რომან ზანთარაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/6/1824 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 მაისი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 ივნისი 2025 16:39 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: რომან ზანთარაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან, 31-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-9 პუნქტებთან და 46-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 11 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1824) მომართა რომან ზანთარაიამ. №1824 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2024 წლის 13 ივნისს. №1824 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 28 მაისს.
2. №1824 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დიდი ოდენობით გადასახადისგან განზრახ თავის არიდება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, იგივე ქმედება, თუ იგი ჩადენილია არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან/და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო“, ამავე მუხლის მე-4 პუნქტში კი მითითებულია, რომ სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში და საქართველოს კონსტიტუცია წარმოადგენს სახელმწიფოს უზენაეს კანონს, ხოლო საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის ღირსების ხელშეუვალობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით განსაზღვრულია, რომ ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით კი, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს. საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კანონი ძალაში შედის ოფიციალურ ორგანოში მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ, იმავე კანონით, სხვა ვადა არ არის დადგენილი.
5. №1824 კონსტიტუციური სარჩელიდან და მასზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების დირექტორს, წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რომან ზანთარაიას ბრალად ედება, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში, 2014-2016 წლების პერიოდში, დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდება.
6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების ფორმულირების ბუნდოვანება და ბლანკეტურობა გამორიცხავს, ადრესატის მიერ დასჯადი ქმედების შინაარსის, ფარგლებისა და მოცულობის შეცნობას. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები ვერ პასუხობს განსაზღვრულობისა და მკაფიოობის მოთხოვნებს, რაც სამართალშემფარდებელს აძლევს მისი ფართოდ გამოყენების შესაძლებლობას. შედეგად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ, სადავო მოწესრიგების პირობებში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმატიულ წინაპირობებს განსაზღვრავს არა კანონმდებელი, არამედ ადმინისტრაციული ორგანოები და საერთო სასამართლოები - მათ ქმედებათა კრიმინალიზაციის სფეროში, ფაქტობრივად ენიჭებათ კანონშემოქმედებითი ფუნქცია. ამით კი, ირღვევა პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული ხარისხობრივი მოთხოვნები და ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპი.
7. მოსარჩელე მხარე ხაზგასმით მიუთითებს, რომ სადავო ნორმებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანოებისა და საერთო სასამართლოების პრაქტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ერთგვაროვანია, აღნიშნული არ უზრუნველყოფს ნორმის განსაზღვრულობას, რადგან უშუალოდ გასაჩივრებული ნორმის გამოყენების/განმარტების შესახებ დადგენილი პრაქტიკა ეწინააღმდეგება განჭვრეტადობის, კანონის ანალოგიით გამოყენების აკრძალვისა და ბრალის კონსტიტუციურ პრინციპებს.
8. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საერთო სასამართლოების დადგენილი პრაქტიკით, გადასახადისათვის თავის არიდება და ბიუჯეტში თანხის გადაუხდელობა, სახელმწიფოს მოტყუების ნიშნის გარეშე, არამართებულად არის ერთმანეთთან გაიგივებული. ამასთან, სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმების მიზნებისთვის გადასახადებისთვის თავის არიდება განმარტებულია, როგორც იურიდიული პირისთვის დარიცხული გადასახადების უფლებამოსილი ფიზიკური პირის მიერ გადაუხდელობა. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიმართ ნებისმიერი ოდენობის, თუნდაც მართებული საგადასახადო ვალდებულების არსებობის ფაქტი, არ შეიძლება გახდეს მისი დირექტორის, ფიზიკური პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, რადგან იურიდიული პირი დამოუკიდებელი სუბიექტია სამართლებრივ ურთიერთობებში და იგი პასუხს აგებს დამოუკიდებლად, თავისი ქონებით. კონსტიტუციურ სარჩელში დამატებით აღნიშნულია, რომ კერძო სამართალში მოქმედებს ე.წ. გამჭოლი პასუხისმგებლობის პრინციპი, რომლის თანახმადაც, იმისათვის, რათა მოხდეს დამოუკიდებელი სამართლებრივი სუბიექტის, იურიდიული პირის შეზღუდული პასუხისმგებლობის „გაჭოლვა“ და ვალდებულების ფიზიკურ პირზე გადატანა, აუცილებელია, დადგინდეს, რომ მისმა დირექტორმა, სახელმწიფოს მოტყუების განზრახვით, ჩაიდინა გარკვეული ქმედება. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების იმგვარი ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს იურიდიული პირის საგადასახადო სამართალდარღვევის, ავტომატურად, გარდაქმნას ფიზიკური პირის დანაშაულად, არღვევს კონსტიტუციით დადგენილ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპს.
9. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი იმის საილუსტრაციოდ, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება რეალურად არ არის განჭვრეტადი, აპელირებს უზენაესი სასამართლოს მიერ სადავო ნორმების შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებზე. კერძოდ, სარჩელში მითითებულია სასამართლო პრაქტიკაზე, სადაც დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) ხელოვნურად შექმნა და ჩათვლა/დაბრუნება (მისაკუთრება) დაკვალიფიცირებულია, როგორც ცალკე სადავო ნორმებით, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით (მოტყუებით ქონებრივი დაზიანება) და ასევე დასახელებული ორი მუხლის კუმულაციად. მოსარჩელე აპელირებს, რომ ნორმის ადრესატს არ შეიძლება, მოეთხოვოს სადავო შინაარსის შეცნობა იმ პირობებში, როდესაც თავად ეს შინაარსი ნორმის განმმარტებელი ყველაზე ავტორიტეტული ორგანოსათვისაც კი არ არის ერთგვაროვანი.
10. №1824 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, სადავო მოწესრიგების ბლანკეტური ბუნება მოითხოვს ე.წ. შემავსებელი ნორმების არსებობას, რომლებიც დააზუსტებს ძირითადი ნორმის შინაარსს. სადავო ნორმებთან მიმართებით, ამგვარ შემავსებელ დებულებებად სარჩელში მითითებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ცალკეულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, პირისთვის დაბეგვრის ობიექტი და საგადასახადო ვალდებულება განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსი, ფაქტობრივად, ინკორპორირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რაც იწვევს, სანდოობის ძალზე დაბალი ხარისხის მქონე მეთოდით, პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.
11. მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული, დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ არაპირდაპირი მეთოდების რაობა, გამოყენების წესი და ფორმა დეტალურად მოწესრიგებულია შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 2 აპრილის №5568 ბრძანებით დამტკიცებულ „საგადასახადო აუდიტის სახელმძღვანელოში“. მოსარჩელე უთითებს, რომ აღნიშნული აქტი არ არის გამოქვეყნებული და მისი მოძიება საჯაროდ ხელმისაწვდომ საკანონმდებლო ბაზებში ვერ ხერხდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ნორმის ადრესატს გონივრული ძალისხმევის გაწევის მიუხედავად, არ შეუძლია, გაეცნოს სამართლებრივ აქტს, მოსარჩელე ასკვნის, რომ დარღვეულია პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის სათანადო გამოქვეყნების კონსტიტუციით დადგენილი მოთხოვნა.
12. კონსტიტუციურ სარჩელში, დამატებით, ასევე აღნიშნულია, რომ იმ ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება, რომლის საფუძველზეც, იურიდიულ პირს ერიცხება საგადასახადო ვალდებულება, დაკავშირებულია სახელმწიფო ბაჟის საკმაოდ მაღალ ოდენობასთან. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სასამართლოში, საქმის წარმოებისათვის, დირექტორს ესაჭიროება იურიდიული პირის პარტნიორების თანხმობა, ხოლო, რიგ შემთხვევებში, შეიძლება, შპს-ის პარტნიორებმა მიზანშეწონილად არ ჩათვალონ აღნიშნული აქტის გასაჩივრება, რასაც შედეგობრივად შეიძლება მოჰყვეს დირექტორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამდენად, მოსარჩელის მტკიცებით, აღნიშნულ პროცესში დირექტორი დამოკიდებულია საგადასახადო ურთიერთობის სხვა სუბიექტის - იურიდიული პირის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც თუ დროულად არ/ვერ გაასაჩივრა ადმინისტრაციული აქტი, იგი დგება აღიარებული საგადასახადო ვალდებულების ფაქტის წინაშე. მოსარჩელე მხარის აზრით, დაინტერესებულ ფიზიკურ პირს უნდა ჰქონდეს უფლება, უფასოდ გაასაჩივროს საგადასახადო მოთხოვნა საერთო სასამართლოში, მიუხედავად იმისა, ეს საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია უშუალოდ ფიზიკური პირის თუ იურიდიული პირის მიმართ. მითითებულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო მოწესრიგება პირს არაპირდაპირ უზღუდავს დაცვის უფლებას, აგრეთვე, უწესებს სახელმწიფო ბაჟის კოლოსალური ოდენობის გადახდის ვალდებულებას, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ თანასწორობის უფლებას.
13. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საზღვარგარეთის კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტთან, აგრეთვე, 46-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნიათ, როდესაც ითხოვენ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. შესაბამისად, აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მოსარჩელე მხარე ითხოვდეს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ დებულებებთან მიმართებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის №2/7/1465 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „„შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის №3/7/831 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის განჩინება №1/4/644 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის №1/2/541 განჩინება საქმეზე „მაია ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. განსახილველ შემთხვევაში, №1824 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი არის ფიზიკური პირი, რომელიც სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 46-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები მოთავსებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის მიღმა. შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებთან მიმართებით.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1824 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 46-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობას, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
7. მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრულ სასჯელებს. კერძოდ - პირველი ნაწილის შემთხვევაში, სასჯელის სახედ განსაზღვრულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა, ვადით, სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო მე-2 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა, ვადით, ხუთიდან რვა წლამდე.
8. კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის წარმოსაჩენად მითითებულია ორი ძირითადი არგუმენტი. ერთი მხრივ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ვერ პასუხობს განსაზღვრულობისა და მკაფიოობის მოთხოვნებს, რაც სამართალშემფარდებელს აძლევს მისი ფართოდ გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიმართ ნებისმიერი ოდენობის, თუნდაც მართებული საგადასახადო ვალდებულების არსებობის ფაქტი, არ შეიძლება გახდეს მისი დირექტორის, ფიზიკური პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, რადგან იურიდიული პირი დამოუკიდებელი სუბიექტია სამართლებრივ ურთიერთობებში და იგი პასუხს აგებს დამოუკიდებლად, თავისი ქონებით. აღნიშნული არგუმენტაციის მიღმა, მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია, თუ რაში გამოიხატება სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასჯელის არაპროპორციულობა და, ამ კუთხით, რა იწვევს მათ არაკონსტიტუციურობას. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
9. ამდენად, №1824 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების - „ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე“ და მე-2 ნაწილის სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან, 31-ე მუხლის პირველ, მე-7 და მე-9 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
10. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დისპოზიციას, რომლის თანახმადაც, დასჯად ქმედებად გამოცხადებულია დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება და იგივე ქმედება, თუ ის ჩადენილია არაერთგზის, განსაკუთრებით, დიდი ოდენობით ან/და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და 31-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების მოთხოვნებს.
11. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადახდა ევალება იურიდიულ პირს, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი იწვევს ფიზიკური პირის - დირექტორის პასუხისმგებლობას. მოსარჩელის მტკიცებით, გადასახადის დაკისრებისას, ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ, საერთო სასამართლოში საქმის წარმოებისათვის, იურიდიული პირის დირექტორს ესაჭიროება პარტნიორების თანხმობა, ხოლო რიგ შემთხვევებში, შეიძლება, პარტნიორებმა მიზანშეწონილად არ ჩათვალონ საგადასახადო ვალდებულების განმსაზღვრელი აქტის გასაჩივრება, რასაც შედეგობრივად, შეიძლება მოჰყვეს დირექტორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო მოწესრიგება პირს არაპირდაპირ უზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
12. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ, სადავო ნორმები, პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, არაპირდაპირი მეთოდებით დადგენილი დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების საფუძველზე. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული საგადასახადო ვალდებულების სისხლისსამართლებრივი მიზნებისთვის გამოყენება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტს.
13. კონსტიტუციურ სარჩელში დამატებით მითითებულია, რომ საგადასახადო ვალდებულების დაკისრებისას, ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში, დირექტორს მოუწევს კოლოსალური ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უფლებით გათვალისწინებულ ასპექტს, საპროცესო შესაძლებლობებით თანასწორად სარგებლობის შესახებ.
14. №1824 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, დასჯად ქმედებად გამოცხადებულია დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი, ისჯება იგივე ქმედება, თუ ის ჩადენილია არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან/და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ამდენად, სადავო ნორმებით განსაზღვრულია დანაშაულებრივი ქმედებები, იდენტიფიცირებულია ქცევა, რომლის განხორციელებაც გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. აღნიშნულის მიღმა გასაჩივრებული ნორმები არ აწესრიგებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესს და არ განსაზღვრავს გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტებს. ამასთან, სადავო ნორმები ასევე არ შეეხება იმ საკითხს, თუ რა ტიპის მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიძლება, მოხდეს პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და დასაშვებია თუ არა არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული საგადასახადო ვალდებულების გამოყენება მტკიცებულებად. დამატებით, სადავო ნორმები არ შეეხება საერთო სასამართლოში სამართალწარმოებისათვის დადგენილ სახელმწიფო ბაჟის ოდენობებს. შესაბამისად, გასაჩივრებულ დებულებებს არ გააჩნია ის ნორმატიული შინაარსი, რომელსაც მოსარჩელე მხარე კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1824 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება“ და მე-2 ნაწილის სიტყვების „იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ“ კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ და მე-7 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
16. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დისპოზიციის კონსტიტუციურობას ასევე სადავოდ ხდის საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ფიზიკურ პირს პასუხისმგებლობა არ უნდა ეკისრებოდეს, იურიდიული პირის მიერ ჩადენილი ქმედების გამო. მოსარჩელის აზრით, ვინაიდან იურიდიული პირი დამოუკიდებელ სუბიექტს წარმოადგენს სამართალურთიერთობებში, ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს იურიდიულ და არა - ფიზიკურ პირს. ამასთან, მოსარჩელე აპელირებს, რომ სადავო ნორმების ფორმულირების ბუნდოვანება და ბლანკეტურობა გამორიცხავს, ადრესატის მიერ, დასჯადი ქმედების შინაარსის, ფარგლებისა და მოცულობის შეცნობას. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმები ვერ პასუხობს განსაზღვრულობისა და მკაფიოობის მოთხოვნებს, რაც სამართალშემფარდებელს აძლევს მისი ფართოდ გამოყენების შესაძლებლობას.
17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილი, როგორც უკვე აღინიშნა, დასჯად ქმედებად აცხადებს დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებას. ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ასი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – როდესაც თანხა აღემატება ას ორმოცდაათი ათას ლარს. ამასთანავე, პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება საგადასახადო შემოწმების შედეგებზე, თუკი „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე. ამდენად, როდესაც პირს ეცნობება დარიცხული გადასახადის გადახდის ვალდებულების შესახებ, მას ეძლევა 45 დღე, რათა გადაიხადოს ან მოითხოვოს მის გადავადება, კორექტირება ან/და შეჩერება კანონის საფუძველზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, გადასახადის გადახდისათვის განზრახ თავის არიდება (როდესაც გადასახადის თანხა აღემატება ასი ათას ლარს) გამოიწვევს სისხლისსამართლებივ პასუხისმგებლობას.
18. მოსარჩელე მხარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-12 მუხლთან მიმართებით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას იმ არგუმენტაციით ითხოვს, რომ გადასახადის გადახდა წარმოადგენს იურიდიული პირის ვალდებულებას, მისი შეუსრულებლობა კი, არ უნდა იწვევდეს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ფიზიკური პირის - საწარმოს დირექტორისათვის.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს - გადასახადის გადამხდელი, როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე მოქალაქეობის არმქონე პირი, უცხოელი, ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირის ხელმძღვანელი (დირექტორი), პირი, რომელიც ვალდებულია, გადაიხადოს გადასახადი (მაგ., მთავარი ბუღალტერი) (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 აპრილის განჩინება №556აპ-15 საქმეზე). ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს იმაზეც, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სუბიექტი შეიძლება გახდეს საწარმოს ფაქტობრივი მმართველიც, თუკი წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სარწმუნოდ დასტურდება საწარმოს ფაქტობრივი ხელმძღვანელობის ფაქტი (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 19 მარტის განჩინება №737აპ-19 საქმეზე).
20. სადავო ნორმებისა და საერთო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის სუბიექტს წარმოადგენს არა იურიდიული, არამედ ფინანსურ საქმიანობაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირი, ვის მოვალეობაშიც შედის, კომპანიის სახელით, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორება. შესაბამისად, სადავო ნორმებიდან გამომდინარე, სუბიექტს პასუხისმგებლობა ეკისრება არა იურიდიული პირის ქმედების, არამედ საკუთარი ვალდებულების დარღვევის - გადასახადის გადახდისგან განზრახ თავის არიდების გამო.
21. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის არგუმენტაცია, თუ რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-12 მუხლს ფინანსურ საკითხებზე პასუხისმგებელი პირისათვის სანქციის დაკისრება, თუ განზრახ ქმედებით იგი არღვევს საკუთარ ვალდებულებას. ცხადია, მოსარჩელე მხარეს გააჩნია უფლებამოსილება, გაასაჩივროს, სახელმწიფოს მხრიდან, ცალკეული ქმედებების კრიმინალიზების მართებულობა, მათ შორის, იდავოს იმაზე, ფიზიკური პირის მიმართ, უნდა დგებოდეს თუ არა გადასახადისგან განზრახ თავის არიდებისთვის პასუხისმგებლობა, როდესაც მის, როგორც იურიდიული პირის ფინანსურ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი სუბიექტის, მოვალეობაში შედიოდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორება. თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი მითითება, რომლის თანახმადაც, იურიდიული პირის ნაცვლად, ფიზიკური პირი არ უნდა ისჯებოდეს. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ დასახელებულ არგუმენტზე მითითება ვერ ჩაითვლება სათანადო დასაბუთებად, რადგან ნებისმიერ თანამედროვე სახელმწიფოში, გადასახადის გადახდისგან თავის არიდება წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, ხოლო იურიდიული პირები სამართლებრივ ურთიერთობებში, მათ შორის, სახელმწიფოსთან შედიან სწორედ ფიზიკურ პირთა მეშვეობით. ბუნებრივია, რომ იურიდიული პირი, როგორც სამართლებრივი ფიქცია, ფიზიკურ პირთა ნებისგან დამოუკიდებლად, ვერ განახორციელებს ქმედებებს, იქნება ეს საბანკო ოპერაციები, ბუღალტერიის წარმოება თუ საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა. შესაბამისად, შეუძლებელია, პირს გააჩნდეს რაციონალური მოლოდინი, რომ გადასახადების გადახდისგან თავის არიდება, თუნდაც იურიდიული პირის გამოყენებით, პასუხისმგებლობის სფეროს მიღმა, დაუსჯელი დარჩება. ამასთანავე, მოსარჩელე მხარეს, გარდა ზოგადი მითითებისა, რომ იურიდიული პირის ნაცვლად ფიზიკური პირი არ უნდა ისჯებოდეს, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან არგუმენტაცია, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს რომელიმე სუბიექტს (მაგალითად, დირექტორს) მაშინაც კი, თუ მას არ ჩაუდენია აკრძალული ქმედება - მის მოვალეობებში არ შედიოდა კომპანიის ფინანსური ზედამხედველობა, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორება. ამდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა, რა კავშირი აქვს ღირსების ხელშეუვალობისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების კონსტიტუციურ უფლებებს სადავო ნორმების შინაარსთან, შესაბამისად, ამ მხრივ, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
22. რაც შეეხება სადავო ნორმების წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებთან მიმართებით, მოსარჩელე აპელირებს იმაზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის ფორმულირება ბუნდოვანია და მისი ბლანკეტურობა გამორიცხავს, ადრესატის მიერ, დასჯადი ქმედების შინაარსის, ფარგლებისა და მოცულობის შეცნობას.
23. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. დასახელებული კონსტიტუციური დებულება საკუთარ თავში აერთიანებს მრავალ უფლებრივ კომპონენტს, რომელთა ერთობლიობაც ქმნის პირის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურ საფუძვლებს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება „ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს, განამტკიცებს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). კონსტიტუციურსამართლებრივად პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული, თუ პირმა იცოდა ან შეეძლო წინასწარ განესაზღვრა კანონმდებლობით აკრძალული ქმედების არსი და მისგან მომდინარე შესაძლო შედეგები (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-29).
24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმათა განჭვრეტადობის სტანდარტები. უპირველესად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა არ გამორიცხავს საკანონმდებლო ორგანოს მიერ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების ზოგადი და ინტერპრეტირებადი ან/და ტექნიკური ტერმინების, ისევე, როგორც კომპლექსური ფორმულირებების გზით ჩამოყალიბებას. საკანონმდებლო ორგანოს არ მოეთხოვება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების კონკრეტიკის აბსოლუტური ხარისხით შემუშავება. ამგვარი მიდგომა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები ურთიერთობათა საკმაოდ ფართო, წინასწარ არაიდენტიფიცირებადი, ცვალებადი და დინამიკური სპექტრის მიმართ ან/და ტექნიკურ და სპეციფიკურ სფეროში ურთიერთობების მოსაწესრიგებლად გამოიყენება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
25. პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სამართლის ნორმის ადრესატს შეუძლია სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა, მათ შორის, იურისტებისა და დარგის სპეციალისტების დახმარებით. ამასთან, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განმარტების, სამართლის შეფარდების პროცესში განსაკუთრებული როლი საერთო სასამართლოებს ეკისრებათ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36). სწორედ საერთო სასამართლოები განეკუთვნებიან სახელმწიფო ხელისუფლების იმ შტოს, რომლის ექსკლუზიური კონსტიტუციური კომპეტენცია სამართლის ნორმის ფაქტობრივი გარემოებისადმი მისადაგება და სამართლის პრაქტიკაში აღსრულებაა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). ამგვარად, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი - საერთო სასამართლოების ერთგვაროვანი პრაქტიკაა. თუ ნორმა სასამართლოს პრაქტიკაში ერთგვაროვნად განიმარტება და გამოიყენება, ბუნებრივია, ეს ნორმის შინაარსის განჭვრეტადობის უმთავრესი ინდიკატორია.
26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების ზოგადი ფორმულირებით შემუშავებას, არაკონსტიტუციურად ისეთ შემთხვევებს მიიჩნევს, როდესაც მათ შინაარსთან და განმარტება-გამოყენებასთან დაკავშირებით: (ა) არსებობს საერთო სასამართლოების განსხვავებული/ურთიერთსაწინააღმდეგო პრაქტიკა; (ბ) საერთო სასამართლოების პრაქტიკის ცვლილების შედეგად, სამართლის ნორმის ახლად ჩამოყალიბებული ნორმატიული შინაარსი გავრცელდება ამ განმარტებამდე ჩადენილ ქმედებებზე; ან/და (გ) პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება, სადავო ნორმის ზედმეტად ფართო, წინასწარ განუსაზღვრელი განმარტების შედეგია (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განმარტება/გამოყენებასთან დაკავშირებით არ არსებობს საერთო სასამართლო პრაქტიკა, ნორმის განჭვრეტადობის პრობლემის წარმოსაჩენად უნდა გამოიკვეთოს, რომ სახეზეა მისი არაგანჭვრეტადი შინაარსით ავტორიტეტული განმარტების/გამოყენების ფაქტი (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36). იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებობს საერთო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, უპირველესად, სწორედ ეს საკითხი უნდა შეფასდეს.
27. აღსანიშნავია, რომ №1824 კონსტიტუციურ სარჩელში თავად მოსარჩელის მიერ განვითარებული მსჯელობიდან იკვეთება, რომ, სადავო ნორმათა გამოყენების/განმარტების შესახებ, საერთო სასამართლოების ერთგვაროვანი პრაქტიკის არსებობა მისთვის ცნობილია. კერძოდ, საერთო სასამართლოები განმარტავენ, რომ იურიდიული პირისათვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაკისრებული გადასახადის, დადგენილ ვადაში, სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს - გადასახადის გადასახადისგან განზრახ თავის არიდებას. ამასთან, აღნიშნული ქმედების ჩადენა იწვევს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს მოქალაქის, მოქალაქეობის არმქონე პირის, უცხოელის, ინდივიდუალური მეწარმის, იურიდიული პირის ხელმძღვანელის და, ზოგადად, იმ პირის მიმართ, რომელიც ვალდებულია, გადაიხადოს გადასახადი (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 აპრილის განჩინება №556აპ-15 საქმეზე). ამ კუთხით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია საერთო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან სხვა მტკიცებულება, რომელშიც ზემოხსენებულის საპირისპირო იქნებოდა მითითებული ან/და განსხვავებულად იქნებოდა განმარტებული დასჯადი ქმედების რომელიმე ელემენტი.
28. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების განუსაზღვრელობას, შეიძლება განაპირობებდეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გასაჩივრებული ნორმების შესახებ, ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები. კერძოდ, მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო, რიგ შემთხვევებში, დღგ-ის ხელოვნურად შექმნას და ჩათვლა/დაბრუნებას აკვალიფიცირებს სადავო ნორმებით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის 185-ე მუხლით ან კუმულაციურად.
29. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით, განსაზღვრული პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნა მიემართება ნორმაშემოქმედებით და კანონის ინტერპრეტირების და არა - კანონის საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ინდივიდუალური მისადაგების პროცესს. „კანონშემოქმედებითი კომპეტენციით აღჭურვილი ორგანო ვალდებულია, სამართლის მოქნილობისათვის საფრთხის შექმნის გარეშე, შეიმუშაოს ცხადი ნორმატიული სივრცე, რომელიც მოაწესრიგებს პირთათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ხოლო საერთო სასამართლოები, მათ შორის, უმაღლესი ინსტანციის საკასაციო სასამართლო, როგორც სამართალშეფარდებაზე, სამართალაღსრულებაზე მონოპოლიის მქონე სასამართლო ორგანო, ვალდებულია, უზრუნველყოს ერთგვაროვანი ვითარების მიმართ კანონის ერთგვაროვნად ინტერპრეტაცია და გამოყენება. მაშასადამე, სხვადასხვა სიტუაციებსა და სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით, ერთი და იგივე ნორმით განსხვავებული სამართლებრივი შედეგების დაყენება სამოსამართლო ფუნქციის არსისა და ინდივიდუალიზებული მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ჩვეული, თავისთავადი მახასიათებელია. პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის არაერთგვაროვანი განმარტების შემთხვევა შეიძლება არსებობდეს მაშინ, როდესაც საერთო სასამართლოები განსხვავებულად განმარტავენ ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის საჭირო ელემენტებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-52).
30. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებათა ანალიზისა და ურთიერთშედარების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან, შეფასებულია სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოება, რამაც, ბუნებრივია, განაპირობა სხვადასხვა სამართლებრივი შედეგის დადგომა. მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ საქმეებზე მიღებულ სასამართლო აქტებში, დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობის ყველა ის ელემენტი, რომლის ბუნდოვანებაზეც მოსარჩელე აპელირებს, ერთგვაროვნად არის განმარტებული/გამოყენებული. შესაბამისად, მითითებულ შემთხვევებში, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის არაერთგვაროვანი განმარტება სახეზე არ არის, რამდენადაც საერთო სასამართლო თანმიმდევრულად განმარტავს ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისთვის საჭირო ელემენტებს. ამასთან, კონსტიტუციურ სარჩელში არც საწინააღმდეგოს დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულებაა წარმოდგენილი.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1824 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება“ და მე-2 ნაწილის სიტყვების „იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1824 კონსტიტუციური სარჩელი („რომან ზანთარაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
თეიმურაზ ტუღუში