებს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად“. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის თავისუფლების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია, ხოლო მე-2 პუნქტის პირველი წინადადება იცავს პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობას. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებებს, ხოლო მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

8. №1819 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მას საკუთარ დეიდასთან, 1997 წელს, დადებული ჰქონდა წერილობითი ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე მხარეს უნდა გაესტუმრებინა სახლის მშენებლობისათვის აღებული ვალი, 21 000 აშშ დოლარი და, აგრეთვე, უნდა გამოეყო 60 000 აშშ დოლარი მშენებლობის დასრულებისა და სახლის კეთილმოწყობისათვის. მოსარჩელის განმარტებით, მან აღნიშნული პირობა შეასრულა, თუმცა მისი დეიდის გარდაცვალების შემდგომ, მისმა დამ მემკვიდრეობით გაიფორმა სახლის 1/2 წილი. მოსარჩელის პოზიციით, მან სამკვიდრო ქონებას დაახარჯა 81 000 აშშ დოლარი, თუმცა მისმა დამ მიიღო მისი თანაბარი წილი სამკვიდროდან. მოსარჩელის პოზიციით, სამკვიდროს ამგვარი განაწილება არღვევს მის რიგ კონსტიტუციურ უფლებებს და განმარტავს, რომ ამგვარ შესაძლებლობას საფუძველი დაუდო სწორედ სადავოდ ქცეულმა არაკონსტიტუციურმა ნორმებმა.

9. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმებთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორების წესი არ შეესაბამება კონსტიტუციას, ვინაიდან სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იმგვარად ცვლის ჩანაწერებს, რომ აღნიშნულის შესახებ არ ისმენს დაინტერესებული პირის პოზიციას, ამავდროულად, არ ატყობინებს შედეგს. აღნიშნული, მოსარჩელის პოზიციით, იწვევს რიგი დოკუმენტების ბათილობას და წარმოშობს სხვა სამართლებრივ სირთულეებს. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა, 2021 წლის ოქტომბერში შეუცვალა დაბადების თარიღი, რის შედეგადაც ვერ იღებდა ნათესაური კავშირის დამდგენ დოკუმენტებს 8 თვის განმავლობაში, შედეგად, ვერ მოახერხა მემკვიდრეობის დროულად რეგისტრაცია. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის პოზიციით, უმაღლესი იურიდიული ძალა უნდა ჰქონდეს იმ მოქმედ დოკუმენტს, რაც პირს აქვს სახეზე და არა სამოქალაქო აქტების ჩანაწერს. მოსარჩელის განმარტებით, შიდა ქართლის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა ასევე, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, სახელი შეუცვალა მამკვიდრებელსაც, მის გარდაცვლილ დეიდას. მოსარჩელის პოზიციით, გარდაცვლილი პირის სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება და შეცვლა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული წესით, მხოლოდ ყველა მემკვიდრის (დაინტერესებულ პირთა) შორის დავის არარსებობის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირთა შორის დავის შემთხვევაში, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორებისა და შეცვლის საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლოს მიერ.

10. მოსარჩელის პოზიციით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ასხვავებს ერთმანეთისაგან რეალურ ძალადობას და ინსცენირებას, რის გამოც მის მიმართ 2021 წლის 23 აგვისტოს 15 დღის ვადით, გამოწერილ იქნა შემაკავებელი ორდერი იმ საფუძვლით, რომ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის დას. აღნიშნული ორდერი ძალაში დარჩა სასამართლოს მიერაც, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ კონკრეტული ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტი ვერ დაადგინა. მოსარჩელის პოზიციით, კანონს აკლია ძალადობის მთავარი ნიშანი - მსხვერპლის ნების დათრგუნვა და წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაკარგვა. მოსარჩელის განმარტებით, შემაკავებელი ორდერის საფუძველზე, მას შეეზღუდა საკუთარ სახლში შესვლის უფლებაც. მოსარჩელის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ სახლის 1/2 მის სახელზე იყო რეგისტრირებული, სადავო ნორმების საფუძველზე, ის ვერ ახერხებდა სახლში შესვლას და საკუთარი ქონების დაცვას.

11. მოსარჩელის პოზიციით, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც, სანოტარო მოქმედება, პირის თხოვნით, შეიძლება, შეასრულოს ნებისმიერმა ნოტარიუსმა, ჩამოყალიბებულია იმგვარად, რომ ლახავს მემკვიდრეობის შესახებ სხვა პირების კონსტიტუციურ უფლებებს. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის შესაბამისად, ნებისმიერ ნოტარიუსს უფლება აქვს, განიხილოს მემკვიდრეობის საკითხები, მემკვიდრეობის გახსნის ადგილიდან მოშორებით, რაც ქმნის რეალურ სიძნელეებს სამემკვიდრეო საქმისწარმოებაში მონაწილეობისა და სასამართლოში გასაჩივრების თვალსაზრისით, განსაკუთრებით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის.

12. „„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 56-ე მუხლთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, არც ერთი გარიგება ნამდვილი არ არის, თუ არ დადასტურდება ნოტარიუსის ან სარეგისტრაციო ორგანოს მიერ. მოსარჩელის პოზიციით, გარიგების ნამდვილობის საკითხი არ უნდა იყოს დამოკიდებული ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებასა და სანოტარო მოქმედებებზე, აღნიშნული არ შეესაბამება ეკონომიკური თავისუფლების პრინციპს და, ამავდროულად, ფაქტობრივად, ცვლის სამოქალაქო სამართალს გარიგების ბათილობის საკითხებთან მიმართებით.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.

2. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია, მათ შორის: ა) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, 79-ე მუხლის, 88-ე მუხლის პირველი პუნქტის და „„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 56-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით; ბ) „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველ, მე-2, მე-6 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით.

3. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნიათ, როდესაც ითხოვენ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მოსარჩელე მხარე ითხოვდეს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ დებულებებთან მიმართებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის №2/7/1465 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის №3/7/831 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №1/4/644 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის №1/2/541 განჩინება საქმეზე „მაია ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

4. განსახილველ შემთხვევაში, №1819 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ მითითებულია ფიზიკური პირი, რომელიც სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან, მე-5 მუხლის პირველ, მე-2, მე-6 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები, საქართველოს კონსტიტუციის არქიტექტურის თანახმად, მოთავსებულია კონსტიტუციის მეორე თავის მიღმა. შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებთან მიმართებით.

5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1819 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, 79-ე მუხლის, 88-ე მუხლის პირველი პუნქტის და „„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 56-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ, მე-2 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით; და ბ) „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველ, მე-2, მე-6 და მე-8 პუნქტებთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რის გამოც, არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

6. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც, მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

7. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, 79-ე მუხლის და 88-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან და მე-16 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

8. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში, საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები“. ამავე კანონის 79-ე მუხლი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძვლებს, კერძოდ, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ. ხოლო ამავე კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ერთი და იმავე პირის მიმართ დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების მრავალჯერადი რეგისტრაციის გამო, მათ შორის, ამ კანონის ამოქმედებამდე დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების აღდგენის შედეგად, შესაბამისი სამოქალაქო აქტის რამდენიმე ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია სამოქალაქო აქტის ერთ-ერთი ჩანაწერი ბათილად ცნოს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით“.

9. მოსარჩელე მხარე, ხსენებულ სადავო ნორმებთან მიმართებით, პრობლემურად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, დაინტერესებული პირის ნების გათვალისწინებისა და ინფორმირების გარეშე, შეცვალოს სამოქალაქო აქტების ჩანაწერი. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სამოქალაქო აქტების ჩანაწერის ცვლილება განაპირობებს რიგი იურიდიული დოკუმენტებისათვის ძალის დაკარგვას და წარმოშობს სერიოზულ პრობლემებს. ხსენებულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან და მე-16 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

10. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის „... არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე... ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ”, II-30). ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, ნებისმიერი უფლებრივი შეზღუდვა, თუ მისგან მომდინარე დისკომფორტი, რომელიც შეიძლება ადამიანს შეექმნას, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით აკრძალულ მოპყრობას არ წარმოადგენს. „მოპყრობამ განსაზღვრულ სიმძიმეს უნდა მიაღწიოს იმისათვის, რომ იგი შეფასდეს როგორც არაჰუმანური მოპყრობა. მოპყრობის სიმძიმე უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპყრობის ხასიათი და კონტექსტი, მისი განხორციელების მეთოდები, ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტი პირზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-180). იმისათვის, რათა მოსარჩელე მხარემ წარმოაჩინოს პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის არსებობა, აუცილებელია, საკმარისი სიმყარით, დამაჯერებლობით მიუთითოს იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რაც დაადასტურებს, მის მიმართ, ამგვარი მოპყრობის საფუძვლიან ეჭვებს.

11. რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველ პუნქტს, მის საფუძველზე დაცულია ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასთან დაკავშირებული არაერთი უფლებრივი კომპონენტი, რომლებიც მისი თვითგამორკვევისა და თვითრეალიზაციის საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ, აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება. ამასთან, განსხვავებულია თითოეული მითითებული კონსტიტუციური უფლებით დაცული სიკეთე. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებასთან სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის დასასაბუთებლად, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ მოიყვანოს არგუმენტაცია, თუ რა თვალსაზრისით იზღუდება სადავო რეგულაციით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფერო და, კონკრეტულად, რომელი ასპექტი.

12. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმები განსაზღვრავს სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ნამდვილობას, მასში შესწორებების შეტანის საფუძვლებსა და სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის განსაკუთრებულ პირობებს. ზოგადად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ადასტურებს, აფიქსირებს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგომას/არსებობას, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ჩანაწერში აისახოს სწორედ კონკრეტული ფაქტის შესახებ რეალური მონაცემები. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რელევანტური არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის კორექტირების შესაძლებლობის მიმართებას ადამიანის ღირსების უფლების ხელშეუვალობისა და რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებებთან. მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესწორება და მისი სინამდვილესთან შესაბამისობაში/სისრულეში მოყვანა, რა თვალსაზრისით ზღუდავს მის კონსტიტუციურ უფლებებს.

13. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ხსენებული სადავო ნორმის თანახმად, სანოტარო მოქმედება პირის თხოვნით, შეიძლება შეასრულოს ნებისმიერმა ნოტარიუსმა. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის შესაბამისად, ნებისმიერ ნოტარიუსს უფლება აქვს, განიხილოს მემკვიდრეობის საკითხები სამკვიდროს გახსნის ადგილთან მოშორებით, რაც ქმნის, დისტანციის გამო, რეალურ სიძნელეებს სამემკვიდრეო საქმისწარმოებაში მონაწილეობასა და სასამართლოში გასაჩივრების თვალსაზრისით, განსაკუთრებით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის.

14. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი რელევანტური/საკმარისი არგუმენტაცია, თუ რა თვალსაზრისით განაპირობებს ხსენებული სადავო ნორმა პირის საკუთრების უფლების შეზღუდვას. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს, სამკვიდროს გახსნის ადგილის მიუხედავად, ნოტარიუსის მიერ სამემკვიდრეო საქმისწარმოების უფლება რა თვალსაზრისით წარმოადგენს იმგვარ ბარიერს, რომელიც ართულებს ან შეუძლებელს ხდის პირის მიერ სამკვიდროს მიღებას. მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ სამკვიდროს გახსნის ადგილისაგან მოშორებით, ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემა ართულებს პირის მონაწილეობას სამემკვიდრეო საქმისწარმოებაში, ვერ გამოდგება საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლების შეზღუდვის თვითკმარ არგუმენტად. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, თუ კონკრეტულად რა ბარიერებს ქმნის და რა სირთულეებს წარმოშობს ამგვარი მიდგომა სამკვიდროს მიღებისა და ამ საქმისწარმოებაში ეფექტიანად მონაწილეობის კუთხით.

15. მოსარჩელე მხარე ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების და 182 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტთან, მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

16. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, განმარტებულია ფსიქოლოგიური ძალადობის ცნება, კერძოდ, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასახელებული კანონის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. დასახელებული კანონის 182 მუხლის თანახმად კი, „თუ მსხვერპლი არ სარგებლობს თავშესაფრით/კრიზისული ცენტრით და მას სურს დარჩეს საცხოვრებელ ადგილზე დამცავი ან შემაკავებელი ორდერით, განისაზღვრება მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან მოძალადის დროებით გარიდების საკითხი. პოლიცია უფლებამოსილია დამცავი ან შემაკავებელი ორდერის შესაბამისად მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ადგილი მოძალადის საკუთრებაა“.

17. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი განამტკიცებს თანასწორობის პრინციპს, მე-13 მუხლის პირველ პუნქტი იცავს პირის თავისუფლების ხელშეუვალობას, ხოლო მე-15 მუხლი წარმოადგენს პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებების დამცავ დებულებას.

18. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას განაპირობებს ის არგუმენტი, რომ, ერთი მხრივ, კანონმდებელი იმგვარად განმარტავს ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომ ამ ცნების ქვეშ ექცევა, მათ შორის, ძალადობის ინსცენირებაც, მეორე მხრივ, ფართოა ოჯახის წევრის ცნებაც. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, აბსტრაქტული საფრთხის არსებობისას, პირისათვის საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვას.

19. როგორც აღინიშნა, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტები განმარტავს, ფიზიკური ძალადობის, ფსიქოლოგიური ძალადობისა და ოჯახის წევრის ცნებებს. შესაბამისად, განსახილველი სადავო ნორმები შემოიფარგლება ტერმინთა განმარტებებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ზოგადად, ტერმინთა განმარტების მიზანი ამა თუ იმ კანონში გამოყენებული ცნების შინაარსის განსაზღვრაა. საკანონმდებლო დეფინიციები გამოიყენება კანონის ინტერპრეტაციისთვის და წარმოადგენს მექანიზმს, საშუალებას იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი ტერმინის განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 16 ივნისის №1/9/1477 განჩინება საქმეზე „ნუგზარ კობახიძე საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“, II-4). მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმებით დადგენილი საკანონმდებლო დეფინიციები გამოიყენება კანონის ინტერპრეტაციისთვის და წარმოადგენს მექანიზმს, საშუალებას იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი ტერმინის განმარტება. მისი მიზანი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის სხვადასხვა ნორმაში გამოყენებული ტერმინების -„ფიზიკური ძალადობის“, „ფსიქოლოგიური ძალადობის“ და „ოჯახის წევრის“ შინაარსის განსაზღვრაა. გასაჩივრებული რეგულაციები არ ადგენს რაიმე სამართლებრივ შედეგს და არ ქმნის უფლებაში ჩარევის დამოუკიდებელ, თვითმყოფად საფუძველს. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, თუ როგორ და რა ფარგლებში შეიძლება, სადავო ნორმებმა შეზღუდოს სარჩელში მითითებული კონსტიტუციური უფლებები.

20. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 182 მუხლს, რომელიც ადგენს პოლიციის უფლებამოსილებას, დამცავი ან შემაკავებელი ორდერის შესაბამისად მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ადგილი მოძალადის საკუთრებაა. ამავდროულად, აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან (თანასწორობის უფლება), მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან (პირის თავისუფლების ხელშეუვალობა) და მე-15 მუხლთან (პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები). მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტაცია, თუ რა მიმართება აქვს სადავო ნორმას ზემოაღნიშნულ უფლებებთან და მათ ცალკეულ უფლებრივ კომპონენტებთან. იგი მხოლოდ მიუთითებს სადავო ნორმის საფუძველზე, საკუთრების უფლების შეზღუდვის არაკონსტიტუციურობაზე, რაც ვერ გამოდგება სამართლის წინაშე თანასწორობის, პირის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვის არგუმენტად, რომელთაც დამოუკიდებელი დაცული სფეროები გააჩნიათ. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლების შეზღუდვის მტკიცების მიღმა კი, მოსარჩელე მხარეს არ მოჰყავს არგუმენტაცია ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულებების შეზღუდვის წარმოსაჩენად.

21. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, №1819 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, 79-ე მუხლის და 88-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან და მე-16 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; გ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტების და 182 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტთან, მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1819 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი ერგემლიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ