ლუკა მახათაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/16/1890 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 8 ოქტომბერი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 20 ოქტომბერი 2025 12:49 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ლუკა მახათაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 4 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით მომართა (რეგისტრაციის №1890) ლუკა მახათაძემ. №1890 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2025 წლის 5 სექტემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №1890 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 8 ოქტომბერს.
2. №1890 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
5. №1890 კონსტიტუციურ სარჩელის მიხედვით, ლუკა მახათაძე არის უძრავი ქონებიდან გამოსახლებული, რომლის მიმართ არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება. სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ ლუკა მახათაძის დედის, მარიამი კაკიაშვილის მიმართ გაცემულია აღსრულების ეროვნული ბიუროს 2023 წლის 20 ნოემბრის №A19018146 წინადადება მოვალისადმი გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.
6. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა პრობლემურია იმდენად, რამდენადაც იგი ითვალისწინებს უძრავი ქონებიდან მოვალის გამოსახლებას მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად მაშინ, როდესაც მოვალის გამოსახლების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება არ ეხება მოვალესთან ერთად მცხოვრებ პირებს, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში გამოსახლების მექანიზმი პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მესამე პირთა უფლებებსა და ინტერესებზე. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება საკითხი ამ პირთა მართლზომიერ მფლობელობასთან დაკავშირებით, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რამდენად გააჩნიათ მათ მოვალისგან განსხვავებული უფლება-მოვალეობები. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მესამე პირებს ეზღუდებათ შესაძლებლობა, დაიცვან თავი სასამართლოს მეშვეობით თავიანთი სიმართლის დასამტკიცებად და უფლებების დასაცავად, ამასთანავე, გამოიყენონ კონსტიტუციით გარანტირებული სამართლებრივი ბერკეტები.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულ საპროცესო უფლებებს და იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებული კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. მოსარჩელე მხარე ითხოვს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა პრობლემურია იმდენად, რამდენადაც იგი ითვალისწინებს უძრავი ქონებიდან მოვალის გამოსახლებას მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად, მაშინ, როდესაც მოვალის გამოსახლების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება არ ეხება მოვალესთან ერთად მცხოვრებ პირებს, თუმცა გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში გამოსახლების მექანიზმი პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მესამე პირთა უფლებებსა და ინტერესებზე, კერძოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება საკითხი ამ პირთა მართლზომიერ მფლობელობასთან დაკავშირებით, ხომ არ გააჩნიათ მათ მოვალისგან განსხვავებული უფლება-მოვალეობები. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მესამე პირებს ეზღუდებათ შესაძლებლობა, დაიცვან თავი სასამართლოს მეშვეობით თავიანთი სიმართლის დასამტკიცებად და უფლებების დასაცავად, ამასთანავე, გამოიყენონ კონსტიტუციით გარანტირებული სამართლებრივი ბერკეტები.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ მოახდინოს მის მიერ გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე უფლების შემზღუდველი წესის იდენტიფიცირება. თავის მხრივ, იმისათვის, რომ გასაჩივრებულ ნორმაში ამოკითხულ იქნეს მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო ნორმატიული შინაარსი, იგი „ან ცხადად უნდა გამომდინარეობდეს სადავო ნორმის ტექსტიდან ან/და ამას უნდა ადასტურებდეს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/4/858 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-4).
4. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ნორმასა და კონსტიტუციურ დებულებას შორის მიმართების არსებობის გარდა, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინოს კონკრეტული არგუმენტები იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააანალიზოს და შეაფასოს, თუ რაში მდგომარეობს სადავო შემზღუდველი ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის პრობლემა, კონკრეტულად სად ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პროცედურული გარანტიები ან უშუალოდ რომელი გარანტიაა დარღვევის საფრთხის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლი შეეხება სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის მექანიზმს. კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეზე, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს უძრავი ქონების კრედიტორის მფლობელობაში და სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას), აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის [სადავო ნორმა] შესაბამისად კი, სააღსრულებო ფურცელში მითითებული უძრავი ქონებიდან მოვალის და მასთან მყოფი პირების გამოსახლება (გამოყვანა) ხდება მათ კუთვნილ მოძრავ ქონებასთან ერთად. ზემოხსენებულ ნორმათა სისტემური წაკითხვის შედეგად, დგინდება, რომ სადავო ნორმა მიემართება მხოლოდ და მხოლოდ მოვალისა და მასთან მყოფი პირების გამოსახლების (გამოყვანის) დროს მათი კუთვნილი მოძრავი ქონების ბედს, რაც გულისხმობს იმას, რომ გასაჩივრებული რეგულაციით გათვალისწინებულია ის ფაქტობრივი მოცემულება, თუ რა ბედი შეიძლება ეწიოს მოვალისა და მასთან მყოფი პირების მოძრავ ქონებას.
5. საყურადღებოა, რომ №1890 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარეს ზემოხსენებულ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით არა თუ მტკიცებულებები, არამედ დასაბუთებული არგუმენტებიც არ წარმოუდგენია. სადავო ნორმიდან, არც გრამატიკული და არც სხვა ნორმათა ერთობლიობაში წაკითხვის შედეგად, არ იკვეთება რაიმე განსხვავებული სამართლებრივი ან ფაქტობრივი მდგომარეობა, რომელიც უშუალოდ წარმოშობს მოვალის ან მასთან მყოფი პირების სამართლებრივ შედეგებს მათი საპროცესო უფლებების დარღვევის თვალსაზრისით. ამასთანავე, ხაზგასასმელია ისიც, რომ საკუთრივ მოსარჩელე მხარე არ აკონკრეტებს, სადავო ნორმის მოქმედებით მესამე პირთა მიმართ უშუალოდ რომელი საპროცესო გარანტია დგას დარღვევის საფრთხის წინაშე. ზემოხსენებულის მიღმა, განსახილველ საქმეზე, ასევე არ არის წარმოდგენილი ერთი სასამართლო გადაწყვეტილება მაინც, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარწმუნებდა გასაჩივრებული ნორმის სადავო ნორმატიული შინაარსით წაკითხვის გონივრულობაში. ამდენად, სადავო ნორმის გონივრული განმარტება არ იძლევა გასაჩივრებული რეგულაციიდან მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული მზღუდავი ნორმატიული შინაარსის ამოკითხვის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან ადგილი აქვს სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1890 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1890 კონსტიტუციური სარჩელი („ლუკა მახათაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე