ანა ხაჭაპურიძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/3/1747 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 მაისი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 ივნისი 2025 15:58 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ანა ხაჭაპურიძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესის და პირობების“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის, ანა ხაჭაპურიძის წარმომადგენელი - გიორგი გოცირიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წარმომადგენლები - დავით ლომინაშვილი და ნინო დავლაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1747) მომართა ანა ხაჭაპურიძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის №2/18/1747 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. №1747 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2025 წლის 19 მარტს.
2. №1747 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №128/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესის და პირობების“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, სასწავლო-კვლევითი საგრანტო პროექტის შეფასებისას, სამეცნიერო ღირებულების, აკადემიური კომპონენტის და განხორციელების კრიტერიუმებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების და ინტერესების რეალიზებისათვის“.
5. №1747 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს აქვს უვადოდ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა და იგი 2022 წლიდან ირიცხება საქართველოში აკრედიტებული ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სადოქტორო პროგრამაზე. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი, რომლის თანახმადაც, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტის მოპოვება დამოკიდებულია სსიპ „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისთვის“ (შემდგომში „ფონდი“) წარდგენილი საკონკურსო პროექტისთვის საჭირო საბიუჯეტო ხარჯების სიმცირეზე. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული რეგულირება არ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებსა და ინტერესებს, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული ზრუნვის კონსტიტუციური ვალდებულება.
6. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ყოველდღიურობა დამატებით მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დოქტორანტის მიერ წარდგენილი საკონკურსო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო მოცულობა, თავისთავად, აღმატებული იქნება იმ პირის მიერ წარდგენილ ბიუჯეტზე, რომელსაც შესაძლებლობები არ აქვს შეზღუდული. ამდენად, მოსარჩელის მტკიცებით, დაბალბიუჯეტიანი კვლევითი პროექტის წარდგენის ნაწილში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სხვა დოქტორანტები არ არიან არსებითად თანასწორი პირები და, შესაბამისად, სახელმწიფოს მათ მიმართ უჩნდება დიფერენცირებული მოპყრობის საჭიროება. აღნიშნულისგან განსხვავებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმა არსებითად უთანასწორო პირების მიმართ ადგენს ერთგვაროვან მოპყრობას.
7. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დამატებით მიუთითა, რომ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მოპოვება წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სრულფასოვანი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. მოსარჩელის პოზიციით, მცირებიუჯეტიანი პროექტისთვის უპირატესობის მინიჭების შესახებ გასაჩივრებული მოწესრიგებით, განსაზღვრულია არსებითად უთანასწორო პირებს შორის თანასწორი მოპყრობა. კერძოდ, სადავო ნორმა, მიუხედავად იმისა, რომ არ განსაზღვრავს პირდაპირ დისკრიმინაციულ წესს და არის ნეიტრალური, იგი არაპირდაპირ, მძიმე ტვირთს აკისრებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და წარმოადგენს გადაულახავ ბარიერს. დიფერენცირების ნიშანი არის შეზღუდული შესაძლებლობის ქონა, რომელიც პირთან დაკავშირებული მყარი ნიშანია და რომლისგანაც თავის დაღწევა, მოსარჩელის შემთხვევაში, რომელსაც შესაძლებლობა შეზღუდული აქვს უვადოდ, არ არის დამოკიდებული ცვლად კატეგორიაზე, პირის ნებაზე.
8. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში, საგრანტო პროექტისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის ნაკლებობაზე ბლანკეტური მითითება მცდარია, რადგან მხედველობაში აუცილებლად უნდა იყოს მიღებული ბიუჯეტში გასათვალისწინებელი ისეთი დამატებითი ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია კვლევის პროცესთან, გამოწვეულია პირის შეზღუდული შესაძლებლობით განპირობებული ცალკეული საჭიროებებით და რომელთა კომპენსირება არ ხდება სახელმწიფოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელშემწყობი სხვა სოციალური პროგრამებით. მოსარჩელემ დამატებით აღნიშნა, რომ მითითებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, სარჩელის დაკმაყოფილება საფრთხეს არ შეუქმნის რეგულაციის უპირველეს მიზანს, უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის მქონე სამეცნიერო პროექტების დაფინანსება, რადგან მოსარჩელე არ ითხოვს, არათანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობის მინიჭებას.
9. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ რეგულირება, რომელიც ორიენტირებულია, შეარჩიოს დაბალბიუჯეტიანი პროექტები, ახდენს არა, ზოგადად, სახელმწიფოს ფისკალური და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არამედ უშუალოდ ფონდისთვის ბიუჯეტიდან გადაცემული გარკვეული რაოდენობის საგრანტო პროექტთა დასაფინანსებლად საჭირო ფინანსების დაზოგვას, რომელთა ხვედრითი წილი სახელმწიფოს ბიუჯეტთან მიმართებით მცირეა. მოსარჩელის წარმომადგენელმა საქმის განხილვის არსებით სხდომაზე დამატებით მიუთითა, რომ იგი არ ითხოვს საგრანტო პროექტებისთვის გასაჩივრებული ბრძანებით გათვალისწინებული ლიმიტების გაზრდას, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, არ გაიზრდება ხარჯები ისე, რომ საფრთხე შეექმნას სახელმწიფოს საბიუჯეტო უსაფრთხოებას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მარტოოდენ ფონდის საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის ინტერესი ვერ გამოდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უფლების შეზღუდვის გასამართლებლად საკმარის ლეგიტიმურ მიზნად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის პოზიციით, სადავო რეგულირება ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას არსებითად უთანასწორო პირებს შორის და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
10. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დამატებით მიუთითა, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესი ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რომელიც სახელმწიფოსგან მოითხოვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად აქტიურ მოქმედებას, მათ შორის, უთანასწორობის აღმოსაფხვრელად გამათანაბრებელი ღონისძიებების გატარებით. მოსარჩელის პოზიციით, საკონკურსო პროექტის შეფასებისას, თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების მხედველობაში მიღების გარდა, ერთ-ერთ სახელმძღვანელო, დამოუკიდებელ კრიტერიუმად გათვალისწინებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის ქონა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი არ ითხოვს შედეგებში გათანაბრებას, არამედ სახელმწიფოს მიერ ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრის ხელშეწყობას. აღნიშნულის მიზნით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა დაადგინოს სპეციალური კვოტები, რათა სადოქტორო პროგრამებზე გაიზარდოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პროპორციული წარმომადგენლობა და სასწავლო პროცესში ჩართული ჯგუფი გახდეს მეტად მრავალფეროვანი. ამასთან, გამათანაბრებელი, სპეციალური ღონისძიება გამოყენებული უნდა იქნეს მოქნილად ისე, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა წარმომადგენლობის ზრდა, ნაცვლად ინტეგრაციისა, არ იქცეს სტიგმატიზაციის წყაროდ.
11. მოპასუხე მხარის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის წარმომადგენელმა საქმის განხილვის არსებით სხდომაზე მიუთითა, რომ სადავო ბრძანებით განსაზღვრული დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესი ყველა დაინტერესებულ პირს აყენებს თანაბარ მდგომარეობაში და მისი მიზანია უმაღლესი ხარისხის სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ, საგრანტო პროექტის შეფასებისას, წინასწარ ცნობილია ნეიტრალური კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით, ფასდება მისი მეცნიერული ღირებულება. იმ შემთხვევაში კი, თუ ორი შესადარებელი პროექტის მაღალკვალიფიციური ღირებულება თანაბარია, ხოლო ფონდის ბიუჯეტით შესაძლებელი არ არის ორივე პროექტის დაფინანსება, შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით, პროექტის საბიუჯეტო ხარჯების სიმცირისთვის უპირატესობის მინიჭების მიზანია სახელმწიფო რესურსების დაზოგვა, ხარჯვის რაციონალურობა და ოპტიმალურობა.
12. მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ რელევანტური ნორმატიული მოწესრიგებით, განსაზღვრულია სახელმწიფო სოციალური პროგრამები, რომელთა მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ნებისმიერი აუცილებელი საჭიროების უზრუნველყოფა როგორც ფინანსურად, ასევე სხვადასხვა დამხმარე სერვისის მიწოდებით, რათა აღმოიფხვრას ის წნეხი, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აწყდებიან საზოგადოების მიერ შექმნილი ბარიერების დაძლევისას. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მტკიცებით, საგრანტო პროექტის ბიუჯეტის განსაზღვრისას, შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული ხარჯი, რომელზეც მოსარჩელე მხარე აპელირებს, იმთავითვე უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ. იმ შემთხვევაში კი, თუ იარსებებს დამატებითი, გაუთვალისწინებელი ხარჯები, საგრანტო პროექტის ავტორს შეუძლია, რომ ასეთი დანახარჯები, საკუთარი შეხედულებისამებრ, თავისუფლად დაფაროს მისთვის მინიჭებული სტიპენდიის ფარგლებში.
13. მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგრანტო პროექტების შეფასების პროცესი მეტად კომპლექსური გახდება, რადგან აღარ იარსებებს ერთიანი, ზოგადი სტანდარტი და შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული დანახარჯების ჩვეულებრივ ხარჯებისგან ტექნიკურად გამიჯვნა გართულდება, რაც, სახელმწიფოს მხრიდან, მოითხოვს დამატებით ადმინისტრაციულ რესურსს. გარდა ამისა, მოპასუხე მხარის პოზიციით, სახელმწიფოს მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში, რაც გამორიცხავს სხვა პირებისგან მათი რაიმე ნიშნით თუ ფორმით, მათ შორის, სადოქტორო პროგრამებზე სპეციალური კვოტების დადგენით, განსხვავებას. ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1747 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ანა ხაჭაპურიძე. 2025 წლის 29 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1747 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1747 კონსტიტუციურ სარჩელზე („ანა ხაჭაპურიძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
თეიმურაზ ტუღუში