„შპს ლაზიერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/4/1810 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 მაისი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 ივნისი 2025 16:04 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: „შპს ლაზიერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 913 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „და შესაბამისი საწვავის ავტოგასამართ სადგურში/ნავთობპროდუქტების საცავში მიწოდებისთვის განთავსებული/განკუთვნილი ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის 5-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით.“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2020 წლის 17 ივლისის №7057-რს საქართველოს კანონის პირველი მუხლის სიტყვების „და შესაბამისი საწვავის ავტოგასამართ სადგურში/ნავთობპროდუქტების საცავში მიწოდებისთვის განთავსებული/განკუთვნილი ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის 5-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით.“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 6 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1810) მომართა „შპს ლაზიერმა“. №1810 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2024 წლის 8 თებერვალს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 28 მაისს.
2. №1810 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 913 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს სამართალდამრღვევი ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას 20 000 ლარით და შესაბამისი საწვავის ავტოგასამართ სადგურში/ნავთობპროდუქტების საცავში მიწოდებისთვის განთავსებული/განკუთვნილი ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის 5-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2020 წლის 17 ივლისის №7057-რს საქართველოს კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, ცვლილებები განხორციელდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და მოქმედი რედაქციით ჩამოყალიბდა ხსენებული კოდექსის 913 მუხლის მე-3 ნაწილი.
4. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია მეწარმეობის თავისუფლება.
5. №1810 კონსტიტუციური სარჩელიდან და მასზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადგილობრივი სამმართველოს მიერ მოსარჩელის კუთვნილ ავტოგასამართ სადგურზე აღებული იქნა საავტომობილო დიზელის საწვავის საკვლევი ნიმუში, რომელმაც ვერ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხარისხობრივი ნორმები, რის შედეგადაც, მოსარჩელის წინააღმდეგ დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 913 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის საქმის წარმოება. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სადავო ნორმებით განსაზღვრულია შეუსაბამოდ მკაცრი, ორსაფეხუროვანი სანქცია, რომელიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აყენებს საავტომობილო საწვავის მცირე მოვაჭრეებს.
6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ანალოგიური სამართალდარღვევისათვის სადავო ნორმის ძველი რედაქცია ითვალისწინებდა ჯარიმას 8000 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენდა ადეკვატურ სასჯელს ჩადენილი ქმედებისათვის. არსებული სანქცია კი იმდენად მაღალია, რომ მცირე მეწარმეებს ერთმევათ შესაძლებლობა, კონკურენცია გაუწიონ საავტომობილო საწვავის შიდა ბაზრის მსხვილ მონაწილეებს.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულაცია, დადგენილი სანქციის სიმკაცრის გათვალისწინებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
8. მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, მიუთითოს იმ ნორმატიულ აქტზე, რომლითაც ირღვევა ან შესაძლოა, დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უშუალოდ მისი უფლებები და თავისუფლებები (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის №1/1/521 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-1).
2. №1810 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 913 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „და შესაბამისი საწვავის ავტოგასამართ სადგურში/ნავთობპროდუქტების საცავში მიწოდებისთვის განთავსებული/განკუთვნილი ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის 5-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით.“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2020 წლის 17 ივლისის №7057-რს საქართველოს კანონის პირველი მუხლის სიტყვების „და შესაბამისი საწვავის ავტოგასამართ სადგურში/ნავთობპროდუქტების საცავში მიწოდებისთვის განთავსებული/განკუთვნილი ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის 5-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით.“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. მოსარჩელე მხარის პოზიციით, გასაჩივრებული დებულებებით, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო დიზელის მიწოდებისთვის, რომელიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს, გათვალისწინებულია შეუსაბამოდ მკაცრი სანქცია. აღნიშნული კი, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აყენებს საავტომობილო საწვავის მცირე მოვაჭრეებს.
4. №1810 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე სადავოდ ხდის როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონს, ისე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ძირითად (კონსოლიდირებულ) ვერსიას - იმ ნორმას, რომელშიც საბოლოოდ აისახა ცვლილებების შეტანის შესახებ ზემოხსენებული კანონი.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონში მოცემული რეგულირებები სამართლებრივ სივრცეში ცვლილებებს იწვევს კანონის ძალაში შესვლის მომენტიდან, რა დროიდანაც, იგი განიხილება ძირითადი კანონის შემადგენელ ნაწილად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს შინაარსობრივი მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს არა ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონის ესა თუ ის ნორმა, არამედ ძირითადი (კოდიფიცირებული) კანონის იმ ნორმის მოქმედი რედაქცია, რომელიც ჩამოყალიბდა განხორციელებული ცვლილების შედეგად. გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როდესაც ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონში მოცემული რეგულირების გადატანა (ინტეგრირება) არ ხდება სხვა (ძირითად) ნორმატიულ აქტში და იგი არსებობას აგრძელებს დამოუკიდებლად ან/და როდესაც პირი დაობს განხორციელებული ცვლილებების კონსტიტუციასთან ფორმალური კუთხით შესაბამისობის საკითხზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7-9).
6. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2020 წლის 17 ივლისის №7057-რს საქართველოს კანონის პირველი მუხლის სადავო სიტყვები სრულად აისახა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 913 მუხლის მე-3 ნაწილში. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებების შესახებ დოკუმენტმა, მისი ძალაში შესვლის მომენტიდან, დაკარგა დამოუკიდებელი ნორმატიული შინაარსი და გახდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კონსოლიდირებული ვერსიის შემადგენელი ნაწილი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს, მხოლოდ კანონის მოქმედი, კონსოლიდირებული რედაქცია, რომელიც ჩამოყალიბდა განხორციელებული ცვლილებების შედეგად.
7. რაც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 913 მუხლის მე-3 ნაწილის გასაჩივრებული დებულების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის დადგენილი სანქციის პროპორციულობის საკითხს. იგი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებულია შეუსაბამოდ მკაცრი, ორსაფეხუროვანი სანქცია, რის გამოც, იზღუდება თავისუფალი მეწარმეობის უფლება.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასჯელის პროპორციულობის (სიმკაცრის) კონსტიტუციურსამართლებრივი სტანდარტები განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, შესაბამისად, თუ გასაჩივრებული ნორმით განსაზღვრულ სადავო ღონისძიებას აქვს სადამსჯელო ბუნება და მიმართულია სასჯელის მიზნების მიღწევისკენ, მისი კონსტიტუციურობის შეფასება უნდა მოხდეს, სწორედ კონსტიტუციის დასახელებულ დებულებასთან მიმართებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამავდროულად, ზემოაღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს სასჯელის მომწესრიგებელი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას სხვა კონსტიტუციურ დებულებებთან, როდესაც საქმე ეხება არა სასჯელის პროპორციულობის, არამედ ძირითადი უფლებიდან მომდინარე სხვა კონსტიტუციური სტანდარტის შეფასებას, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნისა და არგუმენტაციის ფარგლებში (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის №2/1/702 გადაწყვეტილება საქმეზე „კონსტანტინე ლაბარტყავა, მალხაზ ნოზაძე და ირაკლი გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-106-115).
9. განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი ნორმა ადგენს კონკრეტულ სანქციას პირის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისათვის. კერძოდ, თუკი პირი განახორციელებს ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის მიწოდებას, რომლის ხარისხიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, იგი დაჯარიმდება 20 000 ლარით და შესაბამისი საწვავის ავტოგასამართ სადგურში/ნავთობპროდუქტების საცავში მიწოდებისთვის განთავსებული/განკუთვნილი ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის 5-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით.
10. აშკარაა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს პასუხი კონკრეტულ სამართალდარღვევაზე - პირის დაჯარიმება, წარმოადგენს სასჯელს საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისათვის. ამასთან, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაც მიმართულია მხოლოდ სასჯელის არაპროპორციულობის წარმოჩენისაკენ. სასჯელის პროპორციულობის საკითხი კი, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ სტანდარტებთან მიმართებით.
11. გარდა აღნიშნულისა, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის რაიმე დამატებითი არგუმენტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის იდენტიფიცირებადს გახდიდა სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქციის კავშირს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით დაცულ ისეთ უფლებრივ კომპონენტებთან, რომლებიც არ უკავშირდება სასჯელის პროპორციულობას. შესაბამისად, ამ მხრივ, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1810 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1810 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ლაზიერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
თეიმურაზ ტუღუში