ნიაზ ჩხვიმიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/15/1622 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 8 ოქტომბერი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 20 ოქტომბერი 2025 12:43 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ნიაზ ჩხვიმიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6804 მუხლის მე-8 ნაწილისა და 6806 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1622) მომართა ნიაზ ჩხვიმიანმა. №1622 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 22 ივლისს. №1622 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 8 ოქტომბერს.
2. №1622 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 273 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6804 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას განსასჯელის პატიმრობის ვადა, განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქმის სასამართლოსათვის გადაცემის შემდეგ, არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით, ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 6 თვემდე. განსასჯელის პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია. ამავე კოდექსის 6806 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ 2006 წლის 1 იანვრამდე სასამართლოს მიერ პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, გამოყენების შესახებ გაცემული ბრძანება მოქმედებს მასში მითითებული საპატიმრო ვადის ამოწურვამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 2006 წლის 1 იანვრამდე პირველი ინსტანციის სასამართლოში შესული სისხლის სამართლის საქმის პირველი ინსტანციის, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში განხილვისას ამ კოდექსის 6804 მუხლით გათვალისწინებული განსასჯელის (მსჯავრდებულის) პატიმრობის დროებითი ვადები მოქმედებს მათ ამოწურვამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის თავისუფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
5. მოსარჩელე ნიაზ ჩხვიმიანი სისხლის სამართლის №2104220 საქმეზე ეჭვმიტანილის სტატუსით დაკავებულ იქნა ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიერ 2005 წლის 26 ივლისს 21:40 საათზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2005 წლის 29 ივლისის ბრძანებით, ნიაზ ჩხვიმიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა სამი თვის ვადით, რომლის ათვლა დაიწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან (2005 წლის 26 ივლისიდან). თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ ნიაზ ჩხვიმიანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ვადა გაგრძელდა ორი თვით, 2005 წლის 26 დეკემბრამდე. 2005 წლის 23 დეკემბერს ნიაზ ჩხვიმიანის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის №2104220 საქმე განსახილველად გადაეცა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს. 2006 წლის 17 თებერვლის განმწესრიგებელ სხდომაზე, გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ ნიაზ ჩხვიმიანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - დატოვა უცვლელად. გარდაბნის რაიონული სასამართლოს მიერ 2006 წლის 18 დეკემბერს ნიაზ ჩხვიმიანის მიმართ მიღებულ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის საფუძველზე, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად მას განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. ზემოხსენებული გარემოებებისა და საქმის მასალების საფუძველზე, დადგენილია, რომ ნიაზ ჩხვიმიანის წინასწარი პატიმრობის საერთო ვადამ შეადგინა 16 თვე და 22 დღე.
6. მოსარჩელის განმარტებით, მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისას სასამართლომ იხელმძღვანელა სადავო ნორმებით, რის გამოც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პატიმრობის მაქსიმალური 9 თვიანი ვადა. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ვადაზე პატიმრობის უფრო ხანგრძლივი ვადის გამოყენება ასევე განაპირობებს კონსტიტუციის ამავე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევასაც. შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ნორმების გასაჩივრებული რედაქცია ადგენს პატიმრობის განუსაზღვრელი ვადით (თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობის 9 თვეზე მეტი ვადით) გამოყენების შესაძლებლობას, რის გამოც ისინი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
7. მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ სადავოდ გამხდარი ნორმები ძალადაკარგულია, ისინი, შინაარსობრივი თვალსაზრისით, მიემართება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. შესაბამისად, მისი განმარტებით, კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასოს და გადაწყვიტოს ძალადაკარგულად ცნობილი სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი.
8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE/ODIHR) 2014 წლის ანგარიშზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
2. №1622 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6804 მუხლის მე-8 ნაწილისა და 6806 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დაყენებულია საკითხი, რომ სასამართლომ კონსტიტუციური კონტროლი განახორციელოს არა ფორმალურად ძალადაკარგულ, მაგრამ მოსარჩელეთა მიმართ აქტუალურ დროში გამოსაყენებელ ნორმებზე, არამედ წარსულში გამოყენებულ და ძალადაკარგულ ნორმებზე, როდესაც მათ საფუძველზე უკვე მიღებულია მოსარჩელის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილება და ის დიდი ხანია ძალაშიც არის შესული. კერძოდ, მას გასაჩივრებული აქვს 1998 წელს მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, რომელთა გამოყენებითაც მოხდა მისი გასამართლება და რომლებმაც იურიდიული ძალა დაკარგეს 2009 წლის 9 ოქტომბერს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ითხოვს ძალადაკარგული ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებას.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „...კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის დროისთვის ძალადაკარგულ ნორმაზე კონსტიტუციური კონტროლის უფლებამოსილება პირდაპირ არ არის ნაგულისხმები როგორც კონსტიტუციით, ისე საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი ნორმებით. საერთო პრინციპული მიდგომა, რაც გულისხმობს კონსტიტუციური კონტროლის გაუვრცელებლობას სარჩელის შემოტანამდე ძალადაკარგული ნორმების მიმართ (იმ ნორმების გამოკლებით, რომლებიც აქტუალურ დროში გარკვეულ საქმეებზე ჯერ კიდევ ექვემდებარება გამოყენებას), ეფუძნება კონსტიტუციით დამკვიდრებული კონსტიტუციური კონტროლის სისტემას, რომელიც კანონმდებლობის დაცვასა და უფლებების დარღვევის სამომავლო პრევენციისკენ არის მიმართული. საკითხისადმი ამგვარი ხედვა აიხსნება არაერთი საჯარო თუ კერძო ინტერესისათვის საფრთხის შექმნით საპირისპირო მიდგომის დამკვიდრების შემთხვევაში. კერძოდ, ძალადაკარგული ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებამ შეიძლება წარმოშვას ახალი, ძნელად გადასალახი და გაუთვალისწინებელი სირთულეები პროცედურული და სხვა თვალსაზრისით, წარმოქმნას მძიმე ტვირთი მართლმსაჯულების სისტემისათვის, სერიოზულად შეაფერხოს სამართალწარმოების პროცესი, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი საფრთხეები სხვა პირთა, მათ შორის მხარეთა ლეგიტიმური ინტერესებისათვის, წარმოშვას არაერთ სფეროში სამართლებრივი გაურკვევლობა, ზიანი მიაყენოს ინდივიდთა ლეგიტიმური მოლოდინების დაცვის პრინციპს და ამით ფუნდამენტურად შეარყიოს სამართლებრივი სტაბილურობა. თავის მხრივ, არასტაბილური სამართლებრივი წესრიგის პირობებში, რთულად მისაღწევი იქნებოდა სამართლის მიერ მისი უმთავრესი ფუნქციის - საზოგადოებრივი ურთიერთობის მოწესრიგების ეფექტიანად შესრულება, რასაც უკავშირდება არაერთი საკითხი, კერძოდ: არსებული სამართლებრივი წესრიგის მიმართ მოქალაქეთა ნდობის განმტკიცება, მათ მიერ მიღწეული და მათთვის სასარგებლო status quo-ს შენარჩუნება, მათი ლეგიტიმური ექსპექტაციების დაცულობა და სხვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის №3/7/1458,1556 განჩინება საქმეზე „ჯემალ დუმბაძე და ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია იზიარებს რა ამავე სასამართლოს პლენუმის მიერ დადგენილ სტანდარტებს, ასევე მიიჩნევს, რომ მისი იურისდიქცია არ ვრცელდება კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის დროისათვის ძალადაკარგულად ცნობილი ისეთი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებაზე, რომლებიც აღარ არის მოსარჩელის მიმართ აქტუალურ დროში გამოყენებადი (იმ ორი გამონაკლისის გარდა, როდესაც სადავო ნორმა ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შემოტანის და მით უფრო, არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ) და ამ მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქციის ფარგლების გაფართოება გამართლებული არც არის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის №3/7/1458,1556 განჩინება საქმეზე „ჯემალ დუმბაძე და ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
5. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებშიც მოსარჩელე სწორედ იმას ითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური კონტროლი განავრცოს მის მიმართ წარსულში გამოყენებულ და ძალადაკარგულ ნორმებზე, როდესაც ამავე ნორმების საფუძველზე უკვე მიღებულია სასამართლო გადაწყვეტილებები და ისინი დიდი ხანია ძალაშიც არის შესული. კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) 6804 მუხლის მე-8 ნაწილისა და 6806 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ძალადაკარგული ნორმების კონსტიტუციურობის შეფასება, სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციითა და ორდინალური კანონმდებლობით დადგენილ და აშკარად ნაგულისხმებ უფლებამოსილების ფარგლებს.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ არსებობს №1622 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი - საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1622 კონსტიტუციური სარჩელი („ნიაზ ჩხვიმიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინებას დაერთოს მოსამართლეების გიორგი თევდორაშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის თანმხვედრი აზრი.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე